ანანასი სახლის პორობებში (Ananas comosus/Ananas sativus)

1493 წელი არის თარიღი, როდესაც კარაველა „სანტა-მარიას“ ევროპელმა მეზღვაურებმა პირველად გასინჯეს ანანასი მიადგნენ რა ამერიკის ნაპირებს. ქრისტეფორე კოლუმბმა, რომელიც გემის ეკიპაჟს ხელმძღვანელობდა, დღიურში გააკეთა შემდეგი ჩანაწერი: „გარეგნულად გავს ფიჭვის გირჩს, მაგრამ ზომებში ორჯერ დიდია. ეს ხილი ძალიან გემრიელია, რბილი, წვნიანი და ფრიად სასარგებლო“.

ანანასი წარმოადგენს მრავალწლიან ბალახოვან მცენარეს და მიეკუთვნება ბრომელიასებრთა ოჯახს. ამერიკის კონტინენტზე იზრდება ამ მცენარის 8 სახეობა. ტროპიკებში ანანასის კულტივაცია დაიწყეს მე-16 საუკუნეში, ხოლო მე-17 საუკუნიდან ევროპაში შესაძლებელი გახდა მისი ორანჟერეებში და სათბურებში გამოყვანა.

ანანასის ყველა ნაირსახეობა, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე ხვდება, ერთი სახეობის-კულტურული ანანასის (Ananas comosus, Ananas sativus) წარმომადგენელია. ამ მცენარეს ეზრდება 20-30სმ ღერო, რომელზეც განლაგებულია მრავალი, გრძელი, ხორციანი ფოთლებისაგან შეკრული როზეტი. კენწეროში ანანასი იკეთებს ნაყოფს, რომელიც მრავალრიცხოვანი ყვავილების შეზრდილ-შეხორცებულ ჯუჯა ნაყოფების ერთობლიობაა. მწიფე ნაყოფს ტკბილი, ოდნავ მომჟავო გემო აქვს. საშუალოდ ანანასი 2 კგ-მდე იწონის, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მიაღწიოს 15კგ-ს.

ანანასის დარგვა: ოთახის პირობებში გაზრდისათვის გამოიყენება ნაყოფის „ყუნწი“, რომელიც უნდა მოიჭრას ძირში, დამუშავდეს ფუნგიციდის სუსტი ხსნარით, დაეყაროს სააფთიაქო ნახშირი და შემდეგ, გაშრეს 5-6 საათის განმავლობაში. მცენარეს რგავენ ქოთანში, რომლის მოცულობა საშუალოდ 0,6ლ უნდა იყოს. ქოთნის ძირში კეთდება დრენაჟი და შემდეგ ჭურჭელი ივსება ფხვიერი გრუნტით (კორდის მიწა, ნეშომპალა, ტორფი, ქვიშა 1:2:1:1 პროპორციით). გრუნტი უნდა იყოს  სუსტად მჟავე რეაქციის 4-6 pH. ზემოდან 3სმ-ზე ეფინება ფოთლოვანი ნეშომპალისა და ქვიშის ნაზავი 1:1 პროპორციით. ქოთნის შუაგულში კეთდება 2-2,5სმ სიღრმის ორმო, რომელიც უნდა დაიფაროს დანაყული ნახშირის თხელი ფენით, რომ  მცენარე არ დაპლეს. ორმოში დებენ მცენარეს მოჭრილი ნაწილით და გრუნტი კარგად იტკეპნება. ამის შემდეგ გრუნტი უნდა დატენიანდეს გამთბარი (+30°) ნადგამი წყლით. ქოთანს ეფარება გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი და იდგმება ნათელ და თბილ ლოკაციაზე (+25°-27°). მცენარე სრულ დაფესვიანებამდე უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს. იმისათვის, რომ პარკში დაგროვილი კონდენსატი არ დავიდეს მცენარეზე და ნაკლები იყოს ფოთლებთან შეხების ალბათობა, ქოთანში ოთხივე მხარეს ესობა საყრდენი ჯოხები, რომელთა სიმაღლე მეტი უნდა იყოს მცენარეზე და ისე ეფარება პარკი. ამდაგვარად იქმნება სათბურის ეფექტი, კონდესატი ჩადის გრუნტში და მცენარეც არ ფუჭდება. დაფესვიანების-განვითარების პირველი ნიშანი არის ახალი მწვანე ფოთლები, ამასთან ძველი ფოთლები შეიძლება დაცვივდეს კიდეც.

ანანასისათვის სასურველია ავიღოთ განიერი, მაგრამ არა ღრმა ქოთანი. მცენარეს არ აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა. ფესვების უმეტესი ნაწილი განლაგებულია გრუნტის ზედაპირზე, და ამიტომ ქოთნის განიერი პირი უზრუნველყოფს ფესვების კარგ აერაციას. ზრდასრულ ანანასს შეიძლება განუვითარდეს ორ იარუსიანი ფესვები. პირველი გრუნტის ზედაპირზე, ხოლო მეორე ღრმად წასული ნიადაგში. ამიტომ როცა უკვე მცენარე საკმარისად დიდია, გადააქვთ ღრმა და განიერ ჭურჭელში. 1,5-2 თვის შემდეგ მცენარეს გამოაქვს ფესვები. პარკი ქოთანს უნდა მოეხსნას დაფესვიანებიდან 2 თვის შემდეგ. ზრდასრულ ანანასს ხშირად გვერდითა ამონაყრები ეზრდება. მათი დაფევიანება შესაძლებელია ანალოგიური მეთოდით.

ანანასის გადარვა საჭიროა თითქმის ყოველ წელს. ირჩევა ოდნავ დიდი ქოთანი. გადარგვა ხდება „გადატანის“ გზით, ანალოგიური შემადგენლობის გრუნტში.

განათება: ანანასს უყვარს მზე! თავისუფლად შეიძლება დაიდგას მზიანი ფანჯრების რაფაზე. ზამთარში მცენარეს დასჭირდება ხელოვნური განათების დამატებაც.

ტემპერატურა: ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. ზაფხულში სასურველია იყოს +28°-30°, თუმცა ანანასი კარგად იზრდება +25°-ზეც. თბილ სეზონებზე მცენარე ღია ცის ქვეშ გააქვთ, მაგრამ ტემპერატურა არ უნდა დაეცეს +16°-18° დაბლა. ზამთარში საჭიროა +22°-24°ტემპერატურის დაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე შეწყვეტს ზრდას და დაიღუპება.

მორწყვა: ანანასი ირწყვება წვიმის, ან გამოხდილი თბილი (+30°) წყლით. შესაძლებელია ნადგამი წყლის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაემატოს ოდნავ ლიმონის წვენი ისე, რომ მჟავინობა 5-6pH იყოს. გრუნტი საჭიროა გამოშრეს. ასევე ანანასს სჭირდება ხშირი შესხურებები.

კვება: ყოველ 10-15 დღეში ერთხელ საჭირო იქნება მცენარის თხევადი, მინერალური სასუქებით და ცხენის, ან საქონლის ნაკელის ხსნარით გამოკვება. აუცილებლად, 1-2 თვეში ერთხელ ანანასი ირწყვება დამჟავებული რკინის აჯასპით (1გრ 1ლ წყალზე). ტუტე რეაქციის სასუქები და დანამატები, ისეთი როგორიცაა ნახშირი, კირი და ა.შ. არ გამოიყენება.

ნაყოფის მომწიფება: სწორი მოვლის პირობებში ანანასი ნაყოფს მე-3-4 წელს იკეთებს. როგორც წესი, ამ ასაკის მცენარის ფოთლები 80-90სმ-ს აღწევს. ანანასის ყვავილობის პროვოცირება შესაძლებელია. ამისათვის გამოიყენება  „ბოლით შეხრჭოლება“-„დაბოლება“. მცენარეს აცმევენ პოლიეთილენის ცელოფანს და ქოთნის გვერდზე 10 წუთით დებენ რამოდენიმე მხრჭოლავ ნახშირს. ეს პროცედურა კეთდება 2-3-ჯერ 7-10 დღის ინტერვალით. 2-2,5 თვის შემდეგ მცენარის როზეტის ცენტრიდან ამოიზრდება ყვავილედი და კიდევ 3,5-4 თვის შემდეგ დაიწყებს ნაყოფი სიმწიფეში შესვლას. სახლის პირობებში გამოყვანილი ანანასის ნაყოფი 0,3-1კგ-ს აღწევს.                  
დაავადებები და მავნებლები: ანანასს არ ეშინია დაავადებებისა და მავნებლების. ყველაზე ხშირად მცენარეზე ცრუფარიანები მრავლდებიან. მათთან ბრძოლა დიდი სირთულეს არ წარმოადგენს, მცენარე უნდა გაიწმინდოს და მავნებელი მალევე ქრება.

ზამთარში სახიფათოა მცენარის განთავსება გამათბობელთან. რადგან თბილი ჰაერის ნაკადი იწვევს ფოთლის გამოშრობას და ხმობას. დაბალი ტემპერატურისა და მორწყვის რეჟიმის დარღვევის გამო, ქოთანში შეიძლება ობი გაჩნდეს. ობის მცირე სპორების შემჩნევითანავე უნდა მოშორდეს თბილი წყლით. ძალიან მაღალია ფესვების ლპობის ალბათობაც. ამ შემთხვევაში მცენარეს ეჭრება დაავადებული ადგილი და ხელახლა გახდება საჭირო დაფესვიანების გრძელი გზის გავლა. ჩვენი ოფიციალური ჯგუფი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->

10 May 0 22

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно