შამპანურის შხეფები თუ ყვავილი ობობა (კლეომა, Cleome)

შამპანურის შხეფები-ასეთი რომანტიული დასახელება მცენარემ თავისი ვიზუალის გამო მიიღო, მისი ყვავილის ბოლოებს და დაყვავილების შემდეგ კი, სათესლე პარკებს აქვს მოგრძო, ისრისებური ფორმა, რომელიც ძალიან გვაგონებს შამპანურის ბოკალიდან ამოცვენილ შხეფებს. მაგრამ, ამავე დროს, ყვავილის წაგრძელებული ულვაშების გამო, რომელიც ობობის ფეხებს წააგავს, ამ მცენარეს თავის სამშობლოში „ყვავილ-ობობასაც“ ეძახიან.

კლეომა ველური მცენარეა, მაგრამ მეყვავილეებმა შეძლეს მისი მოთვინიერება და ეზოებში მოშენება, სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან კლეომა თვალს იბყრობს ბუჩქების სიმწვანითა და ზომით, ფერადი და ლამაზი ყვავილებით. მცენარეს უყვარს ზომიერი კლიმატი, იქ სადაც მკაცრი ზამთარი არ იცის, მათ შორის საქართველოში, მცენარე იმდენად კარგად გრძნობს თავს, რომ შეუძლია რამოდენიმე წელი იარსებოს.

კლეომას შთამბეჭდავი ზომები აქვს, სიმაღლეში 1,5 მეტრამდე იზრდება. აქვს ძალიან ძლიერი და მყარი ღერო, ხოლო დაბოლოება იბუჩქება და იკეთებს ყვავილის რამოდენიმე გვირგვინს. ფოთლების ფორმაც საინტერესო აქვს და ვიზუალურად წაბლის ფოთლებს წააგავს, იმ განსხვავებით, რომ ფოთლის ბოლოები წაწვეტებულია, და კიდეებზე ეკლებითაც კი არის აღჭურვილი. კლეომა ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე და ზოგი სახეობა ყვავილობს ყინვების დაწყებამდე.

ყვავილის შეფერილობა მრავალნაირია, თეთრიდან მელნისფრამდე ყველა გამაში. ყვავილის ფორმა ბურთისებურია, ზის მაღალ ღეროზე და დიამეტრში 20 სმ. აღწევს. გვირგვინი შედგება 4 ოვალური ფურცლისაგან და შეიარაღებულია გრძელი, ძაფისებური დაბოლოებით, ულვაშებით. ჯერ ყვავდება ქვედა კვირტები, იზრდება როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში. ყვავილობისას მცენარე გამოსცემს საოცარ არომატს, რომელიც ფუტკრების, კრაზანებისა და პეპლების გარდა, ღამურებსაც იზიდავს. დამტვერვის შემდეგ, მწიფდება გრძელი და წვრილი სათესლე პარკები, სადაც სულ ცოტა 20 მუქი ფერის თესლის მარცვლებია მოთავსებული.

სულ კლეომას 170 სახეობაა დაფიქსირებული და მათი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა შემჩნეულია საქართველოს ეზოებშიც კი. მის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და ჩრდილო აფრიკა ითვლება. საორიენტაციოდ, საქართველოში შემოტანილია მოყვარულების მიერ მეზობელი ქვეყნებიდან.

კლეომას რამოდენიმე გავრცელებული სახეობაა, ესენია:

· Champagne Sparkling (შამპანურის შხეფები) - ფერი თეთრიდან ვარდისფერამდე;

· Ellen Campbell (ელენ ქამბელი) - თეთრი ყვავილები;

· Golden Sparkler (ოქროს შხეფები) - ყვითელი ყვავილებით;

· Rose Queen (ვარდისფერი დედოფალი) - ვარდისფერი ყვავილებით;

· Giant Pink Cuisine (გიგანტური ვარდისფერი სუფრა) - ვარდისფერი ყვავილებით;

· Sparkler lavender (სპარკლერ ლავანერი) - ნაზი, იასამნისფერი;

· Cherry Queen (ალუბლის დედოფალი) - წითელი;

· Colour Fountain (ფერადი, ყვავილოვანი ფონტანი) - თეთრი, ვარდისფერი და მუქი ვარდისფერი ყვავილებით;

დიდი პოპულარობით სარგებლობს გიბრიდი, რომლის წინაპრებად Cleome Spinosa (ეკლიანი კლეომა) და Cleome Hassleriana (კლეომა ჰასლერა) ითვლებიან.

თესლის აღება როდესაც მცენარე ასრულებს ყვავილობას, იქ სადაც ყვავილი ქონდა, ბოლოებზე ეზრდება მოგრძო პარკი, სადაც მწიფდება თესლი. ყურადღებაა საჭირო, რადგან პარკი სკდება და მცენარის თესლი უწესრიგოდ მიმოიფანტება მიწაზე. ამიტომ, ჯობია, რომ ჩავუსაფრდეთ და პარკები გახსნამდე მოვჭრათ და შევინახოთ გრილ ადგილზე, შესაძლებელია მაცივარშიც. სათესლედ გამოდგება ყველაზე ნაადრევად დაყვავილებული და მომწიფებული პარკები.

კლეომას გამრავლება

მცენარის თესლით გამრავლება ყველაზე გავრცელებული ფორმაა ამ მცენარის მოსაშენებლად. კარგი იქნება, თუ დასათესს მასალას ნაადრევად მოვამზადებთ, რომ ძლიერი და ლამაზი მცენარეები მივიღოთ. თესლის დათესვა შეიძლება როგორც ღია გრუნტში, ასევე კონტეინერებში. მიწას ეყრება ტორფისა და ქვიშის თხელი ფენა, დასათესი ორმოები სასურველია არ იყოს ძალიან ღრმა, სალმარისია 1-1.5 სმ. თესლი ზანტად იზრდება და პირველი ჩითილები საკმაოდ სუსტები არიან, ამიტომ კონტეინერი პერიოდულად უნდა დატენიანდეს. არის მეორე ვარიანტიც, როდესაც 14 დღის მანძილზე ახდენენ ტემპერატურული რეჟიმის მართვას. დღისით კონტეინერს ათავსებენ მზეზე, ხოლო ღამე დგამენ გრილ ადგილზე. ჩითილები 20-30 დღის შემდეგ ამოიწვერება. როდესაც ახალგაზრდა მცენარეს ამოეზრდება 2-4 ფოთოლი, აუცილებელია მისი გადარგვა ცალკე, მოზრდილ ჭურჭელში, ოღონდ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ აქვს საკმაოდ სუსტი და პრეტენზიული ფესვი.

ჩითილის ღია გრუნტში გადატანა რეკომენდირებულია გაზაფხულის დასასრულს, მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება, რადგან პატარა მცენარეები მტკივნეულად რეაგირებენ ტემპერატურის რყევებზე. მომავალში ყვავილების სილამაზე პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილის სწორად შერჩევაზე: უნდა იყოს საკმაოდ განათებული, მაგრამ ნაკლებ ქარიანი ადგილი.

სასურველია ჩითილების გადატანამდე გრუნტი დამუშავებული იყოს: კარგად გასწორებული და კომპოსტით გამდიდრებული. მცენარის სიჯანსაღისთვის კი კარგი იქნება ჩითილის ფესვთა სისტემა დამუშავდეს ეპინით. მცენარეებს შორის ჯობია დავიჭიროთ დაშორება 30-80 სმ, ბუჩქი დიდი იზრდება და შეიძლება შეუშალონ შემდგომში ყვავილებმა ხელი ერთმანეთს.

ღია გრუნტში დათესვა კლეომა ითესება ღია გრუნტშიც, თუმცა ამას აკეთებენ ნოემბერ-დეკემბერში. აჯობებს ნათესები დაიფაროს ფოთლის ან ბალახის ფენით, რომ ყინვების შემთხვევაში არ მოხდეს თესლის გაფუჭება. გაზაფხულზე ეს ფენა უნდა მოშორდეს, რომ მცენარემ შეძლოს ამოზრდა და ძალის მოკრება. დათესვის ასეთი ფორმა კონტეინერში დათესვაზე უკეთესია, რადგან მცენარე უფრო მყარი ამოდის, თუმცა ღია გრუნტში დათესვის დროს გვექნება უფრო გვიანი ყვავილობა. კლეომა შესაძლებელია დაითესოს გვიან გაზაფხულზეც, მაგრამ ამ დროს გვექნება პატარა ბუჩქი. 2-3 წლის შემდეგ მცენარე ჯობია გადაირგას, რომ მომავალში მივიღოთ უფრო მდიდარი ყვავილობა.

გრუნტის მომზადება მცენარეების გადარგვამდე ან დათესვამდე გრუნტი სასურველია დამუშავდეს კომპოსტით, მაგრამ უნდა შენარჩუნდეს მიწის დაბალი მჟავიანობა. მიწა უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი. თუ გრუნტი ძალიან ნოყიერია, ეს გამოიწვევს ბუჩქის ზომაში ზრდას და შეაფერხებს ყვავილობას.

მოვლის თავისებურებები

კლეომა არ არის კაპრიზული მცენარე, და ამიტომ არც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. სასურველია მოირწყას ზომიერად, რადგან არ მოსწონს ძალიან სველი ნიადაგი და თუ ისეთ რეგიონში ვიმყოფებით სადაც საკმარისი რაოდენობით მოდის წვიმა, შესაძლებელია ესეც კი საკმარისი აღმოჩნდეს. იტანს ხანმოკლე გვალვებს, თუმცა გვალვების დროს, ბუნებრივია, რომ უნდა მოირწყას უხვად, მაგრამ ხშირად დატენიანებას არ უწევენ რეკომენდაციას.

კლეომას კვება შესაძლებელია ყვავილობის დაწყებამდე თვეში ორჯერ მინერალური სასუქებით კვება. კარგია, თუ ფესვების გამკვრივებისათვის მივაშველებთ სპეციალურ სასუქს. მაგალითად, ძალიან კარგია ცირკონის მოხმარება, ოღონდ ყვავილების კვირტების ჩამოყალიბებამდე. მორწყვისას, ყოველ ჯერზე, სასურველია მიწის აფუება და სარეველების მოშორება. ზომაზე მეტი კვება იწვევს ბუჩქის ზრდას ზომაში და ყვავილების შემცირებას. თუ მცენარე ძალიან მაღალი გაიზარდა, კარგი იქნება, თუ საყრდენს გავუკეთებთ, მცირე ნიავმაც კი შეიძლება გადატეხოს.

შესაძლო სირთულეები მცენარე საკმაოდ მდგრადია დაავადებების წინააღმდეგ და რაც საინტერესოა, მისი მკვეთრი სურნელი აფრთხობს მავნებელ მწერებს. ყველაზე დიდ საშიშროებას კლეომასათვის წარმოადგენს ბნელი და ტენიანი ადგილი, რადგან ამ დროს მცენარის მდგრადობა სოკოვანი და ვირუსული დაავადებების წინაშე მცირეა. და რაც მთავარია, ლამაზმა და არომატულმა კლეომამ შეიძლება დაიცვას სხვა მცენარეები პარაზიტებისაგან. ამიტომ ამ მცენარეს, სხვა, უფრო სუსტ მცენარესთან ახლოს რგავენ.

კლეომა ნამდვილად ამდიდრებს ეზოს, გაზონს და დეკორს. მაღალ სახეობებს რგავენ შუაში, ხოლო უფრო ჩია ტანის ჯიშებს გარშემო, ასე ფარავენ ეკლებსა და მცენარის ბასრ და უხეშ დაბოლოებებს. კლეომა ჰარმონიაში შედის დელფინიუმებთან, ასრტებთან, ექინაცეასა და ა.შ. მაგრამ, კარგი კომპოზიციის შესაკვრელად აუცილებელია თითოეული მცენარის სახეობების თავისებურებებისა და სიმაღლის გათვალისწინება. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.geთარგმანი:ხათუნა კალატოზიშვილი

27 April 0 380
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно