ლევკოიონი ღია გრუნტში (Matthiola)

ერთ ან მრავალწლიანი ბალახოვანი სურნელოვანყვავილიანი დეკორატიული მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახიდან, ბუნებაში ხარობს აფრიკაში, სამხრეთ ევროპასა და მიმდებარე აზიის ნაწილში, მოიცავს 50 მდე სახეობას. ლათინური სახელი იტალიელი ექიმის და ბოტანიკოსის პიერო მატიოლის პატივსაცემად ეწოდა. რუსული სახელი კი ბერძნულიდან მოდის -თეთრ იას ნიშნავს. წინა საუკუნეში იგი ბევრ ეზოში შეიძლებოდა გენახათ, დღეს ცოტა მივიწყებულია.

მცენარე ბალახოვანი ან ნახევრადბუჩქოვანია სწორმდგომი 20-80სმ სიმაღლის ღერებით. ყვავილი თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, ლილისფერი, მარტივი ან ხუჭუჭა, შეკრულია თავთავის ან მტევნისებრ ყვავილედებად. ყვავილობს ივნის-ნოემბერში. ნაყოფი პარკია, სადაც თესლებია მოთავსებული. მარტივყვავილიანი - კარგი სათაფლეა, ხუჭუჭა კი ძალიან ლამაზი და უპრეტენზიო. მცენარის მოვლა დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია.

დათესვა - თესლი ერთი დღით უნდა დალბეს წყალში გასაჯირჯვებლად, მერე ახვევენ მარლაში და დებენ მაცივარში რამდენიმე დღე სტრატიფიკაციისთვის. მას თესავენ მარტში ჩითილებისთვის კონტეინერებში ნამიან სუბსტრატში, რაც შედგება ქვიშის და კორდის მიწისგან 1:3 თანაფარდობით. თესლი მიწაში 0,5 სმ სიღრმეზე ითესება, დასათბურებულს დებენ 20-22 გრ ზე, 4-5დღეში ამოდის, მაგრამ შეიძლება 2 კვირაც დასჭირდეს.

ჩითილების მოვლა - ამოსულ ნათესს პაკეტს ხსნიან, გადააქვთ უფრო ნათელ ადგილზე. ასე ღერები არ გაეწელება. ტემპერატურას კი დაბლა სწევენ - 10-12 გრ ზე, შეიძლება მისი გადგმა გრილ აივანზე ან გაუთბობელ ოთახში. ამოსვლიდან მესამე დღეს რწყავენ პირველად, 10 დღის მერე კი ხდება პიკირება. გვიანი ჯიშების პიკირება პირდაპირ ღია გრუნტშიც შეიძლება. პირველი ნამდვილი ფოთლების ამოსვლის მერე აძლევენ სასუქს - 0,1 გრ მანგანუმის სულფატს და თუთიის სულფატს და 0,3 გრ შაბიამანს და ბორის მჟავას 1 ლ წყალში გახსნილს. ჩითილებს გასაკაჟებლად ტოვებენ ვერანდაზე და ხანგრძლივობას ნელნელა ზრდიან. ეს ხდება ღია გრუნტში გადარგვამდე 2 კვირით ადრე.

დარგვა ღია გრუნტში - გრუნტში ირგვება მაისში, ღრუბლიან ამინდში ან საღამოს - მზეზე დრგული მცენარე უცებ იწყენს და კვდება. მისი დარგვა არ შეიძლება ადგილზე, სადაც ადრე ამავე ოჯახის მცენარეები იყო დარგული დაავადების - “შავი ფეხის” შესაძლო გადადების გამო. ეს ადგილი კარგად დრენირებული, ნეიტრალური

რეაქციის მქონე ნიადაგიანი, ნოყიერი უნდა იყოს. სასუქი კი სჭირდება, თუ ნიადაგი ძალიან ღარიბია.

მას რგავენ ორმოში, სადაც ბევრი წყალი ასხია - ასე მცენარე უკეთ ადაპტირდება. მერე ორმოში მიწას ყრიან და კარგად ტკეპნიან. დაბალ ჯიშებს რგავენ ერთმანეთისგან 15-20სმ დაშორებით, მაღალ ჯიშებს - 25-30სმ დაშორებით.

მოვლა - სჭირდება ბალანსირებული მორწყვა - იგი ვერც გადაჭარბებულ მორწყვას იტანს და ვერც დაკლებას. სჭირდება კიდევ მიწის გაფხვიერებაც. ორგანული სასუქიდან მისთვის შეიძლება ნაცარი, თუმცა უპირატესობა ენიჭება კომპლექსურ მინერალურ სასუქს. გაზაფხულზე შეაქვთ სრული მინერალური, ყვავილობისას - კალიუმ-ფოსფორიანი.

გამრავლება - ხდება თესლით, რასაც ყოველ 10-15 დღეში თესავენ, მაშინ იგი მთელი ზაფხული იყვავილებს ეზოში. ხუჭუჭა ყვავილიანი უნაყოფოა. მარტივი კი ადვილად ამოდის თესლიდან.

დაავადებები - მისი მთავარი მტერი - კომბოსტოსნაირთა რწყილია. თუ მწერი ცოტაა, ნაცრიანი ხსნარით დამუშავება სამ სეანსად შველის. მთავარია, ხსნარი მოხვდეს ფოთლის ზედა და ქვედა მხარეზე. თუ მწერი ბევრია, სჭირდება ინსექტიციდები - აქტელიკი, დეცისი, აქტარა, ინტავირი.

მცენარე ხშირად ავადდება “შავი ფეხით”. მცენარის ქვედა ნაწილი მუქდება, მერე შავდება. ასეთი მცენარის გადარჩენა არ ხერხდება. პროფილაქტიკის მიზნით მცენარეს ამუშავებენ ხომით.

ყვავილობის შემდეგ - თესლს აგროვებენ სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს პარკები მუქდება, მათ კრეფენ და აშრობენ, მერე კი თესლს იღებენ.

ზამთარში - რეგიონში, სადაც ზამთარი ცივია, მას ზრდიან ერთწლიან მცენარედ. შემოდგომაზე ბუჩქს თხრიან და ანადგურებენ, ტერიტორიას კი გადაბარავენ. თბილ რეგიონებში ზამთარში მცენარეს გადაჭრიან მიწის დონემდე. შეიძლება მცენარის გადატანა ქოთანშიც. მერე შეაქვთ სახლში, მაშინ იგი ზამთარშიც იყვავილებს.

სახეობები - კულტურაში უმეტესად ჭაღარა ლევკოიონი აქვთ. იგი ხმელთაშუაზღვისპირეთიდანაა, კარგად უძლებს სიცივეს, აქვს ძლიერი სურნელი, დატოტვილი ღერო, 10-60 ყვავილი შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედად. ყვავილობს ივნის-ნოემბერში. თესლი ამოსვლისუნარიანია 4 -6 წელი. დღეს მისი 600 ჯიშია ცნობილი.

ყვავილედის ფორმის მიხედვით იგი 8 ჯგუფად იყოფა - სათაიგულე, ბომბისებური, ქვედლინბურგის, ერფურტის, მსხვილყვავილა, ერთღერიანი, პირამიდული, გაშლილვარჯიანი.

-ორრქიანი - კიდევ ერთი სახეობა, ცნობილია დიდი ხანია, მაგრამ მხოლოდ ახლა იკრებს პოპულარობას, სამშობლო - მცირე აზია და საბერძნეთი. კარგად გაშლილი ბუჩქი 40-50სმ სიმაღლის მარტივყვავილიანი ლილისფერი სურნელოვანი ყვავილებით. დღისით იხურება. ყვავილობს ინვის-აგვისტოში, ნაყოფი - პარკი, რომელსაც წვეროში 2 რქა აქვს. თესლი ნაცრისფერ - ყავისფერია, წვრილი. ამოსვლისუნარიანია 3 წელი. კულტურაშია მე 16 ს დან. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge

28 March 0 801
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно