გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

შავი პილპილი (Piper nigrum) ქოთანში

შავი პილპილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აუცილებელი ინგრედიენტია არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამზარეულოში. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ეს არის ულამაზესი, მუქი მწვანე ფოთლებისა და საინტერესო ნაყოფის მქონე ლიანა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში შავი პილპილის მოსავლის მიღება სანუკვარი ოცნების რუბრიკიდანაა, ზოგიერთი ფლორისტი არ ნებდება და  სიამოვნებით ამდიდრებს თავის კოლექციას ამ საოცარი მცენარით.
შავი პილპილი(Piper nigrum), იგივე მალაბარის კენკრა, ძლიერი, დიდი, მსხვილფოთლიანი და ნახევრად მერქნიანი ლიანაა, რომელიც ბუნებაში 15მ-ს აღწევს. მაგრამ, სახლის პირობებში მცენარე 2მ-მდე იზრდება. ფოლებს კვერცხისებური ფორმა აქვს, მუქი მწვანე, ტყავისებური ზედაპირით. ზოგჯერ ფოთლებზე ჩნდება ქარვისებური მძივი, რომელიც თანდათან შავდება. ლიანა შეიარაღებულია საჰაერო ფესვებით, რომლის მეშვეობითაც ითვისებს საჭირო ტენს.
პილპილს საოცარი ყვავილობა აქვს-ყვავილედი იმდენაც მცირე და შეუმჩნეველია, რომ შეიძლება ვერც აღვიქვათ, რასაც ვერ ვიტყვით ნაყოფზე. დროთა განმავლობაში ნახევრად გახევებულ მარცვლებიანი მძივი წითლდება. ნაყოფის მძივი 7-14სმ-ს აღწევს. ყვავის და მოსავალს მცენარე იძლევა მინიმუმ ორჯერ წელიწადში. ხოლო 25 წლის ასაკის ზემოთ, პილპილის ლიანას შეუძლია ნაყოფი გამოიღოს მთელი წლის მანძილზე. იქედან გამომდინარე მოსავლის დამწიფებისას რომელ ფაზაში ხდება ნაყოფის აღება და დამუშავება, ღებულობენ შავ, მწვანე, თეთრ და ვარდისფერ პილპილსაც კი.  სახლის პირობებში მცენარე შეიძლება აყვავდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მცენარე იშორებს ყვავილის მძივს და ნაყოფს არ იძლევა.
იმისათვის, რომ პილპილი გავზარდოთ სახლის პირობებში, მოგვიწევს მისთვის ბუნებრივი პირობების იმიტირება, ანუ, სახლში უნდა შევქმნათ ინდოეთის ჰავა.
მცენარის განთავსება: შეცდომით ეს მცენარე ჩრდილისამტან მცენარედ ითვლება, რადგან დეკორატიული მიზნებისათვის გამოიყენება ხოლმე სამხრეთ რეგიონებში, სადაც სინათლის დღე საგრძნობლად გრძელია და განათება საკმაოდ ინტენსიური. პირდაპირ მზის სხივებს უმჯობესია ლიანა მოვაშოროთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ განჯრის რაფები ყველაზე მოსახერხებელი იქნება მცენარის დეკორატიულობის მიღწევისათვის. მაგრამ, ზამთრის პირობებში აუცილებელი იქნება ხელოვნური განათების დამატება, რადგან განათებული დღის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 12-14 სთ-ს.
ტემპერატურა: სითბოსმოყვარული პილპილი რათქმა უნდა კარგად იტანს ზაფხულის სიცხეს, მაგრამ მაინც, უპირატესობას ანიჭებს +23°-+27° ტემპეერატურულ დიაპაზონს. ზამთარში შესაძლებელია ტემპერატურის დაწევა +16°-+20° დიაპაზონში და მცენარე იწყებს მოსვენებას. პილპილის ლიანისათვის დასაშვები მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +12°. უფრო დაბალ ტემპერატურაზე მცენარე იღუპება. პილპილს უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი, მაგრამ მცენარე უნდა მვარიდოთ ორპირს. თუ ზაფხულში ღამის ტემპერატურა იძლევა ამის საშუალებას, შესაძლებელია მცენარის გატანა ღია ცის ქვეს, დაჩრდილულ არეალზე.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: პილპილის ლიანა მოითხოვს უხვ მორწყვას ზაფხულში და ფრთხილ დატენიანებას ზამთარში. გრუნტში ზედმეტ სინესტეს შავი პილპილი ვერ იტანს, მაგრამ უფრო სახიფათო არის ნიადაგის საგრძნობი გამოშრობა-მცენარე ირწყვება მაშინ, როდესაც გაშრება 2-3სმ-ზე გრუნტის ზედა ფენა. ქოთნიდან ჩამონაჟონი წყალი უნდა გადაიღვაროს. ზამთრის სეზონზე ვაშრობთ გრუნტის ფენას 4-5სმ-ზე და შემოდგომიდან ვამცირებთ მორწყვას. ლიანას არ მოსწონს ხისტი, ონკანის წყალი. უმჯობესია გამოვიყენოთ ან გაფილტრული, ან გადადუღებული, გამოხლილი, ან სულაც, წვიმის წყალი.
ჰაერის ტენიანობა: ტენიანობის იდეალური მაჩვენებელი არის 80%. ზაფხულში შესალებელია ტენიანობა გავზარდოთ ხშირი შესხურებებით, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი და ჰაერის დატენიანების სხვა მეთოდებსაც უნდა მივმართოთ.
კვება: საკმარისია აქტიური ზრდის პერიოდში, კლასიკური სასუქის ორ კვირაში ერთხელ გამოყენება სტანდარტული დოზით. მეტი ეფექტისათვის შესაძლებელია ორგანული და მინერალური სასუქების ჩანაცვლება.
გასხვლა: სასურველი ფორმის მიღებისათვის შეიძლება ზედმეტი ტოტების მოჭრა და წაგრძელებული მცენარის მოკვეცა. ასევე ეჭრება დაზიანებული და დაბერებული ტოტები.
გადარგვა, გრუნტი: არ უყვარს ამ მცენარეს გადარგვა. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეხებით, როცა ფესვთა სისტემა აღარ ეტევა ქოთანში და გარეთ გამოდის. გადარგვის დროსაც მცენარის ფესვები არ უნდა დაზიანდეს, ამიტომ მცენარე „გადაგვაქვს“ ახალ ქოთანში, ისე, რომ მხოლოდ ის მიწა მოშორდეს, რაც თავისით ჩამოიყრება. ლიანას უყვარს მაღალი საკვები ღირებულების მსუბუქი გრუნტი. უნივერსალურ გრუნტში უმჯობესია დამატებით გაერიოს ქვიშა, პერლიტი, სფაგნუმი, და ხის ქერქის წვრილი ფრაქცია, რომ ამდაგვარად გაიზარდოს ჰაერგამტარობა. შესაძლებელია ორქიდეებისათვის განკუთვნილი სუბსტრატის გამოყენება, ოღონდ საჭირო იქნება მიწის გარევა. აუცილებელია დრენაჟის მაღალი შრე ქოთანში, ხოლო გრუნტის საერთო მჟავიანობა უნდა შეადგენდეს pH 5,5-6,5. მცენარე უკეთესად იზრდება პლასტმასის ქოთანში.
დაავადებები და მავნებლები: ლიანას შეიძლება დასცვივდეს ფოთლები გრუნტის გამოშრობის გამო, ან პირიქით, ზედმეტი მორწყვის გამო.  ანალოგიური რეაქცია შეიძება ქონდეს სინათლის უკმარისობისას. ყველაზე ხშირად პილპილი ავადდება სიდამპლით. მცენარეს არ ეშინია  მავნებლების ფოთლების შხამიანობისა და არომატის გამო, თუმცა ფრთათეთრას ეს ხელს არ უშლის. ამიტომ, დროულად უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა.
გამრავლება: საქმე იმაშია, რომ ამ მცენარეს სათბურებისა და მაღაზიების დახლებზე ვერ ნახავთ. მასზე გაჩაღებულია ნამდვილი ‘ნადირობა“.  მისი გამრავლება მარტივად შეიძლება კალმებით, იქნება ეს წვეროდან მოჭრილი, თუ გვერდითა ტოტები. მთავრია, რომ კალამს ქონდეს რამოდენიმე სააერო ფესვი. დაკალმება უკეთესია გაზაფხულზე, თუმცა პროცესის წარმატებისათვის საჭიროა საკმაოდ მაღალი ტემპერატურა +25°-+30°.  გრუნტად გამოიყენება მისთვის განკუთვნილი სტანდარტული ნიადაგი. მაგრამ აუცილებელია კალმის დასათბურება.
რაც შეეხება თესლიდან გამრავლებას, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, სათესი მასალის ხელმიუწვდომლობის გამო. საკვებად განკუთვნილი მარცვლიდან მცენარის გაზრდა წარუმატებელი ექსპერიმენტია, რადგან შავი პილპილის მარცვლები წარმოადგენს ჯერ ისევ მოუმწიფებელ და საკვები მიზნებისათვის სპეციალურად დამუშავებულ ნედლეულს. უფრო მეტი, შეიძლება შეძენილ სათესლე მასალის დათესვამაც არ მოგვცეს სასურველი შედეგი.
ჩვენი ჯგუფი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი
28 March 0 3 065

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно