ადიანტუმი ვენერას თმა,მოვლის ნიუანსები

მიუხედავად იმისა, რომ ადიანტუმი (Adiantum capillus-veneris) დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ელეგანტურ, თვალწარმტაც მცენარედ, ასევე დამსახურებულად დაიმკვიდრა ერთი-ერთი ყველაზე პრეტენზიული არსების სახელიც. ეს ჰაეროვანი გვიმრა ნამდვილად ინტერიერის პრიმად წარმოგვიჩნდება, თუმცა, მწვანე, ჰაეროვანი ღრუბელი უმალვე კარგავს თავის სინაზეს, თუ ნებსით თუ უნებლიედ დავუშვით მცირედი გადაცდომა მოვლაში.  
რა უნდა მოვიმოქმედოთ ადიანტუმის შეძენისას? შეძენის შემდეგ მცენარეს აუცილებლად ვუწყობთ კარანტინს, რომლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ ერთ კვირას. პარალელურად დინჯი მოქმედებებით ვაგუებთ ახალ გარემოს, რადგან ეს გვიმრა რთულად ეგუება ცვლილებებს.
როგორი პირობების სჭირდება ვენერას თმას:
- ნატურალური მასალისაგან დამზადებული ფართო, მაგრამ არა ღრმა ქოთანი;
- რბილი, ნათელი, მაგრამ გაფანტული სინათლე;
- სტაბილური ოთახის ტემპერატურა;
- აკურატული მორწყვა;
- მაღალი ჰაერის ტენიანობა;
- ორპირისაგან დაცული გარემო.
სჭირდება თუ არა ადიანტუმს გადარგვა? ისეთ პრეტენზიულ მცენარეს, როგორიც ადიანტუმია, გადარგვა არ უყვარს, განსაკუთრებით არასასურველ დროს. მცენარეს უნდა შევეხოთ მაშინ თუ:
1. სუბსტრატი გამოუსადეგარია;
2. კარანტინის პერიოდში მცენარემ დაიწყო მოწყენა.
სხვა შემთხვევაში უმჯობესია დაველოდოთ გადარგვის საუკეთესო პერიოდს - გაზაფხულს. თუნდაც მაშინაც კი, თუ ქოთანი არ მოგვწონს-სწორედ ამ მიზეზით რგავენ ადიანტუმს და აზიანებენ მცენარეს. იმ შემთხვევაში თუ ახლად შეძენილი მცენარის ქოთანი საშინელი შესახედავია, უმარტივესად შეგვიძლია ავიღოთ სხვა და ჩავდგათ მცენარე თავის ქოთნიანად შიგ, ან შევფუთოთ რაიმე დეკორატიული მასალით.
რა უნდა გავითვალისწინოთ გადარგვისას?
- მხოლოდ მაშინ უნდა გადავდგათ მცენარე, თუ ქოთანი შევსებულია ფესვებით;
- ვენერას თმა უნდა გადავიტანოთ თავისი მიწიანად და მცენარე დავტოვოთ მიწის ზედაპირიდან იმავე სიმაღლეზე;
- გამოვიყენოთ ფხვიერი, ჰაერგამტარი, მჟავე რეაქციის მქონე გრუნტი, უმჯობესია გვიმრებისათვის განკუთვნილი სპეციალური სუბსტრატი;
- არ დატკეპნოთ გრუნტი, უმჯობესია დავამატოთ სუბსტრატი თუ დროთა განმავლობაში დაიწია გრუნტის დონემ;
- გადარგვის შემდეგ მცენარე უნდა განთავსდეს მისთვის ხელსაყრელ პირობებში.
სად განვათავსოთ მცენარე? ადიანტუმს არ უყვარს ადგილის შეცვლა, ამიტომ უპრიანია წინასწარ, შეძენამდე შევარჩიოთ, თუ სად განვათავსებთ. მცენარე შეიძლება მოტრიალებასაც კი ვერ შეეგუოს, არა თუ სხვა ადგილზე გადატანას. გვიმრას უყვარს ოთახის სტაბილური ტემპერატურა +20⁰ – +22⁰ C. ვერ ეგუება ტემპერატურის +15⁰ დაწევას, ორპირსა და გვალვას. ასევე ადენტუმს უჭირს ტემპერატურის მეყსეული ვარდნის შეგუება, უნდა მოვარიდოთ კონდიციონერსა და გამათბობელს.
უმჯობესია მცენარე განვათავსოთ აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთის მიმართულების ფანჯარაზე. განათება უნდა იყოს რბილი, არც დაბურულ-დაჩრდილული და არც ზომაზე მეტად ნათელი. თუ ოთახში ფანჯარა განთავსებულია სამხრეთ მიმართულებით, მაშინ მცენარისათვის საუკეთესო ადგილი იქნება ოთახის სიღრმე. და თუ შევარჩიეთ ადგილი, უნდა გავითვალისწინოთ რომ არ არის საჭირო მცენარის „უკანა მხარის“ განათების წყაროსაკენ შემოტრიალება.
როგორ მოვრწყოთ ადიანტუმი? თითქოს მარტივია დავიცვათ ოქროს წესი - არ გამოვაშროთ გრუნტი და არ დავატენიანოთ ზომაზე მეტად. მაგრამ(!) ადიანტუმს სჭირდება რბილი, ნადგამი წყალი, ირწყვება მაშინ, როცა შრება გრუნტის ზედა ფენა და ზედმეტი წყალი იღვრება ლამბაქიდან. განსხვავებული მორწყვაა საჭირო ზამთრის სეზონზე. ირწყვება იშვიათად, ისე, რომ გაშრეს გრუნტის ზედა ნახევარი მაინც.
რით ვკვებოთ ადიანტუმი? ვენერას თმას არ მოსწონს ზედმეტი სასუქების გამოყენება. უფრო მეტიც, ზომაზე მეტი კვება უფრო ცუდ ზეგავლენას ახდენს მცენარეზე, ვიდრე შიმშილი. ახალგადარგულ ადიანტუმს არ სჭირდება კვება, სასურველია გავიდეს 6-8 კვირა. ზოგადად ამ გვიმრას სჭირდება კვება ორ კვირაში ერთხელ მარტიდან სექტემბრის ჩათვლით. სასურველია გამოვიყენოთ სპეციალურად გვიმრებისათვის განკუთვნილი სასუქი. რაც შეეხება დოზირებას, უმჯობესია ორჯერ შევამციროთ მწარმოებლისაგან მითითებული პროპორციები.
რამდენად სასარგებლოა მცენარის ფოთლებზე შესხურება? თბილი წყლით შესხურება ადიანტუმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, მხოლოდ შესხურებით ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ამ გვიმრას სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა 60% დიაპაზონში. ამისათვის კარგი იქნება გამოვიყენოთ დატენიანების ჩვენთვის არსებული საშუალებები, წყლიანი ჭურჭელი, დეკორატიული ჩანჩქერი, და ა.შ. თუ ჰაერის დატენიანების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, მაშინ რეგულარული შესხურება აუცილებელი პროცედურა გახდება.
რატომ უხმება ადიანტუმს ფოთლები? ადიანტუმი ტენის მოყვარული მცენარეა. ყველაზე მეტად დაბალი ტენიანობის გამო მცენარის ფოთლები ზარალდება, რაც შემდეგ გამოიწვევს არა მარტო მცენარის ვიზუალური მხარის დაკნინებას, არამედ მთლიანად მცენარის დაღუპვას.
თუ აღმოჩნდა, რომ ჰაერის ტენიანობასთან პრობლემა არ გვაქვს და ადიანტუმის ფოთლები მაინც ფუჭდება, მაშინ ყურადღება ლოკაციას უნდა მივაქციოთ. ამ გვიმრას არ უხდება ორპირი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია სუფთა ჰაერის გარეშე. თუ ხელსაყრელი პირობები შევუქმენით, თბილ სეზონებზე რეკომენდებულია ადიანტუმის ღია ცის ქვეშ გატანაც კი. სხვა შემთხვევაში ოთახი ხშირად უნდა გავანიავოთ.
როგორ გადავარჩინოთ გვიმრა? თუ ვხედავთ, რომ მცენარის ვიზუალური მხარე დაკნინდა და გვიმრა გაფუჭებას იწყებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი არ არსებობს. მთავარია დავადგინოთ მცენარის ასეთი რეაგირების მიზეზები და ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ მდგომარეობა.
ყურადღებით დავაკვირდეთ მცენარეს, დავათვალიეროთ ქოთანი, გრუნტი და ისე გამოვიტანოთ დასკვნა.  დავრწმუნდეთ, ხომ არ არის დაავადებული გვიმრა რომელიმე მავნებლის გამო (ეს შეიძლება იყოს ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფქვილისებური ცრუფარიანა და ა.შ.) თუ პრობლემა ფესვებზე ან გრუნტზე გამოირიცხა, არ დააყოვნოთ და სასწრაფოდ გამოცვალეთ მიწა, დაამუშავეთ მცენარე საჭირო პრეპარატებით.
როგორ გავაახალგაზრდაოთ ძველი ბუჩქი? როგორც წესი, ვენერას თმას ბუჩქს ყოფენ და ახალი ამონაყრის ხარჯზე ხდება მცენარის განახლება. ადიანტუმს არ მოსწონს ფესვების შეწუხება, მაგრამ თუ სწორად გავყოფთ ბუჩქს, მაშინ მცენარის განახლებას დიდი პრობლემების გარეშე შევძლებთ. ანუ, ვაშრობთ გრუნტს, ფრთხილად ვიღებთ მცენარეს ქოთნიდან, ხელით გყოფთ ბუჩქს, ისე, რომ თითოეულ განაყოფზე ვტოვებთ 2-3 ფოთოლს, ვრგავთ ახალ გრუნტში და ვუქმნით ადაპტაციისათვის ხელსაყრელ პირობას. ცხადია, რომ მცენარეს მაინც დაუზიანდება რაღაც რაოდენობა ფესვები, მაგრამ, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ბუჩქი მალევე გაიხარებს. უფროს საგრძნობ შედეგს მივიღებთ, თუ მცენარეს გავიტანთ სუფთა ჰაერზე.
რაც შეეხება მცენარის სპორებიდან გაზრდას, ეს საკმაოდ რთული  და ხანგრძლივი პროცესია და მისმა გამოყენებამ შეიძლება ვერ მოგცეს სასურველი შედეგი.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
ასევე იხილეთ სტატია ადიანტუმის შესახებ: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/534-veneras-tma.html
12 June 0 246

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно