გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ოთახის გამწვანება,საიდან და როგორ დავიწყოთ

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ გაამწვანოთ თუ არა თქვენი საცხოვრებელი სივრცე და თან არც კი იცით საიდან დაიწყოთ, მაშინ ჩვენ რამოდენიმე არგუმენტს შემოგთავაზებთ, თუ რატომ აქვს აზრი მცენარეების მოვლას. ჯერ ერთი, რომ მცენარეებით გარემოცული გარემო საოცარ მყურდოებას იძენს. მეორე, მცენარეები აჯანსაღებენ და ასუფთავებენ გარემოს. მესამე, მცენარეების მოვლა-პატრონობა ძალიან კარგი თერაპიაა. მეოთხეც ისაა, რომ, მცენარეების მოვლა სულაც არ არის რთული, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს ჩვენი გუნდი, რომელსაც შეუძლია სასარგებლო რჩევების მიცემა. ასე, რომ შემოგვიერთდით!

ოთახის გამწვანებისათვის შემოგთავაზებთ  რამოდენიმე პოპულარულ  მცენარეს, რომელთა მოვლა ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

სპატიფილუმი სად დავდგათ: სპატიფილუმი კარგად იზრდება გაფანტულ სინათლეზე, უყვარს სითბო, მაგრამ უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს. მცენარე მაშინაც ლამაზია, როცა არ ყვავის, ამიტომ ბუნებრივია, რომ უნდა დაიდგას გამოსაჩენ ადგილზე, თუნდაც იქ, სადაც რთულად აღწევს მკვეთრი სინათლე. ეს მცენარე ყვავის გაზაფხულზე, მაგრამ, თუ მოეწონა გარემო, შემოდგომითაც გამოიტანს თეთრ ყვავილებს.

როგორ მოვრწყათ: ზაფხულში სჭირდება უხვი მორწყვა, ზამთარში-ნაკლები ტენი. სასურველია ფოთლებზე წყლის ზომიერი შესხურება.

როდის გადავრგათ: გადარგვა სჭირდება ყოველ წელს, გაზაფხულობით. ამ დროსვე კარგი იქნება ძირის დაყოფაც, თუ გეგმაში გვაქვს მცენარის გამრავლება. არ გადარგათ მცენარე, თუ ბუჩქი მეჩხერია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილობა გაჯანჯლდება. 

დრაცენა სად დავდგათ: დრაცენა ყველაზე კარგად თავს გრძნობს მსუბუქ ჩრდილში. მკვეთრი სინათლე არ მოქმედებს მცენარეზე კარგად, ფოთლებზე შეიძლება გაჩნდეს მუქი ლაქები. მაგრამ, თუ დრაცენას დავდგავთ სიბნელეში, მაშინ ფოთლებზე დაყოლილი ღია ფერის ზოლები გაფერმკრთალდება და მცენარე დაკარგავს დეკორატიულობას. ამიტომ, განთავსების ოპტიმალური ადგილია  აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯრები, სადაც იქნება საკმარისი სინათლე, რომ მცენარემ არ დაკარგოს სილამაზე. თუ დრაცენას შესაბამსად დავაფორმირებთ, შეგვიძლია მივამსგავსოთ პატარა პალმას, ამისათვის საკმარისი იქნება წვეროს მოჭრა.  

როგორ მოვრწყათ: გრუნტი არ უნდა გამოშრეს, ამიტომ ბუნებრივია ზაფხულში ვრწყავთ უხვად, ზამთარში მორწყვას ვამცირებთ და ფოთლებზე წყალს ვასხურებთ რეგულარულად.

როდის გადავრგათ: ახალგაზრდა დრაცენა უმჯობესია გადაირგას ყოველ გაზაფხულზე, აქტიური ვეგეტაციის პერიოდში. ზრდასრული ირგვება 3-4 წელიწადში ერთხელ.

ამერიკული აგავა სად დავდგათ: აგავას ბუნებრივი გარემო უდაბნო და ნახევარუდაბნოა. აქედან გამომდინარე მცენარეს სჭირდება კარგი დრენაჟი, მზე, სუფთა ჰაერი და ზომიერი მორწყვა აქტიური ზრდის პარიოდში. ხოლო ზამთარში მცენარეს სჭირდება სიგრილე და სიმშრალე, რომ კარგად გადაიტანოს მოსვენების პერიოდი. თუ აგავას სწორედ შევურჩიეთ ადგილი, საკმაოდ მალე იზრდება, ამიტომ მუდმივი განთავსების არეალი უმჯობესია იყოს ფართო.

როგორ მოვრწყათ: გაზაფხულიდან-შემოდგომამდე ირწყვება გრუნტის გამოშრობის შემდგომ. უპირატესობას ანიჭებს სუფთა ჰაერს, ამიტომ ოთახი ხშირად უნდა განიავდეს. ზამთარში საკმარისია 2-3 თვეში ერთხელ მორწყვაც კი. 

როდის გადავრგათ: გადარგვა სჭირდება გაზაფხულზე ოდნავ დიდ ქოთანში.

პილეა პეპერომიასებრი სად დავდგათ: პილეას ფოთლები მრგვალია და ფულის მონეტებს წააგავს, ამიტომ ამ მცენარეს ჩინური ფულის ხესაც ეძახიან. ცუდად გადააქვს სიცივე და ორპირი, ამიტომ ზამთარში ფანჯრის რაფაზე განთავსება არარეკომენდირებულია. სჭირდება მკვეთრი ან გაფანტული სინათლე, მაგრამ ვერ უძლებს პირდაპირი მზის სხივებს. მცენარე რომ ფუშფუშა გახდეს და გამოიტანოს გვერდითი ღეროები, საჭიროა წვეროს გადაჭრა.  

როგორ მოვრწყათ: სჭირდება უხვი მორწყვა გაზაფხულიდან შემომდგომამდე, მაგრამ მორწყვებს შორის გრუნტს აცდიან გამოშრობას. მოსწონს ნესტიანი ჰაერი, ამიტომ ხშირად სჭირდება წყლის შესხურება ფოთლებზე.

როდის გადავრგათ: გადარგვა სჭირდება გაზაფხულზე და ირგვება ოდნავ დიდ ქოთანში. 

ქლოროფიტუმი სად დავდგათ: მცენარე საოცრად უხდება ინტერიერს, გრძელი, ლანცეტისებური დაშვებული ფოთლები ლამაზი, მწვანე კასკადის ეფექტს ქმნის. უპირატესობას ანიჭებს გაფანტულ სინათლეს და იტანს ზომიერ ჩრდილსაც კი, თუმცა ამ დროს შეიძლება ფოთლებს დაეკარგოს სიხასხასე. რეკომენდირებულია მცენარე დაიდგას სამზარეულოში, რადგან იქ მისთვის საკმარისი ტენი შეიძება დაგროვდეს და თან შთანთქავს მავნე ნივთირებებს და ასუფთავებს ჰაერს. მცენარეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე საძინებელშიც კი ათავსებენ ხოლმე. 

როგორ მოვრწყათ: მცენარე კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს და მორწყვებს შორის გრუნტის გამოშრობას. მაგრამ ზაფხულში სჭირდება შედარებით უხვი მორწყვა, ყოველ მე-3 დღეში. ზამთარში საკმარისია კვირაში ერთხელ. დეკორატიულობის შენარჩუნებისა და მცენარის ჰიგიენისათვის, სასურველია თვეში ერთხელ თბილი შხაპის მოწყობა, რომ ასე ჩამოირეცხოს ფოთლებიდან მტვერი.

როდის გადავრგათ: ქლოროფიტუმი ირგვება მაშინ, როდესაც მცენარის ფესვები ქოთნის ზედაპირზე ამოდიან. გადარგვა რეკომენდირებულია გაზაფხულზე, საორიენტაციოდ 1-2 წელიწადში ერთხელ.   გამოცდილი ფლორისტები ერთ მარტივ პროგნოზს ვიძლევით - როგორც კი თქვენ თავად დაიწყებთ საკუთარი მცენარეების მოვლას, ვეღარ გაჩერდებითJ ეს ისეთი ლამაზი და ჩამთრევი გამოცდილებაა, ნამდვილად ღირს გარისკვად. წარმატებები თქვენ!
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

ხათუნა კალატოზიშვილი

17 April 0 4 170

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно