ჰაერის ტენიანობა ოთახის მცენარეებისთვის
ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი ოთახის მცენარეების მოვლისთვის ჰაერის ტენიანობაა. იგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტემპერატურა, მორწყვა, ნიადაგი. მცენარეებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნით სახლში ჯანსაღი ატმოსფერო იქმნება და ეს ადამიანებსაც ასეთივე გარემოში ცხოვრების საშუალებას აძლევს.
ზოგ მცენარეს ტენიანობისადმი მომატებული მოთხოვნები აქვს - მაგალითად, დეკორატიულ სატაცურს, ვენერას თმას. მათი მდგომარეობით შეიძლება იმსჯელოთ სახლში ტენიანობის დონეზე. თუ ჰაერი მშრალია, მცენარეებს კოკრები ცვივა, არ ყვავილობენ და არ იზრდებიან, თუნდაც სწორად რწყავდნენ მათ. ჰაერის ტენიანობის გარკვეული დონის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს. შეიძლება ამისთვის სპეციალური აპარატურის შეძენა, თუმცა ეფექტი ხშირად შეიძლება არც იყოს სასურველი, ამიტომ სჯობს ძველი და გამოცდილი მეთოდების გამოყენება.
უპირველესი - მცენარეების დანამვაა. მაშინ, როდესაც მცენარე სწრაფ ზრდას იწყებს და მწვანე მასას ივითარებს, ნამავენ დილა-საღამოს, მაგრამ გასათვალისწინებელია მცენარის მდებარეობა ოთახში და დრო. თუ იგი ოთახში ისე დევს, რომ დილის მზე ხვდება, უნდა დანამოთ მზის ამოსვლამდე, რომ წყლის წვეთებმა გაშრობა მოასწრონ, სხვაგვარად მზე ფოთლებს დაუწვავს მცენარეს.
ძალიან ფრთხილად უნდა დაინამოს ხაოიანფოთლიანი მცენარეები - გლოქსინია, ია, სტრეპტოკარპუსი. ასევე მჭიდროდ მიჯრილ ფოთლიანი მცენარეები - ჰიპეასტრუმი, ამარილისი. იქ შეიძლება დარჩეს ზედმეტი რაოდენობის წყალი, რის გამოც მოსალოდნელია მცენარის ლპობა. ამიტომ სჯობს საერთოდ არ დაინამოს ასეთი მცენარეები. მათ გარშემო ჰაერის დატენიანება სხვაგვარადაც შეიძლება.
კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია ქოთნის დადება სველ კერამზიტიან სადგამზე, მაგრამ წყალი ქოთანს არ უნდა ეხებოდეს. ხრეშის ან კერამზიტის ნაცვლად შეიძლება ხავსის- სფაგნუმის გამოყენება, თუმცა ნაკლიც აქვს ხავსს- იგი შეიძლება მწერების ბუდე გახდეს და კარგის ნაცვლად საბოლოოდ ცუდი შედეგი მიიღონ.
ზამთარში კიდევ ერთი კარგი და ადვილი გზა არსებობს - გამათბობელზე დებენ სველ პირსახოცებს. ეს მით უფრო კარგი აზრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მცენარეთა უმეტესობა ფანჯრის რაფებზეა განთავსებული.
მთავარი წესები ჰაერის ტენიანობის დარეგულირებისთვის - დასანამად გამოიყენეთ მხოლოდ ნადგამი წყალი. დანამვასაც ზომიერება სჭირდება. ჭარბი ტენი ჰაერში. ისეთივე მავნებელია მცენარისთვის, როგორც ნაკლებობა, განსაკუთრებით საშიშია მაღალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა - ასე მცენარე შეიძლება დალპეს.
თუ სტატიაში არაა მითითებული ტენიანობაზე რაიმე განსაკუთრებული, და მხოლოდ წერია სისტემატური დანამვა, იგულისხმება ყოველდღიური პროცედურა. პერიოდული შესხურება კი მხოლოდ სისუფთავეს უნარჩუნებს მცენარეს და მისი შეცვლა ფოთლების წმენდითაც შეიძლება. იმ მცენარეებს, რომლებსაც ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდებათ, მაგრამ ბევრი წყალი არ უნდათ, მათ დებენ იმ მცენარეების სიახლოვეს, რომლებსაც სისტემატურად ნამავენ. მაგალითად, სტრეპტოკარპუსს დებენ აზალიას ან აბუტილონის გვერდით. ამ მცენარეების დანამვისას სხვებსაც ხვდებათ წყლის ცოტა რაოდენობა.
ზოგ ოთახის მცენარეს - მანდარინს, აზალიას, ლიმონს ხშირად სჭირდება კვება ფოთლებიდანაც. ასეთი პროცედურა ფრთხილად უნდა ჩატარდეს, ისიც მხოლოდ საღამოს, თანაც ამ მცენარეებს აცალკევებენ პროცედურის ჩატარებისას. მიკროელემენტები, რომლებიც ერთ მცენარეს სჭირდება, სხვისთვის შეიძლება საზიანო იყოს.
ზაფხულში ზოგს არ აქვს საშუალება, გარეთ გადგან მცენარეები ან შეიძლება მათ არც სჭირდებათ გატანა. ასეთი მცენარეები, სჯობს იატაკზე დადგან, აქ ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს, რადგან დაბლა ტემპერატურა შედარებით ნაკლებია. სიცხეში კი კარგია წყლის შესხურება წვრილნახვრეტებიანი პულვერიზატორდან. ეს მეთოდი კარგია სტრეპტოკარპუსების ან სენპოლიებისთვის.
არის კიდევ რამდენიმე ოთახის მცენარე, რომლებსაც სხვაგვარი დატენიანება სჭირდებათ. მათ ორანჟერეის პირობები სჭირდებათ, ამიტომ ასეთი მცენარეების მოვლა დამწყებ მოყვარულებს გაუჭირდებათ და მოცდა მოუწევთ, სანამ გამოცდილებას დააგროვებენ.