შეფლერას მოვლა სახლის პირობებში

შეფლერა მიეკუთვნება არალიასებრთა ოჯახს.ველურ პირობებში მას ტროპიკულ ზონებში,დედამიწის ნებისმიერ ნაწილში შეხვდებით.უმეტესად გავრცელებულია ავსტრალიაში,ჩინეთში,წყნარი ოკეანის კუნძულებზე და იაპონიაში.ველურად მზარდი შეფლერა დიდი ზომის ხე ან ბუჩქია.

ფლორისტები შეფლერას მისი დეკორატიული ფოთლების გამო აფასებენ,ეფექტური ფოთლები ფორმით ადამიანის გაშლილ ხელისგულს მოგვაგონებს.ფოთლის ფირფიტები განლაგებულია გრძელ ყუნწებზე,რომლებიც ერთი წერტილიდან იზრდება.ზოგიერთ ქვეყანაში შეფლერას ქოლგის ხეს უწოდებენ.

წაგრძელებული ფუნჯისებური ყვავილედი საცეცებს მიაგავს.მისი ყვავილობა მხოლოდ ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ,რადგან ოთახის პირობებში შეფლერა არ ყვავილობს.თუმცა ის თავისი დახვეწილი ფოთლებით ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.

მცენარე ადვილი მოსავლელია ოთახის პირობებში,ის საერთოდ არ არის მომთხოვნი და პრეტენზიული.მას ისეთივე მოვლა ესაჭიროება როგორც ოთახის სხვა მცენარეებს.ყურადღება მიაქციეთ,რომ მისი წვენი ტოქსიკურია,კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ძლიერ გაღიზიანებას იწვევს,ამიტომ მასთან ხელთათმანები გამოიყენეთ.

მოვლა სახლის პირობებში განათება. ამ მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე.შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ის სამხრეთის ფანჯრის რაფაზე უნდა მოათავსოთ,ზაფხულში საჭიროა დაიცვათ მზის პირდაპირი სხივებისაგან.

მოზრდილ შეფლერას სამხრეთის მხარეს ფანჯრის მახლობლად დგამენ,ასევე შეიძლება აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარასთან მოთავსება.თუ ოთახში საკმარისი სინათლე არ აღწევს შეარჩიეთ მწვანე შეფლერა,რადგან ჭრელფოთოლა უფრო მეტად სინათლისმოყვარულია.

წალიწადის თბილ პერიოდში მცენარე სუფთა ჰაერზე უნდა დადგათ,ნახევრად ჩრდილში.

ტენიანობა. მაღალ ტენიანობაზე თავს კომფორტულად გრძნობს,თუმცა ეგუება ნორმალურ ტენიანობის პირობებსაც.ამ შემთხვევაში საჭიროა მისი პერიოდული დანამვა რბილი,ნადგამი,ნელთბილი წყლით.

ტემპერატურული რეჟიმი. შეფლერა კარგად იზრდება და ვითარდება ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე.ზამთარში საშუალოდ +16+18 გრადუსი,მაგრამ +12 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დაიცავით ორპირისაგან და გამათბობელი ხელსაწყოებისაგან.დღისა და ღამის ტემპერატურების მცირეოდენი ცვლილება შეფლერასათვის სასარგებლოა.

მორწყვა. მცენარე სისტემატიურად და ზომიერად უნდა ირწყვებოდეს.გამოიყენება რბილი,ნადგომი წყალი.ყურადღება მიაქციეთ,რომ ქოთანში მიწა ბოლომდე არ გამოშრეს.ზამთარში მორწყვის სიხშირე ბევრად ნაკლებია.დაიმახსოვრეთ,რომ ეს მცენარე ვერ იტანს ქოთანში წყლის ჩაგუბებას, ზედმეტად სველ გრუნტს და ნიადაგში მარილების სიჭარბეს.ამის გამო ის შესაძლოა გახმეს.მოსარწყავად არასოდეს არ გამოიყენოთ ცივი წყალი.

სასუქი. შეფლერას კვებავენ ოთახის მცენარეებისათვის განკუთვნილი უნივერსალური სასუქით.კვება მიეწოდება ვეგეტაციის პერიოდში თვეში ორჯერ.გადარგვის შემთხვევაში სასუქი უნდა შეიტანოთ ახალი ფოთლების გაზრდის შემდეგ.

გასხვლა. იმისათვის რომ მცენარე უფრო დაბუჩქული და ხშირი იყოს,ერთ ქოთანში რამოდენიმე ძირს რგავენ.ხისმაგვარ ფორმას ისინი გასხვლის შედეგად იღებენ,მაგრამ არასწორი გასხვლით მცენარე შეიძლება დაზიანდეს.

არასწორად მოვლის შემთხვევაში,თუ მცენარეს ფოთლები სცვივა,მისი გადარჩენა შესაძლებელია თუ ძლიერად გასხლავთ,ეს იმ შემთხვევაში თუ მას ფესვთა სისტემა ჯანსაღი აქვს.გასხლული ღეროები უნდა მოირწყას,ასევე რეკომენდებულია ნოტიო ხავსის შემოხვევა.თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ ცოტა ხანში ახალი ყლორტები დაიწყებს ზრდას.

მოსვენების პერიოდი. ზამთარში შეფლერას მოსვენების პერიოდი აქვს,ამ დროის განმავლობაში ის ზრდას აჩერებს.მცენარე უნდა დადგათ ნათელ,გრილ ადგილზე,+14+16 გრადუს ტემპერატურაზე.მორწყვა მკვეთრად შეამცირეთ.

გადარგვა. ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადაირგას გაზაფხულზე.ზრდასრული შეფლერა ირგვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში,რამოდენიმე წელში ერთხელ.ახალი ქოთანი ძველზე უფრო დიდი უნდა იყოს,არ დაივიწყოთ კარგი დრენაჟი.

ნიადაგი. შეფლერასათვის შეარჩიეთ დაბალი მჟავიანობის(PH არაუმეტეს 6),მსუბუქი ნიადაგი.ამისათვის გამოდგება შემდეგი ნარევი: ბოჭკოვანი ტორფი,ქვიშა და ნეშომპალა (1:1:3),ან ქვიშა,ნეშომპალა და კორდის მიწა (1:1:2).

გამრავლება. შეფლერა მრავლდება დაკალმებით,დათესვით,საჰაერო დაფესვიანებით.

შეფლერა ითესება იანვარში ან თებერვალში,ტორფისა და ქვიშის თანაბარ ნარევში.ჩათესვამდე თესლები ცირკონიან ან ეპინიან წყალში უნდა დაალბოთ.ჩათესვის შემდეგ ნიადაგი დაატენიანეთ შესასხურებლის საშუალებით და კონტეინერი თბილ ადგილზე დადგით(+20+24 გრადუსი).დაასათბურეთ მინის ან ცელოფანის დაფარებით.პერიოდულად ნიადაგი უნდა დანამოთ.პირველი ორი ან სამი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ ნერგები უნდა გადაირგას პატარა ქოთნებში.

დაკალმებისას გამოიყენება ნახევრად გახევებული ტოტები,რომლებიც ფესვების სტიმულატორით უნდა დამუშავდეს და ჩაირგას ტორფის და ქვიშის ნარევში.კალმები უნდა დაასათბუროთ და დადგათ +20+22 გრადუს ტემპერატურაზე,პერიოდულად უნდა გაანიავოთ.

მავნებლები და დაავადებები. შეფლერა ავადდება აბლაბუდიანი ტკიპით,ბუგრებით,ფარიანებით.

პრობლემები და მიზეზები.

· ფოთლების ცვენა.შესაძლო მიზეზები: ცივი ორპირი ზამთარში,მაღალი ტემპერატურა ზაფხულში,ზედმეტად სველი ნიადაგი(დაწყებულია ფესვების ლპობა).

· ღია ფერის ლაქები ფოთლებზე. მიზეზი: მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა.

· ფერმკრთალი ფოთლები და აწოწილი ყლორტები. მიზეზი: სინათლის უკმარისობა.

· ფოთლების გაყავისფერება. მიზეზი: ძალიან დაბალი ჰაერის ტენიანობა.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

11 June 0 639
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно