ღვია- დარგვა, მოვლა
მრავალწლიანი წიწვოვანი მცენარეა, მაღალდეკორატიული. იყენებენ ლანდშაფტურ დიზაინში უპირველესად. მისი ფორმის, ზომის, ტექსტურის, ჯიშების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა მცენარე სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ. მას რგავენ როგორც ჯგუფურად, ისე ცალკეც, როკარიუმებშიც და ალპურ გორებზეც. მას რბილი და არომატული წიწვები აქვს.იზრდება 50სმ დან 20 მ მდე, შეიძლება იყოს გადაშლილი ბუჩქის სახით, ან პირამიდული ან კონუსისებრვარჯიანი ხის სახით.
მას ცალსქესიანი ყვავილები აქვს - მდედრობით მრგვალი ღია მწვანე და მამრობითი საყურის მსგავსი. ყვავილობს ივნისში, ნაყოფი კი აგვისტო- სექტემბერში აქვს გირჩა-კენკრის სახით, რომლის მუქი ფერის რბილობს სამკურნალოდ ბევრ ქვეყანაში იყენებენ. მისი სურნელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე, გარეგნულადაც ლამაზი მცენარეა.
სხვა წიწვოვნების მსგავსად, იგი ადრე გაზაფხულზე ირგვება, როცა ბოლომდე არ გაუღვიძია, თუმცა აღარც სძინავს. ფესვები უკვე მზადაა საკვების შესაწოვად. დახურულფესვებიან მცენარეს თუ შეიძენთ, მისი დარგვა ნებისმიერ დროს შეიძლება.
ადგილი - სადაც უნდა დაირგას ღვია, უნდა იყოს ნათელი. სინათლის უკმარისობისას ტოტები არც ისე ბევრი, წიწვები კი არც ისე საუკეთესო მდგომარეობაში ექნება.
ნიადაგი - ირჩევა მცენარის ჯიშებდან გამომდინარე: ჩვეულებრივ, კაზაკურ და შუააზიურ ჯიშებს ტუტე ნიადაგი სჭირდება, დანარჩენებს კი - მჟავე.
დარგვა - სჯობს შეიძინოთ დასარგავად გამზადებული ჯანმრთელი მცენარე, რომელიც უკვე 5ლ მდე მოცულობის ქოთანშია დარგული
ასეთი მცენარე ახალგაზრდაა, რაც ნიშნავს, რომ ადვილად შეეგუება გადარგვას.
ზოგს ეჩქარება და სურს ახალდარგული მცენარე ისე გამოიყურებოდეს, როგორც უკვე ამ ადგილზე დიდხანს მზარდი, მაშინ სჯობს შეიძინოთ მოზრდილი მცენარე. თუმცა მას შედარებით უფრო უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება.
თუ თავად მოგაქვთ ღვია ტყიდან, უნდა დაიმახსოვროთ მისი მზიანი მხარე და დარგვისას იგივენაირი მიმართულება შეუნარჩუნოთ.
ჯერ იღებენ ორმოს, რომლის ზომებიც 2-3 ჯერ აღემატება ფესვთა სისტემის ზომებს. ძირში ყრიან დრენაჟს -ხრეშს, ქვიშას ან დამტვრეულ აგურს. ნერგს დებენ ორმოს ცენტრში. გარშემო უყრიან სპეციალურ მიწას წიწვოვნებისთვის, უმატებენ კომპლექსურ სასუქს. საყურადღებოა, რომ ფესვის ყელი მიწის პირზე იყოს. მერე კარგად რწყავენ და მულჩას აყრიან, რომ ტენი კარგად შენარჩუნდეს. მულჩად
გამოდგება ტორფი, წიწვოვნების ნახერხი, გირჩები. მულჩის ფენა 10სმ მდე უნდა იყოს.
მოვლა - მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა, მაგრამ იმისთვის, რომ დეკორატიულობა შეინარჩუნოს, მაინც გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი.
მორწყვა - სხვა წიწვოვნებივით კარგად უძლებს გვალვას, მაგრამ ზაფხულის სიცხეებში მაინც რწყავენ თვეში ერთხელ. გამოცდილი მებაღეები კვირაში ერთხელ პულვერიზატორით ნამავენ. ეს დილით ადრე ან გვიან საღამოს სჯობს, რომ მზემ არ დაწვას ნამიანი წიწვები.
გასხვლა - დიდად არ სჭირდება, უბრალოდ, აცლიან გამხმარ ტოტებს, ფორმის მიცემა კი ფრთხილად უნდა მოხდეს - არ შეიძლება ბევრი ტოტის შეცლა ერთბაშად, რომ მცენარე არ დაავადდეს.
ზამთარ-ზაფხული - ცივ რეგიონებში მცენარეს ფუთავენ ზამთარში ან გაზაფხულის დასაწყისში, როცა მზე აქტიურდება, ასეთ დროს მისი წიწვები შეიძლება ძლიერ დაეწვას. მერე რთულია მისი გამოკეთება, შესაფუთ მასალად ჩვეულებრივი ჯვალოს ტომრები გამოდგება. მას მერე, რაც თოვლი დადნება, შესაფუთს ხსნიან, მცენარეს ათვალიერებენ. მულჩას აშორებენ, რომ არ დაულპეს ფესვები და ფესვის ყელი.
კვება - კვება სჭირდება ყოველ გაზაფხულზე კომპლექსური სასუქით წიწვოვნებისთვის.
თვისებები -ღვია ფიჭვის და ნაძვის შორეული ნათესავია, მასაც აქვს ბევრი სამკურნალო თვისება - ასუფთავებს ჰაერს მიკრობებისგან, აწყნარებს ნერვულ სისტემას, უხდება თავის ტკივილს, ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ინდიელები კანის და სახსრების დაავადებით ავადმყოფებს ღვიის ბუჩქებთან აწვენდნენ, ყოველ დღე რამდენიმე საათით - საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.
დაავადებები - უმეტესად ემართება სოკო, რაც სხვადასხვაგვარად ვლინდება : :წიწვები და ტოტები უხმება, წიწვებზე ჩნდება ნარინჯისფერ-ყვითელი ან შავი ნადები, თუ მიწა ძალიან მარილიანია, ემართება ჟანგა. დაავადების შემჩნევისთანავე სჭირდება მკურნალობის დაწყება. ხშირად უჩნდება მავნე მწერებიც, რომლებსაც სწრაფად სჭირდება მოშორება. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/