ალოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ალოე წარმოშობით აფრიკიდან არის,მისი ყველაზე მშრალი რეგიონებიდან,ამიტომ ის გვალვის მიმართ განსაკუთრებით გამძლეა.

ალოეს თავისებურებები

ალოეს ფოთლის ფირფიტები,რომელიც როზეტის შემადგენელი ნაწილია,იზრდება ფესვებიდან,ხორციანია,არსებობს ეკლიანი და უეკლო სახეობები.ზოგიერთ ალოეს ფოთლის ზედაპირი დაფარულია ცვილოვანი ნაფიფქით.ყვავილობისას მცენარეს ამშვენებს წითელი,ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები.ყვავილები ზარისებური ან მილისებურია.

ალოეს ბევრ სახეობა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა,ამიტომ მას არატრადიციულ მედიცინაში იყენებენ.ალოეს წვენი სწრაფად ახორცებს ჭრილობებს,დამწვრობებს,დაჩირქებას.მას ასევე იყენებენ ნიღბების დასამზადებლად,რადგან ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი და აღმდგენი მოქმედება.კულტურაში მრავალი სახეობის ალოეს ზრდიან.

მოვლის პირობები ყვავილობა. ალოეს ყვავილების გამო არ ზრდიან,ის გამოიყენება როგორც სამკურნალო მცენარე.

განათება. საჭიროებს მკვეთრ მზის სინათლეს.ზოგჯერ ზამთრის პერიოდში დამატებით განათებას ურთავენ.ცუდი განათების პირობებში მცენარე იწოწება.

ტემპერატურული რეჟმი. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მცენარე კარგად იზრდება ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე.ზამთარში საჭიროა გრილ ადგილზე გამოზამთრება საშუალოდ + 14 გრადუსის ფარგლებში.

მორწყვა. ვეგეტაციის პერიოდში როგორც კი შეშრება ნიადაგის ზედა ფენა,მცენარე უნდა მოირწყას.ზამთრის პერიოდში ბევრად იშვიათად,უფრო ზუსტად ნიადაგის ზედაპირის შეშრობიდან ორი-სამი დღის შემდეგ.ყურადღება მიაქციეთ, რომ მორწყვისას წყალი არ ჩარჩეს როზეტში.

ჰაერის ტენიანობა. ალოე ნორმალურად იზრდება ოთახის პირობებისათვის დამახასიათებელ ჰაერის ტენიანობაზე.

სასუქი. სასუქი მიეწოდება გაზაფხულის მეორე ნახევრიდან შემოდგომის პირველ ნახევრამდე 4 კვირაში ერთხელ.გამოიყენება მინერელური სასუქები.

მოსვენების პერიოდი. შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის პირველ ნახევრამდე მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს,მორწყვა შეამცირეთ მინიმუმამდე,მოათავსეთ სიგრილეში.

გადარგვა. მცენარის გადარგვა ხდება ვეგეტაციის პერიოდის დაწყებამდე.ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ორ წელიწადში ერთხელ,უფრო ხანდაზმულს ოთხ წელიწადში ერთხელ.

ნიადაგის ნაზავი. ფოთლოვანი მიწა,კორდის მიწა და ქვიშა.პროპორციით: 1:2:1

გამრავლება. მრავლდება ამონაყარით ან დათესვით.

მავნებლები. ბუგრი,ფარიანები,ფქვილოვანი ცრუფარიანა,აბლაბუდიანი ტკიპი.

დაავადებები. მცენარე შესაძლოა დაავადდეს მხოლოდ მაშინ,როდესაც არასწორად უვლით.ხშირად ემართება სიდამპლე,რაც გამოწვეულია ჭარბი მორწყვით.

თვისებები. ალოეს ზოგიერთი სახეობა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.მას აქვს ანთების საწინააღმდეგო,იმუოსტიმულაციური,ჭრილობის შემახორცებელი,ანტიბაქტერიული,რეგენერაციული და სხვა მრავალი თვისება.

ალოეს სახეობები და ფოტოები

თეთრყვავილა ალოე (Aloe albiflora) ამ ალოეს არ გააჩნია ღერო,აქვს ვიწრო ფოთლები,რომელთა სიგანე დაახლოებით 5 სმ-ია,სიგრძე კი 25 სმ-მდე.ფოთლის კიდეებზე განლაგებულია წვრილი,თეთრი ფერის ეკლები.ფოთლები მომწვანო-მონაცრისფროა,ზედაპირი დაწინწკლულია თეთრად.ყვავილობისას ეზრდება 50 სმ-მდე სიგრძის საყვავილე ღერო,რომელზეც ფორმირებულია თეთრი ფერის ყვავილების მტევანი.ასეთი ალოე ადვილად მრავლდება ფესვთანური ამონაყარით.

მარაოსებური ალოე (Aloe plicatilis) ეს ბუჩქოვანი ალოეა.მისი ღეროები ასაკთან ერთად ხევდება.ამ სახეობის ალოეს სიმაღლე 5 მეტრს აღწევს,ღერო დატოტვილია,თვითოეული ტოტი ბოლოვდება ფოთლოვანი როზეტით.საპირისპიროდ განლაგებული ფოთლის ფირფიტები 14-16 მდეა,ფოთლები ბრტყელია,ბოლოში მომრგვალებული,სიგრძით არაუმეტეს 30 სმ,სიგანით 4 სმ-მდე.ყვავის წითელი ფერის ყვავილებით,გრძელ საყვავილე ღეროზე.ეს სახეობა დანარჩენებისაგან იმით გამოირჩევა,რომ საჭიროებს უფრო ხშირ მორწყვას.მას მეორენაირად ქოლგისებურ ალოეს (Aloe tripetala) ან ენისებურ ალოეს(Aloe ligngua) უწოდებენ.

ალოე ვერა (Aloe vera) მწვანე ფერის ლანცეტის ფორმის ფოთლები შეკრებილია როზეტებად,ხშირად ფოთლის ზედაპირზე თეთრი წინწკლებია,კიდეებზე ღია ვარდისფერი შეფერილობის ეკლებია განლაგებული.ფოთლის სიგრძემ შესაძლოა 0,5 მეტრს მიაღწიოს.მაღალ საყვავილე ღეროზე განლაგებულია რამდენიმე საყვავილე მტევანი ყვითელი ფერის ყვავილებით,რომელთა სიგრძე 30 მმ-ია.არის წითლად მოყვავილე ჯიშებიც.ამ სახეობას ასევე ბარბადოსულ ალოეს (Aloe barbadensis),ინდურ ალოეს(Aloe indica) ან ალოე ლანცას (Aloe lanzae) უწოდებენ.

დესკოინგსის ალოე (Aloe descoingsii) ამ ალოეს ძალიან მოკლე ღერო აქვს,ფოთლები ფესვებთან ახლოს იზრდება,შეკრებილია როზეტად,სიგრძით 4 სმ-მდეა,ფორმით წაგრძელებული სამკუთხა ფორმის.ფოთლის ზედაპირზე მრავალი მოთეთრო ფერის ლაქაა.ყვავილები მილისებურია,სიგრძით 10 მმ-მდე,შეკრულია მტევნად,განლაგებულია 30 სმ სიგრძის საყავილე ღეროზე.მრავლდება შვილეული ამონაყარით.

ჯეკსონის ალოე (Aloe jacksonii) ამ ბუჩქისებურ ალოეს საკმაოდ მოკლე ღერო აქვს.სიმაღლით მხოლოდ 30 სმ-მდე აღწევს.ფოთლის ფირფიტები სიგრძით 10 სმ-მდეა,ნაპირებში მოკლე ეკლები,დაბოლოებაზე კი ერთი გრძელი ეკალი აქვს.ფოთლები დაფარულია მოთეთრო ლაქებით და ცვილოვანი ნაფიფქით.ყვავილობისას ეზრდება 20 სმ სიმაღლის საყვავილე ღერო,რომლის ბოლოზე ყალიბდება მოწითალო,მილისებური მტევანა ყვავილედი.

ხისმაგვარი ალოე (Aloe arboresens) ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ოთახის პირობებში,მას ასევე ასწლოვანას ეძახიან.მცენარემ შესაძლოა სიმაღლეში 3 მეტრს მიაღწიოს.ასაკთან ერთად ღეროს ქვედა ნაწილი შიშვლდება,ზედა ნაწილი კი ძლიერად იტოტება.მკვრივი ხორციანი ფოთლები მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობისაა,სიგრძით ნახევარ მეტრამდე,სიგანით კი 6 სანტიმეტრამდეა.ფოთლის კიდეებზე განლაგებულია ეკლები.ყვავილობს მაის-ივნისში.თუმცა სახლის პირობებში მისი ყვავილობა იშვიათია.მაღალ საყვავილე ღეროზე განლაგებულია მტევანა ყვავილედი,ყვავილები ვარდისფერი,წითელი ან ყვითელი ფერისაა.

კამპერის ალოე (Aloe camperi) ალოეს ეს სახეობა დაბალი,პრიალა ფოთლების მქონე მცენარეა.ფოთლები მწვანეა,ლანცეტისებური,სიგანით - 5 სმ-მდე,სიგრძით 50 სმ.კიდეები დაკბილულია.ყვავილობისას ყალიბდება მაღალი საყვავილე ღერო,რომელზეც იშლება ნარინჯისფერი,წითელი ან ყვითელი,მილისებური ყვავილები,რომელთა სიგრძე 5 სმ-მდეა.

ჩაჩისებური ალოე (Aloe mitriformis) ამ მრავალწლიან ბალახოვან მცენარეს მოკლე ღერო აქვს.ფოთლის ფირფიტები ფესვებიდან იზრდება,შეკრებილია როზეტად,აქვს მომრგვალებული-სამკუთხედის ფორმა,სიგრძით 20 სმ-მდე,სიგანით 15 სმ-მდეა.შეფერილობა შესაძლოა იყოს მოცისფრო-ნაცრისფერიდან მკვეთრ მწვანემდე,ფოთლების კიდეებზე მრავალი წვრილი ეკალია.ყვავილობისას როზეტის შუაგულიდან ამოდის მაღალი საყვავილე ღერო,რომლის ბოლოში იშლება მკვეთრი წითელი ფერის მტევანა ყვავილედი.სახლის პირობებში ძალიან იშვიათად ყვავილობს.

მოკლეფოთლება ალოე (Aloe brevifolia) ამ მრავალწლიან,ბალახოვან მცენარეს ფოთლები როზეტად აქვს შეკრებილი,ფოთლის ფორმა სამკუთხა ან ლანცეტისებურია,სიგრძით 11 სანტიმეტრამდე აღწევს,სიგანით 4 სმ-მდე,ფოთლის კიდეებზე თეთრი ფერის ეკლებია განლაგებული.შეფერილობა - მოცისფრო-მწვანე.მილისებური წითელი ყვავილები შეკრებილია მტევანა ყვავილედად,მაღალ საყვავილე ღეროზე.

ლამაზი ალოე (Aloe bellatula) ამ მცენარეს არ აქვს ღერო,მისი სამშობლოა მადაგასკარი.ფოთლები ფესვებიდანვე იზრდება,სიგრძით 15 სმ-ს აღწევს,სიგანით 1 სმ-მდეა.მუქი მწვანე ფოთლების ზედაპირი დაფარულია თეთრი ლაქებით და ხორკლებით,კიდეებზე კი პატარა ეკლები აქვს.მისი მარჯნისფერი ყვავილები ზანზალაკისებურია.

ალოე მარლოტა (Aloe marlothii) ამ ბუჩქისებური ალოეს სიმაღლე 3 მატრს აღწევს.ხორციანი ლანცეტისმაგვარი ფოთლის ფირფიტები შეკრულია როზეტებად,ფოთლები დაფარულია ცვილოვანი ნაფიფქით,შეფერილობა -მონაცრისფრო-მწვანე.ფოთლების სიგრძე 1,5 მეტრს აღწევს,სიგანე - 30 სმ-მდე,ფოთლის კიდეები დაფარულია დიდი რაოდენობით პატარა ღია-წითელი ეკლებით.ყვავილები მილისებურია,უფრო ხშირად ნარინჯისფერ-წითელი.

საპნის ალოე (Aloe saponaira) საპნის ან ლაქებიანი ალოე (Aloe maculata).ბუჩქოვანი ალოე,რომელსაც ღეროები დატოტვილი აქვს,ფორმირებულია რამოდენიმე როზეტი.ფოთლის ფირფიტის

სიგრძე 60 სმ-მდეა,სიგანე - 6 სანტიმეტრამდე.აქვს მრავალრიცხოვანი თეთრი ლაქები,ფოთლის კიდეებზე 5 მმ სიგრძის ეკლებია განლაგებული,ყვავილები ყვითელია,ზოგჯერ მოწითალო ელფერით.

ფხიანი ალოე (Aloe aristata) ამ ბუჩქისებურ ალოეს მოკლე ღერო აქვს,მწვანე,სამკუთხა ფორმის ფოთლები ქმნის როზეტს,ფოთლებს ამშვენებს მოთეტრო ფერის ხორკლები,კიდეებზე კი განლაგებულია ეკლები.ოდნავ მრუდე ფორმის ფოთლის ფირფიტას წვერზე ეზრდება მოგრძო ძაფი.მაღალ საყვავილე ღეროზე ყალიბდება რამოდენიმე მტევანა ყვავილედი,რომელიც შედგება 20-30 ნარინჯისფერ-წითელი მილისებური ყვავილი.

ალოე შორეული (Aloe distans) ამ ალოეს გადაფენილი ტოტები სიგრძით სამ მეტრს აღწევს.ფოთლები ნაცრისფერ-მწვანეა,სიგრძით 10 სანტიმეტრამდე,ფუძესთან მათი სიგანე 6 სამტიმეტრამდეა,ფოთლის კიდეებზე პატარა თეთრი ეკლებია.ყვავის ყვითელი მილისებური ყვავილებით.

ზოლიანი ალოე (Aloe striata) ან რუხი ალოე ამ მრავალწლიანი მცენარის სამშობლოა სამხრეთი აფრიკა.მისი ხორციანი,მკვრივი, მონაცრისფრო-მწვანე ფოთლები შეკრულია როზეტად,მას არ აქვს ღერო.ფოთლის სიგრძე ნახევარ მეტრს აღწევს,სიგანე - 15 სმ-ს.ფოთლის კიდეები სწორია,მოწითალო ფერის.მაღალ საყვავილე ღეროზე რამოდენიმე მტევანა ყვავილედი ვითარდება,ყვავილები მოწითალო ფერისაა,ყვავის ზაფხულის მეორე ნახევარში.

ვეფხვისებური ალოე (Aloe variegata) ანუ ჭრელი ალოე,იგივე აუსანის ალოე.ამ მცენარის სიმაღლე 30 სანტიმეტრამდეა,წაგრძელებული ფორმის ფოთლები შეკრებილია როზეტად ფესვებთან ახლოს.ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა,შემკულია თეთრი ორნამენტებით,რომელიც წერტილებისა და ხაზებისაგან შედგება.ყვავილედი მტევანაა,ყვავილები წითელი,ვარდისფერი ან ყვითელია.

საზარელი ალოე (Aloe ferox) ბუნებრივ პირობებში ბუჩქის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს.ზედა ნაწილში ყალიბდება ფოთლოვანი როზეტი,რომელიც შედგება ნახევარი მეტრის სიგრძის ფოთლის ფირფიტებისაგან.მომწვანო ფოთლები გარკვეულ პირობებში მოწითალო ფერს იღებს.ფოთლის კიდეებში კბილანისებური წარმონაქმნებია,რომლებიც ზოგჯერ ფოთლის ზედაპირზეც ვითარდება.ყვავილედი მტევანაა,სიმაღლით ნახევარ მეტრამდე,ყვავილები მოწითალო ნარინჯისფერია. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში yvavilebi.ge

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის



 

16 April 0 1 047
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно