გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

რიფსალიდოფსისი,დეკემბერას გაზაფხულის მეწყვილე

რიფსალიდოფსისი, ერთ-ერთი უხვად და დიდებულად მოყვავილე კაქტუსია. ეს მცენარე შლუმბერგერასთან ვიზუალური მსგავსების გამო ბევრ გაუგებრობას ქმნის მოყვარულ ფლორისტებში. მაგრამ, გარდა სხვა ნიშნებისა, ამ ნათესავებს განასხვავებს ძირითადი რამ-ყვავილობის სეზონი. ყვავილობასთანაა დაკავშირებული მათი ზედმეტი სახელებიც, შლუმბერგერა, ანუ იგივე დეკემბერა, ყვავის დეკემბრის თვეში, საშობაოდ. რიფსალიდოფსისი, იგივე აღდგომის კაქტუსი, ყვავის გაზაფხულზე. მცენარებს შორის სხვა განმასხვავებელი ნიშნები დაკავშირებულია ზრდასთან, ვეგეტაციის ან მოსვენების პერიოდთან და ა.შ.

რიფსალიდოფსისი, არის ამპელური, ეპიფიტური კაქტუსი დაკიდული ღეროებით და წარმოდგენილია საკმაოდ საინტერესო ფორმებით. ყლორტის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს ნახევარ მეტრსაც კი. ყლორტების სეგმენტები ცალკე აღწევენ 6სმ სიგრძესა და 3სმ სიგანეში, იტოტებიან და ქმნიან ლამაზ, მწვანე, დაკბილულ კასკადს. ღეროები მასაც შლუმბერგერასავით დაკბილული აქვს, თუმცა კბილანები უფრო მომრგვალებული ფორმისაა. ღეროს კიდეზე შეიძლება დასდევდეს მოწითალო კანტი და შიგადაშიგ აღჭურვილი იყოს ბუსუსებით ან წვრილი ეკლებით.

ყვავის ეს მცენარე ზამთრის მოსვენების პერიოდის შემდეგ გაზაფხულძე, მარტი-აპრილის თვეში. რადგან ხშირად მისი ყვავილობა ემთხვევა სააღდგომო დღესასწაულებს, ამიტომ დაიმკვიდრა აღდგომის კაქტუსის სახელი. მილისებური, კარსკვლავა ყვავილები სიმეტრიული, სწორი ფორმისაა. მათი ფურცლაკები არ იხვევა (განსხვავებით შლუმბერგერასაგან) არამედ სწორი და დაქვეტილია. რიფსალიდოფსისი ყვავილებს იკეთებს არა მხოლოდ კიდეეებზე, არამედ ყლორტების მთელს სიგრძეზე (კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი შლუმბერგერასაგან) და კიდევ უფრო ლამაზ ხდის დაკბილულ მწვანე კასკადს.

ეს კაკტუსი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მაგრამ ძირითადი პრობლემა, რომელსაც აწყდებიან მოყვარულები, არის მისი გამოზამთრების აუცილებლობა, რომლის გარეშეც ეს მცენარე არ ყვავის.

განათება: უყვარს განათებული ადგილი, მაგრამ უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს. იდეალურია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფანჯრები, მაგრამ თუ ეს შესაძლებლობა არ არსებობს და ოთახის ფანჯრები სამხრეთ მიმართულებაზე გადის, მაშინ უმჯობესია მცენარე დაიდგას ფანჯრიდან მოშორებით. კიდევ ერთი თავისებურება-რიფსალიდოფსის არ უყვარს ადგილის ცვალებადობა, ამიტომ, საგულდაგულოდ უნდა შევურჩიოთ მუდმივი განთავსების ადგილი. ყვავილობის პერიოდში მცენარეს ხელს არ ვახლებთ (!) - როგორც კი წამოიღებს კოკრებს, მცენარე უნდა იდგეს გაუნძრევლად. ხოლო აქტიური ვეგეტაციის პერიოდში უმჯობესია შემოვატრიალოთ ხოლმე, რომ მცენარეს ყველა მხარეს თანაბრად მოხვდეს სინათლე და სიმეტრიულად განვითარდეს.

ტემპერატურა: აქტიური ზრდის პერიოდში ოპტიმალურია ოთახის ტემპერატურა +18°-25°. უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარე ითხოვს ჰაერის მაღალ ტენიანობასა და ვენტილაციას. ალტერნატიული ვარიანტია სიცხეში გავიტანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ დავჩრდილოთ პირდაპირი მზის სხივებისაგან.

იმისათვის რომ მივაღწიოთ რიფსალიდოფსისის ყვავილობას, საჭიროა შევუქმნათ გრილი მოსვენების პერიოდი იანვარ-თებერვლის თვეებში და თუ შესაძლებლობა იქნება სიგრილე მოვუწყოთ უფრო ადრეც. გამოზამთრების ოპტიმალური დიაპაზიონია +10°-14°. ამ დროს მაინც მოხდება კოკრების ფორმირება, ხოლო +15° და ზემოთ, ყვავილობას არ უნდა ველოდოთ. მცენარეს უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ აუცილებელია სათავსოს განიავება.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: მცენარე ვერ იტანს ზედმეტ დატენიანებას, თუმცა მორწყვა მისთვის, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში აუცილებელია. მორწყვისას უმჯობესია ქოთნიდან წყალი კარგად ჩამოიწუროს და გადაიღვაროს. მომდევნო მორწყვამდე გრუნტის ზედა ფენა უნდა გამოშრეს, მაგრამ მიწის მთლიანად გაშრობა სახიფათოა. მოსვენების პერიოდში მორწყვა საერთოდ მცირდება. მცენარე ირწყვება მხოლოდ იმიტომ რომ ფესვები და ყლორტები საბოლოოდ არ გახმეს.

წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და დარბილებული. უმჯობესია გამოვიყენოთ გაფილტრული წყალი, ან და ონკანის, მაგრამ ნადგამი. მცენარეს უყვარს მაღალი ტენიანობა. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ჰაერის დატენიანებაზე. ყლორტებს უხდებათ წყლის შესხურება, მაგრამ არა ყვავილებს ან კოკრებს (!).

კვება: სასუქების გადაჭარბება ისეთივე სახიფათოა, როგორც უკმარისობა. კვება იწყება აქტიური ვეგეტაციის ფაზაში, საორიენტაციო ყვავილობის პერიოდის დაწყებამდე, ერთი თვით ადრე. გამოიყენება კაქტუსებისთვის ან მომყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქი. ზავდება ნაკლები კონცენრტაციით (2-ჯერ ნაკლები) და მცენარეს კვებავენ 3 კვირაში ერთხელ.

გასხვლა: დასაშვებია მხოლოდ სანიტარული გასხვლა. სცილდება ყველა დაავადებული და მომჭკნარი ყლორტი და მუშავდება გადაჭრის ადგილები. დიდი სურვილის შემთხვევაში შეიძლება წვეროების მოჭრა უფრო ფუშუშა ბუჩქების ფორმირებისათვის.

გადარგვა: რეკომენდირებულია 2-3 წელიწადში ერთხელ, ყვავილობის დასრულებისას, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაიზრდება მცენარე. რიფსალიდოფსისი უმჯობესია ვამყოფოთ მსუბუქ და წყალგამტარ გრუნტში, როგორიც სუკულენტებს სჭირდებათ. ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა უნდა იყოს 5.0-6.0 pH.

ქოთანში უნდა გაკეთდეს კარგი სადრენაჟე შრე-4სმ მაინც. გადარგვა უნდა განხორციელდეს უფრთხილესად, ისე, რომ არ დაზიანდეს მყიფე და ნაზი ფესვები. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილის მდებარეობას გრუნტში-ეცადეთ ისეთივე სიღრმეზე დარგოთ, როგორც მანამდე იყო, ზედმეტად ჩაღრმავება გააფუჭებს მცენარეს. ნიადაგი სულ ოდნავ უნდა დაიტკეპნოს. გადარგვის შემდეგ მცენარე უნდა განთავსდეს დაჩრდილულ ადგილზე და ფრთხილად მოვწრყათ. მოვლის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით მაშინ, როცა იქმნება ზრდის და განვითარების ხილული ნიშნები.

დაავადებები და მავნებლები: რიფსალიდოფსისი იწელება, ცვივა და დეფორმირდება ღეროები სინათლის, ჰაერის ტენიანობისა და არასწორი მორწყვის შემთხვევაში. ძალიან მალე ლპება ზედმეტი მორწყვის და ცივ ამინდებში ფოთლების დასველების შემთხვევაში. თუ მცენარემ შეაჩერა ზრდა, ეს იმის ნიშანია, რომ ან სინათლე აკლია, ან გრუნტი გამოიფიტა.

მავნებლები ამ მცენარეზე ხშირად არ გვხვდება, მაგრამ შეიძლება დასახლდნენ ფარიანები, აბლაბუდა და ფქვილისებური ტკიპები. დაკვირვებამ აჩვენა, რომ უმჯობესია პირდაპირ პესტიციდებით დამუშავება. დაავადებების შემთხვევაშიც საჭიროა მეყსეული რეაგირება, დაავადებული ნაწილების მოჭრა და ფუნგიციებით არაერთგზის დამუშავება.

გამრავლება: სპეციალური და გამოყვანილი ჯიშების გამრავლება შესაძლებელია მხოლოდ კალმებით. 2-3 სეგმენტიანი კალამი უნდა მოეტეხოს (და არა მოეჭრას!) ნაზად დატრიალებით. ფესვიანდება წყალში, ქვიშაში, სუბრტრატში, საფარის ქვეშ ან მის გარეშე. კალამი წყალში არ უნდა ჩაიძიროს, საკმარისია 3-4მმ ჩაღრმავება. ქვიშაზე და სუბსტრატზე კალამს უბრალოდ დებენ. ჩვენი გუნდი facebook _ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

10 March 0 4 876

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно