სტრეპტოკარპუსი მოვლა

თუ თქვენ სტრეპტოკარპუსის ფოთოლი ან ახალი ამონაყარი მოიტანეთ შინ, ნუ იჩქარებთ მის გადარგვას, მას აკლიმატიზაცია სჭირდება, უნდა შეეგუოს თქვენი სახლის ტემპერატურას, განათებას, წყალს და სხვა პირობებს. შეიძლება ცოტა ხნით პაკეტის სათბურშიც მოათავსოთ და თანდათან, ზრდის შესაბამისად შეაგუოთ პირობებს.მნიშვნელოვანი მომენტია განათება, სტრეპტოკარპუსი კარგად იზრდება როგორც ბუნებრივ განათებაზე, ისე ლუმინესცენტური ნათურის ქვეშაც. თუ მას რაფაზე დადგამთ, უნდა დაიცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან თხელი ფარდის ჩამოფარებით. ის ყვავის მაშინ, როცა განათება 10-12 სთ გრძელდება, ამიტომ ზაფხულში ყვავილობა უხვი იქნება, ზამთარში კი დამატებითი განათების გარეშე შეიძლება საერთოდ არ იყვავილოს. მორწყვის პრინციპი ოდნავ განსხვავებულია იებისგან. იგი უფრო სწრაფად მოიხმარს დასხმულ წყალს, ამიტომ უფრო ხშირად უნდა მორწყათ. მაგრამ ზედმეტი არც მას სჭირდება-პატარა ფესვთა სისტემის გამო ადვილად ლპება. 15წთ-ის მერე ზედმეტ წყალს, რაც გროვდება სადგამში, ღვრიან. მისი მორწყვა შეიძლება როგორც ზემოდან, ისე სადგამიდანაც. იგი შედარებით უფრო იტანს სიმშრალეს ნიადაგში, ვიდრე ზედმეტ წყალს. ასეთ დროს ფოთლები მოწყენილი და დაშვებულია, მაგრამ მორწყვის მერე უცებ გამოსწორდება ხოლმე. ტემპერატურა და ტენიანობა ჰაერში ასევე მოქმედებს მასზე. იდეალურია მისთვის 22-24 გრ და 45-60% ტენიანობა. ზამთარში ცოტა რთულია მისთვის კომფორტული პირობების შექმნა. თუ იგი რაფაზე დგას, შეიძლება 14-16 გრ-ც კი იყოს , ამის გამო მცენარის ზრდა ჩერდება. გამათბობელიც ძალიან აშრობს ჰაერს და მის ფოთლებს წვერები უხმება და უყავისფერდება. თუ მათ თაროზე ზრდით ხელოვნურ განათებაზე, ტენიანობის გაზრდა შეიძლება სველი ხავსის დადებით სადგამზე, რაზეც ქოთანი დევს. ხავსი ტენს კარგად ინახავს და ნელნელა გასცემს ან მცენარეზე , ან ჰაერში, და ასე ზრდის ტენიანობას. ყვავილობისას გასათვალისწინებელია კვებაც. იებთან შედარებით, იგი სწრაფადაც იზრდება, მეტ წყალსაც მოიხმარს და შესაბამისად, მეტ საკვებსაც საჭიროებს. ახალგაზრდა მცენარეებისთვის კარგია ბალანსირებული საკვები, რომელშიც აზოტი, ფოსფორი და კალიუმი თანაბრი პროპორციებით იქნება. მოზრდილებს კი, რომლებიც სადაცაა უნდა აყვავდნენ, ჯობს მისცეთ სასუქი მეტი ფოსფორით და კალიუმით, ვიდრე აზოტით. სტრეპტოკარპუსს წელიწადში ორჯერ რგავენ, მას არ სჭირდება ღრმა ქოთანი. მიწა უნდა იყოს მსუბუქი. კარგი ვარიანტია, თუ ნაყიდ მიწას აურევთ თანაბარი პროპორციებით ტორფს, სფაგნუმს, ვერმიკულიტს და ხავს-სფაგნუმს. სწრაფი ზრდის გამო მცენარე სწრაფადვე ავსებს ქოთანს, ამის გამო 6სმ-იანი ქოთნიდან, რაშიც ირგვება სტრეპტოკარპუსი თავიდან, მალევე რგავენ უკვე 8-9სმ ქოთანში, მერე კი 14სმ-იანიც დასჭირდება. გადარგვის დროს უნდა მოცილდეს ამონყრები, რომლებიც დედა მცენარის ზრდას უშლის ხელს. შეიძლება შედარებით გრძელი ფოთლებიც მოაჭრათ ბასრი ინსტრუმენტით. ასევე აცლიან გაყვითლებულ ფოთლებს და იმათაც, რომელზეც ყვავილი არ ვითარდება. ეს ასტიმულირებს ახალი ფოთლების ზრდასაც და შემდგომში ყვავილობასაც. დაავადებების და მავნებლების სია სტრეპტოკარპუსს იგივე აქვს, რაც იას, თუმცა შედარებით ნაკლებად ავადდება. ტრიპსების, ბუგრების საწინააღმდეგოდ კარგია ფიტოვერმის, აქტელიკის შესხურება. ნიადაგზე ასხურებენ აქტარას. სოკოს და ლპობის თავიდან ასაცილებლად კი კარგია ტოპაზი, მაქსიმი, ფიტოსპორინი.

სტრეპტოკარპუსის გამრავლება გესნერიასებრთა პოპულარობა სწორედ მათი გამრავლების სიმარტივით აიხსნება. სტრეპტოკარპუსი უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე ია. ფოთოლს თუ დააფესვიანებთ იის მსგავსად, სტრეპტოკარპუსს ერთბაშად რამდენიმე ამონაყარი ამოუვა. ერთი ფოთლიდან რამდენიმე ათეული შვილის მიღება შეიძლება და თან სულ ადვილად: რაც მეტი გვერდითა ძარღვი აქვს ფოთოლს განვითარებული ცენტრალურიდან, მით მეტი შვილეული მცენარე ამოუვა, რადგან ისინი ვითარდება ყოველი გვერდითა ძარღვის ფუძეზე. ფოთოლს ჭრიან განივად რამდენიმე ნაწილად, თითოეული ნაწილის სიგრძე უნდა შეესაბამებოდეს ქოთნის ზომას, რომელშიც უნდა დაფესვიანდეს ფოთოლი, ფოთლის ფრაგმენტებიდან აჭრიან ცენტრალურ ძარღვს და მათ ყრიან, ფოთლები კი მზადაა დასაფესვიანებლად. მიწა, რომელშიც უნდა ჩაირგას ფოთლები, შედგება ტორფის, ვერმიკულიტის, ხავს-სფაგნუმისგან თანაბარი პროპორციით. დასაფესვიანებლად ჯობს მართკუთხა ქოთნის გამოყენება, რომლის სიმაღლე 3 სმ ია, მასში ყრიან გრუნტს 1,5-2სმ მდე,და ავლებენ არაღრმა კვლებს. ფოთლის ფრაგმენტებს დებენ ამ კვლებში, მათ გარშემო მიწას შემოუტკეპნიან, რომ ფოთოლი არ ამოვარდეს, და ქოთანს აკრავენ წარწერას სტრეპტოკარპუსის ჯიშის დასახელებით. დაახლოებით 2 თვეში გვერდითა ძარღვების ძირში პატარა ფოთლები ჩნდება და თითოეული ფოთოლი - ახალი მცენარე იქნება. კიდევ 2 თვის მერე ფოთლების სიგრძე უკვე 3-4 სმ ს აღწევს. უკვე შესაძლებელია მათი მოცილება დედა მცენარისგან და ცალკე ჩარგვა 5-6 სმ დიამეტრიან ქოთნებში, სადაც ტორფის, პერლიტის და ვერმიკულიტის ნარევია ნოყიერ ნიადაგთან ერთად. ამ ქოთნებს 2 თვით ათავსებენ ცელოფნის სათბურში, სადაც დაფესვიანდებიან და გაიზრდებიან კიდეც. 

28 January 0 4 126

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно