არმა - ორანჟერეების დედოფალი
არმა, იგივე დიდფესვება ალოკაზია (Alocasia Macrorrhizos), წარმოშობით ავსტრალიისა და ოკეანეთის ტროპიკებიდანაა, თუმცა ეს მცენარე აზიის ტერიტორიაზეც გვხვდება. ორიგინალური ფორმის გამო ბევრი სახელი აქვს, „სპილოს ყურები“, ასევე „მტირალა არმა“. საკმაოდ პოპულარულია მისი არაპრეტენზიულობისა და შესანიშნავი ფორმის გამო, არმა დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს, იქნება ეს სახლი თუ ოფისი. ეს არის მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარე, რომელიც ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში უზარმაზარი იზრდება-2.5 მეტრი სიმაღლეში. აქვს მოკლე და მძლავრი ღერო და დიდი ზომის ფოთლები, მკვეთრად გამოხატული, რელიეფური ძარღვებით.
არმა სხვა ალოკაზიებისაგან განსხვავდება უპირველეს ყოვლისა ზომებით, და მას აქვს სამკურნალო თვისებებიც, მაგრამ, მისი ფოთლის წვენი მავნებელია, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ან მოწამვლა და ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ბავშვების და შინაური ცხოველების გამო. სახლის პირობებში ალოკაზია იშვიათად ყვავის. 5-7 წლის შემდეგ, თუ ხელსაყრელი პირობები შეექმნა, ივლისიდან სქტემბრის ჩათვლით, შეიძლება დაგვაჯილდოვოს ულამაზესი და არომატული ყვავილით. მცენარე საკმაოდ გრძელ 30 სმ. სიგრძის ყვავილედს იკეთებს. ყვავილს მომწვანო-მოკრემისფრო შეფერილობა აქვს, ხოლო ნაყოფი წითელი ან ალუბლისფერი, თუმცა საკვებად უვარგისია. ყვავილობისას არმა გამოყოფს არომატს, რომელსაც შეუძლია თავის ტკივილი და თავბრუსხვევა გამოიწვიოს, ამიტომ, სათავსო, სადაც მოყვავილე არმა დგას, კარგად უნდა ნიავდებოდეს.
ტემპერატურა: მცენარე სითბოს მოყვარულია, ოპტიმალური ტემპერატურა არის +25-28° წელიწადის თბილ სეზონზე, ხოლო ზამთარში უმჯობესია არ დაიწიოს +17° დაბლა.
განათება: არმას კარგი, ძლიერი, მაგრამ გაფანტული სინათლე უყვარს. ალოკაზია უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს, რომ არ მივიღოთ მზის ან სითბური დამწვრობა. ხოლო, ნაკლებად ნათელ სეზონზე აუცილებლობის შემთხვევაში, აზრი აქვს დამატებითი ხელოვნური განათების მოწყობას.
მორწყვა და კვება: არმა უხვ მორწყვას საჭიროებს, დამდგარი და ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი წყლით. დაუშვებელია, როგორც გრუნტის გამოშრობა, ასევე ზედმეტი წყლის გაჩერება ქოთნის ძირზე. ზაფხულში არმა ხშირად, თითქმის დღეგამოშვებით უნდა მოიწყას. ზამთარში, ბუნებრივია, ველოდებით გრუნტის ზედაპირის გამოშრობას. მორწყვებს შორის დაშორება დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე.
ვეგეტაციის პერიოდში, ანუ, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, არმას სჭირდება კვება ისეთი სასუქით, სადაც კალიუმის შემაგდენლობა იქნება მაღალი. კვებას საჭიროებს ორ კვირაში ერხელ, მაგრამ სასუქის მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული დოზის განახევრებული კონცენტრაციით. თუ მცენარე კარგავს ფერს, მაგრამ არ ხმება, ეს იმის ნიშნია, რომ არმას არ ყოფნის კვება. ამიტომ უნდა შევაშველოთ სასუქი დეკორატიული, ფოთლოვანი მცენარეებისათვის.
გადარგვა - გადატანა: თუ მცენარის ფესვები ამოიწვერა გრუნტიდან, ეს ნიშანია, რომ არმა გადასარგავია. როგორც წესი, მსგავსი რამ 2 წელიწადში ერთხელ ხდება. არმას ზრდა დამოკიდებულია ქოთნის სიდიდეზე, რადგან საკმაოდ მძლავრ ფესვთა სისტემას სჭირდება დიდი სივრცე. ქოთანი უნდა იყოს განიერი და მაღალი. ალოკაზიას მოსწონს სუსტად მჟავე ან ნეიტრალური და ფხვიერი ნიადაგი (pH 5,5 - 6). მცენარე ვერ იტანს ტენს ქოთანში, ამიტომ სასურველია გაკეთდეს კარგი დრენაჟი ქოთნის 1/3 მაინც. სუბსტრატის მომზადება მარტივია, ფოთლოვანი მიწა, წიწვოვანი მიწა, ტორფი 1:1:1.
გამრავლება: არმას გამრავლების თითქმის წყველა წესი არსებობს:
თესლით - ითესება გრუნტის ზედაპირზე და იფარება ან მინით, ან ცელოფნით. საჭიროა განთავსდეს თბილ ადგილზე, +24-25° ტემპერატურის პირობებში. ნათესი ხშირად უნდა დაინამოს წყლით და განიავდეს სათბური. თესლის აღმოცენებისათვის საჭიროა დაახლოებით 30-40 დღე. პატარა ჩითილებს უკეთებენ პიკირებას პატარა ქოთნებში და ათავსებენ ტენიან და თბილ ადგილზე.
ძირით - დიდ მცენარებს ახასიათებს ფესვებიდან ამონაყრის გაკეთება. ის ადგილი, სადაც მცენარე გეგმავს შვილების გამოზრდას, უფრო შავდება და ჩვენ შეგვიძლია „მივეხმაროთ“ არმას-ამოვაჭრათ პატარა ჩითილი და გადავიტანოთ სხვა ქოთანში.
ფესვით - გადარგვის დროს შესაძლებელია ბასრი დანით ამოიჭრას ფესვის ის ნაწილი, სადაც ექნება მუხლი/კვირტი/ამონაზარდი. მოჭრილი ნაწილები მუშავდება ნახშირით, სასურველია ფესვის ამონაჭერი გაშრეს და ჩაირგას ქვიშისა და ტორფის ნაზავში. საკმარისი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში მცენარე საკმაოდ მალე დაიწყებს ზრდას.
ფოთლით - შეიძლება მოიჭრას ქვედა ფოთოლი, დამუშავდეს ნახშირით. დაფესვიანებისათვის სასურველია სტიმულატორის გამოყენება, და ჩაირგას ნესტიან ხავსში, ან ქვიშისა და ტორფის ნაზავში. 3-4 კვირის შემდეგ მცენარე დაიწყებს ფესვების გამოტანას.
დაავადებები და მავნებლები: რადგან აკოლაზიის წვენი შხამიანია, მავნებლებიც მასზე იშვიათად გვხვდება. მაგრამ, არმა მაინც შეიძლება დაავადდეს აბლაბუდა ტკიპათი, რომელიც ფოთლის უკანა მხარეს სახლდება. მავნებლის გაჩენა დაბალ ტენიანობასთან არის კავშირში. ამიტომ, უნდა ავწიოთ ტენიანობა, შევასხურით ფოთლებს წყალი, გავწმინდოთ ფოთლები ან შევწამლოთ ინსექციდით.
ყველაზე ხშირად ალოკაზია არმა ფესვების ლპობით ავადდება. ამის მიზეზი გრუნტში ან ტენის სიჭარბეა, ან სადრენაჟე ფენის არასოწრი ფორმირება. ფესვების დაავადება მალევე აისახება ფოთლებზე, ფოთლები ყვითლდება და ჭკნება. ამ შემთხვევაში ერთად-ერთი გამოსავალი დამპალი ძირის მოცილება, გადანაჭრელ ადგილზე სააფთიაქო ნახშირის მოყრა და სწორ ქოთანში და გრუნტში გადარგვაა. აუცილებლად(!) საჭიროა სადრენაჟე ფენის გაკეთება ქოთანში.
ზედმეტი ტენის გამო, განსაკუთრებით ამინდის ცვლილების დროს, არმას ფოთლები გამოდევნიან წყალს და ფოთლის წვეროზე იკეთებენ წვეთებს, მცენარე თითქოს იწყებს „ტირილს“. ჩვენი გუნდი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი