ოთახის სათბურები
ბევრი მცენარე, რომელიც გვსურს, ვიქონიოთ სახლში, ვერ ეგუება ოთახის პირობებს, ზოგს ხელს უშლის მშრალი ჰაერი, ზოგს ტემპერატურის ცვლილება, ორპირი, მაგრამ ამ ხელშემშლელი პირობების შეცვლა შეიძლება, თუ გააკეთებთ ტერარიუმს ან ოთახის სათბურს. იგი აუცილებელია დასაფესვიანებლად ან მცენარის თესლიდან გასაზრდელად. სათბურის მიზანია - თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნება, მცენარის დაცვა ორპირისგან, გამათბობლის ცხელი ჰაერისგან, ასევე გარკვეული ტენიანობის შენარჩუნება. თავად სათბური ადვილად გასაკეთებელი და საკმაოდ დეკორატიული უნდა იყოს. კოლექციონერები ათასგვარ საშუალებას მიმართავენ, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოათავსონ მცენარეების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა სათბურში, მაგრამ დეკორატიულობა იქეთ გადავდოთ და ვნახოთ მათი პრაქტიკული მხარე.
განათების რეჟიმი ყველაზე ხელსაყრელი უნდა იყოს მცენარისთვის, მათ რაც შეიძლება მეტი სინათლე უნდა ხვდებოდეს, ამიტომ სათბური სჯობს მინის იყოს. მას დებენ კარგად განათებულ ადგილზე. თუ ბუნებრივი განათება არ ყოფნის, საჭიროა დამატებითი ხელოვნური განათებაც. - ლუმინესცენტური ნათურებით.
ჰაერის ტენიანობას არეგულირებენ მცენარის დანამვით, ან შიგნით წყლიანი ჭურჭლის ჩადგმით. ასევე შეიძლება სათბურის ფსკერზე კერამზიტის დაყრაც, მერე წყლიანი ჭურჭლის ჩადგმა, ზემოდან აყრიან სუბსტრატს ისე, რომ წყლიანი ჭურჭლის ზედაპირი მიწის პირის დონეზე იყოს. წყალი რომ არ გაფუჭდეს, მასში ყრიან გააქტივებული ნახშირის აბებს. ზოგ მცენარეს პირიქით, - მშრალი ჰაერი სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ინარჩუნებენ სითბო-სინათლის გარკვეულ რეჟიმს.
ტემპერატურაც რეგულირდება სათბურის მეშვეობით. სათბური შეიძლება იყოს თბილი, - ტროპიკული მცენარეებისთვის, გრილი - სუბტროპიკულებისთვის. გაუთბობელი სათბურები გამოიყენება გრილი გამოზამთრებისთვის, იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ მოსვენების პერიოდის გავლა. მათ ვნებთ თბილი ჰაერი, რაც გამათბობლიან ოთახშია. ასეთი სათბურის როლს ხშირად თამაშობს აკვარიუმი, რომელიც გვერდზე დევს, ისე, რომ ღია მხარე ფანჯრისკენ იყოს მიმართული. აზალიებს, კაქტუსების ზოგ სახეობას დამატებით განათების დადგმაც სჭირდება, მათი ყვავილობის პერიოდი ზოგჯერ არ ემთხვევა მოსვენების ეტაპს.
გამათბობლიანი სათბური ავტომატური რეჟიმით მუშაობს და ირთვება-ითიშება გარკვეულ ტემპერატურაზე. ასეთ სათბურს იყენებენ ნათესისთვის. ყველაზე მარტივი ასეთი სათბურია - ქოთნის ჩადება ცელოფანის პაკეტში და ბატარეასთან ახლოს მოთავსება,
მინი ორანჟერეა - ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ტროპიკული მცენარეებისთვის, სადაც გათბობის გარეშე ნარჩუნდება საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. ასეთი სათბურის როლს ასრულებენ სხვადასხვა ზომის აკვარიუმები. მათ ათავსებენ ოთახში, სადაც საკმაო სითბოა, განათება კიდევ დამატებით ათბობს სათბურს. გავარვარებული ნათურები საკმაოდ ათბობენ ჰაერს მასში, ჩეულებრივი დღის ნათურები კი არ მოქმედებს გათბობაზე. თუ მინი ორანჟერეა დიდია, მას დებენ მაგიდაზე - ასე იოლდება მცენარეების მოვლა. ცალკე უნდა ითქვას ორქიდეების სათბურზე. მას უკეთებენ ვენტილატორს. ორქიდეა ეპიფტური მცენარეა და ჰაერის კარგი ცირკულაცია ესაჭიროება. 50ლ მოცულობის მქონე სათბურს ერთი ვენტილატორი უნდა ჰქონდეს, რომელიც ისე თავსდება შიგნით, რომ ჰაერის ნაკადი არ ხვდებოდეს ფოთლებს.
სათბური საკუთარი ხელით: რა მასალისგან შეიძლება დამზადდეს მინი - ორანჟერეა ან ოთახის სათბური, დამოკიდებულია სავარაუდო ზომებზე. დიდი სათბურისთვის გამოდგება შემინული კარადები, მეტალოკონსტრუქცია არ გამოდგება - რკინა ადვილად იჟანგება სინესტეში . პატარა სათბურებისთვის გამოიყენება აკვარიუმები, ტორტის გამჭირვალე პლასმასის კოლოფები, (ნათესებისთვის).
მცენარეების მოვლა სათბურში: მოვლა გულისხმობს მზისგან მცენარეების დაცვას , მინების პერიოდულ გასუფთავებას ნამისგან. ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნებას. უნდა გახსოვდეთ, რომ მასში ჰაერი არ მოძრაობს, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოების და ბაქტერიების გამრავლებისთვის. ამიტომ აუცილებელია მისი რეგულარული განიავება. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, მსუბუქი, სათბურში სითბო და მეტი ტენიანობაა, რაც არა მხოლოდ დანამვის, არამედ ფოთლებიდან გამოყოფილი წვეთების შედეგიცაა. ამიტომ დანამვაც შედარებით იშვიათადაა საჭირო ( თუმცა ორქიდეა სათბურში საერთოდ არ ინამება და არც ირწყვება)
მცენარეთა გამრავლებისთვის სათბურს დებენ რაფაზე, ან მაგიდაზე ფანჯარასთან ახლოს. ზემოდან აფარებენ მინას ოდნავ დახრილად ფანჯრისკენ. ძირში დებენ კრამიტის ნაჭრებს ამობერილი მხარით ზემოთკენ, ზედ ადებენ ხავსის თხელ ფენას და აყრიან მდინარის კარგად გარეცხილ ქვიშას, რაშიც აწყობენ თესლებს და ზრდიან მცენარეებს თავიდან ან აფესვიანებენ ტოტებს. უფრო დაბლა გამოსაწევ სადგამს უდებენ - სიმაღლით 5სმ უნდა იყოს და 2 ნახვრეტი ჰქონდეს - ერთი ცხელი წყლისთვის, მეორე - წყლის გასაშვებად. დღის განმავლობაში სათბურში 2-3ჯერ ასხამენ ცხელ წყალს სადგამზე, რომლის ქვეშ მოთავსებულია ელექტროგამათბობელი და მისი საშუალებით ხდება სითბოს შენარჩუნება. ჰაერი თბება და ტენიანობაც ნარჩუნდება ერთ დონეზე. სითბოს რეგულირება შესაძლებელია ნათურების და გამათბობლის ჩართვა- გამორთვით. ვენტილაციისთვის მინის თავსახურს პერიოდულად ხსნიან.
ასევე ორქიდეების მოვლას გაეცანით ბმულზე https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/183-rogor-movuarot-orqidea-falenopsiss.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის