პეპერომია
პეპერომიას (Peperomia) ფართო გვარი აერთიანებს 1000-ზე მეტ ბალახოვან მცენარეს,ზოგიერთი მათგანი გვხვდება როგორც ოთახის მცენარე.პეპერომიას დეკორატიულობა გამოხატულია მისი მკვრივი,ხშირად ტყავისებური და ხანდახან ჭრელი შეფერილობის,მრავალგვარი ფორმის ფოთლებით.ყვავილები თეთრი ან ყვითელია,შეკრებილია დამახასიათებელ ყვავილედად - კოლონად, რომელიც გარეგნულად ვირთხის კუდს წააგავს.
პეპერომიას ოთახის მცენარედ ზრდიან,წელიწადის თბილ დროს კი შეიძლება მისი გარეთ,სუფთა ჰაერზე გატანა.სადაც დაცული იქნება ქარისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან.მაგრამ შემოდგომით პეპერომია ისევ სახლში უნდა დააბრუნოთ.
ტემპერატურა. ზამთარში პეპერომიასათვის დასაშვები ტემპერატურაა +10 გრადუსი,ზოგიერთი სახეობისათვის რამდენიმე გრადუსით მაღალიც.
ჰაერის ტენიანობა. თბილ სეზონზე ხშირად შეასხურეთ ფოთლებს წყალი,ზამთარში შესხურება საჭირო არაა.
განათება. ვეგეტაციის პერიოდში პეპერომია ნახევრად ჩრდილში უნდა იმყოფებოდეს,ზამთარში კი მკვეთრი,მაგრამ გაფანტული სინათლე ესაჭიროება.
მორწყვა და კვება. მცენარის ხორციანი ღეროები და ფოთლები წყლის გარკვეულ მარაგს აგროვებს და იგი საკმაოდ მდგრადია გვალვისადმი.გაზაფხულზე და ზაფხულში პეპერომია უნდა მოირწყას რეგულარულად,მაგრამ ნიადაგი მორწყვებს შორის გაშრობას უნდა ასწრებდეს.ზამთარში საგრძნობლად იშვიათად უნდა მოირწყას.ვეგეტაციის პერიოდში ყოველ 15-20 დღეში ერთხელ მცენარეს მიეწოდება თხევადი სასუქი ოთახის მცენარეებისათვის.
მოვლა. პეპერომიას გადარგვა საჭიროა 1-2 წელიწადში ერთხელ,თუ ფესვებს აღარ ყოფნის ქოთანი.გადარგვისათვის საუკეთესო დრო ადრე გაზაფხულია.მისთვის იყენებენ ბაღის გასტერილებულ მიწას (50%),ნეიტრალური მჟავიანობის მქონე ტორფს,წიფლის ფოთლების ნეშომპალას და ქვიშას,რომლებიც თანაბარი რაოდენობით უნდა შეერიოს ბაღის მიწას.ერთ ვედრო მზა სუბსტრატს უმატებენ 20-30 გრამ ნელი მოქმედების კომპლექსურ სასუქს.
გამრავლება. პეპერომია საკმაოდ ადვილად მრავლდება კენწეროს ან ფოთლის კალმებით.დაფესვიანების პროცესისი დაჩქარება შესაძლებელია კალმების ზრდის სტიმულატორში მოთავსებით (20-30 დღე),შემდეგ კალმები გადააქვთ კონტეინერში ან ქოთანში და ასათბურებენ.საჭიროა მაღალი ტენიანობის შენარჩუნება.
სუროსფოთლება პეპერომია მრავლდება ფოთლიანი ტოტის დაფესვიანებით,მისი ჭრელი სახესხვაობის ‘’სამფერა’’ პეპერომიის გამრავლება კი ასე არ ხდება,რადგან შვილეულ ნერგს ფოთლების სიჭრელე არ გადაეცემა.
ვერცხლისფერი პეპერომია მრავლდება ფოთლის ფირფიტების ფრაგმენტებით (ფოთოლი იჭრება კვადრატებად).ნებისმიერი კალამი ფესვიანდება ტორფის და ქვიშის ნარევში (1:1).დაფესვიანებისთვის საჭიროა +20-22 გრადუსი
ტემპერატურის შენარჩუნება. ფესვების განვითარების შემდეგ ნერგები ცალკე ქოთნებში უნდა გადაირგას.
დაავადებები და მავნებლები. ფესვებისა და ფესვის ყელის სიდამპლე - სხვადასხვა სოკოვანი ინფექციის შედეგია,რომელიც ზედმეტად დატკეპნილ მიწაში და მოჭარბებული მორწყვის გამო წარმოიშვება.გადარგეთ დაავადებული მცენარე ახალ გრუნტში და შეუმცირეთ მორწყვა.პეპერომიაზე იშვიათად სახლდება ფქვილისებრი ცრუფარიანა,მისი შემჩნევის შემთხვევაში ფოთლები გაუწმინდეთ სპირტში დასველებული ბამბით.
პეპერომია ავადდება ვირუსითაც,რომელიც იწვევს დაჯუჯავებას.ამ შემთხვევაში დაავადებული მცენარე უნდა მოიცილოთ,რომ ჯანმრთელ მცენარეებზეც არ გავრცელდეს ვირუსული დაავადება.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის