გერბერას მოვლა სახლის პირობებში
იგი ძალიან პოპულარული მცენარეა. თუმცა ამ ლამაზ მცენარეს იცნობენ, როგორც ბაღის ყვავილს, დღეს ეს მშვენიერი მცენარე სელექციონერების წყალობით ბევრ სახლსაც ალამაზებს უკვე, მათ შესძლეს უფრო გამძლე და დაავადებებისადმი მედეგი ჯიშების გამოყვანა.
სამშობლო - მცენარე ასტრისებრთა ოჯახს ეკუთვნის, ბუნებაში პირველად სამხრ. აფრიკაში აღმოაჩინეს ზღვის დონიდან 600მ სიმაღლეზე, მინდვრებში. მერე იგი ნახეს კ. მადაგასკარზეც და აზიის ტროპიკულ ნაწილშიც. დღეს მისი 70 სახეობაა აღმოჩენილი.
გარეგნობა - ოთახის გერბერა საკმაოდ დაბალია, სულ რაღაც 30სმ სიგრძეში. გამოიყენება ერთეულ ბუჩქად ტერასების და აივნების გასალამაზებლად. თუ იგი ღია ადგილზე იზრდება გარეთ, ზამთარში საჭიროა შინ შეტანა, ვინაიდან სითბოსმოყვარულია და დაბალ ტემპერატურას ვერ უძლებს - კვდება. მისი ფოთლები როზეტებადაა შეკრული, ყვავილედი მსხვილია, ჰგავს გვირილას, ფერთა გამა საკმაოდ მრავალფეროვანია, კარგ პირობებში ყვავილობა გრძელდება ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე. სამწუხაროდ სახლის გერბერა დიდხანს არ ცოცხლობს და 3-4 წლის მერე ყვავილობა თანდათან მწირე ხდება, ამიტომ ძველ ბუჩქს ცვლიან ახლით.
საკმაოდ უპრეტენზიოა, ლამაზი და უხვი ყვავილობისთვის კი მხოლოდ 2 რამ სჭირდება - სითბო და სინათლე.
მორწყვა - ესაჭიროება ხშირი, მაგრამ არა უხვად მორწყვა. თუ მიწა ზედმეტად გამოშრა, მცენარე დაჭკნება და გახმება, ზედმეტი წყალი კი სოკოვან დაავადებას გაუჩენს. მოსარწყავი წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს - 18-20გრ, მით უფრო თბილ ამინდში.
განათება - მთელი წელი, გარდა ზაფხულისა, მშვენივრად გრძნობს თავს სამხრ. მხარეს ფანჯრის რაფაზე. ზაფხულში მწველი მზის სხივებისგან დაცვაა საჭირო, რომ ფოთლები არ დაეწვას, ამიტომ გადადებენ ოთახის სიღრმეში, დას. ან აღ. მხარეს, ან ჩამოუფარებენ ხოლმე. წლის თბილ დროს სასურველია გარეთ გატანაც, მას მოსწონს სუფთა ჰაერზე და არ ეშინია ორპირის.
ტემპერატურა - იგი სითბოსმოყვარულია, მაგრამ ძალზე მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს. ოპტიმალურია 16-22გრ. ზამთარში, როცა მოსვენების პერიოდი აქვს, დებენ სიგრილეში, სადაც ტემპერაატურა 14 გრ ზე დაბლა არ ეშვება და არც 16გრ ზე ზემოთ ადის.
კვება - მას სჭირდება სრულფასოვანი და მრავალმხრივი სასუქი კვირაში ერთხელ. ახალგაზრდა მცენარეებს და კოკრების გამოტანისას მცენარეს შედარებით მეტი აზოტი უნდა, სხვა დროს კი - ჩვეულებრივი კომპლექსური სასუქი. სასუქის კონცენტრაცია მითითებულზე ნაკლები უნდა იყოს.
ჰაერის ტენიანობა - მცენარისთვის ამ მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მისთვის შხაპის მოწყობას გადაწყვეტთ, ყურადღებით იყავით, რომ წყალი არ მოხვდეს ყვავილედებს.
გადარგვა - საუკეთესო დრო ამისთვის ადრე გაზაფხულია, სანამ აქტიურ ზრდას და კოკრების გამოტანას დაიწყებს, ან ყვავილობის დასრულების შემდეგ.
ნიადაგი ასეთი შემადგენლობის უნდა იყოს: 2წილი ფოთლოვანი მიწა, 1წილი ტორფი, 1წილი ქვიშა. ქვიშის ნაცვლად ზოგჯერ იყენებენ ხავსს- სფაგნუმს.
ქოთნის ზომა არაა ძალიან დიდი საჭირო, მცენარისთვის კარგია 1- 1,5 ლ მოცულობის ქოთანი. თუ ახალნაყიდის გადარგვას აპირებთ, რამდენიმე კვირა მოითმინეთ, სანამ კარგად ადაპტირდება ახალ პირობებთან. ქოთნის ძირში საჭიროა დრენაჟის კარგი ფენა, მერე კი ხარისხიანი მიწის ნარევის ჩაყრა.
გამრავლება - ვინაიდან იგი შედარებით ცოტა ხანს ცოცხლობს, გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალება მისი გამრავლებაა. ეს რამდენიმე გზით შეიძლება -- თესლით, ბუჩქის დაყოფით ან ტოტებით. თესლით გამრავლება აუცილებელია აღებიდან ნახევარ წელიწადში მოხდეს, ვინაიდან იგი ამოსვლის უნარს მალე ჰკარგავს. ითესება ადრე გაზაფხულზე. ამზადებენ სუბსტრატს: ტორფნარევ ქვიშას დაორთქლავენ, თესლს წინასწარ ალბობენ, ითესება კონტეინერებში მიწის ზედაპირთან ახლოს. მერე აფარებენ თავზე და დებენ 20-22გრ ზე. ერთ კვირაში ამოდის, მომაგრებული ნათესის პიკირება ხდება კიდევ რამდენიმე კვირის შემდეგ ისე, რომ როზეტი მიწის ზედაპირიდან 1სმ ზე იყოს დაშორებული.
ტოტით და ბუჩქის დაყოფით მცენარეს ზაფხულში ამრავლებენ. ბუჩქს მიწიდან ამოუღებლად ჩაჭრიან, უბრალოდ უთავისუფლებენ ფესვებს ზემოდან მიწისგან და ბასრი დანით 2 ნაწილად ყოფენ. გადანაჭერს აყრიან დაფხვნილ ნახშირს, მერე ისევ მიწას მიაყრიან. როცა კარგად დაფესვიანდება ორივე ნაწილი, მერე ახალ ქოთნებში გადააქვთ.
ყველაზე ნაკლებ ეფექტური მეთოდი მისი ტოტით გამრავლებაა და ამ მეთოდს არ იყენებენ.
ყვავილობა - ყვავილედი ჰგავს გვირილას. ფერები უამრავია, ლურჯის გარდა. შეიძლება იყოს მარტივი, ნახევრადხუჭუჭა ან ხუჭუჭა ფორმები, ჯიშები განსხვავდება ყვავილედის ზომით, ფურცლების რაოდენობით და ფორმით. უხვი ყვავილობის მთავარი პირობა მომხმარი ყვავილედების დროული მოცილებაა. ასე ახალი კოკრების სწრაფი ფორმირება ხდება. გამხმარ საყვავილე ღეროს რაც შეიძლება დაბლა აჭრიან, რომ მერე ლპობა აიცილონ თავიდან. გერბერა წელიწადში ორჯერ ყვავილობს, პირველად - თებერვლის ბოლოს და გრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე, მეორედ კი - აგვისტოში. მოსვენების პერიოდი ოქტომბრის შუიდან ეწყება. სწორი მოვლის პირობებში შეიძლება მთელი წელიც იყვავილოს, მაგრამ გამოცდილი მეყვავილეები ურჩევენ მის პერიოდულ დასვენებას, რომ მომდევნო ყვავილობისთვის მეტი ძალები მოიკრიბონ.
დაავადებები - ოთახის გერბერა ადვილად უმკლავდება დაავადებებს. თუ ზედმეტი მოგივიდათ წყალი, ქვედა ფოთლები იწყებს ლპობას, მერე კი ვირუსული დაავადებები ემართება, ან კიდევ ფიტოფტორა და ფუზარიოზი.
თუ მორწყვა დააკლდა და ჰაერიც მშრალია, უჩნდება აბლაბუდა ტკიპა. მის წინააღმდეგ საჭიროა სპეც პრეპარატები.
ზოგჯერ ჩნდება ბუგრიც - თუ სითბოში, გარეთ იზრდება ღია გრუნტში, სანამ სახლში შეიტანთ, გულდასმით დაათვალიერეთ, მწერი რომ არ გამოგეპაროთ. მისი აღმოჩენის შემთხვევაში დაამუშავეთ მცენარე ინსექტიციდით.
ხშირად დასმული კითხვები:
რატომ არ ყვავის მცენარე?- ან დიდ ქოთანშია, ან აზოტია ჭარბად მიწაში, ან კიდევ ზედმეტი სინათლე ხვდება მცენარეს. ეს მაშინ, როცა დღის ხანგრძლივობა 12სთ ს არ აღემატება. ამ დროს მცენარე წყვეტს კოკრების გამოტანას და მწვანე მასის აქტიურ ზრდას იწყებს.
რატომ ხმება მცენარე?- ეს არასაკმარისი მორწყვის ან ჩრდილში ყოფნის გამოა, ან მავნე მწერების. საჭიროა გულდასმით დათვალიერდეს მცენარე მწერის არსებობაზე.
თუ ფესვები ბოლომდე ავსებენ ქოთანს. ესეც შეიძლება მისი ხმობის მიზეზი გახდეს, რადგან მიწაში საკვები აღარ ყოფნის, ამიტომ დროული გადარგვაა საჭირო ახალ მიწაში. ზოგჯერ მის ფოთლებზე ბევრი მტვერი გროვდება, რაც ხელს უშლის მცენარეს სუნთქვაში.
თუ ფოთლები ჯერ ყვითლდება, მერე კი ხმება, ეს მის ფუზარიოზით დაავადებაზე მიუთითებს.
რატომ სცვივა კოკრები?- თუ ახალშეძენილ მცენარეს სცვივა კოკრები, ეს სტრესის ბრალია. ცოტა ხნის შემდეგ აუცილებელია მისი გადრგვა ახალ ქოთანსა და მიწაში. ეს ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასაკმაო განათებამაც. თუ მცენარე ჩრ. მხარეს დგას, სინათლე არაა საკმარისი და აყვავებისთვის ძალა არ ეყოფა.
რატომ უშავდება ფოთლები?- მიზეზი აქაც რამდენიმეა: მორწყვა ცივი წყლით, მცენარე იზრდება მომატებული ტენიანობის პირობებში, მიწის გამოშრობა, ან ზედმეტი მორწყვა, სიცივე.
ეს ლამაზი ყვავილი დიდი ხანია აღარაა მხოლოდ ბაღის მცენარე. კარგად იზრდება სახლშიც, ოფისებშიც. მოვლაში უპრეტენზიოა, თუ კარგ პირობებს თავიდანვე შეუქმნით, ისიც მალე გაგახარებთ დიდი და ლამაზი ყვავილებით.