გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

წყალიკრეფიას გაზრდა,გამრავლება (Aquilegia)

ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, არსებობს 60- 120 სახეობა. იზრდება ჩრ, ნახევარსფეროს მთიან რეგიონებში. კულტურაში დაახლოებთ 35 სახეობა გვხვდება. მისი ლათინური სახელი ქართულად ასეც ითარგმნება - წყალი და შეგროვება. მცენარეს დიდი ხანია, იცნობენ ყვავილების მოყვარულები, მას ვხვდებით ლიტერატურაშიც - შექსპირის „ჰამლეტში „ ოფელია მის ძმას ლაერტს ამ მცენარეს სთავაზობს, რომელსაც ინგლისში - კოლუმბინას უწოდებენ.შუა საუკუნეების მხატვრებიც ხშირად გამოსახავდნენ ამ მცენარეს, რაც სულიწმიდას სიმბოლო იყო. აღწერა: მცენარეს გავითარების 2 წლიანი ციკლი აქვს - პირველ წელს ივითარებს ზრდის წერტილს, საიდანაც შემოდგომაზე ყვავილობის მერე ვითარდება ფესვის ახლო როზეტი, გაზაფხულზე ეს ფოთლები კვდება და ფოთლების მეორე თაობა იზრდება, მათ ცენტრში ამოდის საყვავილე ღერო, რომელზეც ფოთლები და ყვავილებია. როზეტის ფოთლები გრძელ ყუნწზეა, ორ ან სამნაკვთიანი, ღერზე კი მჯდომარე და სამმაგ დანაკვთული. ყვავილები ერთეულადაა განლაგებული ღერზე, დახრილი, ჯიშის და სახეობის მიხედვით სხადასხვა ზომის, ფორმის და ფერის - ლურჯი, წითელი, ყვითელი, ჟოლოსფერი, იისფერი, არის ორფერიც და რამდენიმე ფერიც ერთად. გვირგვინის ფურცლებს დეზების მაგვარი წანაზარდები აქვთ, სადაც გროვდება ნექტარი. ასეთია ძირითადად ევროპული და ამერიკული სახეობები, იაპონურ და ჩინურ სახეობებს დეზები არ აქვთ. ნაყოფი - მრავალფურცლიანია, შავი პრიალა შხამიანი თესლით, რომელიც ამოსვლისუნარიანობას ერთი წელი ინარჩუნებს.
გაზრდა თესლიდან: ითესება ღია გრუნტში თესლის აღებისთანავე, გაზაფხულზე კი ამოვა, მერე გადააქვთ მუდმივ ადგილზე. თუ გაზაფხულზე თესავენ, მანამდე თესლს დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ. ურევენ მიწას და მაცივარში დებენ პაკეტში. გაზაფხულზე რეცხავენ, აცლიან მიწას, თესავენ ყუთებში, სადაც ნეშომპალის, ფოთლოვანი მიწის და ქვიშის ნარევია თანაბარი პროპორციით. ზემოდან თესლს აყრიან გაცრილ მიწას 3 მმ თხელ ფენად და ყუთს აფარებენ გაზეთებს, დებენ 16 – 18 გრ ზე. მიწის ზედა ფენას პულვერიზატორით ნამავენ. ერთ ორ კვირაში ამოდის, ეს დაახლოებით აპრილ - მაისია, მერე მათ გადარგავენ უფრო ნოყიერ მიწაში. დარგვა: ღია გრუნტში ნათესი გადააქვთ ივნისში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა მუდმივი ადგილი მისთვის. მცენარეს ჩამოფარებაც სჭირდება, რომ მზის სხივებისგან დაიცვან. უფრო მომაგრებული ნერგები აგვისტოში გადააქვთ მუდმივ ადგილზე მომდევნო წლის გაზაფხულზე. ეს ადგილი კი შეიძლება უფრო მზიანიც იყოს ან ისევ ოდნავ ჩრდილიანიც. კარგად განათებულ ადგილზე ყვავილობა შედარებით ხანმოკლეა და ყვავილიებიც შედარებით პატარა ზომისაა, სუსტი, ვიდრე ოდნავ ჩრდილში მზარდის. ასე თესლიდან გაზრდილი მცენარე იყვავილებს მეორე წელს. მაგრამ ზრდასრულ

ფორმას მესამე წლიდან აღწევს მხოლოდ. ნამიკრეფია - მიწისადმი უპრეტენზიოა. თუმცა უკეთ იზრდება ფხვიერ, მსუბუქ ჰუმუსის შემცველ ნიადაგზე. გრუნტის თვისებების გასაუმჯობესებლად მიწას გადაბარავენ ხოლმე მის დარგვამდე და შეაქვთ კომპოსტი ან ნეშომპალა ერთი სათლი კვ. მ ზე. დაბარვის სიღრმე 20სმ უნდა იყოს. კვ. მ ზე ირგვება დაახლოებით 10-12 ნერგი. 40სმ დაშორებით ერთმანეთისგან. მას თვითჩათესვაც ახასიათებს, ამიტომ მზად უნდა იყოთ თესლის აღების დროს და არ უნდა გამოგეპაროთ. თუმცა 5-6 წლის მერე, როცა ძველი მცენარე დაბერდება და დეკორატიულობას დაჰკარგავს, მისი ამოღება შესაძლებელია - იქ დარჩება ახალი, დამოუკიდებელი მცენარეები. მოვლა: ძირითადდა მისი მოვლა გულისხმობს მორწყვას, კვებას, მიწის გაფხვიერებას. წყალი უყვარს, მისი ფესვები გრძელია და ღრმად მიდის მიწაში. ამიტომ ტენის ნაკლებობას დიდად არც განიცდის.მცენარეს დროულად უნდა მოშორდეს გარშემო სარეველა ბალახი. სანამ ახალი მცენარეები შედარებით სუსტი და პატარაა - განსაკუთრებით ამ დროს. გაუფხვიერეთ მიწა წვიმის ან მორწყვის შემდეგ, რომ წყალი არ აორთქლდეს მიწის ზედა ფენიდან, შეიტანეთ სასუქიც დროულად - ზაფხულში ორჯერ - მინერალური და არაკონცენტრირებული ნაკელი აქტიური ზრდის დაწყებისას.გამრავლება: მისი გამრავლება ასევე შესაძლებელია ვეგეტატიური გზითაც - ბუჩქის დაყოფით და ტოტით. ბუჩქს ძალიან იშვითად, აუცილებლობის შემთხვევაში ყოფენ, როცა საჭიროა ჯიშის თვისებების შენარჩუნება. საქმე ისაა, რომ ფესვთა სისტემა გრძელი აქვს მცენარეს და შორს მიდის სიღრმეში, ზედაპირული წვრილი ახალი ფესვები კი ადვილად ზიანდება გადატანისას და გაყოფის დროს. ასე ბუჩქის დაყოფა ხდება ადრე გაზაფხულზე. 3-5 წლის ბუჩქს ფრთხილად თხრიან, ათავისუფლებენ ფესვებს მიწისგან. აჭრიან ტოტებს 5-7 სმ სიმღლეზე, აცლიან ფოთლებსაც და მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა რამდენიმე ფოთოლს უტოვებენ. მერე მთავარ ფესვს სიგრძეზე ჭრიან, რომ ორივე მხარეს მოხვდეს 2-3ც ზრდის წერტილი და რამდენიმე წვრილი ძლიერი ფესვი. მერე გადანაჭერს დააყარიან დაფხვნილ ნახშირს, და რგავენ ყუთში, სადაც მსუბუქი ნოყიერი მიწაა. ტოტებით უფრო ადვილია მისი გამრავლება. გაზაფხულზე სანამ ფოთლებს წამოიღებს, ახალგაზრდა ტოტს ძირის მცირე ნაწილთან ერთად აჭრიან, ძირს ამუშავებენ კორნევინით, რგავენ გრუნტში და ასათბურებენ ბოთლის ქვეშ. გრუნტი ფხვიერი უნდა იყოს, სჯობს მდინარის ქვიშა. დებენ სითბოში, იშვიათად ანიავებენ და რწყავენ. დაფესვიანებას 3-4 კვირა სჭირდება. მერე იღებენ მიწიდან და გადააქვთ მუდმივ ადგილზე. დაავადებები: ნამიკრეფია ადვილად ავადდება ნაცარა სოკოთი, ნაცრისფერი ლპობით, ჟანგათი. ნაცრისფერი ლპობით დაავადებული მცენარე უნდა ამოითხაროს და დაიწვას. ასევე ფოთლები, რომლებსაც ჟანგა აქვთ. ნაცრისფერ ლპობას ვერ შველიან, ჟანგას კი ებრძვიან გოგირდშემცველი პრეპარატებით., საპნიან ხსნარში გახსნილი შაბიამნით. ყველაზე ხშირად კი მას ნაცარა სოკო აზიანებს. ფოთლებს და ღეროს უჩნდება სოკოს თეთრი ნადები, ფოთლები იხვევა, მუქდება და ხმება. ასეთ შემთხვევში მცენარეს ასხურებენ კოლოიდურ გოგირდიან და მწვანე საპნიან ხსნარს. მწერებიდან ხშირად ემტერება ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ნემატოდა. პირველ ორს ებრძვიან აქტელიკით, კარბოფოსით. ნემატოდები კი რთული მოსაშორებლია. ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა ხშირი ადგილმონაცვლეობა ნაკვეთზე, დაზიანებულ მიწაზე კი უნდა დაირგას ხახვი, ნიორი, მარცვლეული, ანუ მცენარეები, რომლებსაც არ ეშინიათ ნემატოდების. დაავადებულ მცენარეს ასევე წვავენ. ყვავილობის შემდეგ: მოყვავილებულ მცენარეს აჭრიან საყვავილე ღეროს ძირამდე, მაგრამ თუ მისი თესლის აღებას აპირებთ, უნდა დატოვოთ რამდენიმე ყვავილიანი ღერო თესლის მომწიფებამდე. სჯობს მათ ჩამოაცვათ ბინტის პატარა ტომსიკები, რომ თესლი არ დაიპნეს, თვითჩათესვის ასაცილებლად. სექტემბერ-ოქტომბერში კი დაითესება.ზამთარში: 4-5 წლიან მცენარეებს ფესვები მიწის ზედაპირზე ამოსდით, რის გამოც ახალგაზრდა მცენარეები ზარალდება. ასე რომ არ მოხდეს, საყვავილე ღეროს მოცილების მერე ბუჩქის ძირში უყრიან ტორფ -ნაკელიან კომპოსტს, და ასე ფარავენ ფესვებს. მცენარე საკვებსაც იღებს და საზამთრო მულჩირებაც გამოდის. სახეობები: ბუნებაში მისი 120 მდე სახეობა გვხვდება, თუმცა კულტურაში გაცილებით ცოტაა, ყველაზე ხშირად კი გვხვდება: - ალპური - 30სმ სიმაღლის მცენარე, რომელიც კარგ პირობებში 80სმ იზრდება. ყვავილი საკმაოდ დიდია - 8სმ დიამეტრში, ლურჯ ტონალობაში, მოკლე უკან გადახრილი დეზებით. ყვავილობს ივნის-ივლისში. - მარაოსებრი - 60სმ სიმაღლის მცენარე, აქვს გრძელ ყუნწზე მყოფი სამმაგდანაკვთული ფოთლები, 5-6 სმ დიამეტრის ყვავილები გრძელი და ძლიერ გადახრილი დეზებით, ერთ საყვავილე ღერზე 5 მდე ყვავილი თავსდება.ისინი ლურჯი-იისფერია თეთრი არშიით. ყინვაგამძლე, კარგად მზარდი მცენარეა. - ჩვეულებრივი - 40-80 სმ, მცენარე 5 სმ დიამეტრის მქონე სხვადასხვა ფერის ყვავილებით ცისფრიდან იისფრამდე. კულტურაში მისი სხვადასხვა ჯიშია გამოყვანილი განსხვავებული ფერის, მარტივი, ან ხუჭუჭა, დეზებით ან მათ გარეშე. იგი ყველაზე ყინვაგამძლე სახეობაა, უძლებს - 35გრ ყინვას.ჰიბრიდული - აერთიანებს სხვადასხვა ფორმებს, რომლებიც მიიღეს ამერიკული და ჩვეულებრივი ნამიკრეფიების შეჯვარებით. 50სმდან 1მ მდე სიმაღლის მცენარე, სხვადასხვა ზომის და ფორმის დეზებით ყვავილებზე, საკმაოდ დიდი ზომის ყვავილებით - 9სმ დიამეტრში. არსებობს როგორც მარტივი, ისე ხუჭუჭა ფორმებიც. - ოქროსფერყვავილა - ჩრ. ამერიკულ სახეობა, აქვს დიდი ოქროსფერი ყვავილი, გრძელი დეზებით, ყვავილი არაა ძირს დახრილი. ყინვაგამძლე, გვალვამედეგი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ხდება ჩვენშიც. - კანადური - ასევე ჩრ. ამერიკული სახეობა, სწორი გრძელი დეზებით, წითელ-ყვითელი ყვავილებით, არ უყვარს მშრალი ადგილი, თუმცა კარგად იზრდება ჩრდილში. - მუქი - ევროპული სახეობა, 30-80 სმ სიგრძის, მუქი ლილისფერი დახრილი ყვავილებით. მოკლე უკან გადახრილი დეზებით, წინ გამოშვერილი მტვრიანებით. ყვავილი 3-4 სმ ია დიამეტრში. ყვავილობს მაის-ივნისში. უყვარს ნახევრადჩრდილი - ოლიმპიური - სამშობლო - კავკასია, ირანი, 30-60სმ სიმაღლის, დიდი, 10სმ მდე დიამეტრის ღია-ცისფერი ყვავილებით და გრძელი დეზებით. ყვავილობს მაის-ივნისში. სკინერის - ჩრ.ამერიკული სახეობა, ყინვაგამძლე (-12გრ). დახრილი, წითელ-ყვითელი ყვავილებით, სწორი დეზებით მათზე.

26 July 0 6 344

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно