ბლეტილა ორქიდეა (Bletilla Striata)

ბლეტილა, იგივე ბაღის ორქიდეა ან მიწის ორქიდეა, ბოლქვიანი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. თავისუფლად იზრდება ღია ცის ქვეშ იქ, სადაც ნათელი და პირდაპირი მზის ხანგრძლივი გავლენისაგან დაცული ადგილია. უყვარს ნოყიერი, მაგრამ კარგი გამტარობის მქონე მიწა.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი ორქიდეა, რომლის კულტივაცია დაიწყეს ინგლისში 1794 წ. მის სამშობლოდ აღმოსავლეთ აზია, ჩინეთი და იაპონია ითვლება თუმცა ზოგიერთი მეყვავილე აღნიშნავს, რომ შეუნიშნავს დასავლეთ საქართველოს ტყეებსა და ეზოებშიც.

ბლეტილას ფოთლებს აქვს წაგრძელებული, ოვალური, ხასხასა მწვანე ფერის ან ზოლიანი, ოდნავ გოფრირებული ფორმა. საყვავილე არ გამოირჩევა უხვი ყვავილობით, როგორც წესი აქვს 4-8 ბუტონი. ყვავილის ფორმა კლასიკური ორქიდეისაა, ნაზი, სიფრიფანა და არც თუ ისე დიდი ზომის. ფურცლები თხელი და გრძელი, ხოლო ბაგე უფრო მსხვილი, ჟაბოსებური. აქვს რბილი არომატი.

სულ ბლეტილას 10 სახეობა არსებობს. სახლისა და ეზოს პირობებში უმეტესად ორი სახეობა გვხვდება Bletilla Striata და Bletilla Ochracea.

სახეობები და ჯიშები

Bletilla Striata, Bletilla Hyacinthina – ვარდისფერ-იისფერი ყვავილი;

Bletilla Striata Albostriata – თეთრი ყვავილი, ვარდისფერ ზოლიანი გულით;

Bletilla Striata Alba - თეთრი ყვავილი, ვარდისფერი ლაქებით;

Bletilla Striata Purple - მუქი მომელნისფრო-მოწითალო ყვავილი;

Bletilla Striata Soryu Blue Dragon - ლურჯი ყვავილი;

Bletilla Striata Murasaki Shikibu - ცისფერი ყვავილი;

Bletilla Striata Big Bob - მუქი ვარდისფერი ყვავილი;

Bletilla Yokohama Sweet Lips - ნაზი ვარდისფერი მელნისფერი ტუჩით;

Bletilla Ochracea - ხასხასა ყვითელი ყვავილი; Bletilla Chartacea - ნაზი ყვითელი ყვავილი, მუქი ყვითელი გულით; Bletilla Foliosa - თეთრი მელნისფერ-ვარდისფერი კანტით; Bletilla Formosana - ბაცი ვარდისფერი, ყვითელი გულით

და ა.შ. ბლეტილას ყველა სახეობა შესულია CITES II კონვენციის ნუსხაში, რომლის მიზანია შეიქმნას დამატებითი გარანტიები ველური მცენარეების გაყიდვის შემთხვევაში, რომ მათ არ შეექმნებათ განადგურების საფრთხე.

გამრავლება მცენარის გამრავლება შესალებელია როგორც ბულბების დაყოფით, ასევე თესლით. ფსევდობულბებით გამრავლება არ წარმოადგენს სირთულეს. დროთა განმავლობაში მცენარე წარმოქმნის ბულბების მთელს „ბუდეს“და ადრეულ გაზაფხულზე შესაძლებელია მათი დაყოფა 3-4 ცალად და ახლა ადგილზე გადატანა.

ფსევდობულბებს რგავენ არც ისე ღრმა ორმოში 3-5 სმ. და მცენარეებს შორის დაშორებას იღებენ 15 სმ. ბულბები უნდა იყოს ჯანმრთელი, დაზიანებების გარეშე, ერთიანი შეფერილობის. გრუნტი შემზადებული, ფხვიერი და წყალგამტარი, პროპორციით: ტორფი, კერამზიტი, ქერქი, ხავსი, ნახშირი 2:1:1:1:1. დარგვამდე ერთი თვით ადრე ბულბები სასურველია თბილ ადგილზე ვიქონიოთ და როგორც კი შესამჩნევი გახდება ახალი ამონაყარი,

დაირგას. 10-15 სმ სიღრმის ორმოს 1/3-ში კარგი გამტარობის უზრუნველსაყოფად ათავსებენ ან კერამზიტს, ან აგურის ნაფხვენებს. შემდეგ იყრება შემზადებული მიწა და შესაძლებელია, ასევე გრუნტი გამდიდრდეს მინერალური სასუქით, ისე, რომ არ მოვახდინოთ ბულბების დაზიანების პროვოცირება (სასუქით დაწვა). მსგავსი ქმედებები ხორციელდება ქოთანში ჩარგვის დროსაც. გადარგვის შემდეგ გრუნტი პერიოდულად უნდა დატენიანდეს, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან მორწყვას, უმჯობესია განვახორციელოთ ფოთლების ამოსვლის შემდეგ.

ბლეტილილას თესლით გამრავლება, ისევე როგორც სხვა მრავალი ორქიდეის, განსაკუთრებულ პირობებსა და წესებს მოითხოვს და საკმაოდ რთული და ნაკლებად ეფექტური პროცესია.

ბლეტილას მოვლა ამ ორქიდეას სჭირდება კარგად განათებული და პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცული ადგილი. გრუნტი არ უნდა იყოს ძალიან ნესტიანი, კარგი იქნება, თუ მცენარეს ღია გრუნტში შემაღლებულ ადგილზე დავრგავთ. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს გრუნტის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს, შესაძლებელია ნიადაგის გამდიდრება ჩვეულებრივი კომპოსტით, ან ფოთლებითა და გადამწვარი ნაკელით. გრუნტის ჰაეროვნებისათვის შეგვიძლია ქვიშის ან პერლიტის არევაც.

ზამთარში, მოყინვის თავიდან არიდების მიზნით, მცენარეს აფარებენ ფოთლების ან წიწვების ფენას. იქ სადაც უფრო ცივი კლიმატია, ზამთარში ბლეტილა ჯობია სახლის პორობებში იმყოფებოდეს, სახლში გამოზამთრების შემდეგ თავისუფლად შეიძლება მცენარის ქოთნის ღია ცის ქვეშ, აივანზე ან ეზოში დადგმა.

ყვავილობის დროს მცენარე კარგად უნდა მოირწყას, ხოლო როგორც კი დაუდგება მოსვენების პერიოდი, მორწყვა უნდა შევამციროთ. ზამთრის დადგომასთან ერთად, მორწყვა თითქმის უნდა შევწყვიტოთ. ღია გრუნტის შემთხვევაში მცენარეს ეფარება მულჩა (ფოთლები, წიწვები, ნახერხი და ა.შ.), ხოლო ოთახის პირობებში გადააქვთ უფრო გრილ და ბნელ ადგილზე. ამ დროს მცენარეს სცვივა ფოთლები და მოსვენებას ეძლევა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბულბები იღვიძებენ, ფოთლები იწყებენ ამოსვლას და მორწყვის რეჟიმიც თანდათან იზრდება. იმისათვის, რომ მომავალში გვქონდეს კარგი ყვავილობა და ზამთარში არ გაიყინოს, ამ შემთხვევაში მიწიდან ამოაქვთ ბულბები და ადრეულ გაზფხულზე უკან რგავენ.

საერთო ჯამში ბლეტილა ერთ-ერთ უპრეტენზიო ორქიდეად ითვლება და გაგვახარებს თავისი ყვავილობით თუ დავიცავთ მოვლის შემდეგ წესებს:

· გადარგვის შემდეგ გრუნტი უნდა დავატენიანოთ, არ დავუშვათ მისი სრულიად გამოშრობა. როცა კი პირველი ფოთლები ამოიწვერება, შეგვიძლია დავიწყოთ მისი მორწყვა. წყალი არ უნდა მოხვდეს ზრდის წერტილებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე შეიძლება გაფუჭდეს, დალპეს;

· მორწყვა უნდა გავაძლიეროთ ყვავილობის დაწყებიდან და როცა კი მცენარე დაასრულებს ყვავილობას, თანდათან შევამციროთ. ხოლო ზამთრის დაწყების წინ თითქმის შევწყვიტოთ;

· მორწყვის პერიოდულობა დამოკიდებულია გრუნტის ტენის შეთვისებისა და გატარების უნარზე. მაღალი ტემპერატურისა და მზიანი ამინდის დროს მორწყვას ვზრდით და წვიმებისა და ჰაერის მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ვამცირებთ. აჯობებს დავიცვათ ისეთი განრიგი, რომლის დროსაც მცენარის ბულბები და ფესვები 7-10 დღეში ერთხელ მთლიანად გაშრება;

· მიწა შესაძლებელია გამდიდრდეს 0,01% მინერალური სასუქის ნაზავით, აქტიური ვეგეტაციის პერიოდში;

· გრუნტი პერიოდულად უნდა გასუფთავდეს და მიწა ფრთხილად აფუვდეს, რომ ბულბებსა და ფესვებს კარგად მიეწოდებოდეს ჯანგბადი;

· ზამთარში, ღია გრუნტის შემთხვევაში, ვაკეთებთ მულჩირებას. ოთახის პირობებში ქოთანი გადაგვაქვს გრილ და ბნელ ადგილზე;

· აუცილებელია ზომიერების დაცვა სასუქების მოწოდებისას. უმჯობესია ბოლო კვება მივცეთ სრულ მოსვენებამდე, როცა მცენარე დაიწყებს ფოთლების მოშორებას და შემდეგ განვაახლოთ გაზაფხულზე. ამით ხელს შევუწყობთ ბულბების ჯანსაღად გამოზამთრებას;

დაავადებები და მავნებლები

არახელსაყრელი პირობების გამო, ყველაზე ხშირად ბლეტილა ავადდება სიდამპლით. მცენარის ფოთლები და ბულბები იფარება შავი სველი ლაქებით და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, უკვე ძნელია მცენარის გადარჩენა. პროფილაქიკისათვის ხმარობენ სპილენძის შემცველ ფუნგიციდებს და ამუშავებენ მთელს პერიმეტრს, და სხვა მეზობელ მცენარეეებსაც. ნიადაგის გადამეტებული სისველის გამო შეიძლება მცენარეს ვირუსული ან სოკოვანი დაავადება განუვითარდეს. ამ შემთხვევაშიც მცენარე ჯობია მოვაშოროთ სხვა ყვავილებს.

მავნებლებიდან ორქიდეა ბლეტილას ლოკოკინა და ლოქორი ეტანება. მათ ძალიან უყვართ ახალამოსული ფოთლებისა და ფესვების დაზიანება. თავიდან რომ ავირიდოთ მათი თავდასხმა ან მექანიკურად უნდა მოვაშოროთ მავნებლები მცენარეებს, ან ქიმიურად დავამუშაოთ პერიმეტრი.

გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ქორფაა ბლეტილას ფოთლები, მცენარეს შეიძლება დაეხვეს ბუგრი. ამ დროს პრეპარატების დამუშავების გარეშე ვერ გადავჭრით პრობლემას და არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოების წესების დაცვა. თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი

11 May 0 357
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно