მირტი
მირტისებრთა ოჯახი - სამშობლო - სამხრ. ევროპა, ჩრ აფრიკა. მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, ბუნებაში იზრდება 3მ მდე. აქვს წვრილი ფოთლები, ლანცეტისებრი, მოპირდაპირე განლაგებით ღერზე, მოკლე ყუნწზე. ყვავილობას იწყებს 4-5 წლიდან წვრილი თეთრი ყვავილებით, აქვს კენკრა ნაყოფი - მუქი ლურჯი მოგრძო ფორმის.
ძველბერძნულიდან მისი სახელის თარგმანი ნიშნავს - მირონს, ბალზამს, და მართლაც, მისი ეთერზეთები ეფექტურად კურნავს ბევრ დაავადებას. ფიტონციდები კი, რომლებიც მისი ფოთლებიდან გამოიყოფა, ასუფთავებენ ჰაერს ოთახში და წმენდენ მიკროორგანიზმებისგან. ძველ საბერძნეთში იგი სიწმინდის და უბიწოების სიმბოლო იყო. მისი გვირგვინებით ამკობდნენ პატარძლის თავს. იქ მირტის მთელ ტყეებს რგავდნენ და მედიცინაში მუდამ იყენებდნენ ამ მცენარეს - მისი წვენით მკურნალობდნენ ფილტვის და სისხლის დაავადებებს, ჭრილობებს და დამწვრობებს. მის ნაყოფს ამატებდნენ ღვინოს, ეს მცენარე მოსწონთ ბონსაისტებსაც - იგი ადვილად დასამორჩილებელი მცენარეა ამ კუთხით და საკმაოდ პლასტიკური ტოტები აქვს, ადვილად ფორმირებადი, კარგად იტანს გასხვლასაც.
მოვლა: ტემპერატურა: სჭირდება ზომიერი, ზამთარში 8-10გრ. ეს მცენარე სახლისთვის დიდად არ გამოდგება, რადგან გრილი გამოზამთრება სჭირდება და ამიტომ უფრო სჯობს მისი გაზრდა ზამთრის ბაღებში, თუმცა, მაინც ხშირად აქვთ სახლშიც. იგი ცუდად ეგუება მშრალ ჰაერს, სინათლის უკმარისობას მაღალ ტემპერატურაზე. ზაფხულში სჯობს მისი გატანა გარეთ, აივანზე. თუ გაქვთ შემინული ლოჯი, ვერანდა, ტერასა ან ზამთრის ბაღი, სადაც სინათლე საკმარისია და ზამთარში ტემპერატურა არ ეცემა 6 -7 გრ ზე დაბლა, ეს ყველაზე კარგი ადგილია მირტისთვის. კარგი მოვლის პირობებში იგი დიდხანს იქნება თქვენთან, გაიზრდება ენერგიულად, დაახლოებით 1,5მ მდე 3-5 წელიწადში. მერე კი იგი გადააქვთ დიდ კონტეინერში,
განათება : სინათლისმოყვარულია, მას ყველაზე ნათელ და მზიან ადგილზე დებენ. შემოდგომა- ზამთარში სინათლის ნაკლებობის გამო მცენარე იწელება, ტოტებს ფერი უღიავდება, წვრილდება, ფოთოლიც იშვიათად ამოაქვს. თუ არც ისე გრილ ადგილზე დევს ზამთარში, მაშინ უმონტაჟებენ დამატებით განათებას. ოპტიმალური ადგილი მისთვის სამხრ. -აღ, მხარეს ფანჯრის რაფაზეა. სამხრეთით კი შუადღეზე ჩამოფარება სჭირდება. ჩრ.მხარეს იგი იზრდება, მაგრამ საკმაოდ ნელა.
მორწყვა: გაზაფხულიდან შემოდგომამდე უხვად რწყავენ მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ. პერიოდულად მიწას უფხვიერებენ. ზამთარში უფრო იშვიათად რწყავენ, მაგრამ ისე, რომ მიწა ბოლომდე არ გაშრეს. როცა მირტის ტოტების წვერები დაბლა ეშვება, მას წყალი სჭირდება, თუ ამ მომენტს ხელიდან გაუშვებთ, ტოტები შეიძლება საერთოდ გახმეს. მიწის გამოშრობას მცენარე ცუდად იტანს, ტოტები და ფოთლები ვეღარ აღდგება. მაგრამ არც ზედმეტი მორწყვა ვარგა - ასე ფესვები ულპება და მერე კვდება, მას არ მოსწონს ხისტი და ქლორიანი წყალი.
კვება: აქტიური ზრდის დროს სჭირდება კომპლექსური სასუქი 2 კვირაში ერთხელ, მაგრამ თუ იგი ახალი გადარგულია, სასუქი არ უნდა 1 თვე მაინც.
ჰაერის ტენიანობა: მირტი კარგადაა, როცა ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი 60 % ია. 40 %იანი მაჩვენებლის დროს სჭირდება შესხურება, ან პერიოდულად თბილი შხაპის მოწყობა.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადაირგას, მოზრდილი კი 3-4 წელიწადში ერთხელ, მაგრამ მიწის ზედა ფენას მაინც ყოველწლიურად ცვლიან. განსაკუთრებით, თუ თეთრი ნადები გაუჩნდა. მიწა უნდა იყოს ასეთი შემადგენლობის: 2წილი კორდის, 1წილი ტორფნარევი, 1წილი ნეშომპალიანი, 1წილი მსხვილი ქვიშა ან ვერმიკულიტი, 1წილი ფიჭვის ქერქი.
პრობლემები: ძირითადად ეს ეხება მშრალ ჰაერს და ზამთარში მაღალ ტემპერატურას. ასეთ შემთხვევაში იგი ყვითლდება, ფოთლები სცვივა, ტოტები უხმება, მერე ადვილად ზიანდება ფარიანათი ან აბლაბუდა ტკიპით.
თუ ვერ ხერხდება მისი სიგრილეში გატანა, ფანჯრის რაფას, სადაც მირტი დევს, ტიხრავენ თბილი ჰაერისგან 50-60სმ სიმაღლის სასათბურე პარკით, ან ორგმინით - პერიოდულად ფოთლებს უნამავენ. თუ ტოტები გაწელილია, უმაგრებენ დამატებით განათებას.
კიდევ ერთი პრობლემა მავნე მწერებია. მას საკმაო ზიანს აყენებენ ცრუფარიანები, ტკიპები. თუ დროულად არ ნახავთ, 3-4 კვირაში მცენარე შეიძლება გაახმონ მთლიანად. ცრუფარიანა ბამბის ფთილას ჰგავს, მას ებრძვიან აქტარათი, ტკიპებს კი აკარიციდებით - ფიტოვერმი, აქტელიკი, ვერმიტეკი და სხვ.
გამრავლება: იგი მრავლდება ტოტით. გაზაფხულზე 10სმნ იან ტოტებს აჭრიან და აფესვიანებენ წყალში, სტიმულატორი არ სჭირდება, ნათელ ადგილზე სითბოში ფესვები მალე გამოსდის, როცა ფესვი 3-4 სმ გახდება, რგავენ ქოთნებში. მიწა უფრო ფხვიერი და მსუბუქი უნდა იყოს, - 3წილი ნაყიდი მიწა, 1წილი გადამწვარი ნაკელი, 1წილი დაჭრილი ფიჭვის ქერქი, მიწა უნდა იყოს სუსტად მჟავე, სტერილური, დარგვის მერე უნდა მოირწყას და დაიდოს თბილ,ნათელ ადგილზე. როცა ახალი ტოტები წამოუვა, უკვე შესაძლებელია მისი ვარჯის ფორმირებაზე ზრუნვაც,- ტოტებს თავებს აწყვეტენ, მოზრდილ ბუჩქს კი სხლავენ.
თარგმანი თ. სუპატაშვილის