გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

პელარგონიების მოვლა — ზოგადი რჩევები

ხასხასა ყვავილებითა და სურნელოვანი ფოთლებით, პელარგონიები დიდი ხნის ფავორიტი მცენარეებია, როგორც სახლის, ისე ეზოს მცენარედ. მიეცით მზე და კარგად დრენაჟირებადი ნიადაგი კონტეინერებსა თუ გაზონებში და მთელი ზაფხული სიამოვნებას არ მოგაკლებენ. ადვილად უძლებენ გვალვას, მაგრამ არა ყინვას. ამიტომ, შემოდგომაზე, ტემპერატურის მკვეთრად დაცემამდე, გამოსაზამთრებლად შინ შეიტანეთ.

ყველაფერირაც უნდა იცოდეთ ვიდრე დაიწყებდეთშეარჩიეთ პელარგონიები პელარგონიები კაშკაშა, მხიარულად მოყვავილე მცენარეებია. ამიტომ, თუ თვალწარმტაც, გვალვისადმი გამძლე ქოთნის ყვავილებს ეძებთ, პელარგონიები დიდებული არჩევანია. ამ მცენარეს უამრავი სახეობა აქვს (არ უწოდოთ შეცდომით ჯიში. ჯიში არის პელარგონია, მის ნაირსახეობებს კი სახეობა ჰქვია) და წარმოგიდგენთ ზოგიერთ აუცილებელ ცნობას, რაც მათ მოვლაში უნდა გაითვალისწინოთ.

საზაფხულო ფერები არსებობს პელარგონიის სამი ძირითადი ტიპი, რომლებიც მთელი თბილი სეზონის განმავლობაში გაგახალისებენ:

ზონალური: ამ სახის პელარგონიები ადვილად იზრდება ქოთნებში, მზიან ადგილებზე. მრავალი მათგანი მიმზიდველი ყვავილებით გამოირჩევა, ყვავილის ფურცლებზე სხვა და სხვა ფერის ზონებით; სწორედ აქედან მოდის მათი სახელიც. მცენარე მაღლა მზარდი და ბუჩქოვანია წვნიანი ღეროებით. აქვთ მარტივი ან რთული ფორმის ყვავილთა კლასტერები წითელ, ნარინჯისფერ-ვარდისფერ, ვარდისფერ ან თეთრ ფერთა ნაზავში.

სამეფო: პელარგონიის კიდევ ერთი პოპულარული ტიპია, რომელიც ზონალურებზე ოდნავ ადრე იწყებს ყვავილობას. გამოირჩევიან უზარმაზარი, საოცრად მიმზიდველი ყვავილებით, რომლებიც გადადის მოვარდისფრო-იისფერში, ვარდისფერში, მეწამულში ან თეთრში.

ანგელოზი: ეს ტიპი სამეფო პელარგონიებს ჰგავს, მაგრამ არის უფრო კომპაქტური და დაბუჩქული. ყვავილის ფურცლის ზედა ნაწილებში მუქი შეფერილობა, ყვავილს იაჟუჟუნას იერს აძლევს. ბრწყინვალე არჩევანია ქოთნებისთვის როგორც შინ, ისე გარეთ.

მცოცავები (ამპელურიფოთლის ფორმის გამო, მათ სუროსფოთლიან პელარგონიებს უწოდებენ (საქართველოში ძირითადად ამპელურ პელარგონიებად მოვიხსენიებთ). მათ ძირითადად ჩამოსაკიდ ქოთნებში რგავენ, რათა ღეროები გვერდებიდან დაბლა თავისუფლად ჩამოიზარდოს. მათი ყვავილები მრავალ სხვა და სხვა ფერშია და გამოირჩევიან დიდხანს ყვავილობით, მას შემდეგაც კი, რაც ზონალურ პელარგონიათა დიდი ნაწილი შემოდგომით ყვავილობას დაასრულებს.

დარგვა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნოყიერი, ისე ნეიტრალური ან მჟავე ნიადაგი. პელარგონიას დიდწილად სრული მზე უყვარს. თუმცა, სამეფოებს ნაწილობრივი ჩრდილი ურჩევნიათ, ზონალურები კი გარკვეულ დაჩრდილვასაც გუობენ.

მორწყვა და სასუქებით კვება პელარგონიები წყლის დიდად მოყვარული მცენარეები არ არიან და შესაბამისად, გაზაფხული-ზაფხულში მორწყეთ ზომიერად, ფრთხილად იყავით, რომ ნიადაგი ზედმეტად სველი არ იყოს. თუ ზაფხულში ოთახში გიდგათ, ხშირად გაანიავეთ. ზამთარში მწირად მორწყეთ, დანამვის დონეზე, ისე, რომ მორწყვებს შორის ნიადაგი გამოშრეს.

პელარგონიები კარგად რეაგირებენ სასუქებით კვებაზე. შესაბამისად, გამოიყენეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად, ყოველ 10-14 დღეში ერთხელ გაზაფხულზე და ზაფხულში. მას შემდეგ, რაც ყვავილობას დაიწყებს, გამოიყენეთ კალიუმის მაღალი შემცველობის სასუქი, ორკვირიანი შუალედებით მთელი ზაფხულის განმავლობაში. მრავალი სახეობა ყვავილობას 7-10°C-ზეც აგრძელებს, მაგრამ ამ დროს, შემოდგომაზე სასუქი მხოლოდ თვეში ერთხელ მიეცით, ზამთარში კი სრულად შეწყვიტეთ.

გამოზამთრება გამოსაზამთრებლად არსებობს რამოდენიმე მეთოდი:

მეთოდი 1: გამოზამთრება მოჭრილი ტოტების დაფესვიანებით ეს მეთოდი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუკი ბევრი მცენარე გაქვთ გამოსაზამთრებელი, განსაკუთრებით კი ისინი რბილღეროიანი, მაგალითად, ზონალური ტიპის პელარგონიებია. ეს მეთოდი უფრო საიმედოა, ვიდრე მათი ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში შენახვა, მაგრამ მოითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას,

შემოდგომის ბოლოს მოაჭერით რბილი ღეროები.

ჩარგეთ მიწიან ჭიქაში და დაფესვიანების შემდეგ, გამოაზამთრეთ კარგად განათებულ ფანჯრის რაფაზე.

ზამთარში მორწყეთ მხოლოდ ოდნავ, დანამვის დონეზე, ისე, რომ მორწყვებს შორის მიწა გამოშრეს.

ზამთრის ბოლოს მიეცით დაბალანსებული თხევადი სასუქი ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად.

ზამთრის ბოლოსვე, ღეროებს წვერები წააწყვიტეთ, რათა წაახალისოთ მცენარის დაბუჩქვა.

შუა გაზაფხულზე, ეს ნერგები დაახლოებით 9-სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ქოთნებში გადარგეთ. მას შემდეგ, რაც ყინვის საშიშროება აღარ იქნება, შეგიძლიათ გარეთ გატანა.

მეთოდი 2: გამოზამთრება ქოთნებით, მინის ქვეშ მიმართეთ ამ მეთოდს, თუ მცირე ოდენობით მცენარე გაქვთ გამოსაზამთრებელი. შეგიძლიათ მცენარეს აქტიური ზრდა შეუნარჩუნოთ ან მიაძინოთ, რაც მინის ორანჟერეის ზომაზეა დამოკიდებული.

მეთოდი 3: შიშველი ფესვებით გამოზამთრება ეს მეთოდი ყველაზე ნაკლებად საიმედოა და გამოსადეგია მხოლოდ გამაგრებული ღეროების მქონე ძირებისთვის. თუმცა, თუ დიდი ოდენობით მცენარე გაქვთ და ადგილის პრობლემა შეგექმნათ, ცდად ღირს.

პირველ ყინვამდე, ამოიღეთ მცენარე მიწიდან ან ქოთნიდან და ფესვებიდან მიწა მოაცილეთ.

ჩაალაგეთ მცენარეები ყუთებში და მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც არ ყინავს და დაელოდეთ, ვიდრე ღეროები გამოშრება. ამის შემდეგ, მცენარეები გაზეთში გაახვიეთ და ავტოფარეხის ან საკუჭნაოს (სადაც არ ყინავს) სახურავზე თავდაყირა ჩამოკიდეთ.

შეამოწმეთ მცენარეები ადრე გაზაფხულზე. რომლებსაც სიცოცხლის ნიშნები ეტყობა, გამოსადეგია. პირველ რიგში ფესვები წყალში ჩააყოფინეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ქოთნებში გადარგეთ. მოათავსეთ თბილ, განათებულ ადგილას და მორწყეთ ძალიან მწირად.

მას შემდეგ, რაც ყინვის საშიშროება აღარ იქნება, გამოცოცხლებული მცენარე გაიტანეთ.

გასხვლა ბევრი პელარგონია ბუნებრივად არ იბუჩქება. თუკი გაზაფხულზე ღეროებს წვერებს წააწყვეტთ ან გადაჭრით, მცენარე კარგად დაიბუჩქება. რეგულარულად შეაცალეთ მკვდარი ფოთლები, ყვავილები ან ღეროები, რითაც ხელს შეუწყობთ უხვ ყვავილობას.

პრობლემები პელარგონიები ადვილად მოსავლელი მცენარეებია, მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

ჰაერის ცუდმა ცირკულაციამ და ნესტიანმა გარემომ შეიძლება მცენარის ლპობა გამოიწვიოს.

პელარგონიას შეიძლება ვირუსი შეხვდეს, რომელიც წვენის მწოველ მწერებს გადააქვთ, მაგალითად, ტრიფსებს. ვირუსების გავრცელება შეიძლება მოხდეს სასხლავი ხელსაწყოებითაც, მაკრატლით ან სეკატორით.

ქოთანში მზარდ მცენარეებს ზოგჯერ აზიანებენ ვაზის ცხვირგრძელა ხოჭოების ჭუპრები.

მცენარე ასევე შეიძლება დააზიანონ ჭრიჭინობელას მსგავსმა მწერებმა, ფესვის მწერებმა და ფრთათეთრამ.

ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი 
ჩვენი ჯგუფი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

გამოყენებული რესურსები:rhs.org.uk gardenersworld.com  masterclass.com

30 April 0 7 528

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно