კლდისდუმა
მსუქანასებრთა ოჯახს ეკუთვნის და აერთიანებს 600 სახეობას. სუკულენტია, ერთ,- ორ- და მრავალწლიანი ბალახოვანი ან დაბალი ბუჩქოვანი მცენარე. გავრცელებულია აზიის, ევროპის, ჩრ. ამერიკის ზომიერ სარტყელში. სახელი ნიშნავს -ჯდომას, იგი მართლაც ყველგან გვხვდება - ქვაზეც კი. სახლში ზრდიან უპირატესად სუკულენტებს, ამიტომ მათ მოსავლელად განსაკუთრებული პირობებია საჭირო - მაღალი ტემპერატურა, ზომიერი მორწყვა, მზე, იშვიათად სასუქი. ყვავილობის მიღწევა სახლის პირობებში ცოტა რთულია - ზამთარში დებენ საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე, ზაფხულში კი - მაღალზე. ბევრ სახეობას ზრდიან ამპელურად, რადგან ბუნებაშიც ისინი კლდეზე გადმოკიდებული იზრდებიან. იგი ლამაზი და სასარგებლო მცენარეა, ფოთლებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჭრილობის სამკურნალოდ, დამწვრობისთვის.
განათება - აქტიური ზრდისთვის მას კარგი განათება უნდა მთელი წლის განმავლობაში. პირდაპირი მზის სხივები მცენარეს ძალიან უხდება, ამიტომ მას დებენ სამხრეთ მხარეს. მისი დადება დას. ან აღ. მხარეს გამავალ ფანჯრებზეც შეიძლება, ოღონდ სხვა მცენარე ან ფარდა არ უნდა ეფარებოდეს. ყველაზე ნაკლებ მისთვის გამოდგება ჩრ. მხარე - ამ ფანჯარაზე მისი ტოტები იწელება და დეკორატიულობას მცენარე კარგავს. ზამთარში ის დღის სინათლის ნათურით დამატებით განათებას საჭიროებს.
ტემპერატურა - ზაფხულში იგი კარგადაა 24-28გრ ზე, ზამთარში - 8-12გრ სჭირდება. პერიოდულად ოთახს ანიავებენ.
მორწყვა - რწყავენ ზომიერად და რეგულარულად ისე, რომ მიწა ნახევრამდე გაშრეს მორწყვებს შორის. შემოდგომიდან ამცირებენ, მოსვენების პერიოდში - ნოემბერ-თებერვალში კი ძალიან იშვიათად რწყავენ ისე, რომ მიწა ბოლომდე არ გაშრეს.
შესხურება - იგი კარგად იზრდება მშრალ ჰაერზეც და ნესტშიც, შეიძლება ფოთლების მტვრისგან გაწმენდაც სველი ტილოთი, სპეციალურად ჰაერის ტენიანობის აწევა კი საჭირო არაა.
კვება - მარტიდან ზაფხულის ბოლომდე თვეში ერთხელ შეაქვთ სასუქი კაქტუსებისთვის. სექტემბრიდან მოსვენების პერიოდის დასრულებამდე არ კვებავენ.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეები ირგვება 2წელიწადში ერთხელ, მოზრდილები - 3-4 წელიწადში ერთხელ. იგი ფრთხილად უნდა გადაირგას, რადგან ფოთლები ადვილად ემტვრევა, შიშველი ტოტი კი არადეკორატიულია. იგი გადარგვისას არ ისტრესება, ამიტომ ყვავილობის დროსაც რგავენ, თუ ამის საჭიროებაა. ქოთანი სჭირდება არაღრმა, რადგან ფესვები ზედაპირულია. ძირში ყრიან კერამზიტს, მერე სუბსტრატს, რომელიც შედგება ქვიშის, კორდის და ფოთლოვანი მიწის ნარევისგან თანაბარი პროპორციით. უმატებენ წვრილად დატეხილ აგურს და ხის ნახშირის ნატეხებს.
გამრავლება ტოტით - ტოტს ან ფოთოლს მაშინვე რგავენ მოჭრის მერე. სუბსტრატის შემადგენლობა ასეთია: 1წილი ქვიშა, 2წილი ფოთლოვანი და 4წილი კორდის მიწა. მინას არ აფარებენ. 20 დღეში ფესვიანდება, 2-3 კვირაში კი ცალკე ქოთნებში რგავენ ნარევში, რომელიც შედგება ფოთლოვანი, კორდის მიწის და ქვიშისგან. ფოთლებს აფესვიანებენ ქვიშაში. მერე კი რგავენ სუბსტრატში.
დათესვა - ითესება შემოდგომაზე ან გაზაფხულზე არაღრმა ჭურჭელში, დებენ სითბოში. პიკირება ხდება 2-3 ფოთლის ამოტანის მერე. კარგ პირობებში იყვავილებს კიდეც, მაგრამ მხოლოდ 3 წლის მერე.
შხამიანობა - მორგანას სედუმი შხამიანია და კუჭში მოხვედრისას იწვევს ღებინებას, და ფაღარათს.
დაავადებები - ღერო უშიშვლდება - არასაკმარისი განათებისას - როცა ტოტი იწელება ან მექანიკური დაზიანებისას, როცა ფოთლები ტყდება.
ფესვი ულპება - ასე ხდება მცენარის უხვად მორწყვის გამო ზამთარში, სიცივეში უნდა შეწყდეს მორწყვა, მცენარეს კი განახლება სჭირდება,
ფოთლები ხმება - როდესაც აკლია მორწყვა. მიწის ბოლომდე გაშრობა არ შეიძლება.
მავნებლები - არასწორი მოვლისას იგი ლპობას იწყებს და ზიანდება ფესვის ჭიებით.
სახეობები - ძალიან ბევრია. 1. ადოლფის კლდისდუმა - დატოტვილი ბუჩქი , თავიდან სწორად იზრდება, მერე იხრება, ტოტები სისქეში 1სმ, ფოთლები განიერი და ხორციანია, სიგრძით 4სმ, თავიდან მწვანე, მერე მოყვითალო-ვარდისფერი, ქვემოდან გამობერილი, ზედა მხარე კი ბრტყელი. ყვავილი თეთრია, შეკრული ნახევარსფეროსებრ ყვავილედად
2. კომპაქტური კლდისდუმა - ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარე მექსიკიდან. ფოთოლი მოგრძო კვერცხისებრი, ერთმანეთზე კრამიტისებურადაა განლაგებული მჭიდროდ, მწვანე-ნაცრისფერი, ყვავილობს ზაფხულის დასაწყისში. საყვავილე ღერზე 2-3 თეთრი ყვავილია სასიამოვნო სურნელით.
3. მორგანას კლდისდუმა - ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა მექსიკიდან. გრძელი 1მ მდე ტოტებით, უხვი ღია მწვანე ოვალური ფოთლებით, სიგრძე 2სმ, სიგანე 5მმ, სქელი, ზედა მხარე ბრტყელია. იზრდება , როგორც ამპელური მცენარე. ყვავის წითელ-ვარდისფერი ყვავილებით, რომლებიც 10-15ია შეკრული ქოლგა ყვავილედად.
4, ნიადაგმფენი კლდისდუმა - ესეც მექსიკაში გვხვდება, საშუალო სიმაღლის მცენარე. კვერცხისებრი ფოთლებით, რომლის კიდეები ბეწვიანია, მწვანე ფერის, მერე წითლდება. ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში ყვითელი ერთეულად მზარდი ყვავილებით.
თარგმანი თ. სუპატაშვილის