მიწა ოთახის მცენარეებისთვის

გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რა მნიშვნელობა აქვს ოთახის მცენარეებისთვის სწორად შერჩეულ ნიადაგს. ყველა მცენარეს თავისი საკუთრად შერჩეული ნიადაგი სჭირდება, რაც მეტად მოუხდება მას. ასე მაგ. ლიმონს, კვიპაროსს,პალმებს სუსტად მჟავე ან ტუტე მიწა სჭირდება, გვიმრას, კამელიას, როდოდენდრონს კი - მეტად მჟავე ნიადაგი. ნეიტრალურზე კარგად არიან ფურისულები, კალანჰოე, ბალბები, ქვიანი და ქვიშიანი მიწა კი  კაქტუსებისთვისაა შესაფერისი. სპეციალური ნარევი უნდა ორქიდეებს, სადაც შედის ხის ნახშირი, ხავსი, ხის ქერქი და გვიმრის ფესვები.
ამ ყველა სახის ნიადაგს თავისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი აქვს. ნეიტრალურ მიწებს ეკუთვნის შავმიწა ნიადაგი, მჟავეს - ტორფიანი, ტუტეს კი -  თიხნარ-კორდის მიწიანი. მის შემადგენლობასა და სიმკვრივეზე დამოკიდებულია წყალ- და ჰაერგამტარობა მცენარის ფესვებისკენ, ეს კი მთავარი პირობაა მცენარის ზრდა - გავითარებისათვის. სასუქის დროული მიწოდებით მცენარეს საკვებიც ექნება და უკეთ გაიზრდება. მიწის ნარევში შეიძლება შედიოდეს ნატურალური შემადგენელი ნაწილებიც - ტორფი, ნეშომპალა, ნაცარი, ქვიშა, ნახერხი, წიწვები, ხავსი და სხვ. და  ასევე ხელოვნური ნაწილიც - კერამზიტი, პერლიტი, ჰიდროგელი.. ყველა სახეობის მცენარეს საკუთარი ოპტიმალური შედგენილობის ნიადაგი სჭირდება.დღეს მაღაზიებში სულ სხვადახვა შემადგენლობის მიწა იყიდება ოთახის მცენარეებისთვის, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან მჟავიანობით, სასუქის და გამაფხვიერებლების არსებობით მასში.
ტორფიანი გრუნტი: ორგვარია - ზედა ტორფის და ქვედა ტორფის. ხავსი, რომელიც იზრდება ჭაობში ზედაპირზე, გახრწნისას წარმოქმნის ზედა ტორფს. ასეთ გრუნტს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს, - იგი კარგი ჰაერგამტარია, მსუბუქი, კარგად იწოვს  ტენს და ინახავს მას. ეს თვისება ზოგჯერ ცუდიცაა, რადგან ხანგრძლივად ტენის შენახვა ფესვების ლპობას იწვევს და თუ ასეთ გრუნტს კარგად გააშრობთ, მერე მისი ისევ დასველება ჭირს. მასში ცოტაა მინერალური ნივთიერებები, ამიტომ საკვებით ღარიბ გრუნტად ითვლება.
ტორფი, რომელიც მიიღება დაჭაობებული მდინარეების, ტბების ფსკერიდან, უფრო მძიმეა, მდიდარი მინერალური ნივთიერებებით, მას ნიადაგის ნარევის დასამატებლად იყენებენ, რადგან სუფთა სახით ძლიერ სველი და მკვრივია, ფესვები ასეთ მიწაში კარგად არ ვითარდება და ჰაერის არარსებობის და ზედმეტი წყლის გამო ლპება.
ბიოჰუმუსი: მას იღებენ ნაკელის გადამუშავების პროცესში წვიმის ჭიების დახმარებით. ასეთი მიწა მცენარეებისთვის სასარგებლოა, ვინაიდან შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმებს და სასარგებლო ბუნებრივ ნივთიერებებს. სახლის პირობებში გრუნტის ნარევის მომზადებისას მცირე ოდენობის ბიოჰუმუსს შეუძლია შეცვალოს ნეშომპალა და მისი შემადგენლობაც გაამდიდროს. დღეს სხვადასხვა ასორტიმენტის გრუნტი იყიდება. ყველა მცენარისთვის შესაძლებელია საკუთარი მოთხოვნილების შესაფერისი გრუნტის არჩევა, მაგრამ ასევე შეიძლება საკუთარი ხელითაც მოამზადოთ, თუ ყველა კომპონენტი ხელთ გექნებათ.
გრუნტი საკუთარი ხელით : ფოთლოვანი მიწა - ოთახის მცენარეებისთვის ფოთლოვანი და კორდის მიწა გამოიყენება ნარევის ძირითად მასად. მასში შედის სხვადასხვა ხის - ვაშლის, კაკლის, ცაცხვის, მსხლის გახრწნილი ფოთლები.
კორდის მიწა - კარგი წყალ - დ ჰაერგამტარია, შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ ყველაზე ხშირად მას იყენებენ. ასეთი მიწაა ტყეში, მინდორში, საძოვრებზე.
ნეშომპალა -  ეს მიწა შედგება გრუნტის ზედა ფენის და გადამწვარი ნაკელისგან. იგი ფხვიერი, მსუბუქი, ნოყიერია. მცენარეები კარგად ვითარდებიან მასში.
ერიკას მიწა -  მისი მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან იმ ადგილებშია, სადაც წიწვოვანი ხეები და მარადმწვანე ერიკა ხარობს. ეს მუქი ნაცრისფერი მიწა თეთრ ქვიშასთან არეული ფხვიერი, კარგი წყალ- და ჰაერგამტარია, მასზე კარგად ხარობს როდოდენდრონი, აზალია, კამელია. შემადგნლობით ჰგავს ქვიშის, ფოთლოვანი და ტორფიანი მიწების ნარევს , პროპორციით - 1:2:4.
წიწვოვანი მიწა - ეს მიწა შედის ნარევებში და ბევრ მცენარეს უხდება - მაგ, ორქიდეას. ასეთი მიწა წიწვოვან ტყეშია. წიწვები გახრწნისას ფხვიერ და მჟავე მიწად გადაიქცევა, ასეთი ადგილიდან სჯობს მიწის ზედა ფენის მოხსნა - იგი ჯერ კიდევ არ ვარგა გრუნტის ნარევის მომზადებისთვის და მცენარეთა ზრდისთვის. გამოსაყენებლად ვარგისია მეორე, ქვედა ფენა.
გვიმრის ფესვები - გამხმარი და დაქუცმაცებული ფესვები სასარგებლო საკვები ნივთიერებაა და მას გრუნტის ნარევში დასამატებლად იყენებენ.
ხავსი -  ჭაობის მცენარის - სფაგნუმის ბებერი ნაწილები კვდება, ცვივა და დროთა განმავლობაში ზედა ტორფად იქცევა. სფაგნუმს ამზადებენ სექტემბერ-ოქტომბერში. მას ასუფთავებენ დიდი ტოტებისგან, მერე აქუცმაცებენ, კარგად აშრობენ და ორთქლით ამუშავებენ. ეს ნიადაგის გაუვნებლებისთვის აუცილებელია. მავნე მწერები კვდებიან, შესაბამისად, მცენარის ზრდა-გავითარებისთვის  საშიშროება არ არსებობს. ასეთი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ  ხავსი მზადაა გამოსაყენებლად. ხავსი შედის ბევრი ნარევის შემადგენლობაში, იგი მიწას აფხვიერებს და ხელს უწყობს სინესტის შენარჩუნებას გარკვეული დროით,.
მდინარის ქვიშა - მაღაზიებში სხვადასხვაგვარი ქვიშის ყიდვა შეიძლება -მსხვილი, საშუალო, ან წვრილი ფრაქციის, მაგრამ ასევე თავადაც შეიძლება მოაგროვოთ მდინარის პირას. გამოყენებამდე საჭიროა მისი მომზადება - ქვიშას ცრიან, რეცხავენ და ასუფთავებენ ჭუჭყის და დიდი კენჭებისგან.  თითქმის მიწის ყველა ნარევი შეიცავს ქვიშას, რაც გრუნტს ჰაერგამტარს ხდის, მიწა არ იტკეპნება, კარგად ატარებს წყალსაც, მაგრამ მასში საკვები ნივთიერებები არ არის. ასეთ მიწას იყებებენ პალმების და კაქტუსებისთვის.
ხის ნახშირი ან ნაცარი - მათ იყენებენ ფესვების გასაუვნებლებლად, ასევე აყრიან ტოტებს ჭრილობის მოსაშუშებლად. ისინი ხელს  უშლიან ლპობას, რადგან კარგ ანტისეპტიკს წარმოადგენენ. უფრო მეტად იყენებენ ნახშირს, რაც რჩება ვერხვის ან არყის ხის დაწვის შემდეგ.  ნებისმიერი გრუნტის შემადგენლობაშია 5 % მდე დაქუცმაცებული ნახშირი. იგი მიწას აფხვიერებს და წყალგამტარს ხდის.  ნარევი, სადაც ხის ნახშირია, გამოდგება კაქტუსების, ორქიდეის და სხვა ოთახის მცენარეებისთვის.
ნიადაგის ნარევის კომპონენტების მოსამზადებელი პროფილაქტიკა: ნარევისთვის საჭირო მიწას სხვადასხვა ადგილებიდან იღებენ - ტყეში, მინდვრებში, მდინარის პირას. ასეთ ნიადაგში კი ხშირად გვხვდება მავნე მწერები, მათი მატლები, სოკოს სპორები. მომავალში, მცენარეებს რომ პრობლემები არ შეექმნათ, აუცილებელია მათი მომზადება, - თბური დამუშავება - ორთქლზე გატარება.

იღებენ დიდი ზომის ჭურჭელს, ყრიან კარგად დასველებული ქვიშის 3-4 სმ იან ფენას, ზემოდან აყრიან  ნარევს, ჭურჭელს დგამენ ცეცხლზე - ნარევის გასახურებლად, სველი ქვიშა გახურებისას ორთქლს უშვებს, რაც თანდათან აცხელებს ნარევს. 10ლ იან ჭურჭელში მოთავსებულ ნარევს დაახლოებით 1 სთ იანი გახურება ეყოფა.
ასეთ პროცედურას ერთი უარყოფითი მომენტიც აქვს - მასში სასარგებლო მიკროორგანიზმები კვდება, ისინი კი მცენარის ზრდისთვის აუცილებელია. -მათ გარეშე ორგანულ ნივთიერებებს მცენარე  ვერ აითვისებს.  ამ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, თუ ასეთ მიწაში ჩარგულ მცენარეებთან ერთი თვის შემდეგ  მიკროორგანიზმების  ჩასახლებას შესძლებთ. ეს თანდათან უნდა მოხდეს, უნდა ეცადოთ, შეინარჩუნოთ მათი რაოდენობა, ისინი სპეციალურ პრეპარატებში და ორგანულ საკვებში არიან - „ ბაიკალი, ეკოსტაილი, ვოსტოკ - ემ -1“.
გაუვნებლება ზოგჯერ ხდება   ნარევის გაყინვითაც ან მისი ქიმიური პრეპარატებით დამუშავებითაც. ქიმიური საშუალებები მავნე ბაქტერიებს და სოკოებს კლავენ-  ასე ინფექციურ დაავადებებს თავიდან აიცილებენ. გაყინვით კი ნარევის სტრუქტურა უმჯობესდება კიდეც.
გრუნტის ნარევის მომზადება კონკრეტული მცენარეებისთვის:
კაქტუსებისთვის ფოთლოვანი, ზედა  ტორფის და 50 % ქვიშის ნარევი. საკვები ნივთიერებები მინიმალური უნდა იყოს, წყალგამტარობა მაღალი.
ორქიდეებს - ხის ქერქი, ტორფი, ხავსი სფაგნუმი, ხის ნახშირი, სხვადასხვა სახეობის და ჯიშის ორქიდეას მცირედ განსხვავებული აქვს ნარევის შემადგენლობა, მაგ. ტორფი არ შედის იმ ორქიდეების გრუნტის შემადგენლობაში, რომლების ხეზე იზრდებიან.
პალმებს - კორდის და ფოთლოვანი მიწა, ზედა ტორფი და მდინარის ქვიშა. ნარევი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს.
გვიმრებს - ორგანული მიწის ნარევს უმატებენ ნეშომპალას ან ბიოჰუმუსს.
გარდენიას -  სჭირდება მჟავე გრუნტი - ფოთლოვანი და წიწვოვანი მიწის თანაბარი ოდენობით, ასევე მდინარის ქვიშა და ზედა ტორფი.
აზალიებს -  ზედა ტორფიანი გრუნტი, ცოტაოდენი წიწვების დამატებით.მთავარი პირობაა იყოს მსუბუქი, წყალ- და ჰაერგამტარი.
მიწის მჟავეობა : ნიადაგის მჟავეობაზე მცენარის განვითარებაა დამოკიდებული, ასევე ყვავილობის სიხშირე დ სიუხვე, და მცენარის ბრძოლისუნარიანობა დაავადებების და მავნებლების მიმართ.  
ზოგ მცენარეს ღარიბი და მჟავე გრუნტი სჭირდება, ზოგს - ნოყიერი და ეფექტური მიკროორგანიზმებით მდიდარი, ნეიტრალური მჟავეობით. ტუტე ნიადაგი უხდება იმ მცენარეებს, რომლებიც ხარობენ მთის კლდიან ფერდობებზე,  ოთახის მცენარეების უმეტესობას კი სუსტადმჟავე გრუნტი სჭირდებათ.
გრუნტის მჟავეობას ადგენენ ორი მეთოდით: ლაკმუსის ქაღალდით ან ხელსაწყოს საშუალებით. მზა სუბსტრატის შეძენისას პაკეტზე მითითებული უნდა იყოს ციფრები.
PH – 8 ზე მეტი - ძლიერ ტუტე. – PH 7-8 - ტუტე,  PH 6-7  - ნეიტრალური, PH 5-6  - სუსტად მჟავე, PH 4-5  - მჟავე და PH 3-4 - ძლიერ მჟავე.  ხელსაწყო შედარებით ზუსტ მონაცემებს გვიჩვენებს, ლაკმუსის ქაღალდი კი ფერს იცვლის მიწის სხვადასხვა მჟავიანობისას. ლაკმუსის ქაღალდს დებენ სველ მიწაზე ზემოდან და რამდენიმე წთ აწვებიან, მერე კი ადარებენ მიღებულ ფერს მჟავიანობის შკალას. ტუტე მიწა ქაღალდს აძლევს ლურჯ ფერს, ნეიტრალური - ცისფერს ან ღია მწვანეს, სუსტად მჟავე - ყვითელს, მჟავე - ვარდისფერს და ძლიერ მჟავე კი - წითელს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის 

02 April 0 26 655
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно