გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ბერლანდიერა (Berlandiera),შოკოლადის გვირილა

ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც წარმოშობით მექსიკიდანაა მიეკუთვნება ასტრისებრთა ოჯახს. ასეთი სახელი, ბერლანდიერა, მან მიიღო XIX საუკუნის ბელგიელ-ფრანგი ექიმისა და ბოტანიკის დიდი მოტრფიალის, ჟან ლუი ბერლანდერის საპატივსაცემოდ.

ბერლანდიერა წარმოადგენს გვირილის მსგავს მცენარეს, რომელიც სიმაღლეში 10-60სმ მერყეობს. ყვავილის ფურცლაკების ზედაპირი კვასკვასა ყვითელი აქვს, უკანა მხარე წითელ-მოყავისფრო ძარღვებით შეიარაღებული, ხოლო გული შოკოლადისფერი. მცენარის განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი არის მისი საოცარი სურნელი, რომელიც რძიანი შოკოლადის არომატს წააგავს. არომატი განსაკურთებით მძაფრია დილას, რიჟრაჟზე, ხოლო როცა მზის სხივები უფრო ინტენსიური ხდება და ტემპერატურა მაღლა იწევს, არომატი სუსტდება და შუადღისათვის საერთოდ ქრება. ყოველ დილას ეს „შოკოლადის გვირილა“ ისევ და ისევ აბრუებს გარემოს თავისი გემრიელი სუნით. 

მცენარე ყვავის ივნის-აგვისტოში. დაყვავილების შემდეგ ფურცლაკები ცვივა, ხოლო დარჩენილი გული იღებს ძრიანი შოკოლადის ფერს და სფეროსებრ ფორმას. ისე, რომ არ კარგავს თავის პეწს. ბერლანდიერას ფოთლები მოგრძო და დატალღულია. თავიდან ფოთოლს აქვს რძისფერი მწვანე შეფერილობა, ხოლო შემდეგ, როცა უკვე მცენარე იწყებს ყვავილობას, მოცისფრო მწვანეში გადადის.

მოვლის პირობები ბერლანდიერა უპირატესობას ანიჭებს მზიან ადგილს, თუმცა იტანს ნახევარ ჩრდილსაც. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვს, ხარობს ყველანაირი ტიპის მიწაში, უბრალოდ არ მოსწონს ზედმეტი სინესტე გრუნტში. თუმცა, ყვავილობის დროს მოითხოვს ინტენსიურ მორწყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილობა არ იქნება მდიდრული და ფუშფუშა.

კარგი ისაა, რომ ეს მრავალწლიანი მცენარე იტანს ყინვებს, იდეაში საქართველოს პირობებში არ უნდა შეექნას გამოზამთრებს პრობლემა, მაგრამ -20° ყინვაზე შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ, საჭრო იქნება თადარიგის დაჭერა გამოზამთრების პირობების შესაქმნელად (მულჩირება, შეფუთვა და ა,შ). მრავლდება როგორც თესლით, ასევე ძირების დაყოფით, უმარტივესად. საერთო ჯამში, მოვლის პირობები დიდად არ განსხვავდება გვირილას მოვლის პირობებისაგან: ყვავილობისას ინტენსიური მორწყვა, ნიადაგის გამდიდრება მინერალური სასუქებით თვეში ერთხელ, ნიადაგის აფუება და ა.შ.

ბერლანდიერას უმეტეს წილად ახარებენ ღია ცის ქვეშ, ბაღებსა და აგარაკებზე, მაგრამ გვხვდება ქოთნებშიც ფანჯრების რაფებზე. სასწაულ გამაში ჯდება ეს მცენარე ალპურ ლანდშაფტურ დიზაინში. კარგად გამოიყურება სხვა ანალოგიური ფორმის მცენარებთან ან ბუჩქებთან ერთად. სილამაზითა და არომატით მხოლოდ შოკოლადის კოსმეა თუ გაუწევს კონკურენციას. ეს ორი მცენარე ერთად თავისი არომატებით ფრანგული კაფეტერიის ეფექტს ქმნის.

ყვითელი ბერლანდიერა ყავისფერ ფურცლაკებიანი კოსმეასა და თეთრ, ყვითელგულიან გვირილასთან ტანდემში საოცრად ეფექტური სანახავია. თუ ვინმეს აქვს სურვილი თავისი ბაღისათვის შექმნას „ქანთრის“ სტილში ვიზუალურად და არომატით გამორჩეული სავიზიტო ბილიკი, მაშინ ეს მცენარეები თქვენს სამსახურში იგულეთ.
ჩვენი გუნდი facebook - ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.

იხილეთ ასევე: გვირილას მოვლის შესახებ სტატია https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/758-bagis-gvirila-dakavshirebulia-siyvarultan-romantikastan-da-dzalian-tkbil-emociebtan.html 


22 May 0 1 436

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно