სელოჯინე კრისტატა ორქიდეა - Coelogyne cristata

ამ ორქიდეას ინგლისურ ენოვანი ორქიდეომანები მოიხსენიებენ, როგორც სელოჯინე კრისტატა, ხოლო რუსულ ენოვანი - ცელოგენა კრისტატა. მიმაჩნია, რომ „ცელოგენა“ დამახინჯებული სახელია, რადგან ლათინურად იწერება, როგორც Coelogyne cristata და ამიტომ კვლავ მოვიხსენიებ, როგორც სელოჯინე კრისტატა.

დახასიათება: ეს საოცრად ლამაზი ორქიდეა ბუნებაში გვხვდება ჰიმალაიში, ჩინეთში და მალაიზიაში, სადაც იზრდება ეპიფიტად ხეზე ან ლიტოფიტად კლდეზე ზღვის სიმაღლიდან 1500-2600 მეტრზე. ფსევდობულბები კვერცხისებური ფორმის და ორ ფოთლიანია. სქელ რიზომაზე ფსევდობულბები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული და სიმაღლით 5-8 სმ-ი, ხოლო სიგანით 4 სმ-ია. თუ განათება აკლია რიზომა უგრძელდება. ქვემოდან აქვს მომცრო ზომის ორი ფოთოლი, შეფერილობით მუქი-ყავისფერი. ფოთლები ლანცეტისებურია, ოდნავ დატალღული, წვეტიანი. 10-30 სმ სიგრძის, ხოლო სიგანით 2-3 სმ. სყვავილე ღერო 8-15 სმ სიგრძის, დაკიდებული და ნაწილობრივ დაფარული ქერცლით. საყვავილე ღერო ზრდასრული ფსევდობულბის ქვემოდან იზრდება და ჩაყვავილების შემდეგ ხმება. ერთ საყვავილე ღეროზე 3-დან 10 ყვავილი იშლება, რომლებიც თითქმის ერთდროულად ყვავილობს. თავად ყვავილების ზომა დიამეტრით 8 სმ-ია, თეთრი შეფერილობის, ხოლო ტუჩის შიგნით მცირე ნაწილი - ყვითელი. ტეპალიები თავისი ფორმით ერთნაირია, ოვალურ-ელიფსური, წაწვეტებული ბოლოებით, 4 სმ სიგრძის და 1,7 სმ სიგანის, დატალღული. ქვედა მხრიდან ოდნავ შესამჩნევი ვენებით. პეტალიები ოდნავ დიდია, ვიდრე სეპალიები. ტუჩი სამმაგია და სიგანით 3,5 სმ. მისი გვერდითა მხარეები დიდია, ამომრგვალებული, ხოლო წინა მხარე მთლიანად მრგვალი. ტუჩს, საწყისიდან ბოლომდე, სიგრძეზე დაჰყვება ყვითელი შეფერილობა, რომელიც ბუსუსებითაა დაფარული. ყვავილი წინ წამოწეულია.

Coelogyne cristata აქვს ყვავილის ნაზი სურნელი, რომელიც ჩემის აზრით ძალიან წააგავს ნარცისის სუნს.

ტემპერატურა: ორქიდეათა ეს წარმომადგენელი მიეკუთვნება ზომიერად-გრილ ტემპერატურული რეჟიმის მოყვარულ მცენარეს:

ზაფხულში: დღისი - 21-24 oС და ღამით 16-18 oС:

ზამთარში: დღისით - 16-18 oС და ღამით 10-13 oС (მინიმალური ტემპერატურა +5 oС)

სახლის პირობებში Coelogyne cristata კარგად რომ გაიზარდოს აუცილებელია, რომ ღამის ტემპერატურა ყოველთვის 6 oС გრადუსით ნაკლები იყოს, ვიდრე დღის. მაგალითად, თუ დღე არის +24 oС, ღამით უნდა იყოს 18 oС.

ჰაერის ტენიანობა: Coelogyne cristata-ს არ ჭირდება ექსტრემალური ჰაერის ტენიანობა, საკმარისია 60%-დან ზემოთ. ძალიან მშრალი ჰაერი

ნეგატიურად აისახება ზრდაზე და განვითარებაზე, რაც გამოიხატება ფოთლების გაყვითლებით ან ახალი ფსევდობულბების ნელი ზრდით. ამ ორქიდეას მოვლის დროს აუცილებელია ჰაერის დამატენიანებლის დადგმა, რომ კარგად გაიზარდოს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართო პირიანი ჭურჭელი წყლით ან სველი კერამზიტით. ეს კეთდება შემდეგნაირად: ფართო პირიან ჭურჭელში ყრიან კერამზიტს, ასხამენ წყალს, შემდეგ დებენ წყლისგან დამცავ ბადეს და ზემოდან ათავსებენ ორქიდეას ქოთნით.

ოქროს წესი: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მეტი უნდა იყოს ჰაერის ტენიანობა, და რაც უფრო მაღალია ჰაერის ტენიანობა, მით უკეთ და დიდხანს უნდა ხდებოდეს ჰაერის ცირკულაცია, ანუ ოთახის განიავება.

სუბსტრატი: ამ ორქიდეას ზრდიან მხოლოდ სუბსტრატში, მაგრამ მიწაში ჩარგულიც მინახავს, სადაც მიწა მსუბუქია, ქვევიდან არის დრენაჟი და წყლის ჩაგუბება არ ხდება. თუმცა რათმაუნდა სელოჯინე კრისტატა უკეთესია, თუ სუბსტრატში იქნება ჩარგული. რგავენ ქოთანში ან ხის ჩარჩოებიან ჩამოკიდებულ ყუთში. სუბსტრატი უნდა იყოს კარგი ჰაერგამტარი, ამიტომ გამოდგება ფიჭვის ხის ქერქის მსხვილი ფრაქცია, პენოპლასტი და ოსმუნდის გვიმრა.

გადარგვა: Coelogyne cristata გადარგვაზე ძალიან ცუდად რეაგირებს და შედეგად შეიძლება რამდენიმე წელი არც იყვავილოს, ამიტომ ორქიდეას გადარგვა რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ,

როდესაც ეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. მაგალითად, სუბსტრატის მარილებით გადავსების ან დაზეპვის დროს, ან მაშინ, როდესაც ახალი ამონაზარდები ქოთნის გარეთ გადმოდიან და არ ყოფნით ქოთნის დიამეტრი ფესვების ჩასაზრდელად. ასეთ შემთხვევაში, ფსევდობულბები ძალიან პატარა ფესვურ სისტემას იზრდიან, შედეგად კი ძალიან სუსტ ფსევდობულბებს ვღებულობთ, ხოლო ასეთ ფსევდობულბებს არ ყოფნით ძალა იყვავილონ და როდესაც ქოთნის გარეთ გადმოდის ახალი ამონაყრები, საუკეთესოა ყვავილობის შემდგომ გადარგვა.

განათება: სელოჯინე კრისტატას უყვარს მზე, მაგრამ გაბნეული მზის სხივები უნდა ხვდებოდეს მის ფოთლებს. ამიტომ მწველი მზის სხივებისა და მცენარეს შორის აუცილებელია დამცავი ფარდის დამაგრება, ან სხვა მცენარის ჩრდილში უნდა გადავდგათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მზის დამწვრობა მიიღოს. მზის ნათების ინტენსივობის შესახებ თავად ორქიდეას ფოთლების შეფერილობა მიგანიშნებთ, თუ ფოთლები მიიღებენ მოყვითალო-მომწვანო, ყვითელ, შინდისფერ შეფერილობას ან ყავისფერი ლაქები გაუჩნდება, მაშინ უნდა გადაიდგას სხვა ადგილას, იქ, სადაც შედარებით ჩრდილია.

შესხურება: ცხელი ზაფხულის დროს რეკომენდირებულია ყოველდღიური ზედაპირული დანამვა, ეს გაზრდის ტენიანობას ორქიდეას გარშემო და დაეხმარება გადაიტანოს სიცხე, ასევე ხელს შეუშლის აბლაბუდა ტკიპას გაჩენას.

მორწყვა: სელოჯინე კრისტატას ახალი ფსევდობულბების ზრდის დროს ჭირდება ხშირი მორწყვა. ზედმეტი წყალი ქოთნიდან თავისუფლად უნდა გამოდიოდეს, ისევე , როგორც წყლის დაგუბება, როგორც ქოთანში, ისე სადგამზე გამოიწვევს ფესვების და ფსევდობულბების ქვედა ნაწილებიდან ლპობას. საუკეთესოა თბილი დუშის საშუალებით მორწყვა. ეს სამშობლოს კლიმატის იმიტაციას ახდენს და სასარგებლო ეფექტი აქვს ორქიდეას ზრდისთვის. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 35 oC. მორწყვიდან მორწყვამდე სუბსტრატი უნდა გამოშრეს, მაგრამ ზედმეტად დიდხანს გამოშრობაც არ არის კარგი, რადგან სელოჯინე კრისტატა თავის სამშობლოში იზრდება ძალიან მაღალ ტენიანობაზე.

კვება: ახალი ამონაყრების დროს სასუქს აძლევენ ორ კვირაში ერთხელ ჩვეულებრივი კონცენტრაციით, რაც მითითებულია ორქიდეებისთვის განკუთვნილ სასუქზე. სექტემბერ - ოქტომბერში სასურველია მიეცეს სასუქი ფოსფორის მეტი შემცველობით. სუბსტრატის მარილებით გაჯერების პროფილაქტიკისთვის ნახევარ წელიწადში ერთხელ აუცილებელია მისი კარგად გარეცხვა. ამ მიზნით ორქიდეას ათავსებენ თბილი გამდინარე წყლის ქვეშ, ისე რომ წყალმა სუბსტრატიდან მარილები გამოდევნოს.

მოსვენების პერიოდი: ყვავილობის სტიმულაციისთვის სჭირდება მოსვენება. ეს დრო დგება ახალი ფსევდობულბების მომწიფების შემდეგ

(ნოემბერში), მაშინ, როდესაც ახალი ფსვედობულბები აღწევენ ძველი ფსევდობულბების ზომას ორქიდეას ათავსებენ შედარებით მშრალ და გრილ ადგილას, ვიდრე ჩეულებრივ და არ აძლევენ სასუქს. ტემპერატურა ამ დროს უნდა იყოს დღისით 16-18 oC, ხოლო ღამით 10-13 oC. მორწყვისგან ან მთლიანად თავის შეკავება ჯობია, ან ძალიან მსუბუქად დანამვა სუბსტრატის და ეს პროცედურა არაუმეტეს 4-5 კვირაში ერთხეულ უნდა გაკეთდეს. თუ ორქიდეას ფსევდობულბები ძალიან მოიჭმუჭნა, მაშინ წყლის რაოდენობა და მორწყვის სიხშირე უნდა გაიზარდოს. მოსვენების პერიოდი გრძელდება 4-დან 6 კვირამდე. საყვავილე ღეროების გამოჩენის შემდეგ მოსვენების პერიოდი სრულდება და მცენარე უნდა მოირწყას ჩვეულებრივი რეჟიმით და უნდა დაიდგას კვლავ თბილ ადგილას. მოსვენების პერიოდის უგულებელყოფა იწვევს ორქიდეას არ აყვავილებას!

ყვავილობა: სელოჯინე კრისტატა ყვავილობის პიკს იწყებს ძირითადად იანვრისა და მარტის პერიოდში. თუმცა სახლის პირობებში შეიძლება მოგვიანებითაც აყვავდეს. ყვავილობის ხანგრძლივობა გრძელდება 5-10 კვირა.

დაყვავილების შემდეგ: ჩაყვავილების შემდეგ საყვავილე ტოტი ხმება და შემდეგ აჭრიან. საჭიროების მიხედვით რგავენ სხვა ქოთანში და გარკვეული პერიოდი არ რწყავენ. ეს აუცილებელია აკლიმატიზაციისთვის და იმისთვის, რომ არ მოხდეს ფესვებზე

ჭრილობებიდან ლპობის დაწყება, რაც გადარგვის შედეგად არის გამოწვეული.

გამრავლება: სახლის პირობებში ამ ორქიდეას ამრავლებენ, მხოლოდ ვეტაციურად, ანუ დიდი და ზრდასრული ბუჩქის გაყოფით. ყოველ ახალ მცენარისთვის რეკომენდირებულია მინიმუმ სამი ფსევდობულბა.

ღია ცის ქვეშ ყოფნა: გაზაფხულზე, როდესაც ღამის ტემპერატურა აღემატება 9-10 o С, აუცილებელია ორქიდეების ამ წარმომადგენლისთვის გარეთ გატანა: აივანზე ან ბაღში. ადგილი უნდა შეირჩეს წვიმისგან, ძლიერი ქარისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან დაცული. ორქიდეა, რომელიც მხოლოდ სახლის პირობებში იზრდება აქვს გაცილებით პატარა ფსევდობულბები და რამდენადმე ცუდად ყვავის.

თავისებურება: Coelogyne cristata -ს საყვავილე ღერო ეზრდება უკვე ზრდასრული ფსევდობულბის ქვედა ნაწილიდან და საწყის სტადიაში მისი გარჩევა ახალი ამონაყრებისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. საყვავილე ღერო ზრდასთან ერთად იფარება ,,ქერცლით“ და ჩნდება ყვავილები.

შეცდომები მოვლისას: ძალიან ხისტი წყლით მორწყვის დროს და სასუქის ძალიან ხშირი გამოყენების შემთხვევაში ეს ორქიდეა ხმება ან მისი ფოთლების წვეროები შავდება. მასალა მოამზადა: ლელა ჩიტაშვილი

12 June 0 348
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно