ფიკუსი ლირა/ლირატა (Ficus lyrata)
ეს ფიკუსი ყურადღებას იპყრობს საინტერესო ფოთლებით, რომელსაც ვიოლინოს და ლირას ფორმა აქვს. აქედან მომდინარეობს მისი დასახელება-ლირა(ლირასებური, ლირატა). ფოთლის ზედა მხარე პრიალა, მუქი მწვანე ფერისაა და მოყვითალო ძარღვებითაა დაფარული, ხოლო ქვედა მხარე ღია მწვანე შეფერილობისაა. ფიკუსი შესანიშნავად გამოიყურება სახლისა და ოფისის პირობებში. აღსანიშნავია ის, რომ ეს მცენარე გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით, ასუფთავებს ჰაერს. მაგრამ, მას სჭირდება დიდი სივრცე.ფიკუსი ლირა მრავალწლიანი ხე-მცენარეა თუთიისებრთა ოჯახიდან. მის სამშობლოდ დასავლეთ აფრიკა ითვლება და ხარობს როგორც მეჩხერ, ასევე, უღრან ტყეებში, როგორც ეპიფიტი-სხვა მცენარეების ქერქზე. ბუნებრივ გარემოში შეიძლება მიაღწიოს 15მ. სიმაღლეს. სახლისა და ორანჟერეის პირობებში სიმაღლე შესაძლებელია იყოს 3მ.
განათება: ეს მცენარე კომფორტულად გრძნობს თავს განათებული ფანჯრის რაფაზე, მაგრამ უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს. ამისათვის საუკეთესოა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულების ფანჯრები. ზამთარში აუცილებელი იქნება დამატებითი განათების მობილიზება. იმისათვის, რომ ვარჯი განვითარდეს სიმეტრიულად, აუცილებელია კვირაში ერთხელ შემოვატრიალოთ მცენარე.
ტემპერატურა: ზაფხულში ჰაერის ტემპერატურია არ უნდა ჩამოვიდეს +22-28° დაბლა, ხოლო ზამთარში ტემპერატურა სასურველია მოექცეს +18°-20° დიაპაზონში. დაშვებული მინიმალური ტემპერატურა, ისიც უკიდურეს შემთვევაში, უნდა იყოს +12°. მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, მაგრამ მისი განთავსება ორპირში, ცივ რაფაზე ან იატაკზე არ შეიძლება. არაა რეკომენდირებული ტემპერატურული მკვეთრი ცვლილებები, რადგან ამ შემთხვევაში ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები.
მორწყვა: გრუნტი უნდა გაშრეს. ზაფხულში მცენარე საშუალოდ კვირაში სამჯერად მორწყვას საჭიროებს. ზამთარში შეიძლება შევამციროთ მორწყვა-საკმარისი იქნება კვირაში ერთხელ. გრუნტი უნდა მოირწყას მთლიანად და ზედმეტი წყალი გადაიღვაროს.
ჰაერის ტენიანობა: მცენარეს სჭირდება მაღალი ტენიანობა. ამიტომ, კარგი იქნება წყლის ხშირი შესხურება. სასურველია წყალი იყოს ნადგამი და დარბილებული. ზაფხულობით შესაძლებელია მცენარეს მოვუწყოთ თბილი შხაპი. დანამვისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლის ზრდის წერტილში, რომ არ მოხდეს ლპობისა და დაობების პროვოცირება. ხისტი წყლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ შემთხვევაში ფოთლებზე ილექება მინერალები.
გრუნტი: ფიკუსს მოსწონს ნეირტალური მჟავიანობის მქონე ნიადაგი. იმისათვის, რომ დამოუკიდებლად მოვამზადოთ სუბსტრატი, საჭიროა ფოთლოვანი მიწა, ქვიშა/პერლიტი, ბაღის მიწა 2:1:2 პროპორციით. ასევე უნდა დავამატოთ ნეშომპალა და თიხამიწა. გამოყენების წინ მიწას ასტერილებენ, რომ განადგურდნენ სახიფათო მიკრობები. ქოთანში აუცილებლად კეთდება სადრენაჟე შრე კერამზიტით ან ნახშირით.
კვება: შესაძლებელია დეკორატიული მცენარეებისათვის განკუთვნილი როგორც თხევადი, ასევე გრანულებიანი სასუქების გამოყენება, ოღონდ რეკომენდირებული დოზის ნახევარი. კვება სჭირდება აქტიური ზრდის ფაზაში 2 კვირაში ერთხელ.
გადარგვა: ახალგაზრდა ფიკუსი ირგვება ყოველ გაზაფხულზე. ქოთანი უნდა შეესაბამებოდეთ ფესვთა სისტემის ზომას. ზრდასრული, 4 წელზე მეტი ასაკის მცენარეები ირგვება 2 წელიწადში ერთხელ. აუცილებელია მცენარე ჩაირგას მძიმე კერამიკულ ქოთანში, რომ შეინარჩუნოს წონასწორობა. ფიკუსი უნდა გადავიტანოთ და არა გდავრგათ, ანუ არ ვეხებით ფესვთა სისტემას და ახალი გრუნტით ვავსებთ სიცარიელეს. გადატანის შემდეგ მცენარე 2-3 კვირა არ უნდა ვკვებოთ.
გასხვლა: ეს პროცედურა მაშინ არის საჭირო, თუ გვინდა მცენარეს მივცეთ ფორმა, ან ვაკონტროლოთ მისი სიმაღლე. სიმაღლის დასაკორექტირებლად ფიკუსი იჭრება გრუნტიდან 30-40სმ-ზე. ასე მცენარე დაიწყებს გვერდითა ტოტების ფორმირებას.
ვარჯის კორექტირებისათვის ეჭრება ტოტი ისე, რომ დარჩეს 6 მუხლი ან 4-5 ფოთოლი ტოტზე. გადანაჭერ ადგილს წმენდენ და აყრიან სააფთიაქო ნახშირს. მცენარის გასხვლისას აუცილებლად უნდა ვიხმაროთ ხელთათმანი, რადგან გამონაჭონს წვენს (რძეს) შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა კანზე.
ყვავილობისა და მოსვენების პერიოდი: ბუნებრივ პირობებში მცენარე ყვავის და ნაყოფსაც იძლევა. სახლის პორობებში ყვავილობას არ უნდა ველოდოთ.
ჰაერის შიმშრალისა და დაბალი ტემპერატურის გამო მცენარე ანელებს განვითარებას. მცენარეს სჭირდება გამოზამთრება, ამიტომ ზამთარში უნდა დაიდგას სიგრილეში, გამათბობლებისაგან მოშორებით.
გამრავლება: ფიკუსის გამრავლება შესაძლებელია კალმებით გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. კალმებად გამოდგება 15სმ-მდე სიგრძის ტოტები. კალამი თავსდება ნახშირიან წყალში და პირველი ფესვების გამოტანის შემდეგ-სუბსტრატში. შესაძლებელია მოვახდინოთ პირდაპირ გრუნტში დაფესვიანება, მაგრამ ამ შემთვევაში აუცილებელი იქნება კალმის დასათბურება.
დაავადებები და მავნებლები: ფოთლების გაყვითლება და დაცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს ან ჰაერის დაბალი ტენიანობით ან ტემპერატურის მერყეობით. ფოთლებზე ყავისფერი ლაქების გაჩენას იწვევს ხშირი მორწყვა. მცენარე აჩერებს ზრდას, თუ განიცდის ან კვების, ან სინათლის ნაკლებობას. ფოთლების სიშავე შესაძლებელია დაავადების მაჩვენებელი იყოს და ამ დროს აუცილებელია ფუნგიციდის გამოყენება.
მავნებლებიდან ფიკუსზე შეიძლება შეგვხვდეს ფარიანები, აბლაბუდა ტკიპა, ფქვილისებრი ტკიპა, ბუგრი. მავნებლების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა როგორც მექანიკური დამუშავება-გაწმენდა, ასევე სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენება.
ჩვენი ჯგუფი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
02 April
0
36