ბალბიფოთოლას დაავადებები
ეს ყველაზე ცნობილი მცენარე თითქმის ყველას აქვს სახლში, ეზოში. იგი მრავალწლიანია, ეფექტური ფოთლებით და ყვავილებით, რომლებიც ქოლგა ყვავილედადაა შეკრული. მას რგავენ ჩამოსაკიდ ქოთნებში, კაშპოებში, ნიადაგმფენ მცენარედაც იყენებენ. არის რამდენიმე ყველაზე პოპულარული სახეობა: ზონალური - დამახასიათებელი კონცენტრული რგოლებით ფოთლებზე. ფოთლები შეიძლება ჭრელიც იყოს, ყვავილები კი თეთრი, ვარდისფერი ან წითელი.
სუროსფოთოლა - მას რგავენ ჩამოსაკიდ ქოთნებში. აქვს გრძელი ტოტები და ფოთლები, რომლებიც სუროსას ჰგავს.
სამეფო - მსხვილყვავილიანი, სხვადასხვა ფორმის და ფერის ყვავილებით.
სურნელოვანი - მისი ფოთლები არომატულია, აქვს ლიმონის, ჯავზის, პიტნის, ვარდის სურნელი.
მცენარე შეიძლება სხვადასხვა დაავადებით დაზიანდეს:
ბოტრიტის სოკო: ეს დაავადება შეიძლება მცენარის ნებისმიერ ადგილზე გავითარდეს მისი ზრდის ნებისმიერ სტადიაზე. მაღალი ტენიანობის დროს მცენარეზე ვითარდება ნაცრისფერი ბუსუსა ლაქები, მკვდარი ადგილები ხშირად კონცენტრული რგოლების სახით, ან V- ს მაგვარი ფორმით. დაზიანება ხშირად ვითარდება, როცა მომჭკნარი ყვავილები ეცემა ფოთლებს. ზოგჯერ ღერებზეც ჩნდება ღია ან მუქი ყავისფერი ლაქები.ისინი იზრდება, ერთდება და მთელი ღერო ზიანდება ,მერე კი მცენარე კვდება. ასე შეიძლება მოხდეს თუ დაფესვიანება ხდება დაავადებული მცენარეების გადაჭრილი ტოტებით. ყვავილებიც უყავისფერდება, ნაადრევად ცვივა. მომჭკნარი ყვავილები იფარება ნაცრისფერი მასით.ბრძოლის მეთოდები: მიწა ხშირად გაასუფთავეთ სარეველებისგან, მომჭკნარი ნაწილი დროულად მოაშორეთ: გამოიყენეთ დასაფესვიანებლად საღი მცენარეები; ეცადეთ, არ მორწყათ მცენარე ზემოდან. მორწყეთ დილის საათებში 11 მდე; მცენარეებს შორის საკმაო ადგილი უნდა იყოს კარგი ვენტილაციისთვის; გამოიყენეთ ფუნგიციდები.
ფესვის ლპობა: ეს დაავადება მცენარის ზრდას აფერხებს, მის ზედა ნაწილის გაყვითლებას და ჭკნობას იწვევს, დაზიანებული ნაწილი ჯერ ყავისფერია, მერე შავდება, მაღალი ტენიანობისას დაზიანებული მცენარე ნაცრისფერ -მოთეთრო ნადებით იფარება, რომელიც აბლაბუდას ჰგავს. დაზიანებული მცენარის ნაწილები, რომლებიც მიწას ეხება, იფარება ყავისფერი ქსელით, თავადაც ყავისფერდება და მერე კვდება. ფესვები ძლიერ დაზიანებულია, დიდი ნაწილი იხრწნება. ფესვები წყლითაა სავსე, უსიცოცხლო, დეფორმირებულია.
ბრძოლის მეთოდები: გააუმჯობესეთ დრენაჟი, ნიადაგი; ეცადეთ ააცილოთ მცენარეს დაგუბებული წყალი; დაიცავით სწორი მორწყვის რეჟიმი; ნუ გამოიყენებთ სასუქს აზოტის მაღალი შემცველობით; მოაშორეთ სხვა მცენარეებს დაზიანებული ყვავილი; გამოიყენეთ ფუნგიციდები.
ბაქტერიული დაავადება: დაავადებას იწვევს მიკროორგანიზმები. თავიდან ფოთლის უკანა მხარეზე ჩანს V-ს მაგვარი დაზიანებული ყავისფერი უბნები. ზოგ ფოთოლს ეტყობა მუქი ფერის ძარღვები და წვეროებიც უყვითლდება და უხმება. თუ ინფექცია სისტემურია, მთელი მცენარე მომჭკნარია, ტოტები დეფორმირდება, შავდება, კვდება. დაზიანებული მცენარიდან აღებული დასაფესვიანებელი ტოტები წესიერად არ ფესვიანდება და ნელნელა ლპება ქვემოდან ზემოთ. სუროსფოთოლა ბალბიფოთოლა არ ჭკნება, მგრამ სხვა პრობლემები იჩენს თავს, რაც ხშირად ერევათ მავნებლების მერ დაზიანებული მცენარეების გარეგნულ გამოვლინებაში. ბრძოლის მეთოდები: მოაშორეთ მომჭკნარი ნაწილები; გააუმჯობესეთ ნიადაგი; გამოიყენეთ საღი მცენარე; ნუ მორწყავთ მცენარეს ზემოდან; სწრაფად მოაცილეთ დაზიანებული მცენარე დანარჩენებს; მათ შორის დატოვეთ მანძილი უკეთესი ვენტილაციისთვის.
ჟანგა: ეს სოკოვანი დაავადება ხასიათდება ფოთლის ზედაპირზე ყვითელი ლაქებით და ქვედა მხრიდან ჟანგისფერი ბალიშებით, რომლებშიც სოკოს სპორებია. ისინი იხსნება და სპორები გარეთ იყრება. თუ ინფექცია სერიოზულია, ფოთლები ყვითლდება და ცვივა. ზოგჯერ ეს ბალიშები ღერზეც ვითარდება. იგი უფრო ზონალურ ბალბიფოთოლაზე შეინიშნება ორანჟერეაში.
ბრძოლის მეთოდები: კარგად გაასუფთავეთ მიწა, მოაშორეთ სარეველები; გააუმჯობესეთ ნიადაგი: გამოიყენეთ საღი მცენარე; ნუ მორწყავთ ზემოდან: მოაშორეთ დაავადებული მცენარე; გამოიყენეთ ფუნგიციდები.ტომატის ლაქოვანი ჭკნობა და ნეკროზული ვირუსული ლაქები: გამოვლინება საკმაოდ მრავალფეროვანია- ჩერდება მცენარის ზრდა, შეინიშნება რგოლისებრი ლაქები, იისფერ-ყავისფერი დაზიანებული, ჩაღრმავებული ადგილები ფოთლებზე, ღერზე. სურათი იცვლება ასაკთან ერთად და დამოკიდებულია გარე პირობებზე, ინვაზიის დონეზე.
ბრძოლის მეთოდები: გამოიყენეთ საღი მცენარე: გაანადგურეთ დაავადებული მცენარე; მოსპეთ სარეველები: ებრძოლეთ მავნე მწერებს, განსაკუთრებით ბუგრს.
ალტერნარიოზი და ცერკოსპოროზი: ვითარდება საშუალო ზომის ლაქები, ბუშტისებური, ძირთადად ძველი ფოთლების ქვედა მხარეზე. ლაქები მომწიფებისას ღრმავდება, ყავისფერდება, შიგ კი ყვითელი ჩანართები ჩნდება. თუ ხელსაყრელი პირობებია დაავადების გამომწვევისთვის, ასეთი ლაქები ფოთლის ზედა მხარეზეც შეიმჩნევა, ლაქები კონცენტრული რგოლების სახით ვითარდება. თუ ინფექცია სერიოზულია, ქლოროზი ვითარდება და ფოთლები ცვივა.ეს ეხება ალტერნარიოზს.
რაც შეეხება ცერკოსპორას, ვითარდება საშუალო ზომის ლაქები, ფერმკრთალი, ჩაღრმავებული, მერე ეს ლაქები ნაცრისფერდება, შიგ კი სპორები ვითარდება, ასეთი ლაქები მუქი და ცენტრში ამაღლებულია. ფოთლებზე დაზიანებასთან ახლოს ქლოროზიც ვითარდება.
ბრძოლის მეთოდები: მოაშორეთ ჩამოცვენილი ფოთლები; ეცადეთ, არ დარჩეს ფოთლები სველი დიდი ხნით: მორწყეთ 11 სთ მდე; გამოხშირეთ მცენარეები უკეთესი აერაციისთვის; გამოიყენეთ ფუნგიციდები.
შეშუპება: ეს დაავადება ვითარდება გრილ, ღრუბლიან ამინდში, როდესაც მიწა სველი და თბილია, ჰაერი - ნესტიანი და გრილი. ჯერ შეინიშნება ქლოროზული ლაქები ფოთლის ზედაპირზე, მერე ქვედა მხარეზე წყლიანი ბუშტები ვითარდება, რომლებიც მერე საცობისებრი ხდება და ჟანგისფერს იღებს. მთელი ფოთოლი ყვითლდება, კვდება დ ცვივა. შეშუპება ჰგავს ბაქტერიულ დაავადებას.
ბრძოლის მეთოდები: გააუმჯობესეთ ნიადაგი: შეიტანეთ მასში რკინის და აზოტისშემცველი სასუქი, რადგან ისინი ამცირებენ შეშუპების შესაძლო გავითარებას: შეამცირეთ მორწყვა და დატოვეთ ადგილი მცენარეებს შორის უკეთესი ვენტილაციისთვის.
თარგმანი თ. სუპატაშვილის