სასუქი ბაღის ყვავილებისთვის

ბაღში მიწის რეზერვი ამოუწურავი გვგონია, თუმცა ასე სულაც არაა. მცენარეები დიდხანს იზრდებიან ერთ ადგილზე და აუცილებლად სჭირდებათ სასუქი. რით უნდა გავანოყიეროთ მიწა, რომ  ბაღში ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილები გვახარებდნენ?
მულჩირება - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მიწის დაფარვა მულჩით სასარგებლოა მცენარეებისთვის. მულჩად გამოდგება ორგანული და სინთეზური წარმოშობის მასალა.
სიცხეში მულჩა ინახავს ტენს მცენარის ფესვებთან და აორთქლებას უშლის ხელს. ეს კი მეტი მორწყვის საჭიროებას ამცირებს. ამას გარდა, იგი ხელს უშლის სარეველა ბალახებს ზრდაში, რადგან მზის სხივებს არ უშვებს მიწამდე. მულჩა ტემპერატურასაც არეგულირებს: ზაფხულში ფესვებთან გრილა, ზამთარში კი ინახავს სითბოს. მულჩირებას მცენარეებს უკეთებენ გვიან შემოდგომით, გაზაფხულზე კი აახლებენ.  
ორგანული მულჩა სასუქადაც ვარგა. იგი ნელნელა იხრწნება, იშლება, აუმჯობესებს მიწის სტრუქტურას, მიკროელემენტებით ამდიდრებს მას. მულჩირების მერე მიწაზე არ წარმოიქმნება ქერქი, რჩება ფხვიერი. ფესვებთან ჟანგბადის მიწოდება კარგად ხდება ,ასეთი მცენარეები მეტ გვერდითა ფესვებს ივითარებენ, და ბოლოს, ვიზუალურად ასეთი ბაღი მოვლილის შთაბეჭდილებას სტოვებს.
არაორგანული მასალიდან მულჩად შეიძლება გამოიყენოთ ქვა, ხრეში, უქსოვი ქსოვილი, მაგრამ მებაღეები უპირატესობას ორგანულს ანიჭებენ. ეს ასევე შეიძლება იყოს კომპოსტი, წიწვები, ხის ქერქი, მოთიბული ბალახი, თივა, ტორფი, ნახერხი, დაქუცმაცებული ქაღალდი და მუყაო.
სხვადასხვა სახის მულჩას სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს. მაგ, მოთიბული ბალახი და თივა იზიდავს მღრღნელებს და ფრინველს. ამიტომ მისი გაფხვიერებაა საჭირო. თუ ზაფხული წვიმიანია, ფოთოლი შეიძლება დალპეს და მერე სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებები გაჩნდეს, ამის გათვალისწინებით, რაც უფრო დაქუცმაცებულია მულჩა, მით უკეთესია. ასეთ მულჩას ურევენ მიწის ზედა ფენაში. მაგრამ არაორგანული მულჩისგან განსხვავებით, ორგანულს განახლება სჭირდება, რეგულარული შეცვლა. საჭიროა მიწის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, უფრო ადრე გაზაფხულზე, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად შეივსოს ან განახლდეს მულჩას მარაგი.
სასუქი ბაღის ყვავილებისთვის - სრულფასოვანი კვება გულისხმობს ორგანულ და მინერალურ სასუქს. ორგანიკა - კომპოსტია, დამწვარი ნაკელი, ფრინველის სკინტლი, ხის ნაცარი, მაგრამ სანამ მათ გამოყენებას დაიწყებთ, უნდა შეისწავლოთ ბაღში არსებული მცენარეების მოთხოვნები,. მაგ, ბოლქვიანებს არ მოსწონთ ნაკელი. ასტრები კი მისი სიჭარბით შეიძლება მოკვდნენ კიდეც. 

განსხვავდება თუ არა  სასუქი ბაღის და სახლის მცენარეებისთვის? არა, მაგრამ სახლის მცენარეებისთვის უკეთესია კომპლექსური სასუქის მიცემა, რომელშიც რამდენიმე ელემენტი სჭარბობს . ეზოში კი უფრო მონო- სასუქს იყენებენ, რომლებიც მცენარის მოთხოვნას ერთ ელემენტზე აკმაყოფილებენ. დიდ არეალზე დოზის გათვლა რთულია, მონო სასუქი დაფასოებულია დიდ პარკებში, მათი გამოყენება გამართლებულია აგარაკზე, სოფლად. ბაღის მცენარეების კვება საპასუხისმგებლო სამუშაოა. მიკროელემენტების დეფიციტის შედეგად მცენარეები ცუდად ყვავილობენ, იზრდებიან სუსტები, მაგრამ სიჭარბემ შეიძლება საერთოდ მოკლას ისინი.
ორგანული სასუქი შეაქვთ გვიან შემოდგომით, რომ ზამთრამდე გაჯერდეს მიწა საკვები ნივთიერებებით. ასევე შეაქვთ გაზაფხულზეც , 2 კვირით ადრე ყვავილების დარგვამდე. ეს აუმჯობესებს მიწის სტრუქტურას,  მცენარის ფესვები კარგად ითვისებს მათ. ორგანიკას იყებებენ ასევე ზაფხულში, პერიოდულ საკვებად.
მინერალური სასუქი მცენარეს ეხმარება ვეგეტაციის პერიოდში. მას ხომ სხვადასხვა მიკროელემენტი სჭირდება. აზოტიან სასუქს ადრე გაზაფხულზე იყენებენ, მცენარის მწვანე მასის გასაზრდელად. მაგრამ ზომიერების დაცვაა საჭირო - აზოტის სიჭარბე ცუდად აისახება ყვავილობაზე. კოკრობის დროს სჯობს ფოსფორიანი სასუქის გამოყენება,ეს კოკრების წარმოქმნის სტიმულაციას  უწყობს ხელს.
ერთწლიანებს სეზონზე 2ჯერ კვებავენ - დარგვიდან რამდენიმე კვირის მერე  და კოკრების ფორმირების ეტაპზე. მრავალწლიანებს კიდევ უმატებენ ყვავილობის შემდეგაც. კალიუმი ხელს უწყობს ყვავილის კვირტების ფორმირებას, რომ მომავალ წელს უხვად იყვავილოს მცენარემ,
თხევადი სასუქი უხვად მორწყვის შემდეგ  შეაქვთ, თორემ მოწყურებული ფესვები სწრაფი შეწოვის გამო შეიძლება დაიწვას, სასუქი კი დაილექება ნიადაგში.  მშრალი სასუქი - პირიქით, სჯობს მოაყაროთ ან აურიოთ მიწას მორწყვამდე ან წვიმის დაწყებამდე, რომ მორწყვის მერე გაიხსნას წყალში და ფესვებისთვის ადვილად შესათვისებელი გახდეს,
არაა სასურველი მცენარისთვის სასუქის მიცემა დარგვისთანავე  ან გადარგვის მერე. ადაპტაციას დრო სჭირდება, მინიმუმ 2 კვირა. სასუქი არ შეიძლება ასევე კარანტინში მყოფი მცენარისთვის, რომელიც ავადაა ან მწერები შეესია.
გარდა ფესვის სასუქისა, არსებობს არაფესვისთვისაც, ე.წ. „ფოთლის სასუქი“. ეს მეთოდი ეფექტურია, რადგან ფოთლები და ღეროები კარგად შეიწოვს მიკროელემენტებს.
ნებისმიერი სასუქის ძირითადი ელემენტებია კალიუმი, აზოტი, ფოსფორი.აზოტი ხელს უწყობს მიწისზედა ნაწილის ფორმირებას, ფოსფორი - ფესვთა სისტემის, კკლიუმი - კი ყვავილობას უწყობს ხელს.
აზოტიანი სასუქებიდან აღსანიშნავია ამონიუმის სულფატი - იგი ადვილად შესათვისებელია მცენარისთვის, მიწას ოდნავ ამჟავებს. ბაღში იყენებენ შარდოვანასაც , რომელიც 46% აზოტს შეიცავს, არსებობს გრანულების სახით, დიდხანს ინახება, ადვილად იხსნება წყალში,კიდევ ერთი აზოტშემცველი სასუქია ამონიუმის გვარჯილა, ისიც ერთერთ ძირითად სასუქს წარმოადგენს. 

გარკვეული პერიოდი ბევრ ქვეყანში ამონიუმის ნიტრატის გაყოდვა აკრძალული იყო სასუქად, რადგან მისი შემადგენელი ნივთიერება ბომბის დასამზადებლად გამოიყენება, მაგრამ ბოლო წლებში ახალი, უსაფრთხო ფორმა შეიმუშავეს, რომელიც ფეთქებადსაშიში აღარაა,
ფოსფორიანი სასუქებიდან იყენებენ სუპერფოსფატს - ეს გრანულირებული სასუქია, რომელიც კარგად მოქმედებს ტუტოვან და სუსტადმჟავე მიწებზე, მჟავე ნიადაგში მარილი რჩება მიწაში და მცენარე ვერ ითვისებს, ამის თავიდან ასაცილებლად სუპერფოსფატს ურევენ დოლომიტის ფქვილს, კირს, ცარცს და ერთად აყრიან მიწას. ორმაგი სუპერფპსფატი მისი მსგავსია, მაგრამ ორმაგი ოდენობით შეიცავს ფოსფორს. ფოსფორიტის ფქვილი - ეკოლოგიურად სუფთა, არა მავნე სასუქია, მის შემადგენლობაში მთის განსაკუთრებული ქანები შედის, სასარგებლოა მ,ჟავე მიწისთვის. 

კალიუმიანი სასუქებიდან უპირატესობა ენიჭება კალიუმის ქლორიდს - კრისტალურ თეთრ ნივთიერებას, რომელიც კარგად იხსნება წყალში და ნებისმიერ მიწას რგებს. ასევე იყენებენ კალიუმის სულფატს, უნივერსალურ საშუალებას, ეს სასუქი გამოიყენება როგორც ბაღში, ნებისმიერი ტიპის ნიადაგისთვის, ისე  სახლის მცენარეებისთვისაც. რეგულარულად შეაქვთ მცენარის  ფესვებთან შემოდგომის ბოლოს, რომ მცენარე კარგად მოღონიერებული შეხვდეს ზამთარს, ასევე პოპულარულია კალიმაგნეზია(კალიუმ-მაგნიუმიანი სასუქი) და კალიუმის გვარჯილა (კალიუმ-აზოტიანი სასუქი). არ  უნდა დაივიწყოთ, რომ სასუქის ნაკლებობა სჯობს სიჭარბეს, ამიტომ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით დოზები.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно