როგორ ვიყიდოთ მცენარე

ბევრმა არ იცის, მაგრამ მცენარეები, რომლებსაც მაღაზიიდან მოიტანთ, ორმაგ სტრესს განიცდიან. პირველად მაღაზიაში მიტანისას, - როგორც წესი, გასაყიდ მცენარეებს ზრდიან სათბურებში, სადაც თბილა, შესაბამისი განათება და ჰაერის მაღალი ტენიანობაა. ბევრ მაღაზიას მცენარეები საზღვარგარეთიდან შემოაქვს, ანუ ხდება მათი ტრანსპორტირება ყუთებით, სიბნელეში და ჰაერის ცირკულაციის გარეშე.  მერე მცენარე ხვდება მაღაზიაში, იქაც გარკვეული პირობებია, ახლა იმ პირობებს უნდა შეეგუოს მცენარე, მერე კი მყიდველს სახლში მიაქვს, სადაც  განსხვავებულ კლიმატთან კიდევ ერთხელ მოუწევს მცენარეს შეჩვევა. თუ მაღაზიიდან ჯანმრთელ ახალგაზრდა მცენარეს წაიღებთ, რომელსაც კარგად უვლიდნენ, ამ სტრესს ვერც შეამჩნევთ, იგი თავს კარგად იგრძნობს სახლშიც და მის პირობებსაც ადვილად შეეგუება.
ეცადეთ არ შეიძინოთ ძალიან დიდიზრდასრული, მცენარეები. ახალგაზრდა მცენარე უკეთ იტანს სტრესულ სიტუაციებს, სწრაფად ეგუება ცვლილებებს. მოზრდილი კი, თუნდაც კარგ ხელში აღმოჩნდეს, დიდხანს და მტკივნეულად განიცდის ასეთ ცვლილებებს.
ხანდახან ოფისისთვის ყიდულობენ მოზრდილ მცენარეებს, რომელთა ტრანსპორტირებაც პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ  უნდა აარჩიოთ მაღაზია, რომელიც თავად მოგიტანთ მცენარეს და თუნდაც რამდენიმე დღის გარანტიასაც მოგცემთ, ასევე გაგიწევენ პროფესიონალურ რჩევებსაც.
მაღაზიაში მცენარის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილს, სად დგას შერჩეული მცენარე. არ გირჩევთ იმ მცენარის შეძენას, რომელიც კართან, გასასვლელში ან ფანჯარასთან ძალიან მჭიდროდ დგას, მინასთან ახლოს. ასეთი მცენარეები ხშირად არიან ორპირში, ან მზეზე ეწვებათ ფოთლები, ან კიდევ ცივ მინასთან შეხების გამო ტრავმირდებიან. მოსინჯეთ მიწა ქოთანში - იგი ოდნავ ნამიანი უნდა იყოს, არც მშრალი და არც სველი, ქოთნის კედელსა და მიწას შორის არ უნდა იყოს სიცარიელე. ქოთნის კედელზე და მიწაზე არ უნდა იყოს თეთრი ან მწვანე ნადები, ფოთლები არ უნდა იყოს მტვრიანი.  გაარკვიეთ გამყიდველთან, რა სიხშირით რწყავენ და ნამავენ მცენარეს, კვებავენ თუ არა მცენარეებს. ეს ინფორმაცია მომავალში დაგჭირდებათ  მცენარის მოსავლელად. კიდევ, მცენარე უნდა შემოწმდეს მავნებლების და  დაავადებების არსებობაზეც,-  დაათვალიერეთ ფოთლის ქვედა მხარეც. ფოთლები არ უნდა იყოს დახვეული, მოწყენილი, არ უნდა ჰქონდეს გამხმარი წვერები, მცენარეს თანაბრად გავითარებული ვარჯი უნდა ჰქონდეს. თუ იგი მოყვავილეა, იყიდეთ ის მცენარე, რომელზეც მეტი კოკორია, ვიდრე გაშლილი ყვავილი.
მცენარის შეძენა: არჩევანი გაკეთებულია, მცენარე კარგად უნდა შეიფუთოს, თუ ზამთარია და ცივა, მანქანაში იგი არ უნდა დადოთ საბარგულში, სჯობს, უკანა  დასაჯდომ ადგილზე მოათავსოთ. კარგია, თუ მას ჩადებთ ყუთში,გარშემო კი ჩაუტენით დაჭმუჭნულ გაზეთებს, რომ მცენარე არ წაიქცეს ტრანსპორტირებისას. სახლში მიტანის მერე მას აკლიმატიზაციის პერიოდი ექნება, რომლის ხანგრძლივობა მცენარეზე და გარე პირობებზეა დამოკიდებული. პირველი ორი კვირა ფრთხილად იყავით მზის პირდაპირ სხივებთან, ეცადეთ, არ მოხვდეს მცენარეს არც ორპირი. მორწყეთ იგი ზომიერად. ზოგი მცენარე აკლიმატიზაციის დროს იცვენს კოკრებს, ყვავილებს, ფოთლებს. ასეთ შემთხვევაში მას ერთ ადგილს შეურჩევენ და მერე აღარ გადაადგილებენ.
მზის პირდაპირი სხივებიდან დაცვა ბევრ მცენარეს სჭირდება, გარდა ზამთარში მოყვავილე მცენარეებისა, რომლებსაც ქოთნით ყიდიან - აზალია, ქრიზანთემა, ყოჩივარდა. მათ დებენ კარგად განათებულ ადგილზე. მერე კი ეცადეთ, რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია მოიძიოთ მასზე.
თესლების შეძენა: პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ვადებს და გამოშვების  თარიღს, რაც უფრო ახალია თესლი, მით მეტია ამოსვლის შანსი. პალმის თესლი ერთი წლის შემდეგ ამოსვლისუნარიანობას ჰკარგავს 50 % ით, ამოსვლის დრო კი ხანგრძლივდება 2-3 კვირიდან 2-3 თვემდე. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს ასევე დათესვის დროც, სჯოობს  შეიძინოთ ოთახის სათბურიც, სადაც თესლი უფრო ადვილად ამოდის.
ბოლქვების შეძენა: ეცადეთ შეარჩიოთ  ჯანმრთელი ბოლქვები, მშრალი ქერცლებით, თანაბარი ფერის, ლაქების გარეშე, ისინი უნდა  იყოს მაგარი ხელის შეხებისას, ლპობის და ჩაღრმავებების გარეშე. გამოიკითხეთ, რა პირობებში ინახებოდა ბოლქვები. თუ მათ გაზაფხულზე ყიდულობთ, ისინი წინა შემოდგომის უნდა იყოს. შემოდგომაზე ნაყიდი კი -  მხოლოდ ახალი ბოლქვები, რომლებსაც წინ ელოდებათ ზამთარი.
ბევრს თუ დაუძლევია ყიდვის  სურვილი ახალი და ლამაზი მცენარის დანახვისას. რა ადვილია - მოგეწონა, იყიდე, მოიტანე სახლში და დატკბი მისი სილამაზით, თუმცა სინამდვილეში არც ასეა საქმე. სხვადასხვა მაღაზიაში სხვადსხვა პირობებშია მცენარე, ეცადეთ არ შეიძინოთ ცივ ამინდში, განსაკუთრებით ზამთარში. იკითხეთ, როდის შემოიტანეს ეს მცენარე მაღაზიაში, ნუ იყდით ახალმოტანილს. თუ იგი 2-3 კვირის წინანდელი პარტიისაა და კარგად გამოიყურება, ესე იგი  ჯანმრთელია, ახალშემოტანილი  შეძენილი კი  ტრანსპორტირებისას მიღებულ სტრესს სახლში გადაიტანს, რაც გაახანგრძლივებს აკლიმატიზაციის პროცესს. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია გარდენია. მას ძალიან ძნელად  გადააქვს სტრესი, ცუდად იტანს უჰაერობას, ორპირს. ტრანსპორტორებისას მცენარეს ისე ფუთავენ , რომ ჰაერი არც მიეწოდება,  მას უხვადაც რწყავენ. მაღაზიაში მიტანისას 2-4 დღე კარგად გამოიყურება, კოკრებიც მშვენივრად აქვს,მაგრამ თანდათან ზედმეტი მორწყვის გამო ულპება ფესვები,  მერე უცებ უშავდება ფოთოლი, დეკორატიულობას ჰკარგავს. ერთ- ორ კვირაში  მოტანილი გარდენიების ნახევარი ფუჭდება, გადასაყრელი ხდება, ნაწილი კი ნახევარ ფასში ძლივს იყიდება.
 მაღაზიაში მიტანილი მცენარეების უმეტესობა მცირე ზომის ქოთნებშია, სადაც ფესვები სწრაფად ავსებენ ქოთანს. როგორც წესი, მცენარეებს გაზაფხულზე რგავენ, მაგრამ ნაყიდი მცენარე რომ კარგად გაიზარდოს, წლის სხვა პერიოდშიც უწევს გადარგვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცენარეები მაღაზიაში დრენაჟის გარეშე არიან ჩარგული ქოთნებში, .
თუ ფესვები არც ისე დიდია, შეიძლება  მცენარე ამოიღოთ ქოთნიდან, ჩაყაროთ მასში დრენაჟი , ისევ ჩააბრუნოთ მცენარე  ქოთანში  და აავსოთ ახალი მიწით. თუ ფესვები დიდი და ბევრია, მაშინ ასეთ მცენარეებს ქოთანსაც უცვლიან და შედარებით დიდი ზომის ქოთანში რგავენ. გადარგულ მცენარეებს თავიდან ფრთხილად რწყავენ და უჩრდილავენ შუადღის მზეს პირველი 2 კვირის განმავლობაში.https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/274-otaxis-mcenareebis-adaptacia-shedzenis-shemdeg.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

28 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно