სასუქების ტიპები და მათი მოხმარების ზოგადი წესები

ყველაზე უსახო და ნაცრისფერი გარემოც კი სიცოცხლეს იძენს, როცა მცენარე დაიდებს იქ ბინას. და მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინები გვაქვს ინტერიერის მიმართ, მთავრია, რომ მცენარე იყოს ჯანმრთელი და მოვლილი. როდესაც მცენარე იზრდება ე.წ. „მორგებულ“ გარემოში, ქოთანში, ორანჟერეაში, ოთახსა თუ ოფისში, ის მოკლებულია რეალური ბიოლოგიური ციკლის ზეგავლენას. ის საკვები ნივთიერებები, რომელიც კონკრეტული ქოთნის გრუნტშია, მალე იწურება და საჭიროებს ადეკვატურ შევსებას. ბაღის კულტურებისაგან განსხვავებით, სადაც ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმები და ბაქტერიები აქტიურად არიან ჩართული ბიოლოგიურ ციკლში და „ეხმარებიან“ მცენარეს, ქოთნის ეგზემპლიარებს არ აქვთ ასეთი შესაძლებლობა და ამიტომ, გვიწევს დამატებითი ძალისხმევა სასუქების ადეკვატური მოხმარების სახით. ამავე დროს, ყოველთვის არსებობს დილემა, რომელი შემთხვევაა უკეთესი, კვების სიმცირე თუ გადაჭარბება.
სადღეისოდ სასუქების საკმაოდ დიდი ასორტიმენტი არსებობს და იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
პირველი და უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვერ ვერკვევით სასუქებში არის ის, რომ უმჯობესია არჩევანი შევაჩეროთ უნივერსალურ სასუქზე, რომელიც გამოიყენება ყველა ტიპის მცენარისათვის.
მეორე - ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომელი ტიპის მცენარისათვის არის განკუთვნილი კონკრეტული სასუქი. მოყვავილე მცენარეს კვება სჭირდება ყვავილობის წინა პერიოდში და ყვავილობისას, რომ არ დასცვივდეს კოკრები და გავახანგრძლივოთ ყვავილობის პროცესი. ვარდების, აზალიების, პელარგონიების, გერბერებისა და სხვა მოყვავილე მცენარეებისათვის დასამუშავებელი სასუქები, ძირითადად ერთი და იმავე შემადგენლობისაა, თუმცა, განსხვავებული შეიძლება იყოს მასში შემავალი ნივთიერებათა პროპორციები. ამიტომ, არ არის მიზანშეწონილი ამ სასუქების ურთიერთჩანაცვლება.
სასუქების გამოყენების ზოგადი წესები: სასუქები, როგორც წესი, გამოიყენება რეგულარულად, გაზაფხულობითა და შემოდგომით, ანუ ვეგეტაციისა და ზრდის პერიოდში. თუ მცენარეს სჭირდება გამოზამთრება, მაშინ ამ პერიოდში კვება უნდა შემცირდეს, ან საერთოდ გამოირიცხოს. ოთახის მცენარეების გამოკვება საჭიროა ერთხელ, ან ორჯერ თვეში. არ შეიძლება ახალგადარგული და დაავადებული მცენარის კვება. ყველა სასუქს აქვს თავისი მარკირება და დოზირების რეკომენდაციები, მაგრამ გამოვყოფთ რამოდენიმე ზოგად წესს:
- სასუქებით მუშავდება მხოლოდ ჯანმრთელი მცენარე, წინააღმდეგ შემთხვევაში დასუსტდება მისი ბუნებრივი იმუნიტეტი და დაქვეითდება დაავადებებისა და მავნებლებისადმი მედეგობა;
- მცენარე იკვებება გადარგვამდე 2-3 კვირით ადრე და გადარგვიდან 1 თვის შემდეგ;
- ახლად დამუშვებული მცენარე უნდა მოერიდოს პირდაპირ მზეს;
- თხევადი სასუქები იხსნება წყალში, რომელიც უნდა იყოს ან ოთახის ტემპერატურის, ან უფრო თბილი(+2°-+3°);
-უმჯობესია სასუქი გაზავდეს გამოხდილ, ან გაფილტრულ წყალში. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია გამოვიყენოთ ონკანის, მაგრამ სულ ცოტა 24 სთ-ით ნადგამი წყალი.
- დოზირება შესაძლებელია რეკომენდირებულ ნორმაზე ნაკლები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეტი;
- უმჯობესია კვების გრაფიკის შექმნა გარემო პირობებიდან გამომდინარე;
- დასაშვებზე მეტად კვების ჯერადობის გაზრდა არ არის რეკომენდირებული;
- კვება უნდა განვახორცილოთ ან დილაობით, ან საღამოს;
- ფოთლოვანი მცენარეებისათვის უმჯობესია კვება განვახორციელოთ დილას;
- კვება შესაძლებელია მცენარის ფოთლიდან (დანამვა) და ფესვიდან (მორწყვა);
- მეტი შედეგის მიღწევისათვის კარგია კვების მეთოდები შევუთავსოთ ერთმანეთს;
- შესაძლებელია კონკრეტული მცენარის ფოთლების დანამვა არ იყოს მიზანშეწონილი;
- სასუქები იყოფა კონსისტენციის მიხედვით, მშრალი (ფხვნილი, გრანულები, ჯოხები) და თხევადი და მათი გამოყენების წესი და დოზირება განხვავებულია.
სასუქების ტიპები/დანიშნულება
მწარმოებლები მეტი სიცხადისათვის ახდენენ სასუქების მარკირებასა და დაყოფას მცენარების ტიპებიდან გამომდინარე. ასე, მაგალითად არსებობს სასუქები:
- დეკორატიული-ფოთლოვანი მცენარებისათვის;
- დეკორატიული-წიწვოვანი მცენარებისათვის;
- კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის;
- ორქიდეებსათვის;
- ბოლქვოვანი მცენარეებისათვის;
- როდოდენდრონებისათვის;
- პალმოსნებისათვის;
- იებისათვის;
- ვარდებისათვის და ა.შ. ასეთი მარკირება ამარტივებს სასუქების შერჩევისა და გამოყენების პროცედურებს.
ავტორი: ხ.კალატოზიშვილი
ასევე გაეცანით შემდეგ სტატიებს: მაკროელემენტები https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/881-makroelementebimcenareebis-ganvitarebisatvis-nawili-1.html