პორტულაკი (დეკორატიული დანდური),თესლიდან გამოყვანა

გრუნტის მომზადება: პორტულაკის დათესვა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის წყალგამტარ გრუნტში. უმჯობესია მიწაში გავურიოთ ქვიშა 1/5 პროპორციით და ხის ნახშირი. მაგრამ, რეკომენდირებული არ არის გამოვიყენოთ ტორფირებული და ორგანული ნივთიერებებით გაჯერებული მიწა. ჩითილებისათვის კონტეინერი არ უნდა იყოს ღრმა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აუცილებელია დრენაჟის შრის გაკეთება. კონტეინერის ზომა დამოკიდებულია სათესი მასალის რაოდენობაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის წყალი, რომელიც დავჭირდება არა მხოლოდ ჩითილების გამოსაყვანად, არამედ შემდგომში მცენარის მოსავლელადაც. წყალი უნდა იყოს რბილი, ოთახის ტემპრატურის, ან ონკანის, ნადგამი.
თესლის დამუშვება და დათესვა: თესლის დათესვა სასურველია მარტის თვეში. თუ შესაბამისი ტემპერატურა და განათება ექნება, შესაძლებელია ჩითილების გამოყვანა თებერვალშიც დავიწყოთ. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე გვიანი პერიოდი არის აპრილის პირველი დეკადა.
კონტეინერში აუცილებლად კეთდება კარგი დრენაჟი, იყრება მომზადებული გრუნტი, სწორდება ზედაპირი ისე, რომ მიწა არ დაიტკეპნოს და ინამება. თესლის გრუნტზე განლაგებისათვის გვჭირდება გარკვეული აკურატულობა, მარცვლებს შორის დაშორება სასურველია იყოს 1 სმ მაინც. ამიტომ აზრი აქვს უწვრილესი მარცვლების გრუნტზე დალაგებისათვის გამოვიყენოთ ასანთის ღერი ან კბილის ჯოხი. თესლი სასურველია ჩავაღრმავოთ გრუნტში 1 სმ-ზე, ან ზემოდან გადავაფაროთ მიწის თხელი ფენა. დათესვის შემდეგ გრუნტს დასველება აღარ სჭირდება, ასევე არ სჭირდება თესლს დამუშვება დათესვამდე. კონტეინერს გადააფარეთ ცელოფანი, ან შუშა.
ჩითილების შემდგომი აღმოცენებისათვის ორი რამ არის საჭირო, სითბო და სინათლე. კონტეინერი უნდა დაიდგას +25° ტემპერატურაზე და საკმაოდ განათებულ ადგილას. თუ არ გვაქვს საკმარისი სითბო ან სინათლე, საჭირო იქნება ხელოვნური განათების დამატება. დამატებითი ძალისხმევა ტემპერატურისა და განათების ორგანიზებაში არ დაგვჭირდება, თუ თესლის გამოყვანას გვიან შევუდგებით, მაგრამ ამ დროს ყვავილობაც გვიანი გვექნება.
როგორც კი ფოთლები გამოჩნდებიან, კონტეინერს უნდა მოესხნას ცელოფანი, ან შუშა და ვიზრუნოთ გრუნტის დატენიანებაზე. ზედმეტი სისველე დამღუპველია ჩითილებისათვის.
ჩითილების გადარგვა(პიკირება): ამ პროცედურის ჩატარება მაშინ არის აუცილებელი, თუ დათესვა განხორციელდა არა ცალობით, როგორც ზემოთაა აღწერილი, არამედ თესლის მოფანტვით. ჩითილები უნდა გადაირგას მაშინ, როდესაც 3-4 ფოთოლს გაიკეთებს. ჩითილები ირგვება 5 სმ დაშორებით, ან ცალკე ერთეულ ქოთნებში. თუ დათესვა განხორცილედა ზემოთ მოყვანილი მეთოდის მიხედვით (1სმ დაშორებით), ჩითილს გადარგვა არ სჭირდება, შესაძლებელია მთლიანად კონტეინერის, ან მისი ფრაგმენტების გადატანა ქოთნებში, ან ღია გრუნტში.
ჩითილებს სჭირდებათ კარგი სინათლე. თუ არის განათების ნაკლებობა, ვიზრუნოთ ხელოვნურ განათებაზე. თუ შევამჩნევთ, რომ მცენარეები დაიწელა სიმაღლეში, მაშინ ეს იმის სიგნალია, რომ პრობლემა გვქვს განათებასთან. ჩითილები უნდა მოირწყას ფრთხილად, გრუნტი არ უნდა დატენიანდეს ზომაზე მეტად. ჩითილების კვება სასუქებით ან სტიმულატორებით რეკომენდირებული არაა.
პორტულაკს უყვარს სუფთა ჰაერი. ამიტომ, აზრი აქვს ჩითილების ჰაერზე გატანას, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ამინდი. ახალგაზრდა მცენარეების ასეთი განიავება ხელს უწყობს მათ გაკაჟებასაც. როცა კი გვექნება 6-7 ფოთოლი, მცენარეს შეუძლია გაუძლოს +10° კი.
საბოლოოდ ღია გრუნტში გადატანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა დასტაბილურდება და ღამით +10° მეტი იქნება. ქოთნებში გადარგვისათვის ამ პირობის დაცვა არაა საჭირო, რადგან დაბალი ტემპერატურის პირობებში შესაძლებელია ქოთნის ოთახში შეტანა. პორტულაკს არ უყვარს ძალიან ნაყოფიერი და მჟავე რეაქციის და მუდამ ტენიანი გრუნტი, მაგრამ უყვარს ბევრი მზე. საბოლოო განთავსების ადგილზე გადატანის დროს
შეგვიძლია გავზარდოთ მცენარეებს შორის დაშორება, ასე 15-20სმ-მდე. პორტულაკს, როგორც ვნახეთ სჭირდება წყლის კარგი გამტარობის გრუნტი, თუმცა ამავე დროს, საჭიროებს ხშირ და აკურატულ მორწყვას, განსაკუთრებით, თუ მცენარე ქოთანში გავქვს განთავსებული. ღია გრუნტში მორწყვა უფრო იშვიათად არის საჭირო, ვიდრე ქოთნის შემთხვევაში. პორტულაკებს დამატებით არ კვებავენ.
ღია გრუნტში დათესვა: ღია გრუნტში პორტულაკი უფრო გვიან ითესება, ვიდრე კონტეინერებში. საჭიროა შესაბამისი კლიმატური პირობები, რომელიც სტაბილურდება აპრილის თვისათვის. იდეაში უფრო ადრეც შეიძლება დათევა, მაგრამ თუ ტემპერატურამ დაიწია, მაშინ იქმნება ჩითილების გაფუჭების საშიშროება. დათესვის წინ ადგილი კარგად უნდა მომზადდეს, გრუნტი ფხვიერდება, მდიდრდება, შეიძლება დაეყაროს ახალი ფენა. თესლი ითესება ზემოდან მოყრით. დათესვის სიმარტივისათვის უმჯობესია თესლი ქვიშაში გაირიოს და ისე მოეპნეს ზედაპირზე. ნათესი პერიოდულად უნდა დაინამოს.
გამრავლების ალტერნატიული მეთოდები: პორტულაკის გამოყვანილი, საუკეთესო ჯიშები, ჰიბრიდები, ყოველთვის ვერ მრავლდება თესლით. ამიტომ, თუ განსაკუთრებული პორტულაკი ვნახეთ, აზრი აქვს კალმების შენახვას. თუმცა, ჯერ უნდა გამოვაზამთროთ დედა მცენარე დაბალ ტემპერატურაზე და მხოლოდ გაზაფხულზე ავაჭრათ კალმები. დაფესვიანება შესაძლებელია როგორც წყალში, ისე ქვიშაში.
პორტულაკის თესლის აღება საკმაოდ მარტივი პროცესია. დაყვავილებული ყვავილი იკეთებს სათესლე კოლოფს, სადაც მწიფდება წვრილი, მუქი ფერის თესლი. თუ დროზე არ ავიღეთ თესლი, მიწაში ჩაცვივა და მარტივადაც აღმოცენდება, უბრალოდ, მცენარემ შეიძლება ვერ მოასწროს ყვავილობა.
ჩვენი ჯგუფი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი