გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

8 საუკეთესო ოთახის მცენარე სამზარეულოსთვის

სამზარეულო განსაკუთრებული ადგილია სახლში მისი დანიშნულების გამო, იქ განსაკუთრებული კლიმატი იქმნება, რაც ზოგ მცენარეზე დადებითად მოქმედებს. შესაძლებელია ისეთი მცენარეების შერჩევა, რომლებიც თავს კარგად იგრძნობენ მუდმივ ცვალებად ტენიანობასა და ტემპერატურაზე, ამავდროულად ისინი უნდა შეეხამებოდნენ ინტერიერს. არსებობენ მცენარეები, რომლებიც შეუცვლელია სამზარეულოსთვის, ზოგი კი უფრო ფუფუნების საგანს წარმოადგენს.
სამზარეულო ადგილია, სადაც დროის მეტ წილს ატარებთ და მისი გაფორმებისთვის არა მარტო ფუნქციურად გამართლებული, სახმარად  ადვილი და  მოსახერხებელი ნივთები უნდა იყოს, არამედ მცენარეებიც უნდა შეირჩეს, რომლებიც თავადაც კომფორტულად იგრძნობენ თავს და ოჯახის წევრებსაც შეუქმნიან კარგ პირობებს, გაწმენდენ ჰაერს და თვალსაც გაახარებენ. სამზარეულოში მცენარეებს 2 მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ - გამოიმუშავონ ჟანგბადი, შთანთქან მავნე გაზები და შეავსონ და გაალამაზონ ინტერიერი, სამზარეულოს ტექნიკასა და სხვა ათას წვრილმანში შეიტანონ ჰარმონია. სამზარეულო მცენარეების გარეშე მოსაწყენი და უინტერესოა. მათ არჩევაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ერთერთი პირველი - ინტერიერის სტილია. თანამედროვე სტილის სამზარეულოს უფრო მოუხდება ორქიდეა და არა ბალბა და პროვანსულ სტილს უკეთ ეხამება ციტრუსები ან მწვანილეული ქოთნებში, ვიდრე ქლოროფიტუმი. მნიშვნელოვანია ასევე  მათი დეკორირება, ამისთვის გამოდგება ძველი  ჭურჭელი, შეიძლება მცენარეების ჩარგვა ძველ ჩაიდნებში, სარწყავში, კალათში. გასათვალისწინებელია სამზარეულოს მიკროკლიმატიც. იქ ხშირადაა საჭირო განიავება, გამწოვის ჩართვა, რაც ორპირს ქმნის. ქურა, მადუღარა, წყლის გამაცხელებელი იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, საჭმლის მზადების პროცესში კი მუდამ იცვლება ჰაერის ტენიანობაც. გარდა ამისა, წარმოიქმნება მავნე აირები. ზოგადად, სამზარეულოში არასტაბილური კლიმატია და აქ არსებული მცენარეები მართლაც ამტანი და უპრეტენზიო უნდა იყოს,  ასეთ შემთხვევაში იქ თავს კომფორტულად იგრძნობენ.
მცენარის ზომა ოთახიდან გამომდინარე ირჩევა, სამზარეულოს შედარებით მცირე სივრცის გამო იქ სჯობს დადოთ პატარა კომპაქტური მცენარეები. თუ მათ რაფაზე დებთ, ზედმეტ ჩრდილს არ უნდა ქმნიდნენ, შეიძლება თაროზე დადება, კედელზე ჩამოკიდება სამუშაო მაგიდაზე დადგმა.. შედარებით დიდ სამზარეულოში კი ირჩევენ დიდ მცენარეებს, რომელსაც იატაკზე დებენ. ერთადერთი , რაც გასათვალისწინებელია, ისინი არ უნდა დადოთ წყალთან და ქურასთან ახლოს.

დეკორატიული წიწაკა: ბაღის კულტურასთან შედარებით იგი კომპაქტურია, 30 სმ სიმაღლის, უხვად დატოტვილი, განსხვავებული ზომის და ფორმის წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი  ნაყოფით ნაყოფი ერთდროულად არ მწიფს და ხშირად ერთ ბუჩქზე ყვავილიც არის და სხვადასხვა სიმწიფის ნაყოფიც.  წიწაკა საკვებად ვარგისია, ცხარეა  და გამოდგება ჩილის შემცვლელად. იგი მსხმოიარობს ცივ სეზონზე  და მსხმოიარობის დასრულების შემდეგ  მცენარეს აგდებენ. თუმცა შეიძლება გაამრავლოთ და გაზარდოთ, როგორც მრავალწლიანი მცენარე. მას დევენ რაფაზე, სამუშაო მაგიდაზე, თაროებზე. სჭირდება გაბნეული სინათლე, არ ეშინია არც მზის. მოსწონს არც ისე ხშირი მორწყვა, სტანდარტული კვება.
ნემსიწვერა: ხშირად შეხვდებით ამ მცენარეს ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამზარეულოებში. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ესპანეთის, იტალიის პატარა სახლები. იგი, ქლოროფიტუმის მსგავსად,ჰაერს კარგად წმენდს, ხელის შეხებისას გამოყოფილი ეთერზეთები კი სამზარეულოს ატმოსფეროს აცოცხლებს და ახალისებს. დღეს ამ მცენარის უამრავი ჯიში არსებობს, ჯუჯა, ხუჭუჭა ან მარტივი, ერთფერა ან ორფერა, ამპელური ან ჩვეულებრივი. იგი უნდა დაიდოს რაფაზე ან ფანჯარასთან ახლოს მაგიდაზე. საჭიროა კარგი განათება, მზიანი ადგილი, რეგულარული მორწყვა, სტანდარტული კვება, გასხვლა დასაბუჩქად და გრილი გამოზამთრება.
ქლოროფიტუმი: ფავორიტი მცენარეა სამზარეულოს დიზაინისთვის, გამძლე და ჰაერის კარგი გამწმენდი.არ ეშინია ორპირის, შთანთქავს მავნე აირებს, იტანს ტენიანობის
და ტემპერატურულ ცვილებებს, ძალიან დეკორატიულია. მას გრძელი წვრილი, ზოგჯერ ზოლიანი ფოთლებით შექმნილი როზეტები აქვს, სადაც ფოთლები რკალივითაა დახრილი, პერიოდულად მცენარე ივითარებს გრძელ პწკალს, რომლის ბოლოშიც ახალი პატარა, შვილეული როზეტი ვითარდება დამოუკიდებელი საჰაერო ფესვებით და მისი დამოუკიდებლად გაზრდაც შესაძლებელია. მას დებენ მაცივრის თავზე, თაროებზე, იყენებენ ამპელურ მცენარედაც. სჭირდება გაბნეული სინათლე ან ნახევრადჩრდილი, ზომიერი მორწყვა და იშვიათად კვება.

უკადრისა: ყველაზე ადვილი მოსავლელი კლასიკური მცენარეა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. საოცრად უხდება სამზარეულოს. აქვს წვნიანი ტოტები პატარა ოვალური ფოთლები წაწვეტებული წვერით და მარტივი კაშკაშა, სხვადასხვა ფერის  ყვავილები, რომლებსაც პატარა გული და მოკლე დეზი აქვს. ფერი იცვლება თეთრიდან  იისფრამდე. თანამედროვე ჰიბრიდების წყალობით არჩევანი დიდია, არის მარტივი და ხუჭუჭა, განსხვავებული ფორმის ყვავილებიანი მცენარეები, ყვავილობისას ძალიან კარგი სანახავია და სამზარეულოსაც ალამაზებს.  სჭირდება კარგი განათება ან მზიანი ადგილი. ხშირად და უხვად რწყავენ, ხშირად ანიავებენ და სტანდარტულად კვებავენ.
კალანჰოე: ასევე ძალიან პოპულარული მცენარეა სამზარეულოსთვის. კარგი მოყვავილე მცენარეა. სულ ცოტა ხნის წინ იგი უკვე მოძველებულ  და მოდიდან გასულად ითვლებოდა, თუმცა დღეს თანამედროვე და მოდურ მცენარედ მიიჩნევა ისევ, რაც მისი ახალი ჯიშების და ჰიბრიდების მრავალფეროვნებით აიხსნება. არსებობს თეთრი, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, ორფერად მოყვავილე ან მსხვილყვავილიანი მცენარეები, რომლებიც ქოლგა ყვავილედებს ქმნიან მაღალ საყვავილე ღერზე. დღევანდელ ჯიშებს მცირე ზომა აქვთ, რაც საშუალებას იძლევა სამზარეულოში გასათავსებლად. მისი სქელი მრგვალი ფოთლები კარგად ინახავს წყალს. ამის წყალობით შედარებით გვალვისამტან მცენარედ ითვლება. სამზარეულოში მას დებენ თაროებზე, რაფაზე, ფერად აქცენტად სამზარეულოს წვრილმანებთან ახლოს. განათება უნდა იყოს კაშკაშა, თუმცა არსებობს ჯიშები, რომლებიც მინიმალურ განათებაზეც კმაყოფილდება. სჭირდება გრილი გამოზამთრება, ზომიერი მორწყვა და იშვიათად კვება.
მსხმოიარე ხეები: ყავა, ავოკადო, ბროწეული, კუმკვატი, ლიმონი, მანდარინი და ხვა სრულიად შესაფერისი მცენარეებია სამზარეულოსთვის, ისინი ოპტიმისტ მცენარეებად ითვლებიან და სწრაფად ცვლიან იქ განწყობას, უფრო მყუდროდ ხდიან ოთახს, ეს მცენარეები საუკეთესოდ ფილტრავენ ჰაერს და საკუთარი სურნელით ავსებენ ოთახის ჰაერს. არც მათი მოხდენილი სილუეტი უნდა გამოგრჩეთ მხედველობიდან - პატარა ხეები ქოთანში ვიზუალურად აფართოვებენ ოთახს. მათი გაზრდა კურკიდანაა შესაძლებელი და ზრდის პროცესის ყურებაც  საინტერესო და  კმაყოფილების მომგვრელია. უკვე  გაზრდილი მცენარე კი დადებითი ენერგიით ავსებს ოთახს, ამ მცენარეებს დებენ რაფაზე, დიდ ხეებს კი ყურადღების მისაქცევად იატაკზე დიდ კონტეინერებში ან აქცენტირებისთვის ფანჯარასთან მაგიდაზე. სჭირდება  კარგი განათება მზის პირდაპირი სხივების გარეშე. მათ უხვად რწყავენ, პერიოდულად ნამავენ, ხშირად კვებავენ გაზაფხულიდან შემოდგომამდე, გასხვლა - საჭიროებისას.
ცისუსი: საინტერესო ლიანაა, უფრო ცნობილია ოთახის ვაზის სახელით,  იგი ადვილად ექვემდებარება ფორმირებას, არააგრესიული,  კასკადური, ამპელური მცენარეა, სამზარეულოში ხშირად დებენ რომბისებრფოთლიან ცისუსს, შედარებით იშვიათ სახეობებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ და სამზარეულოსთვს არ გამოდგებიან. მისი ტოტები სიგრძით 1,5მ ს აღწევენ. წვრილი, მოქნილი და მორიგეობით განლაგებული რთული ფოთლები აქვს ზემოდან მუქი მწვანე შეფერილობის, ქვემოდან კი შედარებით ღია.  იგი ძალიან ჰაეროვანი, ცოცხალი, სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი მცენარეა, რომელიც მშვენიერ ფონს ქმნის ოთახში. მას დებენ კარადის თავზე,თაროებზე, კიდებენ კალათებში,  კომუნიკაციების  შესანიღბადაც იყენებენ.  განათება სჭირდება კაშკაშა, მზის გარეშე ან ნახევრადჩრდილი, კარგად იზრდება ხელოვნურ განათებაზეც. რწყავენ უხვად, ნამავენ, და სტანსდარტულად კვებავენ.
თავნასკვა (ციპერუსი): ხშირად მას ოთახის პაპირუსს ეძახიან, ან ვენერას ბალახს, ძალიან უპრეტენზიო მცენარეა. 
 იგი ყველა ოთახში კარგად იზრდება, მაგრამ ტენისმოყვარეობის გამო  ყველაზე კარგად ეგუება სამზარეულოს. დადებითად რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებებზე და არც ორპირის ეშინია. ეს მოხდენილი და ჰაეროვანი მცენარე საკმაოდ სწრაფად იზრდება.  ხშირად ამოაქვს ახალი ტოტები, იგი ბალახოვან მრავალწლიან მცენარეს წარმოადგენს, გარეგნულად ქოლგას ჰგავს, მაღალ ღერზე ბოლოში განლაგებული ფოთლების გამო. ჩვეულებრივი თავნასკვას გარდა, კიდევ არსებობს მუქი შეფერილობის, დატალღულკიდეებიანფოთლებიანი ან ზოლებიანი მცენარეებიც.  მას დებენ რაფაზე, სამზარეულოს ან სამუშაო  მაგიდაზე. განათება უნდა იყოს მკვეთრი ან ნახევრადჩრდილი,  მზის პირდაპირი სხივების გარეშე. მცენარეს ხშირი და უხვი მორწყვა სჭირდება. ვინაიდან იგი ტენისმოყვარულია, ნახევრად წყლიან ჭყრჭელშიც ზრდიან ხანდახან. მოსწონს დანამვა, სჭირდება სტანდარტული კვება და ყოველწლიური გადარგვა.

ამ მცენარეების გარდა, სამზარეულოსთვის კდევ შემდეგი მცენარეებიც  შეიძლება გამოიყენოთ: ფიკუსები, სპატიფილუმი, ბოლქვიანები ქოთანში; ტიტა, სუმბული, სურო, სატაცური,აუკუბა, პილეა, სტეფანოტისი, რძიანა, ვნების ყვავილი, კრასულა, ალოე, დრაცენა, კროტონი, ბეგონია, ბამბუკი, ნეფროლეპისი, აგლაონემა, ჰიპოესტესი, ეპიპრემნუმი, ზებრინა,  იები, ვეფხისტყავა, შეფლერა, კლივია, კალცეოლარია, ქოთნის ბოსტნეული - პომიდორი,  ფოთლოვანი კომბოსტო, ნიორი,  სანელებლები ქოთანში - რეჰანი, ოხრახუში, კამა პიტნა, როზმარინი, ბარამბო, ლავანდა, მარწყვი და სხვ.  https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/276-crdilis-amtani-mcenareebi.html

23 May 0 32 422

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно