ფილოდენდრონის მოვლა

ნიუკასებრთა ოჯახის მცენარეა,მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეები.სხვადასხვა წყაროების მიხედვით ითვლიან მის 350-დან 900-მდე სახეობას.სახელი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან philo ანუ ‘’სიყვარული’’ და Dendron ანუ ‘’ხე’’.მცენარის საბინადრო ადგილებია ტენიანი ტროპიკული ტყეები,მდინარისპირები და მთისწინები.

ფილოდენდრონის გვარის მცენარეებს შორის გვხვდება როგორც მაღალი,ხისებური მცენარეები,ისე ბუჩქოვანები და ლიანები.მათი უმრავლესობა ეპიფიტი ან ნახევრად ეპიფიტია.ზოგიერთი სახეობა ოთახის პირობებში ყვავილობს კიდეც,ზოგიერთი კი საერთოდ არ ყვავდება.ბუნებაში ფილოდენდრონები გიგანტურ ზომებს აღწევენ,აქვთ უზარმაზარი ფოთლები,მაგრამ მათი ზომები ოთახის პირობებში თითქმის ორჯერ ნაკლებია.

მოვლა ტემპერატურა: ზაფხულში ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა.ზამთარში,როდესაც დღის ხანგრძლივობა ნაკლებია,სასურველია სიგრილე +18+22,მაგრამ არანაკლებ +15 გრადუსისა.მოარიდეთ ცივ ორპირს.ფილოდენდრონი კარგად იზამთრებს ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე,თუ მას უზრუნველყოფთ დამატებითი განათებით.

განათება: ნათელი ადგილი,თუმცა საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცვა შუადღისას,მსუბუქი ნახევრადჩრდილი.ჭრელფოთოლა ფორმებს შედარებით მეტი სინათლე ესაჭიროებათ,სასურველია დილის ან საღამოს მზე.მცოცავ ფილოდენდრონს უფრო ნაზი ფოთლები აქვს,ვიდრე სხვა სახეობებს,მისთვის შესაფერისია მხოლოდ აღმოსავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის ფანჯარა,ან საჭიროებს მზის სხივებისაგან მოჩრდილვას.ფილოდენდრონები არ არიან მომთხოვნი მცენარეები,მრავალი მათგანი მთლიანად ხელოვნურ განათებაზეც იზრდება,ან ჩრდილოეთის ფანჯარაში,მაგრამ ძლიერ და გაფოთლილ ბუჩქს მხოლოდ კარგი განათების პირობებში წარმოქმნიან.

მორწყვა: გაზაფხულზე და ზაფხულში - ზომიერი,ნიადაგი ყოველთვის ოდნავ ნოტიო უნდა იყოს,მორმდევნო მორწყვამდე ნიადაგის ზედა ფენამ უნდა მოასწროს შეშრობა,თუმცა სიღრმეში ნოტიო უნდა იყოს(სველი არა).ზამთარში მორწყვა მცირდება,არ უნდა დაუშვათ, რომ ნიადაგი სრულიად გამოშრეს,ქოთანში მიწის ზედა ნახევარი უნდა შეშრეს,მოიცადეთ კიდევ 3-4 დღე და შემდეგ მორწყეთ.ჭარბი მორწყვისას ქვედა ფოთლები შესაძლოა გაყვითლდეს.თუ ნიადაგი ძლიერ დიდხან უნდება გაშრობას,დაიტკეპნა და ფესვებს არ მიეწოდება ჰაერი,შესაძლოა განვითარდეს ფესვის ლპობა.არ დაივიწყოთ,რომ ფილოდენდრონების უმრავლესობა ეპიფიტია,ეს იმას ნიშნავს რომ მისი ფესვები კარგად უნდა ნიავდებოდეს,რაც დატკეპნილ და დაჭაობებულ ნიადაგში ვერ ხერხდება.ტენის ნაკლებობისას ფოთლის წვერები ხმობას იწყებს,ძლიერი გამოშრობის შემთხვევაში კი ხმება და სძვრება მთლიანი ფოთოლი,როგორც წესი ქვედა ფოთლები.ზოგჭერ,ჭარბი მორწყვის შემთხვევაში ფოთლის წვერებზე ეკიდება წყლის წვეთები.

სასუქი: მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით მცენარეს უნდა მიაწოდოთ დეკორატიულფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქები.სასუქი

მიეწოდება ორ კვირაში ერთხელ.დიდი ზომის ხისმაგვარ ლიანებს სასუქი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ესაჭიროებათ,ამავე დროს ნიადაგის ზედა ფენას დაუმატეთ კომპოსტი.სასუქის დოზების გადაჭარბებისას ყვითლდება ან ყავისფერდება ფოთლების ნაპირები,ფოთლები მოშვებული და უსიცოცხლო ხდება.თუ ნიადაგში საკმაო რაოდენობის გადამწვარ ნაკელს ან კომპოსტს დაუმატებთ,შეამცირეთ სასუქების დოზა.ამავე დროს,თუ ფილოდენდრონს მოაკლდება საკვები ნივთიერებები,ან ის დიდი ხანია არ გადაურგავთ,მას ფოთლები უწვრილდება,ფოთლის წვერები კი ხმება და ყვითლდება,მცენარე ზრდას აფერხებს.

ჰაერის ტენიანობა: ეს მცენარეები ტენიანი ტყის ბინადრები არიან,მათ უყვართ ნოტიო ჰაერი.სამწუხაროდ მშრალი ჰაერის კომპენსირება არ ხდება ჭარბი მორწყვით.საჭიროა მცენარეს რეგულარულად შეასხუროთ გაზაფხულზე და ზაფხულში.ზამთარში,როდესაც ჩართულია გამათბობელი ხელსაწყოები,უმჯობესია ქოთანი დაიდგას სველ სფაგნუმზე,რადიატორებზე უნდა დააფინოთ სველი პირსახოცები და გაშრობისას გამოცვალოთ.მომცრო ზომის მცენარეს შესაძლებელია მოუწყოთ შხაპი ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე,რომ ფოთლებიდან მტვერი ჩამორეცხოთ.დიდი ზომის ეგზემპლარებს ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ სველი ღრუბლით.

გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეები ირგვება ყოველ წელს, გაზაფხულზე,უფრო ხანდაზმულები კი ყოველ 3-4 წელიწადში.ნიადაგი ძალიან ფხვიერი უნდა იყოს და ამავე დროს ნოყიერი.ph =5,5-6,5 ანუ სუსტადმჟავე რეაქციის.ფილოდენდრონს არ უყვარს ტუტე რეაქციის ნიადაგები.მისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ ნიადაგის შემდეგი ნაზავი: 1 წილი კორდის მიწა,1 წილი ქოქოსის სუბსტრატი,1 წილი გადამწვარი კომპოსტი,0.5 წილი მსხვილი ქვიშა ან კერამზიტი.ქოთანი საკმაოდ მოზრდილი უნდა იყოს,ძირში მაღალი სადრენაჟე ფენა აუცილებელია.თუ ნიადაგზე მარილის თეთრი ნადები ჩნდება,მოხსენით ზედა ფენა და შეცვალეთ ახლით.მოსარწყავად გამოიყენეთ ნადგომი ან ანადუღარი წყალი.

კიდევ ერთი მიწის ნაზავი ფილოდენდრონისთვის: 1 წილი გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი,1 წილი ნეშომპალა,1 წილი ქოქოსის სუბსტრატი(ან ქოქოსის ჩიფსები) 1/2 წილი ფიჭვის ქერქი,1/2 წილი ქვიშა.

მოვლა გადარგვის შემდეგ: მორწყეთ ჩვეულ რეჟიმში,პირველ დღეებში მოჩრდილულ ადგილზე დადგით,განსაკუთრებით თუ სიცხეებია.

გამრავლება: მრავლდება კენწეროს ან ღეროს კალმებით,ასევე მუხლთან ერთად აჭრილი ფოთლით.ზოგიერთ ფილოდენდრონს აქვს საჰაერო ფესვები,რაც აადვილებს მის გამრავლებას.ღეროს გადაჭრისას,ლპობის შესაჩერებლად გადანაჭერზე მოაყარეთ დანაყილი ნახშირი ან ნაცარი.კალმებისათვის გამოიყენეთ უფრო მსუბუქი ნიადაგი.შესაძლებელია წყალში დაფესვიანებაც.ასევე შეიძლება პირდაპირ ქოთანში ჩარგათ კალამი და ჩასვათ ცელოფნის პაკეტში,პერიოდულად გაანიავეთ,დაფესვიანებულმა მცენარემ ახალი ფოთოლი უნდა გამოიღოს.

სირთულეები: მთავარი პრობლემა ჩნდება ნიადაგის არასწორი შერჩევისას,როდესაც ის საკმაოდ მძიმეა და ადვილად იტკეპნება,ასეთი მიწა დიდხან შრება მორწყვის შემდეგ.მიუხედავად იმისა,რომ ფილოდენდრონს ფართო ფოთლები აქვს და აქედან გამომდინარე ტენის აორთქლებისთვის დიდი ზედაპირი - მისი ფოთლები დაცულია წყლის დიდი დანაკარგისაგან მკვრივი

კანით.ამიტომ მცენარის მიადაგი უნდა იყოს ნოტიო და არა სველი.პერიოდულად გაუფხვიერეთ მიწა ქოთანში,ნიადაგს უნდა ერიოს გამაფხვიერებლები(ვერმიკულიტი,ქერქის ნაკუწები,წვრილი კერამზიტი და სხვა),აცადეთ ნიადაგს შეშრობა მომდევნო მორწყვამდე,მაგრამ ნუ გამოაშრობთ მას.

მავნებლები: შესაძლოა დაავადდეს ფარიანებით,თრიპსით,ტკიპებით.აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პრეპარატები.მათი განადგურების მეთოდები თქვენთვის ცნობილია,შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე. yvavilebi.ge თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

12 June 0 532
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно