ნემსიწვერას (გერანის) გამრავლება ტოტებით
ძალიან პოპულარული მცენარეა და სხვა ოთახის მცენარეებთან შედარებით საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ სახლებში. ევროპაში, კერძოდ, ინგლისში, უკვე მე 19 ს დან იხვეჭს პოპულარობას მისი ლამაზი ყვავილების, სურნელოვანი ფოთლების და მოვლის სიმარტივის გამო. მცენარეს დროული განახლება და გამრავლებაც ესაჭიროება, გასხლვის შედეგად დარჩენილი ტოტებით, რადგან თუ მას 2-3 წელიწადში არ გადაჭრით, უშნოდ გაიზრდება, გაიწელება და არც ისე უხვი ყვავილები ექნება, როგორც ადრე.
ტოტით გამრავლების ზოგადი წესები: მარტივი და ეფექტური მეთოდია, რომლითაც ამრავლებენ მცენარეს ზამთრის ძილიდან გამოსვლის შემდეგ, ან გაზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდში. ეს ყველაზე ოპტიმალური დროა. გადაჭრილი მცენარეც ინტენსიურად იზრდება და მერე უხვად ყვავილობს. მარტში დარგული მცენარე ზაფხულის შუა რიცხვებში უკვე იყვავილებს, შედარებით გვიანდელი კი დროში გაიწელება ან ყვავილობა მომდევნო წლისთვის გადაიდება. მინი-მცენარიდან დასაფესვიანებლად მოჭრილი ტოტის სიგრძე 2,5 სმ უნდა იყოს, ჩვეულებრივი მცენარისთვის კი - 5სმ მდე. მიწას ურევენ ქვიშას მესამედი რაოდენობით, ყრიან ერთჯერად ჭიქებში. მცენარე ადვილად და უპრობლემოდ ფესვიანდება ბაცი „მარგანცოვკით“ მორწყულ ან დამდუღრულ მიწაში, ეს პროცედურა მიწაში ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც მცენარის დაავადება შეუძლიათ. გასტერილებული ბასრი ინსტრუმენტით ირიბად, თითქმის 90გრ-ით მოჭრილ ტოტს, რომლის წვერზეც 3-4 ცოცხალი და საღი ფოთოლია, აცლიან კოკრებს და ყვავილებს, რადგან ისინი ხელს უშლიან მცენარეს დაფესვიანებაში. ტოტს დებენ მზისგან მოშორებით ჩრდილში რამდენიმე სთ, რომ გადანაჭერი კარგად შეშრეს. იმ ადგილზე მცენარე იკეთებს გამჭირვალე აპკს გაშრობისას. მერე აყრიან კორნევინის ფხვნილს, ან დაფხვნილ ნახშირს.
დარგვა: ერთჯერად ჭურჭელს ძირში უკეთებენ ნახვრეტს, მიწას ოდნავ ნამავენ და არჭობენ რამდენიმე ტოტს, რომელსაც ქვედა ფოთლები მოშორებული აქვს. პირველად ამ ჭიქებს დებენ ჩრდილში, 3-4 დღის შემდეგ გადმოაქვთ ნათელ ადგილზე, სადაც მზე არ ხვდება. ტემპერატურა დაახლოებით 15გრ უნდა იყოს. რწყავენ სადგამიდან.მცენარეს ფოთილზე წყალი არ უნდა მოხვდეს. მცენარეს არ აფარებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი ფოთლები გაუყვითლდება ან მოიწყენს, ჭიქებს ქილის ქვეშ დებენ რამდენიმე დღით. სანამ მათი მდგომარეობა არ გამოსწორდება.
დაფესვიანება: იმის გასაგებად, დაფესვიანდა თუ არა მცენარე, რამდენიმე კვირის შემდეგ გამჭირვალე ჭიქაში უნდა გამოჩნდეს მისი ახალწარმოქმნილი ფესვები. ამასვე მიუთითებს ახალი ფოთლების წამოღებაც. სახეობის მიხედვით დაფესვიანების ვადები სხვადასხვაა. მაგ. სამეფოს სჭირდება 4 კვირამდე, ზონალურს - 2 კვირა, სურნელოვანს კი ყველაზე მეტი - 6 კვირამდე. შემდეგ ელოდებიან აყვავებას. ზონალურს პირველი ყვავილი 2-3 თვეში ექნება. სურნელოვანს საკმაოდ განსხვავებული ვადები აქვთ, რადგან სახლის პირობებში შედარებით მეტად პრეტენზიულები არიან. სამეფო კი ნელა, მეტი ხნის შემდეგ იწყებს ყვავილობას. მას ზოგჯერ 1წელიც კი სჭირდება აყვავებამდე. ასეთი მონდომება და ინსტრუქციის ზუსტი დაცვით შესრულებული დარგვა შედეგსაც აუცილებლად გამოიღებს და მალე გექნებათ სახლში ულამაზესი სურნელოვანი მცენარე. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/222-otaxis-gerani-balba-movlagamravlebadaavadebebi.html