ფინიკის პალმის კურკიდან გამოყვანა
ფინიკის პალმის კურკიდან გამრავლება საკმაოდ საინტერესო და არც თუ ისე რთული პროცესია. ფინიკის ნაყოფის კურკის შოვნა კი უკვე საერთოდ არ წამოადგენს სირთულეს, გამოდგება როგორც ცოცხალი, ასევე გაჩირული ფინიკის კურკები. მთავარია, რომ ნაყოფი არ იყოს თერმულად დამუშავებული, რადგან ამ შემთხვევაში კურკას უკვე დაკარგული აქვს სიცოცხლის უნარი და არ გაღვივდება.
პირველ ეტაპზე საჭიროა კურკების საგანგებოდ მომზადება, რომ დავაჩქაროთ მცენარის აღმოცენება. ამისათვის კურკის გარსის მთლიანობა უნდა დაირღვეს. აზრი აქვს ხაოიანი ქაღალდით (ზუმფარით) ან დანით ოდნავ დავამუშაოთ-გავფხიკოთ კურკის ზედაპირი.
კურკის აღმოცენებისათვის სუბსტრატი ოდნავ არასტანდარტული გვჭირდება, ნახერხი, ქვიშა, ტორფი, თანაბარი რაოდენობით. კურკა თავსდება დატენიანებულ სუბსტრატში (კონტეინერში ან ქოთანში) ვერტიკალურად. ოდნავ ჩავფლათ სიღრმეზე და 1 სმ მოვაყაროთ გრუნტი. კონტეინერი თავსდება თბილ ადგილზე, სადაც ტემპერატურა +20° მეტია (უკეთესი იქნება +25-30°). გრუნტი უნდა იყოს ყოველთვის თბილი, ნამიანი, მაგრამ არა სველი. შესაძლებელია დასათბურება ან მინის, ან პოლიეთილენის პარკის გადაფარებით. თუ გარემოს ტემპერატურა დაბალია, უკეთესი იქნება კონტეინერის გამათბობელთან დადგმა და ზემოდან ხავსი სფაგნუმის დაფარება. შედეგი არ დადგება მალე. თესლი შეიძლება რამოდენიმე თვეც კი იდოს გრუნტში და დინამიკა შეიძლება ოდნავ შესამჩნევი გახდეს. არ გვავიწყდება გრუნტის პერიოდული დანამვა და კონტეინერის განიავება.
პროცესის დაჩქარებისთვის შესაძლებელია გრუნტში ჩათესვამდე კურკა დავალბოთ ოთახის ტემპერატურაზე გამთბარ წყალში 3-4 დღე-ღამე. წყალი არ უნდა გაფუჭდეს, ასევე შეგვიძლია სტიმულატორების ან ნახშირის ჩამატება. თუმცა, ასეთი მანიპულაცია პროცესს საგრძნობლად მაინც არ დააჩქარებს.
როდესაც გამოჩნდება პირველი ფოთოლი, კონტეინერი უნდა გადაიდგას ნათელ ადგილას, თუმცა დაცული უნდა იყოს პირდაპირი მზის სხივებისაგან. გრუნტი რეგულარულად უნდა დაინამოს თბილი წყლით. როდესაც პალმები გახდება დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის, სასურველია გადავიტანოთ ცალკე ქოთნებში, რომლის დიამეტრი იქნება 15 სმ. ამ შემთხვევაში ვამზადებთ გრუნტს შემდეგი შემადგენლობით: ნეშომპალა, ტორფნარევი მიწა, ქვიშა, კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა 4:1:2:2:2 პროპორციით. ნარევში სასურველია ხის ნახშირის წვრილი ფრაგმენტების გარევა. რა თქმა უნდა არ გვავიწყდება კარგი სადრენაჟე ფენის გაკეთება. ქოთანი სასურველია იყოს ღრმა, რადგან მცენარეს აქვს გრძელი ფესვთა სისტემა.
ასეთი ხერხით გაზრდილმა პალმამ ნამდვილი ფოთლები შეიძლება მე 3-4 წელს წამოიღოს. თავიდან გამოაქვს დახურული ფოთლები, შემდეგ წამოსული ფოთლები უკვე გახსნილია. სასურველია მთელი პერიოდის მანძილზე ნაკლებად შევეხოთ მცენარეს, ვეცადოთ არ დაუზიანდეს ახლადწამოღებული ფოთლები და შემოვაბრუნოთ ქოთანი ისე, რომ სინათლე თანაბრად მოხვდეს მცენარის ყველა მხარეს.
პატარა მცენარები ხშირად უნდა დაინამოს, მოირწყას თბილი და რბილი წყლით, გრუნტი უნდა იყოს ნამიანი, მაგრამ არ დავუშვათ ზედმეტი წყლის გაჩერება ქოთანში.
პატარა ფინიკის პალმა სასურველია განთავსდეს რაც შეიძლება ნათელ ადგილზე, მაგრამ მოვარიდოთ პირდაპირ მზეს. გადარგვა დიდად რეკომენდირებული არ არის. სასურველია პერიოდულად გავანიავოთ ოთახი, რადგან პალმას სჭირდება სუფთა ჰაერი. რაც შეეხება კვებას, ვიყენებთ პალმებისათვის განკუთვნილ სასუქს აქტიური ზრდის პერიოდში, გაზაფხული-ზაფხულზე. შემოდგომასა და ზამთარში პალმებს ვკვებავთ იშვიათად.
ჩვენი ჯგუფი facebook _ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი