ჰორტენზია ქოთანში. მოვლა სახლის პირობებში
ჩვენ იმდენად ვართ დაჩვეული, რომ ჰორტენზია დიდი ხე-ბუჩქი და ღია გრუნტის მცენარეა, რომ
ვერ წარმოგვიდგენია ეს ულამაზესი არსება ქოთანში, ან ფანჯრის რაფაზე. თუმცა, ოთახის
პირობებში შესანიშნავად ხარობს, მაგრამ საჭიროა სპეციალური მოვლა, რომ მცენარისაგან
მივიღოთ უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა.
ქოთნისა და გრუნტის შერჩევა
უმჯობესია უფრო ფართო (20სმ დიამეტრში), ვიდრე ღრმა ქოთნის აღება, რადგან მცენარეს
ზედაპირული ფესვები უფრო კარგად აქვს განვითარებული. ქოთნის მასალა შეიძლება იყოს
ნებისმიერი, კერამიკის, პლასტმასის. გრუნტი საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ, რადგან
ჰორტენზია უპირატესობას სუსტად მჟავე და მჟავე ნიადაგს ანიჭებს. შესაძლებელია იმავე
შემადგენლობის გრუნტის გამოყენება, რომელიც სჭირდება აზალიებს, როდოდენდრონებსა და
წიწვოვნებს. ასევე, შესაძლებელია გრუნტის დამოუკიდებლად გაზავება: მდინარის ქვიშა(ან
ვერმიკულიტი, ან პერლიტი), ტორფი, ფოთლოვანი მიწა და კორდის მიწა 1:3:2:1 პროპორციით.
გადარგვა
ჰორტენზიას სჭირდება ყოველწლიური გადარგვა. ასე შესაძლებელია ფესვების მდგომარეობის
კონტროლი, უფრო მეტი სივრცის მიცემა და გრუნტის ხარისხის გაუმჯობესება.
გადარგვა/გადატანა უმჯობესია თავის მიწიანად, ისე, რომ არ შევეხოთ ფესვთა სისტემას.
სასურველია, რომ ახალი ქოთანი იყოს უფრო დიდი და ქოთანს ძირში ქონდეს კარგი სადრენაჟე
შრე. გადარგვამდე და გადარგვის შემდეგ მცენარე ირწყვება. თუ ფესვებზე პრობლემა აქვს,
დაზიანებული ნაწილები უნდა მოვაჭრათ. კარგი იქნება თუ პროფილაქტიკის მიზნით ფესვებს
მოვრწყავთ ფუნგიციდის სუსტი ნაზავით. ჩარგვისას ფესვის ყელის სიმაღლე გრუნტის
ზედაპირიდან არ უნდა შეიცვალოს. თუ მცენარე ძალიან გაიზარდა, ან დაბერდა, უმჯობესია
ჰორტენზია ბაღში გადავიტანოთ.
მორწყვა და კვება
მთელი წლის მანძილზე გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს სტაბილური. მორწყვისათვის გამოიყენება
ოთახის ტემპერატურის, ან ოდნავ თბილი ონკანის, მაგრამ ნადგამი წყალი (სულ ცოტა 48სთ).
ჰორტენზიას ვეგეტაციისა და ყვავილობის პერიოდში უხვი მორწყვა სჭირდება, მაგრამ მოსვენების
პერიოდის დაწყებამდე ნელ-ნელა უნდა შემცირდეს, ხოლო მოსვენებისას მორწყვა მინიმალურია.
ანალოგიურად სჭირდება კვება, აქტიური ვეგეტაციისა და ყვავილობის პერიოდში ხშირი. სასუქის
ხარისხსა და ტიპზე ბევრად არის დმოკიდებული არა მხოლოდ მცენარის სიჯანსაღე, ყვავილობის
ხანგრძლივობა და ინტენსიობა, არამედ თავად ყვავილის შეფერილობაც. ამიტომ, აუცილებელია
გამოვიყენოთ ჰორტენზიებისათვის განკუთვნილი სასუქი. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარე ორ
კვირაში ერთხელ უნდა გამოიკვებოს. სასუქის მოხმარებას ვიწყებთ კოკრების პირველივე
გამოჩენისას და ვწყვეტთ შემოდგომის დასაწყისში.
ბუჩქის ფორმირება
მცენარის დეკორატიული ღირებულების გაზრდისათვის, საჭირო იქნება მისი ხშირი გასხვლა.
სტანდარტულად, მცენარე ისხვლება შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც ფოთლები დაცვივა ან
გაზაფხულზე, სანამ გამოღვიძებას დაიწყებს. ასეთი ტიპის გასხვლა უფრო ნაკლებ სტრესს ანიჭენს
მცენარეს: ეჭრება ძირიდან ამონაყარი; ტოტების მთლიანი სიგრძის 2/3 ისე, რომ დარჩეს
მხოლოდ რამოდენიმე მუხლი; ყველაზე ძველი ტოტები სცლილდება მთლიანად, ძირში. საერთო
ჯამში უმჯობესია დარჩეს 4-5 ძირითადი ტოტი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰორტენზიას ყვავილი უყალიბდება მიმდინარე წლის ყლორტებზე.
ამიტომ, გასხვლისას ეს თუ არ გავითვალისწინეთ და მოვაჭერით ახალგაზრდა ტოტი, ყვავილობას
ვერ მივაღწევთ ვერც მიმდინარე წელს და ვერც 2-3 წლის მანძილზე.
ყვავილობის პერიოდი
მცენარე დიდ ხანს და უხვად იყვავილებს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი განათება ექნება-
მკვეთრი, მაგრამ გაფანტული. მცენარეს შესაძლებელია დილისა და საღამოს მზე ანათებდეს,
მაგრამ შუადღის მზეს უმჯობესია მოვაცილოთ, ან ფანჯარა დავფაროთ, ან ქოთანი განვათავსოთ
ფანჯრიდან მოშორებით.
ყვავილობისათვის ოპტიმალური ტემპერატურა +18⁰ - +22⁰С. მაგრამ, ჰორტენზიას არ უყვარს
ორპირი, აუცილებლად უნდა მოვარიდოთ გამათბობლებსა და კონდენციონერებს. მოყვვავილე
მცენარე კარგად იტანს ფოთლებზე წყლის შესხურებას, მაგრამ, წვეთები არ უნდა მოხვდეს
ყვავილს.
მცენარის გამოზამთრება
მას შემდეგ, რაც მცენარე დაყრის ყვავილებს, აუცილებელია მისი შედარებით გრილ 4-9
გრადუსით დაბალ გარემოში გადატანა. მთავარია, რომ ტემპერატურა არ იყოს ძალიან დაბალი.
სხვა შემთხვევაში საჭირო გახდება ქოთნის შეფუთვა. ოდნავ განსხვავებული მოვლა სჭირდება
მსხვილფოთლიან ჰორტენზიას. შესაძლებელია, რომ ზამთრის დადგომას მცენარე ფოთლებით
შეხვდეს. ფოთლები აუცილებლად უნდა მოვაშოროთ, რადგან დაბალ ტემპერატურაზე მათი
გაფუჭებისა და ლპობის ალბათობა დიდია. ზამთარში ჰორტენზიას კვება წყდება, მორწყვა უნდა
იყოს მინიმალური.
ჰორტენზიას გამრავლება
სახლის პირობებში ჰორტენზია ძირითადად ვეგეტაციური წესით-დაკალმებით მრავლდება:
-ვირჩევთ გაზრდილ, მაგრამ ჯერ ისევ მწვანე ღეროებს;
-გაზაფხულზე, ან ზაფხულში ვაჭრით 8-10სმ სიგრძის ღეროს, რომელზეც არის რამოდენიმე მუხლი
2-3სმ დაშორებით;
-ქვედა ფოთლები უნდა მოვაშოროთ, ხოლო ზედა ფოთლებს ეჭრება წვერორები, ლამის შუამდე;
-ღეროს ქვედა მხარეს კეთდება 45° ანათალი, ზედა მხრის გადანაჭერი სწორეა;
-კალმები ირგვება დატენიანებულ გრუნტში და სათბურდება.
მსხვილფოთლიანი ჰორტენზიის გამრავლება შესაძლებელია უკვე გახევებული ღეროთი, მაგრამ
უმჯობესია დაკალმება მოხდეს შემოდგომით, ან ზამთარში.
დაავადებები და მავნებლები
სახლის პირობებში ჰორტენზიას სტრუმრობენ ტკიპები და ბუგრი. მცენარეზე შეიძლება
განვითარდეს ფქვილესებური ნადები და ნაცრისფერი ლპობა. დაავადებები, უმეტეს შემთხვევაში
ზედმეტი მორწყვით არის პროვოცირებული. ასეთ შემთხვევაში სამკურნალოდ გამოიყენება
ბორდოს ნაზავი, ან სპეციალური ფუნგიციდი და აუცილებლობის შემთხვევაში ინსექციდი.
გაეცანით სტატიებს ჰორტენზიების მოვლის შესახებ:
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/430-sagvela-hortenzia.html
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
