ბარაქის ხის - კრასულას სასწრაფო რეანიმაცია

ბარაქის ხე, კრასულა - საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა.საკმარისია შესაფერისი ნიადაგი,სწორი განათება და მორწყვა,რომ ის მრავალი წლის განმავლობაში განიჭებდეთ სიხარულს. კრასულა სუკულენტური მცენარეა,მისი მოვლა საკმაოდ მარტივია,სწორედ ამის გამო ფასობს იგი.თუმცა სამწუხარო შემთხვევებიც ხდება.როგორ გადავარჩინოთ მწვანე ბინადარი? რა ხდება მისი დაღუპვის მიზეზი და როგორ გადავარჩინოთ ის?

რატომ იღუპება კრასულა? როგორ მივხვდეთ რომ ის ფუჭდება?

· პირველი და უტყუარი ნიშანია ფოთლების დაყრა.ზრდასრული მცენარე პერიოდულად ყრის ფოთლებს ძველი,ასაკიანი ტოტებიდან,მაგრამ თუ ამ პროცესმა მთელი მცენარე მოიცვა და ფუჭდება ახალი ფოთლები - მცენარეს ესაჭიროება დახმარება.

· თუ მცენარის მთავარი ღერო დარბილდა და მოეშვა - ეს ჭარბი ტენიანობის ნიშანია.

· მუქი ლაქების გაჩენა მიგვანიშნებს,რომ მცენარემ მიიღო მზის დამწვრობა.

· ფოთლების გაშრობა და დანაოჭება - ეს უკვე არასაკმარისი მორწყვის მიზეზია.ხშირად შეამოწმეთ ნიადაგის ტენიანობა.

· თეთრი ნადები ფოთლებზე - მიგვანიშნებს ტკიპაზე. თუ მას ობის სუნი აქვს - ეს ნაცროვანი სოკოა და მცენარე საჭიროებს მკურნალობას.(არ აგერიოთ მოვერცხლისფრო ნადებში,რომელიც ახასიათებს ხანდაზმულ ფოთლებს).

· ფოთლებმა შესაძლოა მიიღოს მოწითალო ფერი,ეს საშიში არაა - როგორც წესი ასეთი მოვლენა მკვეთრი განათების დროს ჩნდება,როგორც კი გადადგამთ მცენარეს ნაკლები ინტენსივობის განათებაზე - ფოთლებს მწვანე ფერი დაუბრუნდება.

· მომცრო და წვრილი ფოთლები კვების უკმარისობაზე მიუთითებს.პრობლემას მოაგვარებთ დამატებითი კვების მიცემით,ამასთან ფოსფორის და კალიუმის შემცველობა აზოტზე მაღალი უნდა იყოს. მცენარის ჭკნობის მიზეზები

· მორწყვა. ჭარბი მორწყვა იწვევს ფესვების ლპობას,ფოთლების ცვენას და მცენარის დაღუპვას.გახსოვდეთ კრასულა სუკულენტია! ტენის ნაკლებობა მისთვის ნაკლებად დამღუპველია,ვიდრე სიჭარბე.

· სიცხე. ხანგრძლივი სიცხეც შეიძლება ფოთლების დაცვენის მიზეზი გახდეს.თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ფოთლები ისევ გაიზრდება.პირველი მიზეზისაგან განსხვავებით - ღერო ინარჩუნებს სიმკვრივეს და წვენს,ჩამოცვენილი ფოთლები კი მოყვითალო ფერისაა.

· სინათლის დეფიციტი. მზის სინათლის ნაკლებობის პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი) მცენარე შეიძლება დაავადდეს სინათლის უკმარისობის გამო.ეცადეთ ის ყველაზე ნათელ ადგილზე დადგათ,ან გამოიყენეთ დამატებითი განათება.კატეგორიულად არ გირჩევთ ჩრდილოეთის ფანჯრებში მის მოთავსებას.

დაავადებები: ყურადღება მიაქციეთ. 

1. ფუზარიოზული სიდამპლე - ჭარბი მორწყვის შედეგად გაჩენილი დაავადებაა.ლპება ფესვები,მცენარე მოშვებული და მორბილებულია.ახალგაზრდა ყლორტები სწრაფად კვდება და სცვივა.

2. სხვადასხვა სახის სოკოები და ბაქტერიები იწვევს მცენარეზე ყავისფერი ან ყვითელი ლაქების გაჩენას.ასეთი ფოთლები უნდა მოაცალოთ და მცენარე დაამუშავოთ სპეციალური პრეპარატებით.

3. ნაცარი - მოთეთრო ნადები რომელიც აზიანებს ფოთლებს,აქვს ობის სუნი,გამოწვეულია სოკოთი.

მავნებლები

1. ფარიანა - მასზე მიგვანიშნებს ყვითელი და მოყავისფრო ლაქები ფოთლებზე.

2. აბლაბუდიანი ტკიპი - პატარა ზომის თეთრი ან წითელი ხოჭოები.ფოთლებზე ჯერ ჩნდება წვილი ყვითელი წერტილები,შემდეგ კი მშრალი,მოყავისფრო ქერქი.

3. ფქვილოვანი ცრუფარიანა - მოგვაგონებს ბამბის ქულებს ფოთლებზე ან ფესვებზე.

4. თრიპსი - ჩნდება ზაფხულის სიცხეებში,ფოთლები ყვითლდება და ცვივა,მცენარე დახუნძლულია წვრილი,მოგრძო ხოჭოებით.

როგორ მოვიქცეთ თუ მცენარე კვდება?

1. დაარეგულირეთ მორწყვის რეჟიმი. მორწყვა საჭიროა ზომიერად,ნიადაგის შეშრობის მიხედვით,ზაფხულში საკმარისია კვირაში ერთხელ.ზამთარში,გრილად გამოზამთრებისას,მორწყვა შეამცირეთ თვეში 1-2 ჯერამდე.თუ მორწყვიდან ერთი საათის შემდეგ სადგამ თეფშზე წყალი შეინიშნება - ის უნდა გადაღვაროთ.

2. გადარგეთ მცენარე. ამ მეთოდით შესაძლოა მცენარე გამოცოცხლდეს,თუ მისი ფესვები ლპობას იწყებს.იგივე მეთოდი ეფექტურია მავნებლების შემჩნევის შემთხვევაში,რომლებიც მცენარის მიწისქვეშა ნაწილებს აზიანებენ. დაზიანებული ფესვები უნდა მოიჭრას და მოეყაროს დანაყილი აქტივირებული ნახშირი.მცენარე უნდა ჩაირგას ახალ ნიადაგში (მიწა,ტორფი,ქვიშა 2:1:2), აუცილებელია კარგი სადრენაჟე ნასვრეტები და დრენაჟის ფენა კერამზიტით,არანაკლებ 2 სმ.უმჯობესია ახალი ქოთანი შედარებით მომცრო აიღოთ.

3. სარწყავი წყალი. უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის,ნადგომი.ცივი წყალი შეიძლება მცენარის დაღუპვის მიზეზი გახდეს.

4. დაავადებებთან ბრძოლა. ფუზარიოზული სიდამპლის ან ნაცროვანი სოკოს შემთხვევაში მცენარე ახალ ნიადაგში უნდა გადაირგას,გადარგვის შემდეგ დაამუშავეთ ფუნდაზოლით ან ფიტოსპორინით და დაარეგულირეთ მორწყვის რეჟიმი.

5. მზით დანწვრობა. ნუ დადგამთ მცენარეს ზაფხულში მცხუნვარე მზის ქვეშ,ეს გამოიწვევს დამწვრობებს ფოთლებზე,მათ გაშავებას და დაცვენას.მსგავსი ნიშნების დროს მცენარე დადგით ჩრდილში.

6. მავნებლებით დაზიანება.

- აბლაბუდიანი ტკიპი - დაამუშავეთ ფოთლები აქტარით,ფიტოვერმით,აგრავერტინით.გამოიყენეთ ხალხური საშუალებებიც: თამბაქოს ნაყენი,საპნიანი ხსნარი.

- ფარიანა უნდა განადგურდეს სპირტიანი ან ნავთიანი ბამბის საშუალებით მცენარის გაწმენდით.ასევე საპნიანი ხსნარით დამუშავებით,რომელიც უნდა ჩამოირეცხოს სუფთა წყლით.პრეპარატებიდან დაგეხმარებათ ფიტოვერმი.

- ფქვილოვანი ცრუფარიანა - დაამუშავეთ სპირტით ან ერთერთი პრეპარატით: აქტარა,ტიოფოსი,ფიტოვერმი.აუცილებელია მცენარეს გაურეცხოთ ფესვები პრეპარატიან ხსნარში და გააჩეროთ შიგ 15 წუთი.

- თრიპსი - შეასხურეთ ნივრიანი ნაყენი(1 ჩ/კ დანაყილი ნიორი 1 ჭიქა წყალში),ან დაამუშავეთ ფიტოვერმით,კარატეთი.

გადარგვის და მორწყვის რეჟიმის დარეგულირების შემდეგ მცენარეს მიაწოდეთ კვება,მორწყვისას წყალში დაუმატეთ ერთერთი პრეპარატი: ეპინი,კორნევინი,ცირკონი.დაიცავით მითითებული ინსტუქციები.

თუ ბარაქის ხე გაიყინა

გაყინვა მაშინვე შესამჩნევია მცენარის გარეგნული იერის მიხედვით.ტოტები გამუქებულია,მორბილებული და მოშვებული,ხელით შეხებისას წყლიანი.ყველა დაზიანებული ადგილი უნდა მოაჭრათ და მოაყაროთ დანაყილი ნახშირი.თუ ნიადაგიც გაყინულია ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და დაათვალიერეთ ფესვები,დაზიანების შემთხვევაში შეაჭერით და გადარგეთ.შეასხურეთ ეპინი.თუ გადარჩა ცოცხალი ღეროები შეეცადეთ დააფესვიანოთ და გაზარდოთ ახალი მცენარე.

როგორც ხედავთ კრასულა არ არის რთულად მოსავლელი მცენარე,დაუთმეთ მას სულ ცოტა ყურადღება,დროულად დაეხმარეთ და ის მრავალი წლის განმავლობაში დაამშვენებს თქვენს სახლს. ბარაქის ხის სწორი გადარგვა ფოტოები მოცემულია სტატიის ქვემოთ

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი - სალთხუციშვილის
 


 

07 March 0 2 939
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно