სასუქი კაქტუსებისთვის
კაქტუსისთვის სასუქის მიცემა საკამათო საკითხია და ამ თემაზე ბევრი მოსაზრებაა. ისინი თავისებურ მცენარეებს წარმოადგენენ. შესაბამისად, სასუქიც განსხვავებული სჭირდებათ.
აზოტი: ეს ელემენტი ყველა მცენარისთვის საჭიროა, მაგრამ კაქტუსებს აზოტზე მოთხოვნილება შეზღუდული აქვთ მათი ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან და ზრდის ნელი ტემპიდან გამომდინარე. თუ მიწაში აზოტი ბევრია, ღერო სწრაფ ზრდას იწყებს, ხდება წყლიანი და ფხვიერი, ჩნდება ბევრი ახალი შვილეული მცენარე, მაგრამ მათი სრულფასოვნად ჩამოყალიბება არ ხდება, კანი ვერ ასწრებს ზრდას, სკდება და ჩნდება ჭრილობები, რომლებიც ლპობას იწყებენ ან იფარება ქერქით, მცენარე მახინჯდება, ან კვდება. მისთვის ორგანულ საკვებს არ იყენებენ, ან მხოლოდ მცირე დოზებით აძლევენ ეპიფიტებს და სწრაფად მზარდ კაქტუსებს. მაგრამ მთლიანად უარყოფაც არ შეიძლება ამ ელემენტის. - თუ კაქტუსს მხოლოდ სილაში ჩარგავთ და დატოვებთ კვების გარეშე, კაქტუსს აზოტის შიმშილი დაეწყება.
კალიუმი: ეს ელემენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაქტუსებისთვის. იგი არეგულირებს მის ზრდას, მცენარის სქელი საფარის ფორმირებას უწყობს ხელს, რომელიც იცავს მას მზის, ქარის და ტემპერატურული ცვლილებებისგან, ასევე მისი დახმარებით იგი უხვად ყვავილობს, კარგად მსხმოიარობს. კალიუმის ნაკლებობის დადგენა საკმაოდ რთულია, ძირითადად გამოიხატება ყვავილობის არარსებობით,. ბრინჯაოსფერი კანის ფერით. ასე ხდება ძირითადად კირიან ნიადაგზე მზარდ კაქტუსებზე. კირიან ნიადაგში კალციუმის ბევრი იონი გროვდება, რაც აძნელებს მცენარეში კალიუმის და მაგნიუმის იონების შეღწევას, ამიტომ ერთ წილ კალიუმზე უნდა მოდიოდეს 2წილი კირი. თუმცა ეს ნიშნები, რაც კალიუმის ნაკლებობისთვისაა დამახასიათებელი, სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული - სინათლის ნაკლებობით, მაღალი ტემპერატურით გარემოში. ამიტომ ნუ იჩქარებთ მისთვის კალიუმიანი სასუქის მიცემას - ჭარბი კალიუმი მავნეა - ნელდება ზრდა, კვდება ფესვები.
ფოსფორი: ეს ელემენტი კაქტუსის ფესვების ზრდას იწვევს, ხელს უწყობს ყვავილის კვირტების ჩასახვას, ყვავილობას, ნაყოფის დამწიფებას, ამიტომ კაქტუსისთვის გამოდგება სასუქი სამივე ელემენტით , რომელშიც აზოტი და კალიუმი თანაბარი რაოდენობითაა, ფოსფორი კი მეტი. ფოსფორის ნაკლებობა იწვევს ზრდის შენელებას და ტემპერატურის და განათების სწორი რეჟიმის მიუხედავად მცენარის ყვავილობის არარსებობას.
კალციუმი: ესეც მნიშვნელოვანი ელემენტია, წარმოადგენს საშენ მასალას ეკლებისთვის. ჯერ კიდევ 1938წელს დადგინდა კვლევებით, რომ 85 % მცენარის მთელი მასიდან კალციუმის ოქსალატებს ეკუთვნით. მისი ნაკლებობა თავიდან შესამჩნევია მჟავე ნიადაგზე მზარდ კაქტუსებზე - ზრდის შეფერხება, სუსტი ფესვები, წვრილი ეკლები, მცენარის სისუსტე და სიმყიფე. ჯანმრთელი მცენარე თუ შემთხვევით გადმოვარდა რაფიდან, პრაქტიულად არ ზიანდება, შეიძლება მხოლოდ ახალი პატარა ნაყარი მოსცილდეს ან საყვავილე ღერო მოსტყდეს. მას აბრუნებენ მიწაში თავიდან და ჩვეულ ზრდას გააგრძელებს, ასეთ კაქტუსს არ უზიანდება ეკლები, ღერო არ სკდება, ფესვები არ ძვრება,ეს ყველაფერი საკვების დამსახურებაა.
კაქტუსების სასუქების სწორი შედგენილობა : მათ სჭირდებათ ცოტა აზოტი, ვიდრე სხვა მცენარეებს, ამიტომ ორგანული სასუქი პრაქტიკულად არ გამოიყენება მათთვის, ეფექტურია სასუქი თხევადი სახით. თავისთავად მინერალების მაღალი კონცენტრაცია წყალხსნარში არაფერზე არ მოქმედებს, მთავარია მათ შორის თანაფარდობის დაცვა.ზოგადად, რეკომენდაცია გულისხმობს, რომ მარილების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 1გრ ს 1ლ წყალზე. (1)
საუკეთესოა სასუქის ასეთი თანაფარდობა - NPK – 5-10-5 ან 20-30-20 ყვავილობის სტიმულირებისთვის. ყვავილობის დასრულების შემდეგ კი 5-5-5 ან 10-10-10. ზოგს ეს დოზა საკმაოდ მაღალი ჰგონია და უფრო ნაკლებ დოზირებულ სასუქს იყენებს, მაგ. „schultz“ უშვებს სასუქს 2-7-7, ანუ აზოტის შემცველობა მასში კიდევ უფრო მცირეა. იგი მხოლოდ კაქტუსებისთვის გამოიყენება, არ სჭირდება გაზავება. დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს წესი: - ჯობს დააკლდეს, ვიდრე მეტი მოგივიდეთ.
სხვადასხვა სახეობის კაქტუსების მოთხოვნილება სხვადასხვა სასუქზე განსხვავებულია, ეპიფიტებს და ნახევრადეპიფიტებს არ სჭირდებათ კალციუმის დიდი რაოდენობა ნიადაგში, არ მოსწონთ კირიანი მიწა: რიპსალისებს, შლუმბერგერას, ეპიფილუმს, სამაგიეროდ მოსწონთ ბიოჰუმუსიანი ნიადაგი და ამიტომ აძლევენ დეკორატიულად მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილ სასუქს, რომლებსაც აზავებენ მითითებული კონცენტრაციით ან უფრო ნაკლებით.
როდის სჭირდება კვება კაქტუსს: სუსტად კონცენტრირებული სასუქი შეიძლება მისცეთ ორ კვირაში ერთხელ, მარტ-სექტემბრის პერიოდში, მოსვენების ეტაპზე კი - ოქტომბერ-მარტში მას არ კვებავენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ყვავილობა არ ემთხვევა ხშირად ზრდის პერიოდს და თუ ყვავილობა შემოდგომა- ზამთარში უწევს, ეს სულაც არაა მიზეზი იმისთვის, რომ კვება დაუწყოთ, შეგიძლიათ ოდნავ მოუმატოთ მორწყვას მხოლოდ. გაზაფხულ-ზაფხულშიც ამცირებენ კაქტუსების კვებას, როცა ხანგრძლივდება წვიმიანი სეზონი, ამ დროს მეტაბოლიზმის პროცესები ნელდება, მცენარის ზრდა ფერხდება და ამიტომ აღარ სჭირდება დიდი ოდენობის საკვები. ასევე ახალგადარგულ კაქტუსებსაც არ კვებავენ. მხოლოდ სამი კვირის შემდეგ იწყებენ მათთვის საკვების მიცემას.
ზოგჯერ ლიტერატურაში წააწყდებით კაქტუსების კვებას არატრადიციული მეთოდებით. მაგ, შაქრით, აბუსალათინის ზეთით. მაგრამ ამ ნივთიერებების გამოყენებას კაქტუსებზე არ გირჩევთ, შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს. თუ მაინც გადაწყვეტთ ახალი საკვების გამოყენებას, სცადეთ იგი ერთ არც ისე ძვირფას კაქტუსზე, დააკვირდით ხანგრძლივად, და არ გირჩევთ ახალი და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას მთელ კოლექციაზე.
თარგმანი თ. სუპატაშვილის