ფორზიცია საშუალო ზომის ხე ან ბუჩქი

საშუალო ზომის ხე ან ბუჩქი, მიეკუთვნება ზეთისხილისებრთა ოჯახს. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე ყვითელი ყვავილებით.გ ვარი ძალიან ძველია. მისი გავრცელების არეალი ფართოა - 6 სახეობა გვხვდება აღ აზიაში და მხოლოდ ერთი სახეობაა ევროპაში, უმეტესად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. სახელი მიიღო შოტლანდიელი ბოტანიკოსის უილიამ ფორსაიტის პატივსაცემად, რომელიც სამეფო მებაღეობის საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი იყო. სწორედ მან ჩამოიტანა ეს მცენარე ევროპაში ჩინეთიდან.

მცენარე იზრდება 1 -3 მ მდე. ქერქი უხეშია, მონაცრისფრო ყავისფერი, ფოთლები ზოგ სახეობას სამმაგდანაკვთული აქვს, უმეტესობას კი მარტივი, მოპირდაპირე განლაგებით, ოვალური ფორმის, 2-15 სმ სიგრძის. ყვავილი ზანზალაკისებრია, ყვავილობა იწყება ადრე გაზაფხულზე და 3 კვირა გრძელდება, ნაყოფი კოლოფია, შიგ კი ფრთიანი თესლია.

ეს დაბალი მცენარე დღეს ბევრ ქალაქში გვხვდება ქუჩებში, სკვერებსა თუ კერძო ეზოებში. ჯერ კიდევ ზამთარ ახალგამოვლილ ქუჩებს უეცრად ალამაზებს მკვეთრად ყვითელი ყვავილები ტოტებზე, რომლებსაც მწვანე ფოთოლიც არ გამოსვლიათ .ეს გაზაფხულის ნიშანია. ასე ადრე მისი ყვავილობა სხვა ბუჩქებისგან გამოარჩევს ამ მცენარეს. პოპულარობას კი ჰმატებს უპრეტენზიობა და მოვლის სიმარტივე.

ფორზიცია სინათლისმოყვარულია, მაგრამ სძლებს ჩრდილშიც. ნიადაგი სჭირდება კირნარევი. განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება წიწვოვნების ფონზე. შემოდგომაზე მისი ფოთოლი ოქროსფერი ან მეწამულ - იისფერი ხდება და კვლავ იპყრობს ყურადღებას.

დარგვა - მას გაზაფხულზე ან ადრე შემოდგომაზე რგავენ, რომ ყინვებამდე მოასწროს შეგუება გარემოსთან. ადგილი უნდა იყოს უქარო, მზიანი და მშრალი, ოდნავ ტუტე ნიადაგიანი. თუ მჟავეობა მაღალია, მიწას გადაბარავენ და შეაქვთ ხის ნაცარი.

ორმოს თხრიან 50-50-60 ზომით, რომ ფესვები დარგვისას მოხვდეს 30-40სმ სიღრმეზე. თუ რამდენიმე ბუჩქს რგავთ, მანძილი მათ შორის 1,5მ უნდა იყოს. ორმოში ყრიან დრენაჟის 15 სმ იან ფენას, მერე ქვიშას 10სმ სისქეზე, მერე კი ნარევს - ფოთლოვანი მიწის, ქვიშის და ტორფის შემადგენლობით 2:1:1, უმატებენ 200გრ ხის ნაცარსაც. ნერგს მოაყრიან ზემოდან მიწას, კარგდ უტკეპნიან გარშემო და უხვად რწყავენ. თუ იგი გაზაფხულზეა დარგული, მერე ბევრი არაფერი დასჭირდება, შემოდგომაზე დარგულის მოვლა კი უფრო რთულია - სჭირდება მულჩირება

ჰაერგამტარი მასალით, რომ ზამთრის თბილ დღეებში საყვავილე კვირტების გავითარება არ შეფერხდეს.

მოვლა - თუ სეზონი წვიმიანია, ზაფხულში მორწყვა არ სჭირდება, მშრალ სეზონზე კი თვეში მინიმუმ 2 ჯერ რწყავენ 10ლ ერთ ბუჩქზე ანგარიშით, მერე კი მიწას უფხვიერებენ. ამის მერე მულჩირებაა საჭირო კომპოსტით ან მშრალი მიწით. სეზონზე კვება სამჯერ სჭირდება - ადრე გაზაფხულზე -ღეროს ირგვლივ თხრილში სქელ ფენად შეაქვთ გადამწვარი ნაკელი და მერე კარგად რწყავენ.ასეთ შემთხვევაში ნაკელი მულჩის როლსაც ასრულებს. აპრილში სრული მინერალური სასუქი შეაქვთ 60-70გრ კვ მ ზე. ყვავილობის მერე კი, როდესაც ახალი საყვავილე კვირტები ყალიბდება,მესამედ შეაქვთ უნივერსალური სასუქი 100-120 გრ კვ მ ზე.

გამრავლება - მისი გამრავლება ვეგეტატიური გზით ხდება - მწვანე 15 სმ იანი ტოტებით, რომლებსაც აჭრიან ივლისში, ქვედა ფოთლებს აცლიან, ტოტებს დებენ ფესვის ზრდის სტიმულატორში, მერე კი ასათბურებენ პერლიტში ან ქვიშაში. შეიძლება დარგვა პირდაპირ ღია გრუნტშიც, ოღონდ უკვე ოქტომბერში მოჭრილი ტოტები. მიწის ზემოთ ტოვებენ 2 -3 კვირტს. ზამთარში მშრალი ფოთლები უნდა დააყაროთ. გაზაფხულზე კი, როცა საფარს მოაშორებთ, ტოტები ზრდას დაიწყებს და საშემოდგომოდ კარგი ნერგები გექნებათ.

მისი გამრავლება გადაწვენითაც შეიძლება - ტოტებს ხრიან მიწაზე ზაფხულში ან შემოდგომაზე, წინასწარ ძირთან მავთულს ახვევენ და ქერქს სერავენ მიწისკენა მხარეს, ტოტს ამაგრებენ მიწაზე, აყრიან ნოყიერ მიწას ზემოდანაც. ტოტი მალე დაფესვიანდება, გაზაფხულზე კი მას დედა მცენარეს აჭრიან, მომდევნო წელს იგი უკვე იყვავილებს, მისი გამრავლება თესლითაც შესაძლებელია, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია და სპეციალისტების საქმეა.

გასხვლა - ახალგაზრდა ბუჩქებს მხოლოდ სანიტარულად სხლავენ - აშორებენ მოყინულ, გამხმარ ან გატეხილ ტოტებს. ზრდასრულს კი გაზაფხულზე ტოტების ბოლოებს უმოკლებენ. მისი ძირითადი გასხვლა ზაფხულში ხდება ყვავილობის დასრულების მერე. ძველ ტოტებს 4-6მ ზე ჭრიან მიწიდან, რადგან ამის მერე მცენარე დაიბუჩქება - გვერდითა ტოტები გაეზრდება. მოყვავილებულ ტოტებს უნახევრებენ სიგრძეში, გასხვლით შეიძლება ვარჯის სიხშირის, სიმაღლის და ფორმის რეგულირება.ზრდასრული მცენარის გაახალგაზრდავება კი ხდება ყველა ტოტის დამოკლებით 2/3 მდე, რომ მოხდეს ახალი ტოტების ზრდის გააქტიურება, გადაჭარბება კი არ ივარგებს - ასე მცენარე კარგად დაიბუჩქება, მაგრამ არ იყვავილებს, ამიტომ ასე დასჭირდება მას 3-4 წელიწადში ერთხელ.

დაავადებები - მცენარე საკმაოდ გამძლეა, მაგრამ ზოგჯერ ემართება მონილიოზი, ბაქტერიოზი, ჭკნობა. ამ უკანასკნელს ებრძვიან ფუნდაზოლით, მონილიოზი გამოიხატება ყავიფერი ლაქებით ფოთლებზე , მას ასეთ ფოთლებს აცლიან და დაზიანებულ ადგილებს აჭრიან საღ ქსოვილებამდე. ბაქტერიოზი მოურჩენელია, ასე დაზიანებული მცენარე უნდა ამოითხაროს და განადგურდეს. ზოგჯერ მას ნემატოდაც აწუხებს, ასეთ დრო მიწას მოასხამენ კარბატიონს.

ყვავილობის მერე - ზამთრის ყინვებისგან დასაცავად ღეროსირგვლივ თხრილში ყრიან 10სმ იან ფენად მშრალ ფოთლებს, ტოტებს მიწასთან ხრიან, ზემოდან კი წიწვოვნების ტოტებს აყრიან. ადრე გაზაფხულზე კი ყველაფერს აშორებენ. თოვლიან ზამთარს იგი შეფუთვის გარეშეც კარგად უძლებს.

სახეობები -კულტურაში გავრცელებული სახეობა ევროპული ფორზიციაა - საშუალო, 2 მდე სიმაღლის ბუჩქია სწორმდგომი ტოტებით, ერთეული ოქროსფერი ზარისებრი ყვავილებით.

ჟირალდის ფორზიცია - ჰგავს ევროპულს, მაგრამ მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის მიმართ. ყვავილობს მაისში ღია ყვითელი ყვავილებით, რომლებსაც დაგრეხილი ფურცლები აქვს.

ჩამოშვებულტოტიანი ფორზიცია - 3მ მდე სიმაღლის გაშლილვარჯიანი დაბლა დაშვებულტოტებიანი მცენარეა მსხვილი ყვითელი ყვავილებით, რაც შეკრულია ჯგუფ-ჯგუფად. მისი რამდენიმე ფორმა არსებობს - ჭრელი, მეწამულტოტიანი, ფორჩუნა, ზიმბოლდის და სხვ. მუქ-მწვანე ფორზიცია - შედარებით მაღალი მცენარეა უხვფოთლიანი, ყვავილი მომწვანო ყვითელია, შეკრული ჯგუფებად, კარგად უძლებს გვალვას,თეთრი ფორზიცია - 1,5- 2 მ სიმაღლის ბუჩქი, ოვალური ფოთლებით,რომლის ქვედა მხარე მეწამულია. ყვავილი თეთრი აქვს, ყვთელი შიგა ნაწილით, კოკრობისას ნაზი ვარდისფერი აქვს.

კვერცხისებრი - 2მ მდე სიმაღლის, გაშლილვარჯიანი მცენარე, ფოთოლი ზაფხულში ღია მწვანეა, შემოდგომაზე იისფერდება. ერთეული ყვავილები მკვეთრი ყვითელია, ყველა სხვაა სახეობაზე ადრე ყვავილობს, სწრაფად იზრდება. ზამთარმედეგი და გვალვაგამძლეა. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში,შემოგვიერთდით yvavilebi.ge


 


07 April 0 256
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно