ჯონჯოლი (Staphylea)

დედამიწის ზურგზე ამ მცენარის მხოლოდ 11 სახეობას ითვლიან და აქედან ორი საქართველოშია გავრცელებული, კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica), დასავლეთ საქართველოს ენდემი და ჩვეულებრივი ჯონჯოლი (Staphylea pinnata). ფლორისტები მას როგორც ბაღის, დეკორატიულ მცენარეს, ისე იცნობენ. მაგრამ ბოლო დროს ქართული ეროვნული კერძის-ჯონჯოლის მწნილის დამსახურებით საზოგადოებამ გაიცნო, როგორც უნიკალური საგემოვნო თვისებების მქონე და სასარგებლო მცენარე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ჟონჟოლს, კაპარს, კამპარს, ბოტიყვერას, თხაკაკალს.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჯონჯოლი შეტანილია წითელ ნუსხაში მისი გავრცელების შეზღუდული არეალების გამო. მცენარეს ულამაზესი ფორმის ფოთოლი და კიდევ უფრო მეტად ლამაზი, მტევნისებური ყვავილი აქვს. დაყვავილებისა და მომწიფების შემდეგ, ნაყოფიც იქცევს მებაღეების ყურადღებას. ნაყოფის ფორმის გამო, რომელიც 2-3 დაბერილი პარკისაგან შედგება, მისი საშემოდგომო დეკორატიული ელფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. მაღალი დეკორატიული თვისებების გამო, ამ მცენარეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად შევხვდებით ბაღებში, განსაკუთრებით ცოცხალი ღობის დეკორში.
სათანადო მოვლის პირობებში მცენარე 5მ სიმაღლეს აღწევს. თუმცა სახეობების უმეტესობა ბუჩქოვანი მცენარეა და სიმაღლე 2-3მ ფარგლებში მერყეობს. ტოტები დრეკადი, ნაზი და შიშველი აქვს. დროთა განმავლობაში მერქანი მყარდება და ზედაპირი იფარება ქერქის მაგვარი ფენით.  ფოთლები ღია მწვანე, დიდი ზომის სექტორებად დანაწევრებული, სახეობის მიხედვით უმეტესად ან სამი, ან ხუთნაწილიანია. ყვავილი ფორმით ძალიან წააგავს გაზაფხულის შროშანის მტევანს, თეთრი, მომელნისფრო, მოვარდისფრო ტონალობით. უმეტესად ყვავილობს მაისის თვეში. გრილ არეალზე შესაძლებელია ყვავილობა ზაფხულშიც გაუგრძელდეს.
ჯონჯოლი საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა გარემო პირობების მიმართ. არ საჭიროებს განსაკუთრებული ტიპის ნიადაგს, არ არის მომთხოვნი მზის სინათლის მიმართ. თუმცა, თუ ჩვენი სურვილია, რომ მცენარე კარგად განვითარდეს, კარგი იქნება მისი ნაყოფიერ და ზომიერად დატენიანებულ ნიადაგზე განთავსება. გვალვების დროს აუცილებელია ჯონჯოლის დამატებითი მორწყვა. ერთად ერთი, რაც ყურადღება მოსაქცევია, არის ის, რომ ვერ იტანს ხანგრძლივ დაბალ ტემპერატურას და ყინვიანი ზამთრის პირობებში აუცილებელი იქნება ბუჩქის შეფუთვა.
მცენარის გამრავლების რამდენიმე გზა არსებობს:
თესლით გამრავლება. მომწიფებულ ნაყოფს, კაკალს აღმოცენების უნარი 3 წლის მანძილზე არ ეკარგება. თუმცა, დათესვის წინ აუცილებელია კაკლების ხანგრძლივი, ცივი სტრატიფიკაციის გზით დამუშავება. თუ თესლს შემოდგომაზე დავთესავთ, მაშინ სტრატიფიკაცია ბუნებრივად მოხდება ზამთრის მანძილზე. საგაზაფხულო დათესვის შემთხვევაში მარცვალი უნდა დაყოვნდეს მაცივარში, სულ მცირე 2 თვე მაინც. ორმო წინასწარ მზადდება და მდიდრდება ნეშომპალით. მიწაში თესლი უნდა ჩაღრმავდეს 3 სმ-ზე. თავად თესლით გამრავლების პროცესი ხანგრძლივი და რთულია. შესაბამისი წესების დაცვის დროსაც კი შეიძლება შედეგი მინიმალური აღმოჩნდეს. მცენარის ამოსვლას საორიენტაციოდ დათესვიდან მე-3 წელს უნდა ველოდოთ.
ამონაყრით გამრავლება. ბუჩქს ახასიათებს გარშემო ამონაყრის ამოტანა, რომელიც ან უნდა მოშორდეს, თუნდაც მცენარის დეკორატიული ფორმის შენარჩნებისათვის, ან ადრეულ გაზაფხულზევე, ასე 1 წლის ნერგი, მოშორდეს დედა მცენარეს და გადაირგოს დამოუკიდებლად. შესაძლებელია ტოტის გადაწიდვნა და ისე დაფესვიანება.
დაკალმება. გამოიყენება 1 წლის ასაკის კალმები. მცენარიდან აჭრის შემდეგ სასურველია კალმის დამუშავება 4 სთ მანძილზე რომელიმე ხელთ არსებული სტიმულატორით. კალამი შეიძლება დავრგოთ პირდაპირ ღია გრუნტში და დავაფაროთ გამჭვირვალე ტარა ერთ კვირამდე დროით.
ჯონჯოლი უმჯობესია გავამრავლოთ ან ამონაყრით, ან დაკალმებით. ასეთ შემთხვევაში მცენარე მე-2 ან მე-3 წელს იყვავილებს.
გადარგვა უმჯობესია გაზაფხულზე, თუმცა ორმო უნდა მომზადდეს შემოდგომით. ითხრება 0,5X0,5მ ორმო, შიგნით უნდა განთავსდეს ნაყოფიერი მიწის, კომპოსტისა და ნეშომპალას ნაზავი, ორმოზე დაეფაროს თივა ან ფიცარი, ისე, რომ არ მოხვდეს შიგ ზედმეტი ნალექი და ნაგავი. გაზაფხულზე ორმო ისევ უნდა ამოვიღოთ და გავაკეთოთ სადრენაჟე შრე (დაახლოებით 10 სმ სიმაღლეში). შემდეგ დავაფაროთ თხელი ფენა ორმოდან ამოღებული გრუნტის, მცენარე განვათავსოთ შუაში, ისე, რომ ფესვის ყელი ძალიან არ ჩაღრმავდეს ზედაპირიდან, დავაყაროთ მიწა და ოდნავ დავტკეპნოთ. მცენარის შემდეგი მოვლა მის ზომიერ მორწყვაში მდგომარეობს. დეკორატიული მიზნებისათვის სასურველი იქნება მხოლოდ მეორე წლიდან აზოტიანი სასუქით გამოკვება. ზოგადად ჯონჯოლს სუსტად მჟავე ნიადაგი მოსწონს, ამიტომ გრუნტიც და სასუქიც შესაბამისად უნდა გამზადდეს.
დაავადებები და მავნებლები - ჯონჯოლი არ ითვლება მედეგ მცენარედ, ამიტომ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, გაზაფხულზე უპრიანია მცენარის დამუშავება ფუნგიციდებითა და ინსექციდებით.
ჯონჯოლის სასარგებლო თვისებები. ამ მცენარის კულინარიული ღირებულებების გარდა, ცნობილია მისი სამედიცინო თვისებებიც. ასე მაგალითად, საკმაოდ პოპულარულია ამ მხრივ სწორედ კოლხური ენდემი, კოლხური ჯონჯოლი. მომწიფებული ნაყოფიდან-კაკლიდან ხდიან ზეთს, რომელიც უებარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ყვავილი შეიცავს მთელი რიგი ვიტამინების კომპლექსს, რომელიც ხელს გვიწყობს მეხსიერების გაუმჯობესებაში, ყურადღების კონცენტრაციაში, საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში, დაჟეჟილობის, რადიკულიტისა და ქრონიკული ხველების დროს, აუმჯობესებს რეპროდუქციული სისტემის მუშობას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს.
თავად ჯონჯოლის მწნილი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, საშარდე არხების ფუნქციონირებისას. ხსნის თავის ტკივილს და ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, ამცირებს ინტოქსიკაციას. ასევე ამბობენ, რომ მწნილის ხშირი გამოყენება აჩქარებს ჭრილობების შეხორცების უნარს, ამაგრებს გულის კუნთს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
100 გრამი ჯონჯოლი 23 კილოკალორიას შეიცავს.
ჯონჯოლის შემადგენლობაშია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, ნაცარი, წყალი.
მაკროელემენტები: ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი.
მიკროელემენტები: კაჟი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი (სელენიუმი), რკინა.
ვიტამინები: B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B6 (პირიდოქსინი), B9 (ფოლიუმის მჟავა), C, E, К (ფილოქინონი), PP (ნიაცინის ეკვივალენტი), ქოლინი, A, ბეტა–კაროტინი, B5.  
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
შეადგინა: ხათუნა კალატოზიშვილი
02 September 0 241

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно