ორქიდეის ნათესი ბოთლში

ორქიდეის ნათესის მოვლა ბოთლში, კოლბებში, ქილებში, სინჯარებში, არც ისე რთულია, რამდენიმე წესის გათვალისწინებაა საჭირო  მხოლოდ:
1. ყველაზე მთავარია მოთმინება!  ჯიშის ან სახეობის გათვალისწინებით მისი მოვლის იდეალურ პირობებშიც კი ყვავილის დამტვერვიდან პირველ დამოუკიდებელ ყვავილობამდე გადის 5-8 წელი,
2. იყიდეთ ნერგები მხოლოდ გადამოწმებულ ჩამომტანებთან, სჯობს - პირადად, რომ საბოლოოდ არ შეგრჩეთ ხელში იშვიათი მცენარის ნაცვლად ყველაზე გავრცელებული თეთრი ჰიბრიდი, რომელსაც ნებისმიერ საყვავილე მაღაზიაში იყიდდით. მცენარის გაყიდვა ბიზნესია და როგორც სხვაგან, აქაც გვხვდება თაღლითობა.
3. თუ ამის საშუალებაა, შეიძინეთ ყველაზე დიდი მცენარე არსებული შემოთავაზებიდან. რაც უფრო დიდია ნერგი, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ წარმატებით მიაღწევს პირველ ყვავილობამდე.
4. ინტერნეტის საშუალებით გამოწერისას ორქიდეის ტრანსპორტირება  ხდება საკვებ გარემოში, რომელიც ძალიან ხშირად და ძლიერ ინჯღრევა - ეთხიპნება კედლებს და სხვ. უპირველესად მცენარე უნდა მოიყვანოთ პირვანდელ მდგომარეობაში - ბოთლი უნდა  ატრიალოთ ისე, რომ გრუნტი დაბრუნდეს თავის ადგილზე. ზოგჯერ ასეთი ტრანსპორტირების გამო მცენარის შემომტანები ურჩევენ, მაშინვე ამოიღონ ნერგები ბოთლიდან, ქილიდან და ა.შ. და გადარგონ, მაგრამ ეს ვარიანტი ხშირად არ ამართლებს. ამისთვის მცენარე საკმაო ზომისა უნდა იყოს. თუ ჯერ კიდევ პატარა ნერგებია, მათი ამოტანა დახურული სივრციდან და გადარგვა უფრო მეტ ზიანს მოუტანს მათ, ვიდრე საკვები გარემოს შენჯღრევა.  
5. სახლში მოტანის მერე ორქიდეიანი ბოთლი უნდა დადოთ ნათელ ადგილზე, მაგრამ არა

პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, თუნდაც ეს ახლადშეძენილი სახეობა კაშკაშა სინათლის მოყვარულიც იყოს და მოზრდილი მცენარე მშვენივრად იტანდეს პირდაპირ მზეზე დგომასაც. მზეზე ბოთლის მინა ხურდება და შიგნით ტემპერატურა ძალიან იზრდება (45გრ  ან მეტი), ეს კი ბევრი ორქიდეისთვის სიცოცხლესთან არათავსებადი ტემპერატურაა.
 -ასეთ შემთხვევაში  ორქიდეის ფოთლებიდან ხდება წყლის მასიური აორთქლება, ისინი ყვითლდება, მერე მურა ფერს იღებს და ხმება, მწვანე მასის შემცირება კი ცუდად აისახება მცენარეზე, რადგან სწორედ ფოთლებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესის - ფოტოსინთეზის მეტი წილი, მცენარე მათი საშუალებით სუნთქავს და იღებს  -ზრდისთვის საჭირო ნახშირორჟანგსაც.
მინას მიდებული ფოთლები იღებენ  ძლიერ და საშიშ დამწვრობას, რამდენიმე საათში კი მთლიანად ხმებიან წვეროდან ძირამდე.
 -წყალი ორთქლდება ასევე საკვები გარემოდანაც, იგი შრება, ესეც საზიანოა მცენარისთვის, პირველ რიგში კი მისი ახალგაზრდა ფესვებისთვის. მათ, როგორც წესი, ჯერ არ აქვთ გავითარებული ველამენი  და სულ მცირე სტრესის დროსაც კი უფრო  სწრაფად კვდებიან, ვიდრე ჭურჭლის გარეთ არსებული ფესვები. გარეგნულად ეს გამოიხატება მათ გაყვითლებაში, გამუქებაში, ზოგჯერ გახმობაში და მის მსგავს ლპობაშიც კი.
ყოველივე ამის მიუხედავად, ადგილი, სადაც დევს ბოთლი ორქიდეის ნათესით, არ უნდა იყოს ბნელი, წინაააღმდეგ შემთხვევაში პატარა ორქიდეები არ გაიზრდებიან.
6.  ნათესი დახშულ გარემოში იმყოფება, ამიტომ გარემოს ტემპერატურა უაღრესად მნიშვნელოვანია მათთვის. მზეზე გათბობის გარეშე შიგნით ყოველთვის 2გრ -ით მეტია, ამიტომ ისინი რომ არ დაზიანდნენ, დღის და ღამის ტემპერატურა ტროპიკული ორქიდეების გარშემო არ უნდა ჩადიოდეს 20გრ ზე დაბლა და  არ უნდა აღემატებოდეს 25გრ ს. ოპტიმალურია 22-23გრ დღე-ღამის განმავლობაში. ევროპული მიწისზედა ორქიდეებისთვის ეს მოთხოვნები განსხვავებულია ტემპერატურისადმი. მათ აქვთ ზამთრის ცივი მოსვენების პერიოდი, რომლის დროსაც ჭურჭელს ორქიდეებით ინახავენ მაცივარში, მხოლოდ არა - საყინულეში. სხვა დროს ტემპერატურა უნდა იყოს 15-20გრ. დიდი სხვაობა დღე-ღამის ტემპერატურებს შორის იწვევს კონდესატის წარმოქმნას ჭურჭლის კედლებზე, რაც მცენარის ფესვებისთვის არის პირველ რიგში ცუდი.  
7. ასე დახურულ ჭურჭელში მცენარე არ საჭიროებს დამატებით კვებას
8. შეეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს იყოს მცენარე ამ ჭურჭელში. მოქმედება უნდა დაიწყოთ, თუ:
 -პატარები კარგად მოიზარდნენ და ცარიელი ადგილი თითქმის არ დარჩა, მცენარეს უჭირავს თავისუფალი სივრცის ¾.
 -მათ უფუჭდებათ ფოთლები ან ფესვები, მაგ. შავდება ან ყავისფერდება,
 -გაფუჭდა საკვები გარემო ან დაიფარა ობით.
9. ძალიან ფრთხილად უნდა ამოიღოთ მცენარეები ჭურჭლიდან, ჭურჭელი სჯობს ჩადოთ თბილწყლიან ჯამში, და მერე მძიმე საგნით გატეხოთ უშუალოდ ჯამშივე. ასე მინიმუმამდე დადის მცენარის დაზიანების რისკი, თუ მცენარე პლასმასის კონტეინერშია, იგი ფრთხილად უნდა გაჭრათ.
10. მას მერე, რაც მცენარეებს ამოიღებთ ჭურჭლიდან, ისინი უნდა გასუფთავდეს საკვები გარემოს ნარჩენებიდან, რადგან ის არაა განკუთვნილი ღია სივრცეში მოხმარებისთვის, ამიტომ მალე გაფუჭდება. სჯობს მცენარე კარგად გარეცხოთ   თბილ,  სუსტი   ნაკადით გამდინარე წყალში. თუ კიდევ დარჩება  მცენარის ფესვებზე, შეეცადეთ,  გაასუფთაოთ რბილი კბილის ჯაგრისით. მცენარეზე საერთოდ არ უნდა დარჩეს არაფერი, რადგან მერე ობი მთელ სუბსტრატზე გავრცელდება და მცენარესაც დააზიანებს.  
11. თუ ბოთლის გახსნის მიზეზი შიგ გაჩენილი ობი იყო, გაწმენდის შემდეგ მცენარის დეზინფიცირებაც საჭიროა. ამისთვის გამოდგება ქინოზოლის აბები, რომლებიც იხსნება წყალში. ამ ხსნარში ალბობენ 15 წთ.
12. მას მერე, რაც საკვებ გარემოს მოაშორებენ, ნათესი ცოტა უნდა გაშრეს (15წთ)  ისე, რომ ფესვები არ გათეთრდეს.
13. ახალგაზრდა მცენარის ფესვებს, რომლებიც ჭურჭელშია, არ აქვთ ველამენი, ხშირად კი ნაწილობრივ ან მთლიანადაა დაფარული ფესვის ბეწვებით, მათი საშუალებით ხდება წყლის შეწოვა. არ შეიძლება მათი პირდაპირ მშრალ  მეთოდზე გადაყვანა.  ამან შეიძლება მცენარის ფესვების დიდი ნაწილის სიკვდილი გამოიწვიოს, პატარა ორქიდეები ავადდებიან. ახალი სუბსტრატი ტენშემცველი უნდა იყოს, სუბსტრატად შეიძლება შემდეგი ნარევების გამოყენება:
-ორქიდეის ნათესებისთვის სპეციალური საკვები სუბსტრატი, რომელიც შედგება ტორფის, ნახშირის, სტიროპორის და სხვა დანამატებისგან. ასეთი სუბსტრატის პლიუსია მაღალი სტერილობა, დაბალანსებული შედგენილობა, ნოყიერება, რადგან შეიცავს პატარა მცენარეებისთვის საჭირო საკვებ დანამატებს. ნათესი კარგად იზრდება და გარკვეული ჰიგიენის პირობებოს დაცვის შემთხვევაში არ ავადმყოფობენ
- ხავსი სფაგნუმი - კარგი საშუალებაა მცენარის დასაფესვიანებლად, მაგრამ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. იგი კარგი ტენშემცველია, სწრაფად ფუვდება, დიდხანს ინარჩუნებს ტენს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ კარგი განათების პირობებში. ჩვეულებრივი ოთახის სათბურის გამოყენება ან მათი უფრო დიდ დახშულ ბოთლში გადატანა და ფანჯრის რაფაზე დადება სფაგნუმის კარგი ტენშემცველობის კიდევ ერთი დადასტურებაა. როგორც კი მზე თვალს მიეფარება შემოდგომა-ზამთარში, მცენარე ზრდას აჩერებს, მაშინ სველი სუბსტრატი არ სჭირდება, რადგან ეს იწვევს ლპობის დაწყებას ფესვებში.
- წვრილი კერამზიტი ან სერამისი სუბსტრატისთვის მშვენიერი მასალაა, მაგრამ ესაჭიროება მუდმივი ტემპერატურა. გადახურებ-გადაციება პატარა მცენარეებისთვის საშიშია. სიცივეში  ეს იწვევს ფესვების მოყინვას, გადახურების დროს კი წყლის მეტი ოდენობით აორთქლებას და ისევ ანალოგიურ მოყინვის ეფექტს ვიღებთ.  
14. ორქიდეის სახეობის მიუხედავად გარკვეულ ასაკამდე პატარა ორქიდეები ფოტოსინთეზს ახორციელებენ  C-3 გზით,   სწორედ ამიტომ სჭირდებათ  ჰაერის მაღალი ტენიანობა, რაც დაიცავს მათ გადახურებისგან და ხელს შეუწყობს ფორების მოწესრიგებულ მუშაობას, რომლებიც აგროვებენ ნახშირბადს ახალი უჯრედების მშენებლობისთვის. მას შემდეგ, რაც ჭურჭელს გატეხავთ და მცენარეებს გადარგავთ პატარა ქოთნებში ცალკ-ცალკე, მერე ისინი უნდა მოათავსოთ ისეთ ჭურჭელში, სადაც შესაძლებელი იქნება მომატებული ტენიანობის შექმნა-შენარჩუნება.თუ არ გაქვთ სათბური, ტერარიუმი ან ორქიდარიუმი, იდეალური გამოსავალია პატარა აკვარიუმის შეძენა სახურავზე დამაგრებული პატარა ნათურით. ასე შესძლებთ  არა მარტო კარგი ტენიანობის შენარჩუნებას, არამედ დამოკიდებულიც აღარ იქნებით  ბუნებრივ განათებაზე, რომელიც ხან მეტია, ხან  - ნაკლები. ყველაზე ცუდი ვარიანტია პატარა სახლის სათბური, მის მოსაწყობად გამოდგება ნებისმიერი გამჭირვალე ჭურჭელი. - ტორტის გამჭირვალე პლასმასის ყუთი, დიდი ბოთლი, შუშის ქვაბი მიკროტალღური ღუმელისთვის. რადგან კონდესატი კედლებზე ხშირად ჩამოდის, ძირს სჯობს დააფინოთ 3-4 სმ ფენა დრენაჟი - კენჭები, პენოპლასტის ნაჭრები, კერამზიტი ან სერამისი. 

15. არ შეიძლება პატარა სათბურებში ვენტილატორის დამონტაჟება, ეს უფრო აზიანებს მცენარეს, ვიდრე სარგებელი მოაქვს. შეიძლება ნათესის გადაციება გამოიწვიოს. სათბურის განიავება დღემდე საკამათოა. ეს დამოკიდებულია სათბურის შიგა სტერილობაზე. თუ ყოველთვის გიობდებათ ან გილპებათ მცენარეები, მაშინ განიავება აუცილებელია. ეს სჯობს საღამოს 5-6 სთ ზე მოხდეს. თუ ასეთი პრობლემები არაა, მაშინ განიავება შეიძლება 10-14 დღეში ერთხელ მორიგი მორწყვის დროს.
16. ნათესის ნორმალური ზრდა- გავითარებისთვის საჭიროა კარგი განათება და ხელსაყრელი კლიმატი, რომლის დროსაც ხდება ნახშირბადის სწრაფი დაგროვება - გადამუშავება, ამიტომ მცენარე უნდა იდოს განათებულ ადგილზე არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, რომ მცენარის გადახურება არ მოხდეს. სჯობს მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოთ ხელოვნური განათება. ტროპიკული მცენარეებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-24გრ, თუმცა მაღალი ტენიანობის პირობებში იტანენ უფრო დიდ სიცხესაც. ცხელ დღეებში მეტი ყურადღებაა საჭირო. თუ შენიშნავთ რაიმე სახის ცვლილებას, (გაყვითლება, გაშავება), ტემპერატურა უნდა დასწიოთ. კატლეა, ფალენოპსისი და ვანდა უკეთ იტანენ და სწრაფად იზრდებიან ორთქლიან კლიმატში. სათბურებს დებენ მზეზე, რომ შიგნით მალე წარმოიქმნას ორთქლი, დროდადრო გადააქვთ ოთახის სიღრმეში,რომ მცენარე არ მოიხარშოს შიგნით. ასე მაგ. 1 სთ - მზეზე, 3-4 სთ -ჩრდილში. ზამთარში სპეციალურ მოწყობილობას უმონტაჟებენ ასეთ სათბურებს გასათბობად. ეს პრობლემა მოხსნილია აკვარიუმებში, სადაც გათბობა მათში დამონტაჟებული ნათურებით ხდება.  
17. მათი მორწყვა გულისხმობს სუბსტრატის ზედა ფენის დანამვას. თუ ორქიდეა მონიპოდიალურია, მაგ. ფალენოპსისი ან ვანდაა,  მორწყვისას  უნდა უყუროთ, რომ წყალი არ მოხვდეს მცენარის გულში, რადგან ცუდი განათებისას და მუდმივად ტენიან კლიმატში ეს გამოიწვევს ორქიდეის დალპობას და საბოლოოდ კვდომას. გულში დაგროვებული წყალი უნდა ამოამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. ზაფხულში ნათესს რწყავენ 10-14 დღეში ერთხელ, ზამთარში კი  - თვეში ან 45 დღეში ერთხელ. აკვარიუმის ან ორქიდარიუმის ნათურის წყალობით მათი მორწყვა უფრო რეგულარულია - 5-6 დღეში ერთხელ. წყალი უნდა იყოს რბილი, გაფილტრული, ან ონკანის და დისტილირებული წყლის ნარევი თანაბარი პროპორციით. ახალგაზრდა მცენარეები უფრო მგრძნობიარეები არიან და ცუდად იტანენ ონკანის წყლის მარილებს , რაც გროვდება სუბსტრატში.
18. მცენარეებს რგავენ ახალგაზრდა ორქიდეებისთვის განკუთვნილ სპეც. სუბსტრატში, პირველი 6-8 თვის განმავლობაში სასუქს არ აძლევენ, რადგან იგი თავადაც საკმაოდ ნოყიერია, მეტი ოდენობით შეიცავს საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ ზედმეტი სასუქი შეიძლება მავნეც იყოს ახალგაზრდა ორქიდეებისთვის. ამ ვადის შემდეგ კი თვეში ერთხელ აძლევენ სპეციალურ სასუქს ზრდისთვის, რადგან ჩვეულებრივი სასუქი ხშირად შეიცავს არა მარტო ზრდის, არამედ ყვავილობისთვის საჭირო კომპონენტებსაც. მათი გამოყენება ნათესის ზრდას პირიქით აფერხებს. კერამზიტში ან ხავსში ჩარგულ ნათესსაც თვეში ერხელ სჭირდება სასუქი. პირველ წელს სასუქის დოზა უნდა იყოს  პაკეტზე რეკომენდებული დოზის ¼. მერე თანდათან უმატებენ. სასუქს ხსნიან დისტილირებულ ან გაფილტრულ წყალში.ასე იცავენ ფესვებს დამწვრობისგან. B ჯგუფის ვიტამინების ან  superthrive - ს ტიპის ჰორმონების გამოყენება სასურველია 40-50 დღეში ერთხელ.
19. თუ ორქიდეების გამრავლებას გადაწყვეტთ, სჯობს შეიძინოთ მოწყობილობა, რომელიც ზრდის ნახშირორჟანგის რაოდენობას ორქიდარიუმში, ტერარიუმში ან აკვარიუმში. კარგად ორგანიზებული განათებით დახურულ სივრცეში მისი რაოდენობა სწრაფად მცირდება მესამედით  და აღწევს მინიმუმს  - 0,01 %., ამის გამო ახალგაზრდა მცენარეების ზრდა ფერხდება, ყველაზე ადვილად პრობლემა იჭრება სუფთა ჰაერის რეგულარული  მიწოდებით. თუმცა ასე მხოლოდ ნორმის ფარგლებს უბრუნდება ნახშირორჟანგის შემცველობა. სპეციალური დანადგარები კი მის რაოდენობას ასწევს ორქიდეისთვის იდეალურ ოდენობამდე . ნახშირორჟანგის შემცველობის გაზრდა 0,1 %მდე ნიშნავს მისი რაოდენობის თითქმის 3ჯერ გაზრდას.(ჩვეულებრივ ჰაერში მისი წილი 0,03 %ია)


თარგმანი თ. სუპატაშვილის

24 February 0 20

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно