ციტოკინინის პასტა ორქიდეებისთვის
საკუთარი სახლის მორთვა მოყვავილე მცენარეებით - საპასუხისმგებლო საქმეა.ყოველი ყვავილი ხომ პატარა ბავშვივითაა,მოითხოვს ყურადღებას,ზრუნვას და სწორად მოვლას.ერთ-ერთი ყველაზე ჭირვეული ‘’ბავშვი’’ ყვავილია ორქიდეა.მაგრამ ის თავისი ყვავილობისას მშვენიერი და დიდებულია.სამწუხაროდ,პირველივე ჯერზე შეიძლება არ გამოგივიდეთ მისთვის მაქსიმალური კომფორტის და პირობების შექმნა მისი სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის,რის გამოც მცენარე ყვავილობას წყვეტს.როგორ დავეხმაროთ ორქიდეას ხელმეორედ აყვავებაში განსაკუთრებული ჩარევის და ზიანის მიყენების გარეშე? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ სტატიაში.
მცენარის ყვავილობის დამთავრების შემდეგ ყველა მეყვავილისათვის დიდი სიხარულის მომტანია ახალი კვირტების ჩამოყალიბება ან ვეგეტატიური ამონაყარის - შვილების წარმოქმნა/სამწუხაროდ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა/.ორივე მოვლენისათვის საჭიროა განსაკუთრებული პირობები,გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება მცენარის მიდრეკილება შვილების წაროქმნისადმი.საბოლოო ჯამში ყოველთვის არ ხერხდება ყველა თავისებურების გათვალისწინება კონკრეტული სახეობისათვის და სახლის პირობების ბუნებრივთან მაქსიმალური მიახლოება.საბედნიეროდ ასეთ რთულ საკითხში არსებობს დამხმარე - ჰორმონალური პასტა.ასეთი პასტა იშვიათობას უკვე აღარ წარმოადგენს,ის მზადდება ციტოკინინების საფუძველზე.
ციტოკინინები - სპეციალური ფიტოჰორმონებია,რომლებიც ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას,თესლის გაღივებას,კვირტების ჩამოყალიბებას მთელ რიგ მცენარეებსა და იზოლირებულ ქსოვილებში.ციტოკინინების წყარო შესაძლოა იყოს ენდოსპერმის ქსოვილები.
უბრალოდ რომ ვთქვათ,ციტოკინინის პასტა საკმაოდ სწრაფი,ეფექტური და მარტივი მეთოდია მრავალი ოთახის მცენარის გასამრავლებლად,მათ შორის ორქიდეებისაც.უნდა ითქვას,რომ ამ პასტის გამოყენება ყველაზე ეფექტურია ფალენოპსისებთან,რადგან ისინი უფრო ძლიერი და მდგრადია გარეგანი ჩარევების მიმართ და წარუმატებლობის რისკი მინიმალურია.ასეთი პასტა ეხმარება მცენარეს არა მხოლოდ ახალი ამონაყარის და კვირტების განვითარებაში,არამედ შეუძლია გადაარჩინოს მთლიანად მომჭკნარი მცენარე,რომელიც ძლიერად დაზიანდა ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო,არასწორი მორწყვის შედეგად და სხვა.
როგორ უნდა გამოვიყენოთ პასტა? ორქიდეებისათვის ციტოკინინის პასტა ძირითადად მცირე ზომის ტუბებში დაფასოებული იყიდება.ნუ იღელვებთ,პასტის ეს რაოდენობა საკმაოდ დიდხანს გეყოფათ,რადგან ერთ ჯერზე 1,5-2 მმ დიამეტრის ნამცეცი გამოიყენება.
პირველ რიგში უნდა მოძებნოთ შესაფერისი კვირტი.სპეციალისტები რჩევით უმჯობესია ეს იყოს ყველაზე ზემოთ ან ქვემოთ მდებარე კვირტი.შემდეგ ძალიან ფაქიზად უნდა იმოქმედოთ,გამოიყენეთ ბასრი ინსტრუმენტი /დანა,ნემსი,სკალპელი/.შემოაჭერით და მოაცალეთ კვირტის მფარავი ქერცლი.თქვენ დაინახავთ ღია მწვანე წარმონაქმნს,ეს გახლავთ კვირტი.აიღეთ ჩვეულებრივი კბილის ჩხირი ან ნემსი /წინასწარ ჩაუტარეთ დეზინფიცირება/ რომლის მეშვეობითაც ძალიან მცირე რაოდენობის პასტა დაიტანეთ კვირტზე და თანაბრად გაანაწილეთ.არ დაივიწყოთ,რომ ყველა მოქმედება აუჩქარებლად უნდა შესრულდეს,რადგან ზედმეტი მოძრაობის გამო შესაძლოა მთელ მცენარეს მიაყენოთ ზიანი.
ამის შემდეგ ლოდინი მოგიწევთ - როდის გაიღვიძებს კვირტი.ციტოკინინის პასტის დამსახურებით,ეფექტს უკვე 8-10 დღის შემდეგ დაინახავთ.გახსოვდეთ,ეს პრეპარატი საკმაოდ ძლიერია,ამიტომ ბევრს ნუ გამოიყენებთ პროცესის დასაჩქარებლად,შესაძლოა ეს დამღუპველი აღმოჩნდეს მცენარისათვის.პასტის გამოყენება ერთი მცენარის შემთხვევაში სამზე მეტ კვირტზე არ შეიძლება,რადგან ახლი ყვავილის ან შვილის გასაზრდელად მცენარეს დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები ესაჭიროება,ეს დიდ დატვირთვას უქმნის მის ფესვთა სისტემას და მთლიანად მცენარესაც.თუ ზედმეტად ბევრ პასტას გამოიყენებთ ერთ კვირტზე,შესაძლოა ერთდროულად რამოდენიმე ნაზარდი წარმოიქმნას,რომლებიც სრულფასოვნად ვერ განვითარდება და მათი მოცილება მოგიხდებათ.
ახალი ნაზარდის წარმოქმნის წინ კარგია მცენარის დამატებითი კვება,რადგან ამ პერიოდში მას ძალიან ესაჭიროება საკვები ნივთიერებები.დააკვირდით ახალ წარმონაქმნს და შეარჩიეთ კვების სახეობა: თუ ახალი საყვავილე ღერო იზრდება, მიაწოდეთ კალიუმ-ფოსფორიანი სასუქი.თუ შეამჩნეთ რომ წანაზარდი არის შვილი,საუკეთესოა აზოტის შემცველი სასუქი.ასევე იზრუნეთ გარემო პირობებზე: ტენიანობა და ტემპერატურა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს,ასეთი პირობები მცენარის ბუნებრივ,ტროპიკულ გარემოს უახლოვდება.
არ დაივიწყოთ, რომ ციტოკინინის პასტა ძლიერმოქმედი პრეპარატია,ამიტომ გამოყენების წინ სპეციალისტები გვირჩევენ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ უკუჩვენებებს:
დაავადებული მცენარის შემთხვევაში /სოკოვანი ინფექცია,მავნებლები/ პასტის გამოყენება მცენარეს დაღუპავს,დასუსტებული მცენარე კი ვერ მოგცემთ ჯანმრთელ ამონაყარს.
პასტის გამოყენება არ შეიძლება ძალიან ახალგაზრდა მცენარეებზე,ამით დაირღვევა მათი სწორი განვითარება და ფორმირება.
პასტა გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში /მხოლოდ კვირტებზე/ ფოთლებზე და ფესვებზე მისი წასმა დაუშვებელია!
და ბოლოს,აუცილებელია იცოდეთ მისი გამოყენების საუკეთესო დროა გაზაფხულის დასაწყისი.სწორედ ამ პერიოდში ორქიდეა იღვიძებს ზამთრის მოსვენებისგან,ეს მისი ახალი ციკლის დასაწყისია.იმედი გვაქვს,რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი ორქიდეების ასაყვავებლად,რომ სამყარო უფრო მშვენიერი იყოს!
YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/o/
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის