კვირტები რატომ უჭკნება ორქიდეას?

შეიძლება პროვოკაციულად ჩანს, მაგრამ მცენარე ადამიანს გავს, მისი არსებობა დამოკიდებულია იმ გარემო ფაქტორებზე რომელშიც ხვდება. თუ მის გარშემო მიკროკლიმატი შესაბამისია, მაშინ არის ჯანმრთელი, ლამაზი და ყვავილობაც გასაოცარი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანივით იწყებს გადარჩენის რეჟიმზე გადასვლას და „იშორებს“ ყველაფერს, რაც ხელს უშლის სიცოცხლის შენარჩუნებაში, მათ შორის ყვავილების კვირტებსაც. ასე, რომ თუ ორქიდეას დასცვივდა კვირტები, ეს იმის ნიშანია, რომ მცენარე შველას ითხოვს.

ამ სტატიაში საუბარი იქნება იმ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტზე, როგორიცაა ორქიდეა ფალენოფსისის საყვავილე კვირტებისა, და რიგ შემთხვევაში, ახალი საყვავილე ღეროს ხმობა. ფალენოფსისების უმეტესობა ოქტომბერ-მარტის პერიოდში იწყებს ყვავილობას, რადგან ასეთია მათი გენეტიკური კოდი, მათ სამშობლოში ესაა ნაკლებ ნალექიანი, და შესაბამისად, ყვავილობისათვის შესაფერისი პერიოდი. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ამ პერიოდში ზამთარია, ანუ რადიკალურად განსხვავებული სეზონი და ამიტომ, ორქიდეომანებს გვიწევს ფალენოფსისების რეჟიმზე „გადაწყობა“.

მიუხედავად იმისა, რომ ფლორისტებმა შეძლეს და გამოიყვანეს ორქიდეა ფალენოფსისის უამრავი ჰიბრიდი, რომლებიც არც თუ ისე პრეტენზიულები არიან კლიმატური პირობების მიმართ, მაინც ხდება ეს სამწუხარო ფაქტი, რომელიც უამრავ ორქიდეომანს საგონებელში აგდებს.

კვირტების ჭკნობის მიზეზები სტრესული სიტუაცია ყველაზე ხშირად გავრცელებული მიზეზი მცენარისათვის საარსებო გარემოს შეცვლაა. შეძენის შემდეგ მცენარე სრულიად განსხვავებულ პირობებში ხვდება, განხვავებული განათება, ტენიანობა, ტემპერატურა, მოვლის რეჟიმი და სხვა მრავალი. ამიტომ, სამი-ოთხი დღის შემდეგ კვირტები იწყებენ რეაგირებას და ჭკნებიან. მთავარია, არ შევიძინოთ უკვე დაავადებული მცენარე, რომელსაც ან ფესვებზე ექნება პრობლემა, ან რაიმე ვირუსული დაავადებით არის დასუსტებული. კარგი იქნება, თუ შევძლებთ და გავიგებთ რა პრეპარატებს და სასუქებს იყენებდა მწარმოებელი სათბური.

განსაკუთრებული პრობლემები შეიძლება მცენარეს შეექმნას მაშინ, როდესაც უწევს ხანგრძლივი ტანსპორტირება ან ცხელ, ან ცივ სეზონზე. ნუ გაგვიკვირდებათ, თუ ახალ შეძენილ მცენარეს შევუქმნით იდეალურ პირობებს, მაგრამ მცენარე მაინც იყწებს ჭკნობას. საქმე იმაშია, რომ პირობების მკვეთრი ცვლა, ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც უკეთესობისაკენ, მაინც სერიოზული სტრესული ფაქტორია.

მაგრამ, თუ მცენარე ჯანმრთელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეგუება ახალ გარემოს და აგრძელებს ყვავილობას.

განათების უკმარისობა განათებას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, უდავოა, და ამიტომ, თუ მცენარეს აკლდება სინათლე, მზე, უჭირს აუცილებელი „საშენი“ მასალის გამომუშავება. მაშინ, როცა ორქიდეამ საყვავილეს ფორმირება დაიწყო, ანუ, შემოდგომაზე, საკმარისი იყო სინათლეც და მზეც. მაგრამ, შემდეგ დგება ზამთარი, მზის ენერგია იკლებს და მცენარეს არ ყოფნის ძალა განავითაროს კვირტი და რაც მთავარია განავითაროს თავად ყვავილი. ეს პრობლემა განსაკუთრებით თავს იჩენს ზამთრის სეზონზე, რადგან ფალენოფსისებისათვის განათებული დღის მინიმალურ ხანგრძლივობას 12 სთ. შეადგენს. ამიტომ, თუ ვამჩნევთ, რომ მცენარეს არ ყოფნის არსებული განათება, მაშინ ან უნდა შევუცვალოთ ადგილი (თუმცა ეს კიდევ დამატებით სტრესს გამოიწვევს, რადგან ორქიდეებს არ უყვართ ადგილის ცვალებადობა) ან ვიზრუნოთ დამატებით ფიტოგანათების მოწყობაზე. წინააღმდე შემთხვევაში მცენარე გადავა ე.წ. „ეკონომიურ“ და „გადარჩენის“ რეჟიმზე.

ტემპერატურული რეჟიმი ტენპერატურის მცირედი ცვალებადობა, განსაკუთრებით დღე-ღამის პერიოდში, პირიქით ძალიან კარგია ორქიდეასათვის. რაც შეეხება ტემპერატურის 14 გრადუსამდე ხანგრძლივი ვარდნა ან 40 გრადუსამდე ხანგრძლივი აწევა ცუდ გავლენას ახდენს მცენარის ყვავილობაზე. მაღალ ტემპერატურაზე ხდება ტენის ინტენსიური აორთქლება ფოთლების ზედაპირიდან და ამგვარად, მცენარეს ემართება გაუწყლოება. ასევე, არასასურველია მცენარის მორწყვა, ან ცივი წყლის შეშხუპება მაღალი ტემპერატურის დროს. ტემპერატურული რეჟიმი მჭიდრო კავშირშია ჰაერის ტენიანობასთან. აუცილებელი ბალანსის დარღვევის დროს ორქიდეა თავს შველის ყველაზე მოწყვლადი ორგანოს - კვირტის მოშორებით.

მშრალი ჰაერი ტროპიკული მცენარეებისათვის საარსებოდ აუცილებელია ტენიანი ჰაერის არსებობა. ორქიდეა ფალენოფსისი ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს, თუმცა 30% ტენიანობის პირობებშიც შეუძლია გაძლება. მაგრამ, თუ ჰაერი მშრალია და ამას თან ერთვის მაღალი ტემპერატურა, მაშინ მცენარის გამოშრობისა და ყვავილების კვირტების დაცვენის რისკი მაღალია. მაღალი ტემპერტურა აქტიურ აორთქლებას იწვევს, ხოლო მშრალი ჰაერის პირობებში ფესვთა სისტემა ვერ პოულობს საჭირო ტენს. მცენარე ცდილობს შეზღუდოს ნივთიერებათა ცვლა რაც უმეტეს შემთხვევაში კოკრების ხარჯზე ხდება. განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულის სეზონზე, როდესაც ოთახებში გამათბობლებია ჩართული. უნდა გვახსოვდეს, რომ კრიტიკული ზღვარი ტემპერატურის გათვალისწინებით ფალენოფსისისათვის არის 30-40% ტენი.

სუბსტრატისა და მცენარის შეციება ამ პრობლემას ცივი ზესონის დროს ვაწყდებით. წელიწადის ამ დროს მცენარის ტრანსპორტირება, ცივ სათავსოში განთავსება და ასევე ზაფხულში კონდენციოენრთან ახლოს დადგმა იწვევს მის გაციებას. ოთახის განიავება და ორპირი ზოგადად ცუდად მოქმედებს მცენარეზე, ხოლო ცივ სეზონზე, ჰაერის ცივი ნაკადების გავლენით, შეიძლება მცენარე მთლიანად გაფუჭდეს, აღარაფერს ვამბობთ კოკრებსა და ყვავილებზე. განსაკუთრებით სახიფათოა ამ შემთხვევაში მცენარის მორწყვა და ფოთლების დანამვა. ხანმოკლე დროის მანძილზეც კი მცენარის ასეთი „შეციება“ აუცილებლად გამოიწვევს კოკრების გაფუჭებას.

მორწყვის რეჟიმი მორწყვის რეჟიმის დარღვევა ნებისმიერი მიმართულებით, სიმცირე ან გადამეტება, იწვევს შეფერხებას ყვავილობაში. ფესვები ან ხმება, ან ლპება. მცენარე იწყებს რეაგირებას და როგორც არაერთხელ ვახსენეთ, გადადის თვითგადარჩენის რეჟიმზე. მორწყვაზე აქ დეტალურად აღარ გავრჩერდებით, შეგიძლიათ ნახოთ ცალკე სტატია საიტზე ამ თემასთან დაკავშრებით.

სასუქების მოხმარება ფალენოფსისების კვება ყვავილობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული, ზედმეტობა იწვევს კვირტების დაცვენას და ყვავილების ნაადრევ ჭკნობას. თუმცა, ყვავილობის პერიოდამდე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მცენარის შესაბამის მოვლაზე და მივცეთ ყველა საჭირო ნივთიერება, რომ ორქიდეამ არა თუ გამოიტანოს ძლიერი საყვავილე, არამედ მოახერხოს კვირტების განვითარება და გვქონდეს ხანგრძლივი ყვავილობა.

როგორც ვხედავთ, მიზეზები, რის გამოც ფალენოფსისმა შეიძლება დაყაროს ჯერ კიდევ გაუყვავებელი კვირტები, მრავალია. როდესაც ასეთი რამ ხდება, უნდა დავაკვირდეთ რა გარემოში იმყოფება ჩვენი მცენარე და რაც მთავარია, მოვერიდოთ ზედმეტად მორწყვას.

თუ გვინდა, რომ გვქონდეს ლამაზი ყვავილობა, სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

· ზამთარში ვამატებთ ხელოვნურ განათებას, სულ ცოტა 3-5 სთ;

· მცენარე მოვარიდოთ გამათბობლებს, ისე, რომ მასთან არ მიდიოდეს ცხელი ჰაერის ნაკადები;

· არსებული მიკროკლიმატიდან გამომდინარე ვირჩევთ მორწყვის რეჟიმს;

· ვზომავთ ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას;

· ვატენიანებთ ჰაერს: გამათბობელთან ვდგამთ ფართოპირიან წყლით სავსე ჭურჭელს, ან ვკიდებთ სველ პირსახოცებს, ან მცენარეს ვათავსებთ წყლიან კერამზიტზე, ან ვდგამთ ჰაერის დამატენიანებლებს და ა.შ;

· მცენარეს მოზომილად ვასხურებთ ოთახის ტემპერატურის, ან ოდნავ თბილ წყალს წვრილი ნაკადის მქონე პულივიზატორით;

· ვერიდებით კვირტებისა და ყვავილების დანამვას;

· ზაფხულში ვარიდებთ პირდაპირ მზის სხივებს და ცხელ ჰაერს;

· ვარიდებთ მცენარეს ორპირს, ნებისმიერ სეზონზე;

· კვირტების ჩამოყალიბებისას ვწყვეტთ მცენარის გამოკვებას;

· ყველაფერში ვირჩევთ ზომიერ მიდგომებს! სტატიის ავტორი: ხათუნა კალატოზიშვილი

07 March 0 1 310
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно