თეთრი ყვავილები ნებისმიერ სეზონზე

თეთრი ფერი მოდიდან არ გადადის, არც მცენარეები თეთრი ყვავილებით ან თეთრი ლაქებით ფოთლებზე გვაბეზრებენ თავს. მათ ხშირად ნახავთ ეზოებში, ასეთი მცენარეები ყველაზე ყრუ კუთხეებსაც კი ალამაზებენ და აცოცხლებენ. გასაფორმებლად ეს მშვენიერი ინსტრუმენტია და ნებისმიერ ეზოს დაამშვენებს ნებისმიერ სეზონზე. თითოეულ სეზონს თავისი ფავორიტი აქვს.
სადღესასწაულო, მოდური თეთრი: ამ ფერის პოპულარობა მისი ხასიათით აიხსნება: იგი მშვენივრად ეხამება ნებისმიერ სხვა ფერს და ხაზს უსვამს მათ სილამაზეს. განსაკუთრებით მომგებიანია მწვანესთან შეხამება, რაც ისედაც ახასიათებს ნებისმიერ ბაღს. სულ მცირე თეთრი აქცენტიც კი საშუალებას აძლევს მწვანე ფერს, აჩვენოს მისი სიმაძღრე, მისი კეთილშობილება, ფოთლის ტექსტურა. თეთრი ფერი ხდის მცენარეს უფრო ჰაეროვანს. ასეთ მცენარეებს ნებისმიერ გაფორმებაში შეაქვთ სიახლე და გამოცოცხლება.
მცენარეები თეთრი ყვავილებით ან ლაქებით ფოთლებზე 2 ჯგუფად იყოფა:
1. სოლისტები, სადაც თეთრი ფერი კომპოზიციის მნიშვნელოვანი გაფორმებაა.
2. ფონური მცენარეები, რომელთაა ამოცანაა კონტრასტის შექმნა.
ამ ჯგუფების მცენარეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პირველს უფრო დეკორის, მეორეს კი ფუნქციონალური დატვირთვა ენიჭება.
თეთრი მცენარეების გამოყენება ბაღის გასაფორმებლად სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი:
სადღესასწაულო თეთრი ყვავილნარისთვის; ღია ლაქებისთვის გაზონზე ან ნიადაგმფენ მცენარეების მინდორზე; ჩაბნელებული კუთხეებისთვის; ჭრელი ყვავილნარისთვის ჰარმონიულობის შესამატებლად; მკვეთრი ფერის სოლისტებისთვის ხაზგასასმელად;  ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად; სადღესასწაულო ატმოსფეროს შესაქმნელად;  ნაკლებდეკორატიული მცენარეებისთვის მეტი გამომხატველობის მისანიჭებლად; მცირე ზომის ნაგებიბებისთვის სილამაზის ხაზგასასმელად.
ასევე შესაძლებელია თეთრი ანუ მთვარის ბაღის შექმნაც - მხოლოდ თეთრი ფერის მცენარეების გამოყენებით. ასეთი მცენარეები ყველა სეზონზე მოიძებნება.
თეთრი გაზაფხული: აქ ყველაზე დიდია არჩევანი. ყვავილების განსხვავებული ზომის, ფორმის  და ტონალობის მცენარეები საშუალებას იძლევა თქვენი ბაღისთვის საუკეთესო აარჩიოთ. აღლუმს იწყებენ პირველადმოყვავილეები - თეთრყვავილა და კროკუსი. მათ გარდა თეთრი ჯიშები აქვთ ყაზახას, პუშკინიას, ფრინტას, ცისთვალას. ასეთი მცენარეები განსაკუთრებით სადრესასწაულო ელფერს სძენს  ზამთრის  ძილიდან ახალგაღვიძებულ ბაღს.
შემდეგ მათ ცვლის ტიტა, რომლის უამრავ ჯიშებში შეიძლება შეირჩეს ხუჭუჭა, თუთიყუშა, დაჭრილფურცლიანი და შროშანისმაგვარი თეთრი მცენარეები. ამ პერიოდისაა ასევე გრაკლაც და ჭრელფოთოლა ჭანჭყატიც. ისინი ღია ელემენტებით აცოცხლებენ ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუფხიზლებელ გარემოს. 


საზაფხულო-საშემოდგომოდ:  ზომის მიხედვით ამ სეზონის მცენარეებში თეთრფერა ყვავილების არჩევანი კიდევ უფრო დიდია. ერთწლიანი, მრავალწლიანი, ბალახოვანი, ბუჩქოვანი და ხეებიც კი.. დაბალ მცენარეებში დეზურადან დაწყებული ასტილბით და ფლოქსით დამთავრებული, უამრავ მცენარეს აქვს თეთრი ჯიშები.
თეთრად მოყვავილე მცენარეები საკმაოდ ბევრია, თუმცა საშემოდგომოდ მათი რაოდენობა ცოტა ნაკლებია, მაინც რჩება მრავალწლიანები, რომლებიც სეზონის მეორე ნახევარში იყვავილებენ ყინვებამდე: გატეხილი გული, ფრინტა, წყალიკრეფია, დეზურა, ფლოქსი, შროშანა, ყაყაჩო, ხანჭკოლა მიხაკი, წინწკალა, ბალბიფოთოლა, ვარსკვლავა, ასტრა, ჭორტანა, ქრიზანთემა, გეორგინა- ეს მცირე ჩამონათვალია ბალახოვანი მრავალწლიანების.  აქ არც იორდასალამი, ზამბახი, შროშანი და ხმალა უნდა დაივიწყოთ.
ასევე მრავალია დეკორატიულფოთლიანი მცენარეებიც- ჭრელფოთოლა ზამბახი, პიტნა, ჰოსტა, თიკნიყურა, აბზინდა,კლდისდუმა, ბებრისკონა, ლაშქარა, მეთაფლია, ასევე დეკორატიული მარცვლოვნები - მისკანტუსი ან ფალარისი.
უფრო დიდ მცენარეებშიც საკმაო მრავალფეროვნებაა. ეფექტურად ჩანს ბუჩქებიც რომლებსაც თეთრი ყვავილი ან თეთრლაქებიანი ფოთლები აქვთ - იასამანი, ძახველი, ჭანჭყატი, ვარდი, აქ ასევე შეიძლება ხვიარების განხილვაც - კატაბარდა, რომელიც თაღზეა დახვეული, ან ბაღის მცირე ნაგებობებს ეხვევა, შესანიშნავად გამოიყურება. კიდევ  რამდენიმე  ბუჩქიც არ უნდა დაივიწყოთ - ჰორტენზია და უცვეთელა, ვეიგელა და შოთხვი. სეზონს კი ასრულებს თოვლიგუნდა მისი ულამაზესი თეთრი ბურთებით. 

დროებითი აქცენტები: რაც უნდა გულმოდგინედ დაგეგმოთ ბაღი და გააფორმოთ თეთრი მცენარეებით, პერიოდულად საჭირო ხდება მცენარის სასწრაფო შეცვლა ან მიმატება კომპოზიციაში, რომლებიც უცებ კარგავენ დეკორატიულობას. საგაზაფხულო მცენარეებისთვის ეს აუცილებელი პროცესია. აქ არჩევანი დიდია , იმისთვის რომ ბაღმა შეინარჩუნოს დეკორატიულობა,  პირველმოყვავილე მცენარეების შენაცვლება აუცილებელია უფრო ხანგრძლივმოყვავილეებით. ამიტომ ირგვება როგორც მრავალწლიანი, რომლებიც შედარებით გვიან იწყებენ ყვავილობას და ასე ფარავენ მოყვავილებული ტიტების გაყვითლებულ ფოთლებს, ისე ერთწლიანი მცენარეები, რომლებიც თითქმის ყინვებამდე იყვავილებენ. მრავალწლიანეში ასეთია ჰოსტა, რომლის ჭრელ ფოთლებს შეუძლიათ მოყვავილე მცენარის შეცვლა, ფურისულა, იები, ზიზილა, რომლებსაც ყოველწლიურად უწევთ დარგვა, ივნისში კი დაყოფა და გადარგვა, რომ მეორე წელსაც შენარჩუნდნენ.
ერთწლიანებიდან საყურადღებოა უკადრისა, ლომისპირა, პეტუნია, სურნელოვანი თამბაქო. ლობელია, დეკორატიული ხახვი, ბეგონია, ასტრა. ამ სახეობებს ყველას აქვს თეთრი ჯიშები. მათი გამოყენება შეიძლება სიტუაციის გამოსასწორებლად, ცარიელი ადგილის შესავსებად, როდესაც ბაღის ნაწილი მოსაწყენი ხდება და ახლის დამატებაა საჭირო კომპოზიციაში.
თეთრი ფერი ჩრდილში:  აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ასეთი მცენარეები, რადგან ბაღის ჩაბნელებულ და მოსაწყენ კუთხეებს  ახალისებს და ჰაეროვანს ხდის.  თუმცა თეთრი მცენარეების უმეტესობა მზის და სინათლის მოყვარულია, ზოგი ეგუება ნახევრადჩრდილსაც. ასეთ ადგილებში სიხარულით იცხოვრებენ ნარცისები, ტიტები, ასევე არ გაუჭირდებათ ასტილბას, წყალიკრეფიას, თეთრ როდოდენდრონს, მათ კომპანიონობას გაუწევს ასევე ჭრელი ჰოსტა და თიკნიყურა.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 August 0 3 949
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно