ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეები
ოთახის მცენარეები ალამაზებენ სახლს, განსაკუთრებით - მოყვავილე მცენარეები ყვავილობისას, მით უფრო, როცა გარეთ ზამთარია და ცივა.
აზალია: ამ მცენარეს ხშირად ჩუქნიან სხვადასხვა დღესასწაულლზე თაიგულის ნაცვლად, უამრავი ყვავილის და კოკრის გამო ულამაზესია შესახედავად, მაგრამ რამდენიმე კვირაში რაფაზე ყვავილები სწრაფად ჭკნება, ახალი კოკრებიც არ გამოაქვს, მიზეზი?
სწორი მოვლა: მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში 19-22 გრ, ზამთარში - 12-13, ჰაერის ტენიანობა - მაღალი, მორწყვა - უხვად ზაფხულში და ზომიერად ზამთარში, რეგულარული შესხურება პულვერიზატორით. გადარგვა - ყოველწლიურად სპეციალურად აზალიისთვის მიწის ნარევში. მრავლდება აზალია ფესვის გაყოფით ან კალმით.
კალანჰოე: ესეც ძალიან პოპულარული ოთახის მცენარეა. იგი ადვილად ეგუება სახლის პირობებს და რთული მოსავლელი არ არის.
სწორი მოვლა: იგი კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებს, ზაფხულში მოსწონს 19-29გრ, ზამთარში კი 12 მდეც კარგადაა, მორწყვა დამოკიდებულია გარე პირობებზე - რაც უფრო ცხელა, მით მეტი წყალი უნდა, კვება სჭირდებ განსაკუთრებით კოკრობისას, კვირაში ერთხელ, სხვა დროს კი 2-3 კვირაში ერთხელაც კმარა. გადარგვა - საჭიროებისას, მრავლდება უპირატესად ტოტებით.
ანთურიუმი: მას სხვაგვარად „კაცურ ბედნიერებას“ უწოდებენ. მისი ზოგი სახეობა მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს. თუ იგი არაკომფორტულად იგრძნობს თავს, ფოთოლი უყვითლდება, ყვავილი უჭკნება.
სწორი მოვლა: მცენარე ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს, რადგან ფოთლები სწრაფად ეწვება. ამიტომ მხოლოდ გაბნეული სინათლე სჭირდება. კომფორტულია 20-30გრ ზაფხულში და 16 მდე - ზამთარში, შესხურება არ სჭირდება, მით უფრო ყვავილობისას. ტენიანობა სასურველია შენარჩუნდეს 40-50% ის ფარგლებში. რწყავენ უხვად, მაგრამ სადგამზე წყალი არ უნდა დაგროვდეს. კვებავენ თვეში 2ჯერ. მრავლდება ტოტით ან ამონაყრით.
ნემსიწვერა: ამ მცენარის ფოთლებს გასრესისას სპეციფიკური სუნი აქვს, ძალიან ადვილი მოსავლელია. მას მოსწონს კარგი განათება და პირდაპირ მზესაც იტანს.
სწორი მოვლა: უხვი ყვავილობისთვის სჭირდება მზის სხივები, არ ეშინია ორპირის, იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, მას ხშირად დებენ შემინულ აივნებსა და ლოჯიებში, ზაფხულში ოპტიმალურია 18-22გრ, მისი ფესვები ადვილად ლპება, ამიტომ ბევრი წყალი არ უნდა, ირწყვება რბილი ნადგამი ოთახის ტემპერატურის წყლით. კვებავენ თვეში 2ჯერ, გადარგვა კი 2 წელიწადში ერთხელ უნდა. მრავლდება ვეგეტატიურად ან თესლით.
ორქიდეა: ბოლო დროს ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ სახლში მიტანის შემდეგ რამდენიმე კვირაში ყვავილები ცვივა, არც ახალი ამოსდის. თუ მას პირობები არ მოეწონა, საყვავილე ღეროს არ გაიკეთებს
სწორი მოვლა: უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის მას 2 რამ სჭირდება - განათება და მორწყვა. განათების ხანგრძლიობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მას მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს. ტენიანობა ჰაერში საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, მორწყვა კი - ზომიერი. მცენარეს ფესვებს უდებენ წყალში 3-4 წთ, მეტი ხნით გაჩერება შეიძლება ფესვების ლპობის მიზეზი გახდეს. აუცილებლობის გარეშე მას არ რგავენ, მხოლოდ თუ ფესვები ძალიან გაეზრდება და ძველი ჭურჭელი პატარა გახდება მისთვის, მხოლოდ მაშინ რგავენ, ოღონდ ფრთხილად, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. სასუქი მთელი წლის განმავლობაში სჭირდება 2-3 კვირაში ერთხელ.
სპატიფილუმი: ხალხი მას სხვაგვარად „ქალურ ბედნიერებას“ უწოდებს კიდევ. მას გასათხოვარ ქალიშვილებს ჩუქნიან ხშირად. ითვლება, რომ მოაქვს ბედნიერება და სიყვარული სახლში. მცენარე ძალიან ლამაზია და კარგი მოვლით წელიწადში ორჯერ იყვავილებს ლამაზი დიდი თეთრი ყვავილებით.
სწორი მოვლა: მას დებენ გაბნეულ განათებაზე ან ნახევრადჩრდილში, მზეზე არაფრით არ შეიძლება - ფოთლები დაეწვება. მას გრილად აზამთრებენ 16-17 გრ ზე. ზაფხულში კი 22-23 გრ უნდა იყოს. მცენარეს რეგულარულად ასხურებენ და ფოთლებს უწმენდენ სველი ტილოთი. რწყავენ რეგულარულად ზომიერად. კვებავენ თვეში ორჯერ მარტ-ოქტომბრის შუალედში. ზამთარში მას ასვენებენ. მრავლდება ფესვის გაყოფით ან ტოტებით.
ია: ბევრს უყვარს ეს პატარა ნაზი მცენარე, მოვლისას ბევრი არაფერი სჭირდება და მისი უამრავი სახეობა და ჯიშია დღეს. ასე, რომ ყველას შეუძლია, აარჩიოს მისთვის სასურველი და საინტერესო მცენარე.
სწორი მოვლა: მას დებენ ნახევრადჩრდილში, რადგან მზეს იგი ცუდად ეგუება. უხვი ყვავილობისთვის დღის ხანგრძლივობა 10 სთ უნდა იყოს, ამიტომ მასთან ერთად საჭირო ხდება სინათლის დამატებითი წყაროს მოძიება - შეძენაც. რწყავენ ზომიერად, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება. იის ფესვები ზედმეტ წყალს ვერ იტანს. მას ნადგამი, ოთახის ტემპერატურის წყლით რწყავენ. ხისტი წყალი მისთვის დამღუპველია. კვება რეგულარული უნდა იყოს, თვეში 1-2 ჯერ. გადარგვა - აუცილებლობისას. მრავლდება ფოთლით ან ტოტით.
ბეგონია: შეუძლებელია მისი არევა სხვა მცენარეებში. სწორი მოვლით იგი იმდენად უხვად ყვავილობს, რომ პრაქტიკულად არ უჩანს ფოთლები.
სწორი მოვლა: მასაც უჩრდილავენ, მზის პირდაპირი სხივები არ შეიძლება მისთვის - ფოთლები თხელი აქვს და ადვილად ეწვება. ოპტიმალური ტემპერატურა ყვავილობისთვის 22-25გრ, იგი სითბოსმოყვარულია და ორპირს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს ვერ იტანს. რწყავენ ზომიერად, რეგულარულად და ცოტცოტას. სასუქს აძლევენ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოკრობის და ყვავილობის დროს. მრავლდება ტოტით, თესლით. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/139-otaxis-yvavilebis-morwyva.html![]()
თარგმანი თ. სუპატაშვილის