კესანე
ერთ - ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახიდან, პატარა ცისფერყვავილებიანი, ყვითელი გულით, ზოგჯერ ვარდისფერი ან თეთრი ფურცლებით, დაბალი ღეროთი და მოგრძო, სხვადასხვა ფერის ფოთლებით. მისი სიმაღლე 25-30სმ, ნაყოფი შავი კაკალია, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება. მცენარე საკმაოდ ლამაზი, ნაზი და უპრეტენზიოა, იყენებენ კომპოზიციების შესაქმნელად.კესანეს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ, ბაღის მცენარედ კი ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ. მას არ სჭირდება დიდი მოვლა, ყვავილობისას ძლიერ ეფექტურია, ამიტომ ამშვენებს შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის ბაღებს.
პოპულარული სახეობები: ველურ ბუნებაში 50 სახეობის კესანე გვხვდება. გავრცელებულია აფრიკაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ბევრ სახეობას შეხვდებით რუსეთშიც. ყველაზე პოპულარულია მინდვრის და ჭაობის კესანე.
მათ მოსწონთ ნესტიანი ადგილი, ჩრდილი, მხოლოდ ალპების და მინდვრის კესანეს მოსწონს მზიანი ადგილი,
ჭაობის კესანე -ბუნებაში გვხვდება კავკასიაში, ბალკანეთში, ციმბირში, მონღოლეთში, ყვავილობს მთელი ზაფხული. ცხოვრობს მდინარის პირას და ჭაობიან ადგილებზე, ღერო დატოტვილია, ყვავილი ვარდისფერი ან ცისფერი.
ალპური კესანე - გვხვდება კავკასიაში, კარპატებში, ალპებში, მოსწონს მეტად განათებული ადგილი. აქვს მოკლე ღერო და ფესვი, ღია მონაცრისფრო-მომწვანო ფოთლები და მუქი ცისფერი ყვავილები, ყვავის დაახლოებით 7 კვირა.
მინდვრის კესანე - სამკურნალოა, დაბალი ტოტები და პატარა ცისფერი ყვავილები აქვს, სამშობლო ჩრ. აფრიკაა , ციმბირი, კანარის კუნძულები.
ტყის კესანე - მრავალწლიანია, კარპატებში და ევროპის ქვეყნებში გვხვდება, 30სმ სიმაღლის, ნაზი მწვანე ოვალური ფოთლებით და ღია ცისფერი ყვავილებით,
სელექციონერებმა ახალი ჰიბრიდული ჯიშები გამოიყვანეს სხვადასხვა ფერის ყვავილებით.
დარგვა: მცენარე სინათლისმოყვარულია, მაგრამ ჩრდილში უკეთ გრძნობს თავს. მისი მოვლა დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია, მთავარი მისთვის მუდმივად ზომიერ ტენიან გარემოში ყოფნაა. ყვავილობას იწყებს მაისში და იგი გრძელდება 2 თვე. იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს მისი ყ ვავილობა, რგავენ მაღალი დეკორატიული ყვავილების გვერდით, რომლებიც ქმნიან ჩრდილს. მზიან ადგილზე მისი ყვავილობა შედარებით ხანმოკლეა - მხოლოდ 3 კვირამდე. გამონაკლისია მინდვრის და ალპური, რომლებიც კარგად იზრდებიან მზეზეც. სანამ მცენარეს დარგავთ, კარგად გაეცანით მისი მოვლის წესებს. ასე მოვლა გაგიადვილდებათ,
ღია გრუნტში კესანეს ზრდიან თესლიდან. ადრიანად აფხვიერებენ მიწას, შეაქვთ ტორფი, ნეშომპალა, დარგვის დროს აკეთებენ კვლებს და პატარა ორმოებს , რომელთა შორის მანძილი 10სმ უნდა იყოს. შიგ ათავსებენ თესლს. ამოდის 2 კვირაში. პირველი ფოთლების ამოსვლისას ნარგავებს ხშირავენ, მერე რგავენ ერთმანეთისგან 5 სმ მოშორებით, ზაფხულის ბოლოს ახალ ადგილზე გადააქვთ. ადრე რომ აყვავდნენ, თესავენ შემოდგომაზე ყუთში, ზომიერი ტენიანობის პირობებში. კარგი დრენაჟი აუცილებელია, ნათესის ამოსვლამდე ნამავენ მიწას. პირველი ფოთლების გამოჩენის მერე ხდება პიკირება და გადააქვთ სიგრილეში მარტამდე. გაზაფხულზე უკვე სითბო ესაჭიროება, ღია გრუნტში გადააქვთ აპრილში. ასე გაზრდილი კესანე იყვავილებს მაისში.
მოვლა: უმეტეს შემთხვევაში მცენარეს ზრდიან ორწლიანად. მესამე წელს იგი მიმზიდველობას ჰკარგავს. ღერები ეწელება, ყვავილი უწვრილდება.
განათება - კარგად ხარობს ჩრდილშიც და განათებულ ადგილზეც. თუმცა ჩრდილში ყვავილობა უხანგრძლივდება და ფერიც ინტენსიურია.
მიწა - სჭირდება ზომიერად ტენიანი ნიადაგი; ძალიან ნოყიერი ნიადაგი არ გამოადგება - ასე სწრაფად გაიზრდება და ყვავილობა ცუდი ქნება, თუმცა არც ძალიან ღარიბი და ქვიშიანი მიწა მოსწონს. ძალიან ნესტში ჩარგულ მიწაში კი იავადმყოფებს, ღერებიც ძლიერ გაეწელება, ამიტომ მისთვის იდეალურია ზომიერად ტენიანი ნიადაგი მცირე რაოდენობის სასუქის შეტანის შემდეგ.
მორწყვა - თუ მცენარე ჩდილში იზრდება, მორწყვა ზომიერი უნდა, გაზაფხულზე არც სჭირდება, რადგან მიწა ისედაც სველია. მზეზე მზარდ კესანეს კი მეტი წყალი უნდა. ასე ფოთლები მუდამ მკვრივი და ხასხასა ექნება.
სასუქი - ხშირი კვება არ სჭირდება. სასუქი შეაქვთ სულ სამჯერ. ახალგაზრდა კესანეს დარგვიდან 2 კვირაში პირველი კვება ესაჭიროება მინერალური სასუქით. შემოდგომაზეც შეაქვთ მინერალური და ორგანული. გაზაფხულზე კი ტორფი და ნეშომპალა. მიწას რეგულარუ;ად უფხვიერებენ, ასე მცენარეს ადვილად მიეწოდება საკვები ნივთიერებები. ზამთარში დაფარება არ სჭირდება.
გამრავლება - თესლით - ასე ყველაზე ადვილია. უნდა შემოწმდეს მისი ხარისხი, ამისთვის თესლს ყრიან მარილიან წყალში. წყლის ზედაპირზე დარჩენილი თესლი უვარგისია. როგორც წესი, იგი თვითჩათესვითაც მრავლდება და გაზაფხულზე მხოლოდ პატარა ბუჩქების გადარგვაა საჭირო.
ტოტით - ივნისში ჭრიან მწვანე ზედა ტოტებს 4-5 სმ სიგრძეზე და რგავენ წამოზრდილ ნერგებთან ერთად, ისინი იყვავილებენ იმავე სეზონზე, მაგრამ ყვავილობა იქნება სუსტი და ხანმოკლე.
ბუჩქის დაყოფით - ეს პროცედურა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ძლიერი ფესვთა სისტემის გამო ადვილად ეგუება სიტუაციას. მომწიფებულ ნაყოფში თესლებია, ისინი ცვივა და მოყვავილებული მცენარის ქვეშ ახალი კესანე აღმოცენდება, მათი გადარგვა აუცილებელია გამიხშირვისთვის,
დაავადებები: სწორი მოვლისას მას არაფერი ემართება. კარგად როომ გრძნობდეს თავს, მას რეგულარულად რწყავენ, და ხშირავენ. თუ პირობებს არ შეუქმნით , კესანე ავადდება ნაცრისფერი, ან ფესვის ლპობით, ან ნაცარა სოკოთი. ასეთ მცენარეს ამუშავებენ სკორით ან ხომით, მწერების შესევის შემთხვევაში კი იყენებენ ინსექტიციდებს.
კესანე ლანდშაფტურ დიზაინში: ამ მცენარით აფორმებენ კლუმბებს, აივნებს. ითვალისწინებენ მის სახეობრივ თვისებებს დარგვისას - ჭაობის კესანეს რგავენ ხელოვნურ წყალსატევთან ახლოს, გუბურის პირას. იგი არაა დიდი მცენარე, აქვს პატარა ყვავილედები, ამიტომ მას არ რგავენ ბორდიურებად, სჯობს ჯგუფურად ჩარგოთ კლუმბეში, როკარიუმში ან ქოთნებში.
მას არ ეშინია სიცივის, ლამაზია ტიტებთან და ნარცისებთან ერთად, ასევე გვიმრების და შროშანების გვერდით. თაიგულში კი უხდება ზიზილას, იასამფერას. კესანეს შესახებ ბევრი მითი და ლეგენდაა. ერთი ლეგენდის მიხედვით, ეს მცენარე ჩნდება პატარძლის ცრემლების ადგილზე, როცა ისინი ემშვიდობებიან შეყვარებულებს, მას ჩუქნიან განშორებისას. სხვა ლეგენდა კი გვიამბობს, რომ როცა ქალღმერთი ფლორა მცენარეთაა სახელებს არიგებდა, დაავიწყდა პატარა, მორცხვი ცისფერყვავილა მცენარე, მაშინ თავად ეს ყვავილი ეახლა ქალღმერთს და სთხოვა, არ დავიწყებოდა. ფლორამ სწორედ ეს სახელი შეარქვა მას, მისი დანახვა ხალხს მოგონებებს უღვიძებს და წარსულში აბრუნებს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის