კლეროდენდრუმი,უგანდის ცისფერი პეპელა
აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, უგანდისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის, გადაჭიმულია მთათა მასივი, რუვენზორის სახელწოდებით. სწორედ აქ არის ამ ულამაზესი, ცისფერყვავილებიანი მცენარის სამშობლო. მრავალი მოყვარული და პროფესიონალი ფლორისტი არ უშვებს შესაძლებლობას, რომ იქონიოს კოლექციაში ეს მცენარე და მოიწონოს თავი. იმასაც კი ამბობენ, რომ სამშობლოში ამ ტროპიკულ მცენარეს ბედისწერის ხეს ეძანიან და მისი მფლობელისთვის ბედნირება მოაქვსო.
უგანდაში კლეროდენდრუმი სწრაფად იზრდება და ეხვევა სხვა მეზობელ ხე-მცენარეებს. აქვს მუქი მწვანე, დაკბილული, გრძელი, პრიალა და არც თუ ისე სასიამოვნო არომატის მქონე ფოთლები. მცენარე მარადმწვანეა და იშვიათად იშიშვლებს ღეროებს, ისიც არახელსაყრელი მოვლის პირობებში. ყვავილები ფორმით პეპელას გავს-ნაზი ცისფერი შეფერილობით, ცენტრალური მომელნისფრო ფურცლით და გრძელი მოხრილი მტვრიანებით. კლეროდენდრუმი ყავილობას ადრეულ გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე ყვავის. ზამთრის დასაწყისისათვის აცხადებს ხანმოკლე შესვენებას და მალევე გამოაქვს ახალი კოკრების მთელი მტევანი.
განათება: კლეროდენდრუმი უმჯობესია განვათავსოთ მზიან ოთახში, რადგან ძალიან უყვარს სინათლე, მაგრამ უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს. მცენარის ფორმირება შესაძლებელია სხვადასხვანაირად, ან როგორც ჯუჯა ხე, ან ბუჩქი, ან მცოცავი ლიანა. მაგრამ ყვავილობას მივაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება: მკვეთრი სინათლე, მაღალი ტენიანობა, საჭირო ტემპერატურა, უხვი წყალი.
მორწყვა: კლეროდენდრუმს ძალიან უყვარს ტენი, მაგრამ ბუნებრივ პირობებში კარგად იტანს ხანმოკლე გვალვასაც. მორწყვისა და დანამვისას უმჯობესია გამოვიყენოთ თბილი, ნადგამი წყალი. ირწყვება მხოლოდ მაშინ, როდესაც გრუნტის ზედა ფენა გამოშრება. ზედმეტი წყალი სახიფათოა, რადგან გრუნტში წყლის დაყოვნებამ შეიძება გამოიწვიოს ფესვების ლპობა. რაც შეეხება შესხურებას, წელიწადის ნებისმიერ დროს, იქნება ეს მცენარის ზრდის, ყვავილობის, თუ მოსვენების პერიოდი, აუცილებელია.
გასხვლა: ყვავილედი ფორმირდება მცენარის მხოლოდ ახალგაზრდა ყლორტებზე. მცენარე საჭიროებს გასხვლას, რადგან არ გაიწელოს სიმაღლეში და რომ მოხდეს ახალი ყლორტების გამოტანის პროვოცირება. მცენარე ისხვლება ან ყვავილობის დასრულებისას ნოემბერში, ან ადრე გაზაფხულზე. უმჯობესია დარჩეს ტოტების სიგრძის 2/3. თუ სურვილი გვაქვს, რომ შტამპის ხესავით დავაფორმიროთ, ძირითადი ღეროდან იჭრება გვერდითა ყლორტები და წვერო. მცენარე ღებულობს ხის ფორმას, მაგრამ ღერო სუსტია და საყრდენს საჭიროებს. თუ არ გავსხლავთ მცენარეს, მაშინ მივიღებთ მცოცავ ლიანას, რომელსაც არ ისე მდიდრული ყვავილობა ექნება.
გადარგვა: აუცილებელია მცენარეს შევურჩიოთ სწორი გრუნტი. შეგვიძლია თავად გავაზავოთ დაბალი მჟავიანობის მქონე სუბსტრატი: ნეშომპალა, ტორფი, კორდის ან ფოთლოვანი მიწა და მდინარის ქვიშა თანაბარი პროპორციით 1:1:1:1. ქოთნის ძირში, რა თქმა უნდა, კეთდება სადრენაჟე ფენა. კლეროდენდრუმი საკმაოდ მალე იზრდება და თითქმის ყოველ წელს, ადრე გაზაფხულზე საჭიროებს გადარგვას უფრო დიდ ქოთანში.
კვება: უმჯობესია გამოვიყენოთ სასუქი, სადაც ძირითადი კომპონენტები იქნებიან ფოსფორი და კალიუმი, თვეში ორჯერ ზრდისა და ყვავილობის პერიოდში.
გამრავლება: თუ მცენარეს თბილ სეზონებზე გავდგავთ აივანზე, ან სადმე, ღია ცის ქვეშ, ქარი, ფუტკრები და სხვა მწერები დაგვეხმარებიან მცენარის დამტვერვაში და ხელით ჩარევა არ დაგვჭირდება. თესლი ითესება ხელსაყრელ გრუნტში და სათბურდება, ბუნებრივია პერიოდული დანამვებითა და ჰაერის განიავებით. შემდეგ, როცა ჩითილები მოიზრდებიან, რგავენ ცალ-ცალკე.
მცენარე მრავლება დაკალმების საშუალებითაც. ამისათვის სასურველია გამოვიყენოთ კალამი, რომელზეც ექნება ორი ან სამი მუხლი. ფესვიანდება ან წყალში, ან პირდაპირ მიწაში ქილის ქვეშ.
დაავადებები და მავნებლები: მცენარის ფოთლები შეიცავენ ისეთ ზეთებს, რომლებიც ანიჭებენ უსიამოვნო, სპეციფიკურ სუნს, რაც მაინდამაინც არ მოსწონთ მავნებლებს. ამიტომ, კლეროდენდრუმი იშვიათად ავადდება. მაგრამ არსებობენ ისეთი მწერები, რომელებიც მცენარის ასეთ სუნს არ უფრთხიან, ასე მაგალითად, ფრთათეთრა, ჯავშანა ტკიპა, ბუგრი. მავნებლების დახვევისას, მცენარე უნდა გასუფთავდეს და აუცილებლად შეიწამლოს ინსექციდით.
სხვა შემთხვევაში მცენარე ავადდება, თუ დარღვეულია მოვლის პირობები. ფოთლები ხმება და ცვივა გრუნტის გამოშრობისას, ყვითლდება და სუსტდება ზედმეტი მორწყვისას. თუ ფოთლებზე გამოშრობა ან შავი წერტილები შევამჩნიეთ, გამოდის, რომ მცენარე დგას ორპირში.
არ ყვავის კლეროდენდრუმი იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა მოვლის წესები:
· გრუნტში აიწია აზოტის შემადგენლობამ:
· მცენარეს არ ყოფნის მიკროელემენტები:
· მცენარეს აკლია განათება:
· დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი:
· საჭიროებს გადარგვას:
· არ გაიარა მოსვენების პერიოდი. უხვი ყვავილობისა და ჯამრთელი ფორმისათვს კლეროდენდრუმს სჭრდება მოსვენება და გამოზამთრება. ამ დროს მცირდება და შემდეგ საერთოდ წყდება კვება, საგრძნობლად მცირდება მორწყვა და მცენარე თავსდება გრილ ოთახში +15° მდე.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი