აკებია (Acebia) შოკოლადის ვაზი

აკებია ეგზოტიკური მცენარეა, გავრცელებული აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. არსებობის მსგავსი პირობების გამო კარგად ხარობს სამხრეთ ევროპასა და საქართველოშიც კი. თუმცა, ამ მცენარეს ჯერ ისევ არ დაუმკვიდრებია თავისი ღირსეული ადგილი.  აკებია გარდა განსაკუთრებული ვიზუალისა და არომატისა, ბევრ სხვა სასარგებლო თვისებების მატარებელიცაა და ამიტომ ღირსია ჩვენი სათანადო ყურადღების.

აკებია ფოთოლმცვენი ლიანაა, მაგრამ თბილი კლიმატური პირობების შემთხვევაში ის ინარჩუნებს ფოთლებს. იზრდება საკმაოდ შთამბეჭდავი ტემპებით, წელიწადში შეუძლია მოიმატოს 1-3მ-მდე სიგრძეში. მცენარის ოპტიმალური სიგრძე 3-6მ-ია, შემდეგ მცენარე ისე იზრდება, რომ მისი ფესვთა სისტემა უხეშდება, ვარჯი კარგავს მომხიბვლელობას და ამიტომ საჭირო ხდება ხოლმე მისი გაადრგვა.  ფოთლები სამ, ან ხუთნაწილიანია, ლანცეტისებური, საერთო ზრდის წერტილით, ქოლგისებური ფორმის და ძირითად ღეროზე მიმაგრებულია გრძელი 6-10სმ ღეროთი. ფოთლების ზედაპირი პრიალა, ტყავისებურია, შეფერილობა ხასხასა მწვანე, ზედა ნაწილი შედარებით მუქი, ხოლო ძირი ღია ტონალობის.  

ლიანა ყვავილობას გაზაფხულიდან იწყებს და ყვავის ზაფხულის ბოლომდე. ამ დროს გარემო ივსება საოცარი შოკოლადისა და ყავის არომატით. ყვავილების ფერი ღია იასამნიდან მუქ ყავისფერამდე მერყეობს და ყვავილედს აქვს მტევნის ფორმა. საინტერესო ისაა, რომ ერთ ყვავილედზე თავსდება სხვა და სხვა სქესის ყვავილები:

მამრობითი-რაოდენობა მერყეობს 4-9ც. და განლაგებულია ყვავილედის ყუნწთან ახლოს. კვირტები შედარებით დიდი ზომისაა, ვარდისფერ-მელნისფერი შეფერილობით, ცენტრში აღჭურვილი დიდი თითუკებით. ყვავილის დიამეტრი 3 სმ-ს აღწევს.

მდედრობითი-შედარებით მომცროა ზომებში, მელნისფერ-ყავისფერი შეფერილობის. ერთ ყვავილედზე ვითარდება მხოლოდ 2-3 ყვავილი.

სექტემბერში ლიანაზე ფორმირდება ნაყოფი, რომელიც ოქტომბრის შუაგულისათვის უკვე მომწიფებულია. ნაყოფი დიდია ზომებში (6-8სმ) და  აქვს ოვალური ფორმა. დაფარულია მყარი, ცვილისებური მოვარდისფრო-მომელნისფრო კანით. ნაყოფის შიგთავსი არომატული და წვნიანია, საკვებად ვარგისი, გემოთი გავს ჟოლოს, რომელსაც შოკოლადის არომატი ასდის. ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია შავი, წვრილი თესლი. ნაყოფის გაკეთება აკებიას უჭირს, ყვავილების დამტვერვის სირთულედან გამომდინარე. ღია ცის ქვეშ ასე თუ ისე შესაძლებელია, ხოლო ქოთანში ყოფნის შემთხვევაში, ნაყოფს აკებია არ იკეთებს.

გამრავლება: აკებია მრავლება როგორც თესლით, ასევე, ვეგეტაციური მეთოდით. თესლი მოსავლის აღებისთანავე ითესება, რომ არ დაეკარგოთ აღმოცენების უნარი. დათესვა ხდება შემოდგომაზე, ცალკეულ ჭურჭლებში, მსუბუქ და ქვიშანარევ ნიადაგში. ითესება სტანდარტული დასათბურების მეთოდით და კონტეინერები თავსდება გრილ ადგილზე (+15°). აღმოცენებას ხანგრძლივი დრო, 3 თვე სჭირდება. ღია გრუნტში მცენარე გადააქვთ აპრილ-მაისის თვეში, როცა სრულიად გამოირიცხება ღამის ყინვების ალბათობა.

კალმებით გამრავლება ფაქტიურად შესაძლებელია მთელი წლის მანძილზე. საგულდაგულოდ შერჩეული, ჯანმრთელი კალმები ეჭრება დედა მცენარეს და თავსდება ტორფთ და ქვიშანარევ გრუნტში. ასე დაფესვიანებული აკებია ღია გრუნტში გადააქვთ მხოლოდ მომავალ წელს.

გამრავლების ყველაზე მარტვივ ხერხად გადაწიდვნა ითვლება. გაზაფხულის დადგომისთანავე მიწასთან ახლოს განლაგებული ღერო მიწაში ისე უნდა ჩაირგას, რომ არ მოეჭრას დედა მცენარეს. მას შემდეგ რაც ღერო დაფესვიანდება, მოეჭრება დედას და მუდმივ განთავსების ადგილზე გადაირგვება. ზამთრისათვის ახალგაზრდა აკებია უკვე მოღონიერებული უნდა იყოს.

მოვლის პირობები: აკებიას უყვარს მზე. საკმარისი მზის არსებობის შემთხვევაში მცენარე უხვად იყვავილებს. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი და წყალგამტარი. ჩარგვისათვის ითხრება არც თუ ძალიან ღრმა ორმო და იფარება ორგანული ფენით (ნეშომპალა, ტორფი, თივა და ქვიშა) დარგვის შემდეგ მიწა უდნავ იტკეპნება და მცენარე ირწყვება თბილი წყლით. ახალგადარგულ მცენარეს სჭირდება რეგულარული მორწყვა, რომ ფესვები არ გამოშრეს. მაგრამ მიწის არც ზედმეტი სისველეა კარგი.

ახალგაზრდა მცენარის ღერო რბილია, ამიტომ სჭირდება საყრდენი. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარეს სჭირდება ორგანული და მინერალური სასუქები.

ზამთარში ლიანა ხანმოკლე ყინვებს ადვილად იტანს. მაგრამ, მაინც ურიგო არ იქნება დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა და მცენარე უმჯობესია შეიფუთოს.

თუ შოკოლადის ლიანას გაზრდას ქოთანში გადავწყვიტავთ, მაშინ საჭიროა მისი ყოველწლიური გადარგვა გაზაფხულობით ოდნავ დიდ ქოთანში. ასევე  გაზაფხულზევე ახდენენ ლიანას ფორმირებას და აჭრიან ურჩ ყლორტებს. მცენარემ უნდა გამოიზამთროს. მოსვენების პერიოდისათვის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს +10°. ამ დროს კვება წდება და საგრძნობლად მცირდება მორწყვა.

აკებია ბუნებრივი ინსეკციდია და საერთოდ არ ეშინია მავნებლების. უფრო მეტიც, დაცულია მისი მეზობელი მცენარეებიც. მაგრამ ზედმეტი სინესტე შეიძლება მცენარის დაავადებების მაპროვოცირებელი გახდეს.

გამოყენება: ძალიან ლამაზი კომპონენტია ლანდშაფტის დიზაინისათვის, არკებისა და ფანჩატურებისათვის. შეუცვლელია ვერანდებისა და საზაფხულო ბაღებისათვის. გარდა დეკორატიული თვისებებისა, აკებია გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვისაც. მისი ღეროებით წნავენ კალათებს და ავეჯსაც კი. ნაყოფი წარმოადგენს ეგზოტიკურ დესერტს, ხოლო ფოთლებისაგან კეთდება გემრიელი ბალახეული ჩაი. გამოიყენება აკებიას ფოთლები კულინარიაშიც, საკმაოდ კარგ ტანდემს წარმოადგენს ხორცისა და თევზისაგან დამზადებულ კერძებთან. ხოლო აღმოსავლურ მედიცინაში აკებიას ეკისრებოდა შარდმდენი, სიცხის დამწევი, ანთებისაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია.

აკებიას სახეობები: აკებია სულ 6 სახეობას მოიცავს, მაგრამ ბაღისათვის ამოიყენება მხოლოდ 2 მათგანი:

განსაკუთრებული პოპულარულობა „ხუთფურცელა“ აკებიამ მოიპოვა. ასეთი დასახელება ფოთლის სტრუქტურის გამო ერგო. ეს მცენარე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. გამოირჩევა უხვი ყვავილობით, მაგრამ ნაყოფს ეს სახეობა ძალიან იშვიათად იძლევა. 

მეორე პოპულარული სახეობა „სამფურცელა“ აკებიაა. ამ სახეობის ფოთოლი სამი, ლანცეტისებური, კიდეებ-დატალღული ფურცლისაგან შედგება. ეს აკებია უფრო სწრაფად მზარდია, საშუალოდ 7-8მ-ს აღწევს. აკებია შოკოლადის არომატთან ერთად გამოსცემს დარიჩინის სურნელსაც. ნაყოფი უფრო რძელი აქვს და ამ სახეობას „ცისფერ ბანანსაც“ უწოდებენ ხოლმე.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი



12 August 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно