გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ორქიდეა კატლეა (Cattleya)

გსმენიათ ისეთი მოვლენის შესახებ როგორიცაა „ორქიდეას ციებ-ცხელება“, რომელიც XIX საუკუნის ევროპასა და აშშ-ში მძვინვარებდა არც თუ ისე მოკლე პერიოდი?
საინტერესო ისაა, რომ ეს საკმაოდ ბარბაროსული ისტორიული ფაქტი უკავშირდება სწორედ ორქიდეა კატლეას (კატლეია, Cattleya).
ამბავი კი ასე დაიწყო, 1817 თუ 1818 წელს, სამხრეთ ამერიკიდან  ტროპიკული მცენარეების კოლექციონერ უილიამ კეთლის (W. Cattley) გამოუგზავნეს ეგზოტიკური ხავსის ნიმუშები, და იმისათვის, რომ ხავსი არ დაზიანებულიყო, მოათავსეს რაღაც უცნაურ მასიურ ღეროიანი მცენარის ფესვებში. კოლექციონერის ყურადღება რა თქმა უნდა მიიქცია ხავსმა, მაგრამ გაჩაჩხული ფესვებიც არ დარჩა ყურადღების მიღმა. უილიამ კეთლიმ მცენარის ეგზემპლარები გადაიტანა ცალკეულ ქოთნებში და მაშინდელი მეთოდებით დაუწყო მოვლა. 1818 წლის ნოემბერში ერთ-ერთმა მათგანმა გამოიტანა კოკრები და გაშალა გასაოცარი არომატისა და შეფერილობის ყვავილი. ასე შემოაღწია ამ ეგზოტიკურმა მცენარემ ევროპაში.
მცენარის სრულფასოვანი აღწერა მოხდა 1824 წელს და მას მისი პირველაღმომჩენის, უილიამ კეთლის პატივსაცემად შეერქვა სახელი „კატლეა“, უ. კეთლი ამ დროს უკვე ინგლისსა და მთელს ევროპაში ორქიდეების პირველი კოლექციონერი იყო. ასე დაიწყო
ზოგადად ორქიდეების, და განსაკუთრებით, კატლეას პოპულარობის აღმასვლა და მასიური განადგურება. ვერავინ მოითვლის რამდენი იყო მოთხრილი, რამდენი შეეწირა ზღვით ხანგრძლივ მოგზაურობას, არასწორ მოვლას და რამდენი ინტრიგისა თუ მკვლელობის მიზეზი გახდა ეს ულამაზესი მცენარე. ევროპაში მოხვედრიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ შეძლეს კოლექციონერებმა ამ მცენარის მოთვინიერება. ხოლო მანამდე შეადგენდა ფუფუნებისა და კეკლუცობის საგანს, გაშლილი ყვავილი დაბნეული სამეჯლისო კაბის კორსეტზე განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენდა ევროპელსა და ამერიკელ ბანოვანს.
კატლეას ოჯახი 114 სახეობას მოიცავს, რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში. გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, ჯუნგლებიდან დაწყებული ანდის მთიანეთამდე, სადაც ღამის ტემპერატურა 0⁰ დაბლა ეცემა. კატლეების უმეტესობა ეპიფიტია, თუმცა გვხვდება ლიტოფიტებიც. კატლეას მსხვილი ბულბები და ტყავისებური, მკვრივი ფოთლები აქვს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენ ფოთოლს იკეთებს, სახეობები ორ დიდ კატეგორიად იყოფა: ერთ - ფოთლიანი და ორ-ფოთლიანი კატლეა. ყვავილი შეიძლება ჰქონდეს ერთი, ან რამდენიმე, საკმაოდ დიდი 20სმ-მდე ზომის, ერთი ფერის სრულიად, ან განსხვავებული ტუჩით (ლაბელუმი) ან/და ჭრელი. ყვავის 10 დღიდან 2 კვირამდე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს,
ყველა სახეობას თვისი კაპრიზები აქვს და თავისებური მოვლა სჭირდება. განათება. მცენარეს სჭირდება დიდი რაოდენობის სინათლე, ამიტომ კარგი იქნება მისი განთავსება აღმოსავლეთ, ან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულების ფანჯრებზე. გამოდგება სამხრეთის ფანჯარაც, თუმცა, ინტენსიური მზის სხივების შემთხვევაში აუცილებელი იქნება სინათლის დაჩრდილვა. სინათლის დოზირების სისწორეზე მიგვანიშნებენ თავად მცენარის ფოთლები: მოყვითალო ფერი მეტყველებს სინათლის სიჭარბეზე, ხოლო თუ მუქი-მწვანეა, ეს სინათლის უკმარისობას ნიშნავს. ზომიერი განათების შემთხვევაში ფოთლის შეფერილობა უნდა იყოს უბრალოდ მწვანე.
ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე მეტად ამ ორქიდეას მოსწონს დღესა და ღამეს შორის ტემპერატურული სხვაობა. თუ ასეთი პირობები ბუნებრივად არ არსებობს, მაშინ აუცილებელი იქნება გარემოს მორგება. დღესა და ღამეს შორის სხვაობა 5⁰-7⁰ უნდა შეადგენდეს. 
ანუ, დღისით ტემპერატურა უნდა მოექცეს +22⁰ - +28⁰ დიაპაზონში და ღამით + 17⁰ . ზამთარში, როდესაც ორქიდეა მოსვენების პერიოდში გადავა, ტემპერატურა დღისით უნდა შეადგენდეს +16⁰ - +18⁰, ხოლო ღამე +12⁰. მაგრამ ტემპერატურის +10⁰ დაბლა დაცემა დაუშვებელია. თუმცა, თუ საქმე გვაქვს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებულ სახეობასთან, მაშინ დღის ტემპერატურა იქნება ზაფხულში +22⁰ - +24⁰ , ხოლო ზამთარში +10⁰ - +12⁰.
მორწყვა. კატლეას სამშობლოში წვიმები უფრო ხშირად საღამოობით მოდის. ამიტომ უმჯობესია მცენარე საღამოობით მოირწყოს. ხოლო ფოთლებზე დილით შესხურება დილის ცვრის იმიტაცია იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას, ნიშნული უნდა იყოს მინიმუმ 60%. ზაფხულობით მცენარე ხშირ მორწყვას და შესხურებას საჭიროებს. ხოლო ზამთარში, როდესაც მცენარე მოსვენებაში გადადის, მორწყვა უნდა დავიყვანოთ მინიმუმზე, რიგ შემთხვევაში უმჯობესია მცენარე მშრალად ვამყოფოთ და დაინამოს მხოლოდ სუბსტრატის ზედაპირი. ამ დროს ფოთლებსა და ზრდის წერტილში წყლის დაყოვნება სახიფათოა, ამიტომ ფოთოლი უნდა გამშრალდეს. თვეში ერთხელ რეკომენდებულია მცენარისათვის თბილი შხაპის მოწყობა. კვება. აქტიური ვეგეტაციის დროს მცენარე უნდა გამოიკვებოს თვეში ორჯერ. კვება წყდება მაშინ, როცა კატლეა გაიზრდის საყვავილეს. ხოლო განახლება რეკომენდებულია დაყვავილების შემდეგ. სასუქის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ფოსფორი და კალიუმი და შევარჩიოთ რეკომენდებული დოზებიდან მინიმალური. გადარგვა. მცენარეს უმჯობესია ხელი არ ვახლოთ! მიზეზი, რის გამოც კატლეა შეიძლება გადაირგოს, არის სუბსტრატის გამოფიტვა 2-3 წელიწადში, ან მცენარის ზომაზე მეტად გაზრდა. ქოთნად გამოდგება ყველა მასალა, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც გამჭვირვალე ჭურჭელს იყენებენ, თუმცა უმჯობესია ავიღოთ თიხის ჭურჭელი, რომელიც არ იქნება მომინანქრებული. ძირში აუცილებლად კეთდება სადრენაჟე ფენა.
სუბსტრატად გამოდგება ტორფის, სფაგნუმის ხავსისა და ფიჭვის ქერქის ნაზავი. თუ კატლეას გადარგვა გახდა საჭირო, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ უკიდურესად ფრთხილად, არ უნდა დაზიანდეს ფესვები. მოსვენების პერიოდი. კატლეა აქტიური ზრდის ფაზიდან გადადის მოსვენების პერიოდში. თუმცა ყველა სახეობის კატლეა არ ისვენებს ერთი და იმავე დროს. ზოგიერთ სახეობას წელიწადში ორი პერიოდით მოსვენება (ყვავილობამდე და ყვავილობის
შემდეგ)სჭირდება, და არსებობს სახეობები, რომლებიც საერთოდ არ ისვენებენ. ყვავილობა. კატლეა პრეტენზიული ორქიდეაა, შეიძლება ან არ იყვავილოს რამდენიმე წლის მანძილზე, ან საერთოდაც არ გამოიტანოს ყვავილები. საქმე იმაშია, რომ მცენარე საყვავილეს მხოლოდ ზრდასრულ, ჯანმრთელსა და მყარ ბულბაზე იკეთებს. როცა გადავწყვეტთ, რომ ვიქონიოთ კოლექციაში კატლეა ყურადღება უნდა მივაქციოთ:
მცენარეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 4 ჯანმრთელი ფესვებიანი ბულბა, და ეტყობოდეს,
რომ ოდესღაც უკვე უყვავილია. გამრავლება. კატლეა მრავლდება დაყოფით, ანუ მაშინ, როდესაც მცენარის გადარგვა იქნება საჭირო, ყოველ მე-3 წლიდან, უნდა გაიყოს მანამდე, ვიდრე ახალი ფესვები დაიწყებენ ამოზრდას. მცენარე ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ქოთნიდან, რაც არც თუ ისე მარტივი საქმე შეიძლება აღმოჩნდეს. ჩადგით მცენარე წყლიან ჭურჭელში და დააყოვნეთ 30წთ. აკურატულად გამოათავისუფლეთ ფესვები, ისე, რომ არ დააზიანოთ.
ამისათვის უმჯობესია უბრალოდ წყალში დაშალოთ გრუნტი და შემდეგ მოაშოროთ დაზიანებული ფესვები. გადანაჭერი ადგილი უნდა დამუშავდეს ნახშირით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სპირტის შემცველი ანტისეპტიკების გამოყენება დაუშვებელია. 
მცენარე უნდა გაშრეს და შემდეგ მოთავსდეს ახალ გრუნტსა და ქოთანში. გაითვალისწინეთ, რომ ყოველ ნაწილ მცენარეზე უნდა იყოს სამი ცოცხალი
ბულბა, ახალი ფესვები და ერთი ახალი ამონაყარი. დაავადებები და მავნებლები. არასწორი მოვლის პირობებში მცენარე შეიძლება
დაავადდეს სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებით, ასე მაგალითად: 
ნაცრისფერი ლპობა, შავი ლპობა, ფქვილისებრი ნადები და სხვა. მცენარეს სასურველია დაზიანებული ნაწილები მოეჭრას და დამუშავდეს. ამ დროს კარგ შედეგს იძლევა ბორდოს ნაზავის გამოყენება, თუმცა სპეციალური ფუნგიციდების გარეშე მცენარე ვერ გამოჯანმრთელდება. მავნებლებიდან ორქიდეას ბუგრი და სხვადასხვა სახის ტკიპა და ფარიანა სტუმრობს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ინსექციდებისა და ინსექტოაკარიციდების დაუყოვნებლივი გამოყენება.
კატლეას პოპულარული სახეობები. კატლეას უამრავი ბუნებრივი და ჰიბრიდული სახეობა არსებობს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარულია:
Cattleya bicolor - ორფერად შეფერილი ყვავილით: წითელი ტუჩითა და ყავისფერ-მწვანე, ყავისფერ-სტაფილოსფერი ფურცლებით. ყვავილები 10სმ დიამეტრისაა.  იზრდება 30-60 სმ სიმაღლეში. ყვავის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
Cattleya bowringiana – ყვავილის შეფერილობა ვარდისფერია წითელ-ყვითელ ლაქიანი ტუჩით. ყვავილები 5-7სმ დიამეტრისაა.  იზრდება 30-70სმ სიმაღლეში. ყვავის შემოდგომა - ზამთრის პერიოდში. Cattleya Trianaei – ყვავილი მოთეთრო-მოვარდისფროა, ტუჩი მელნისფერი თეთრი არშიით.
ყვავილები 15-20სმ დიამეტრისაა.  იზრდება 50სმ-მდე სიმაღლეში. ყვავის ზამთარი-
გაზაფხულის პერიოდში. Cattleya forbesii – მწვანე-სალათისფერი, ყვითელ-მწვანე ფურცლაკებიანი ყვავილით, ტუჩი
თეთრი, ვარდისფერი ნადებით. ყვავილები 10სმ დიამეტრისაა.  იზრდება 10-20სმ-მდე
სიმაღლეში. ყვავის ზაფხული-შემოდგომა პერიოდში.
Cattleya dowiana - ყვავილი ღია ვარდისფერია, ტუჩი მელნისფერ-ძოწისფერი, ოქროსფერი ძარღვებით. ყვავილები 15სმ დიამეტრისაა.  იზრდება 25სმ-მდე სიმაღლეში. ყვავის ზაფხული-შემოდგომა პერიოდში.
ავტორი: ხ. კალატოზიშვილი
31 January 0 337

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно