ჰოსტის შესახებ
ეს დეკორატიულფოთლიანი მცენარე მშვენივრად ხარობს ჩრდილში და ამიტომ ხშირად “ჩრდილის დედოფალს” უწოდებენ. მას ლამაზი და ზოგჯერ სურნელოვანი ყვავილებიც აქვს, თუმცა მთავარ ღირსებას ფოთოლი წარმოადგენს- მწვანე, სალათისფერი, მოცისფრო-მტრედისფერი, ოქროსფერი, თითქმის თეთრი, ზოლებიანი, ლაქებიანი.
განსხვავებულია მათი ფორმაც - თითქმის მრგვალი, გულის ფორმის, წვრილი და გრძელი, დიდი ან პატარა. მცენარე შეიძლება ძალიან დიდი ბუჩქიც გახდეს ან დარჩეს ჯუჯა, მაგრამ მაინც ლამაზი სანახავია. მისი მოვლა არაა რთული.
დარგვა - მცენარე ირგვება ადრე გაზაფხულზე, სანამ ფოთლების გაშლის დრო მოვა, ან ადრე შემოდგომაზე, რომ მოასწროს კარგად დაფესვიანება და არ გაუჭირდეს გამოზამთრება. ფესვებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ზრდის კვირტი, უმჯობესია 2-3. ფესვები კარგად გავითარებული უნდა ჰქონდეს, 10-12 სმ.მდე სიგრძის. არ ივარგებს დაობებული, მომპალი ან დაავადებული ფესვები.
თუ მას ადრე შეიძენთ, დარგვამდე კი დროა, შეინახეთ გრილ ბნელ ადგილას 10გრ მდე სითბოში.
ჰოსტა უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ დარგვის ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს.მწვანეფოთლიანი სახეობებისთვის ივარგებს ჩრდილიანი კუთხეები, ჭრელფოთლიანებისთვის კი უნდა შეარჩიოთ მზიანი ადგილი, მაგრამ ისე, რომ შუადღეზე ჩრდილი ადგებოდეს. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაერგამტარი, ნოყიერი, მჟავიანობა სულერთია მისთვის.
მას ფესვები ჰორიზონტალურად ეზრდება. ამიტომ სჭირდება განიერი ორმო. მასში იყრება კომპოსტიანი მიწა, ნაკელი, ტორფი, ცოტა ქვიშა. თუ ადგილი ძალიან მჟავეა, ემატება ერთი მუჭა ხის ნაცარიც. ამ ნარევს ყრიან ორმოს 2/3 ზე და რწყავენ. მერე დებენ მცენარეს. ფესვებს კარგად ასწორებენ ჩაყრილ მიწაზე და მერე ორმოს ავსებენ. ზრდის წერტილი მიწის ზედაპირის დონეზე უნდა იყოს. . დარგვის მერე საჭიროა მულჩირება.
მოვლა - ეს მცენარე თავის სამშობლოში მდინარეების პირას იზრდება. ეს ნიშნავს, რომ უყვარს წყალი და ხშირი მორწყვა სჭირდება, მაგრამ არა გადაჭარბებული. პერიოდულად კარგია საღამოს შხაპის მოწყობაც.
კვება - სეზონზე ჰოსტას 3 ჯერ სჭირდება სასუქი - ზრდის დასაწყისში - გაზაფხულზე, ყვავილობისას და მის მერე. ერთმანეთს უნაცვლებენ ორგანულ და მინერალურ სასუქს, დოზები - ინსტრუქციის მიხედვით.
მის გარშემო საჭიროა მიწის გაფხვიერება, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რომ ზედაპირულად განლაგებული ფესვები არ დაზიანდეს.
დაავადებები - ეს მცენარე კარგად ხარობს და იშვიათად ავადდება. მაგრამ ხშირად აწუხებენ მავნებლები, უმეტესად ეს ლოქორაა, რომელსაც ძალიან მოსწონს ჰოსტის ფართო დიდი ფოთლებით პირის ჩატკბარუნება. მათი შემოსევის მერე მცენარე რჩება დახვრეტილი, დამახინჯებული ფოთლებით. მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია მულჩირებით. მულჩად ამ დროს იყენებენ არა ტორფს, არამედ რაიმე ჩხვლეტია მასალას - წვრილ ხრეშს, ხის პატარა ნაფოტებს, მსხვილად დატეხილ ნიჟარებს,წიწვებს,, ლოქორა ასეთ ადგილებს არ ეკარება.
გამრავლება - ჰოსტის გამრავლება სამგვარად შეიძლება-თესლით, კალმით, მოზრდილი ბუჩქის დაყოფით. უმეტესად მესამე გზით ამრავლებენ ხოლმე.ეს ვიდეოა ჰოსტის გამრავლების შესახებ.
მცენარეს ფართოდ იყენებენ ლანდშაფტურ დიზაინში. მას უმეტესად წყალსატევებთან რგავენ, სხვა წყლისმოყვარულ მცენარეებთან ერთად.კარგად გამოიყურება ასევე ქვებში, კლდეებზე, ლამაზია ბილიკის გაყოლებაზეც. მისი გაზრდა შესაძლებელია კონტეინერებშიც.
სახეობები-ყველაზე გავრცელებულია მრავალძარღვასებრი ჰოსტა. სიმაღლე 60-80სმ, აქვს თეთრი ზანზალაკის ფორმის ყვავილი, კარგად იზრდება ჩრდილში, თუ ძალინ გახშირდა, მერე ფესვები ზემოთ ამოდის მიწიდან., რის გამოც შეიძლება ზამთარში მოიყინოს, ამიტომ სჭირდება დროული დაყოფა და გადარგვა.
“გრინ ფონტეინ”- შედარებით მცირე ზომისაა. ბუჩქის სიმაღლე 50სმ ია.ლამაზი ფორმა აქვს, ყვავილობს უხვად ლავანდისფერი ყვავილით,თეთრკანტიანი მარგინატა - კომპაქტური მცენარეა 30სმ მდე სიმაღლის და მუქი მწვანე ფოთოლი აქვს. განსაკუთრებით ლამაზია ყვავილობისას. აქვს თეთრი, იისფერი, იასამნისფერი ყვავილი.
ბუნებაში ჰოსტის სულ რამდენიმე სახეობაა, მაგრამ დღეს უამრავი ჯიშია გამოყვანილი. არსებობს მცენარის მინიატურული ჯიშებიც, რომელთა სიმაღლე 10-15 სმ ია.მათი უმეტესობა აშშ შია გამოყვანილი და საოცრად მრავლფეროვანია ფოთლის ფორმის, ზომის და ფერების მიხედვით. მათ თავიდან კონტენერებში ზრდიან და მერე გადააქვთ ღია გრუნტში. ასეთ პატარა ჰოსტებს რგავენ ამაღლებულ ადგილზე, ზამთარში მათ მულჩირება არ უნდათ- შეიძლება ვერ ისუნთქონ მულჩის სქელი ფენის ქვეშ და მომდევნო წელს აღარც ამოვლენ.
ასე, რომ ეს პატარა ლამაზი მოსავლელად ადვილი მცენარე აზიიდან ნამდვილად გაალამაზებს თქვენს ეზოებს.