როგორ მოვუაროთ დიფენბახიას

ნიუკასებრთა ოჯახის მარადმწვანე,არაპრეტენზიული მცენარე დიფენბახია სახლის პირობებში მინიმალურ მოვლას საჭიროებს.მცენარის ადგილის მიჩენისას საჭიროა გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები.მცენარის წვენი მომწამლავია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის.ასევე საშიშია ზრდასრულებისთვისაც,შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე ან ხორხის შეშუპება.

ბუნებაში დიფენბახიის მრავალი სახეობა არსებობს,მაგრამ კულტურული ჯიში მხოლოდ რამდენიმეა.მათგან მხოლოდ - დიფენბახია მშვენიერი (D.amoena) - არის ჩრდილისამტანი და ეგუება ოთახის მშრალ ჰაერს.

როგორ მოვუაროთ დიფენბახიას. როგორც ყველა ოთახის მცენარე,დიფენბახიაც მოითხოვს ისეთ პირობებს რომელიც მიახლოებულია მის ბუნებრივ გარემოსთან.მცენარე მიმზიდველ იერს მიიღებს,თუ მას შეუქმნით სათანადო პორობებს:

-უზრუნველყოფთ მის სწორ ადგილზე მოთავსებას,

- შეურჩევთ ნიადაგის შესაბამის ნაზავს,

- დროულად მორწყავთ და კვებავთ,

- ექნება სწორი ტემპერატურული რეჟიმი,

- ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე შესაბამისად მოუვლით.

პირველი ნაბიჯია მისი სწორ ადგილას მოთავსება,ამისათვის შეარჩიეთ აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა კარგი განათებით,მაგრამ პირდაპირი სხივებისაგან დაცული. მცენარეს ამშვენებს ჭრელი,დიდი ზომის ფოთლები.არასაკმარისი სინათლის დროს კი ფოთლების შეფერილობა კარგავს კონტრასტულობას და ფერმკრთალდება,ფოთლები უწვრილდება.

მორწყვა და წყლის პროცედურები დიფენბახიას მორწყვა ხდება მხოლოდ რბილი წყლით.გამოსადეგია ნადგამი წყალი,ასევე ანადუღარი და გაგრილებულიც.წყალში შემავალი ჭარბი მაგნიუმი და კალციუმი წამლავს მცენარეს,ამიტომ იქ,სადაც ადუღებული წყლისგან ჩაიდანი ნადებს იკეთებს,საჭიროა მოსარწყავად მოძებნოთ სხვა წყალი.მცენარე ხშირად უნდა მოირწყას,როგორც კი ნიადაგის ზედა ფენა შეუშრება.

იმისათვის რომ ნიადაგიდან გამოვრეცხოთ ჭარბი მარილები,ნიადაგს უნდა დავასხათ წყალი და დავაყენოთ 15 წუთი,შემდეგ გადავწუროთ სადრენაჟე ნასვრეტის მეშვეობით.ზაფხულობით ასეთი პროცედურა თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროთ.ზამთარში უბრალოდ საკმარისია კარგი მორწყვა.თუ მცენარე ჭარბად ირწყვება,მას უყავისფერდება ან უყვითლდება ფოთლები და სცვივა.

მცენარეზე ყოველდღიური შესხურება სასარგებლოა.სადგამი ხავსით,აკვარიუმი,დამატენიანებელი - ეს ყველაფერი მცენარის გარშემო ქმნის საჭირო ტენიანობას.

აქტიური ზრდის პერიოდში მცენარე საჭიროებს ხშირ კვებას ორგანული და მინერალური სასუქებით.7-10 დღეში ერთხელ სარწყავ წყალს ემატება სასუქი,რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს მცენარის განვითარებისა და ზრდისათვის.

მოვლა ზამთარში და ზაფხულში. ზაფხულში,როდესაც სინათლე საკმარისია,მცენარე შეიძლება დადგათ ოთახის სიღრმეში,რომ პირდაპირი მზის სხივებისაგან ფოთლები არ დაეწვას.მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს ფოთლის ფირფიტის გაყვითლებას.დიფენბახია ვერ იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს,დაუშვებელია მისი ორპირში მოხვედრა.ოთახის განიავებისას დაიცავით მცენარე შემონაბერი ჰაერისაგან.

მცენარის თანაბრად განვითარებისათვის საჭიროა სინათლე მის ყველა ნაწილს ხვდებოდეს,ამიტომ საჭიროა ქოთნის პერიოდული შემოტრიალება.თავისი ფართო ფოთლების საშუალებით დიფენბახია შთანთქავს მავნე მინარევებს და წმენდს ჰაერს.

დიფენბახიას რგავენ მაშინ,როდესაც ქოთანი უვიწროვდება,მისთვის გამოიყენება მიადაგის მზა ნარევი ფოთლოვანი მცენარეებისათვის.მიწის ნაზავი ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ საკუთარი ხელით:

- ფოთლოვანი ტყის მიწა,

- ტორფი,

- გადამწვარი ნაკელი,

- ქვიშა.

კარგია ნიადაგში ნახშირის დამატებაც,ის უზრუნველყოფს ნიადაგიდან მავნე მარილების შეწოვას.მცენარეს სწრაფად ეზრდება ფესვები,ამიტომ შედარებით დიდი ქოთანი გაითვალისწინეთ.გადარგვის შემთხვევაში პირველი რამდენიმე მორწყვის დროს წყალს ფესვების სტიმულატორი ჩაუმატეთ რომ მცენარე ადვილად და სწრაფად გამვითარდეს ახალ ქოთანში.

მცენარეს სწორედ გადარგვის შემდეგ უშიშვლდება ღეროს ქვედა ნაწილი,ამიტომ მოაჭერით მას კენწერო და ცალკე დააფესვიანეთ.გადაჭრილ ღეროს კი მძინარე კვირტის ჩანასახები განუვითარდება და ახალ ყლორტებს გამოიტანს.

მცენარესთან მუშაობისას გამოიყენეთ დამცავი საშუალებები,გახსოვდეთ რომ მისი წვენი შხამიანია,მცენარის მოჭრილი ტოტები და ფოთლები კარგად უნდა შეფუთოთ და ისე გადააგდოთ სანაგვეში.

მოვლის წესების დარღვევა გამოიწვევს მცენარის ფოთლების გაყვითლებას და ცვენას.ასეთ შემთხვევაში უნდა იპოვოთ მიზეზი.თუ დაავადება ფიზიოლოგიურია - გამოასწორეთ შეცდომა და ახალი ფოთლები ჯანმრთელი ამოვა.დიდი ხნის,მობერებული ფოთლები მცენარეს უნდა მოაცილოთ.

დიფენბახიას დაავადებები და მავნებლები თუ დარღვეულია მცენარის მოვლის წესები და პირობები მაშინ შესაძლოა მცენარე დაავადდეს ან შეესიოს მავნებელი.
თუ მცენარის ფოთლებზე გაჩნდა მისთვის არადამახასიათებელი ლაქები,ან ხაზები,უხმება ან ურბილდება ფოთლის კიდეები - ეს სოკოვანი დაავადების ნიშნებია.ლპობის შემთხვევაში ფესვთა სისტემა ვერ უზრუნველყოფს მცენარეს,ფოთლები იწყებს გაყვითლებას.მცენარე შესაძლოა დაავადდეს:

- ანთრაქნოზით

- ფუზარიოზით

- ვირუსული დაავადებით

ანთრაქნოზი აზიანებს მცენარის ზედა ნაწილებს.ჩნდება ლაქები ფოთლებზე,რომლებიც თანდათან იმატებს ზომაში და ანადგურებს ფოთლებს.დაავადების სპორები შესაძლოა სარწყავი წყლიდან მოხვდნენ

მცენარეზე.დაავადება პროვოცირდება ოთახის მშრალი ჰაერით,ჭარბი მორწყვით.ასეთი ნიშნების დროს მცენარე მუშავდება ფუნგიციდით,მოაცილეთ ყველა დაზიანებული ნაწილი,დაარეგულირეთ მორწყვა და მოვლის პირობები.

ფუზარიოზი ვრცელდება ფესვებზე და მთელ მცენარეზე გადადის,ეს სოკო ცხოვრობს ნიადაგში,ამიტომ საჭიროა გადარგვის დროს სუბსტრატის სტერილიზება.მცენარის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაში,მისი ფუნგიციდით დამუშავებით,ყველა დაზიანებული ნაწილი უნდა მოეჭრას და ჩაირგას ახალ ქოთანში და ნიადაგში.

ვირუსული დაავადება ვლინდება ფოთლების დახვევით,მცენარის ზედა ნაწილები იღებს ბრინჯაოსფერ ელფერს.ვრცელდება მწერების მეშვეობით,დაავადებული მცენარიდან.ვირუსული დაავადების ნიშნების მქონე მცენარე უნდა განადგურდეს,მისგან გასამრავლებლად მასალის აღება არ შეიძლება.

მავნებლები,რომლებიც სახლდებიან მცენარეზე,იკვებებიან მისი წვენით,უფუჭებენ მას გარეგნულ იერს.თუ მავნებლების კოლონია ძალიან გამრავლდა,ის ღუპავს მცენარეს.დიფენბახიას ახასიათებს რამდენიმე სახის მავნებელი:

- აბლაბუდიანი ტკიპა,

- ბუგრი,

- ფარიანა,

- ფქვილოვანი ცრუფარიანა. მათთან ბრძოლის მეთოდები ცნობილია - დასაწყისში საპნიანი წყალი,შემდეგ - ისექტიციდი.

11 June 0 595
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно